რატომ აღარ ჩატარდება ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან შეერეთების საკითხზე „რეფერენდუმი“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკვე ყოფილმა დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 17 ივლისისთვის ჩანიშნა, აღარ ჩატარდება.

ახლად არჩეული დეფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ამ იდეისადმი თავდაპირველად კრიტიკულად იყო განწყობილი. მაშინ, ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერმა და პარტია “ნიხასის” ხელმძღვანელმა, გაგლოევმა ბიბილოვი „წინასაარჩევნო პიარისთვის“ მკაცრად გააკრიტიკა.

მაგრამ, საბოლოოდ, ინიციატივის ბედი მოსკოვის კატეგორიულმა, უარყოფითმა რეაქციამ გადაწყვიტა.

რეფერენდუმს უნდა განესაზღვრა, სურს თუ არა ცხინვალის მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. თუ ურჩევნია დარჩეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით, რომელიც აღიარა რუსეთმა და კიდევ ოთხმა ქვეყანამ (ნიკარაგუა, ნაურუ, ვენესუელა და სირია). დანარჩენი მსოფლიო და გაერო განაგრძობს მის საქართველოს ტერიტორიად განხილვას.

ეს ცხინვალის უკვე მეხუთე მცდელობა იყო, შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იანი წლების დასაწყისში ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ვინ და რატომ არის რუსეთთან შეერთების “მომხრე” და “წინააღმდეგი”

ცხინვალის პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ სურვილი, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ რუსეთთან. მაგრამ, განსხვავებულია მათი მოსაზრებები რუსეთთან შეერთების შესახებ.

რუსეთთან შეერთების მომხრეები საუბრობენ “ოსი ხალხის გაერთიანების ისტორიულ სურვილზე” (ჩრდილოეთ ოსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტთან). რეფერენდუმს მხარს უჭერდა ცხინვალის ყველა ყოფილი პრეზიდენტი – ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი.

სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არტურ ტაიმაზოვი, ამბობს: „ჩვენ ვლოცულობთ, რომ ორი ოსეთი ერთ რესპუბლიკად გაერთიანდეს. დღეს ყველა ოსის მთავარი მიზანი ჩვენი ხალხის ერთად ცხოვრებაა“.

რუსეთთან შეერთების ოპონენტების მთავარი არგუმენტი კი არის, ისტორიაში პირველად, დამოუკიდებელი ოსური სახელმწიფოს შექმნის ისტორიული შანსზე უარის თქმის დაუშვებლობა.


„არ უნდა ვიჩქაროთ და ეს საკითხი მოსკოვთან უნდა განვიხილოთ” - იგივე თქვა რუსეთის ელჩმა ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა:

„სამხრეთ ოსეთში პლებისციტის ჩატარების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსული მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღეს, ჩვენი შეთანხმებების საწინააღმდეგოდ”.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთი რეფერენდუმთან დაკავშირებით არანაირ ზომებს არ იღებს”.

გადაწყვეტილებას ათი ათასზე ნაკლები ადამიანი მიიღებდა

ცხინვალის ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა დაახლოებით 40 ათას ადამიანს უნდა მიეღო. რეფერენდუმი ჩატარებულად ითვლება, თუ აქტივობა 50 პროცენტს გადააჭარბებს. შეერთების გადაწყვეტილება კი მიიღება მაშინ, თუ ამ პოზიციას ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი დაუჭერს მხარს.

გამოდის, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა მხოლოდ 9800 მოსახლეს შეუძლია.


რეფერენდუმის ჩატარებას 30 წელია, ცდილობენ

პირველი მცდელობა, 1992 წელი

საქართველოსგან დამოუკიდებლობისა და რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში პირველად 1992 წლის 19 იანვარს ჩატარდა. რეფერენდუმში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 73-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებლობას ხმა 99,75 პროცენტმა მისცა.

1992 წლის 29 მაისს არაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი“ მიიღო.

მეორე მცდელობა, 2006 წელი

2006 წლის 12 ნოემბერს, არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ახალი პლებისციტი გაიმართა.

ამომრჩეველთა 99,88 პროცენტმა დადებითად უპასუხა კითხვას: „ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ამჟამინდელი სტატუსი და აღიარებული იყოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ?” აქტივობამ 95,1 პროცენტი შეადგინა.

მესამე მცდელობა, 2008 წელი

2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ აპირებდა ცხინვალის რუსეთთან შეერთებას. თუმცა მოსკოვმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

მეოთხე მცდელობა, 2014 წელი

გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების თემა დღის წესრიგში 2014 წელს დაბრუნდა. ანატოლი ბიბილოვმა, მაშინდელი პარლამენტის სპიკერმა და პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა, უკრაინის ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის ფონზე „შესაძლებლობის ფანჯრის” შესახებ განაცხადა.

ამ რეფერენდუმის საფუძველზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. ეს ქმედება მსოფლიოში არავის უღიარებია, ყირიმი ანექსირებულად ითვლება, მათ შორის ასეთი პოზიცია დაფიქსირებულია გაეროს მიერ.

სამხრეთ ოსეთში საჯარო დებატების შემდეგ გამოცხადდა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკოსი ჩაატარებდა. ეს ანატოლი ბიბილოვი გახდა.

მეხუთე მცდელობა, 2022 წელი

პრეზიდენტობის ვადის ბოლომდე ბიბილოვს რეფერენდუმის საკითხი არ დაუყენებია. ხოლო 2022 წლის 30 მარტს, არჩევნების წინ (რომელიც მან საბოლოოდ წააგო), საზოგადოებისთვის მოულოდნელად, რუსეთთან შეერთების კანონიერი პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.

„გეოპოლიტიკური ვითარება ახლა შესაძლებელს ხდის ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნების რეალიზებას – გაერთიანება ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილად“, – განაცხადა მან.

ოპოზიციამ ბიბილოვი რეფერენდუმის თემის რეიტინგის ასამაღლებლად გამოყენებაში დაადანაშაულა. სამოქალაქო პლატფორმაში გაერთიანებულმა აქტივისტთა ჯგუფმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ გაგლოევის კანდიდატურას არჩევნებში, განაცხადეს, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის დაახლოებით ათი ათასი ხელმოწერა “ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად მოიპოვეს”. 

წყარო: „ჯემნიუსი“