ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ წარდგენილი განაცხადები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ისაუბრა ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის როლი ვითარების დეესკალაციისთვის და იმსჯელეს იმ ზომებზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის მიმართავს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე აღინიშნა ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის პოლონეთის მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო აცნობიერებს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მოტივირებულია, განაგრძოს წინსვლა და კომპლექსური რეფორმების წარმატებით განხორციელება. პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ხაზი გაესვა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ძლიერ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში მაღალი დონის დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.