ლადო კახაძე: „ნაცმოძრაობა“ ახლადდაბადებულ პარტიებს მუსრს ავლებს“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„თუ ადამიანს უნდა თავის მოკვლა, აქვს არჩევანის უფლება“

 თათია გოჩაძე

 პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა და გარკვეულ დაწესებულებებში შესვლას ვერ შეძლებთ, თუ ვაქცინირებული არ ხართ, კოვიდინფექცია არ გადაგიტანიათ, ან PCR ტესტი არ გაგიკეთებიათ. აღნიშნულ რეკომენდაციას საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება, ნაწილი კი მართებულად მიიჩნევს. კოვიდპასპორტსა და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე „ვერსია“ უმრავლესობის წარმომადგენელს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძეს ესაუბრა.

 - ბატონო ლადო, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, „მწვანე პასპორტის“ შემოღებას როგორ აფასებთ და ამ რეგულაციიდან რა შედეგეს ელით?

- ეს კომპლექსური ქმედების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც  მთელმა მსოფლიომ გაიარა და რომელსაც რეკომენდაცია ჯანმომ გაუწია ანუ ეს საკითხი მოწესრიგებისა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზაა. მხოლოდ „მწვანე პასპორტი“ არაა, აქ არის ვაქცინაცია, რეგულაციები და ყველაფერი ეს, ერთობლივად საჭიროა, რათა იმ დიდ გაჭირვებას გავუძლოთ, რასაც ვირუსის შემოტევა ჰქვია.

ვეთანხმები „მწვანე პასპორტის“ შემოღებას და ბევრჯერ გამიჟღერებია, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხო მასპინძელს და უსაფრთხო სტუმარს ანუ დაწესებლება, რომელიც მონაწილეობს თავის ბიზნესაქტივობებში, დაინტერესებულია, ჰყავდეს ბევრი მომხმარებელი და იმისთვის, რომ მომხმარებელი უსაფრთხოდ მივიდეს მასთან, თავის პერსონალს აბსოლუტურად აცრის. ესაა მისი მზაობა, დახვდეს ნებისმიერ სტუმარს მომსახურების მაღალი დონით, პლუს, სუფთა, მწვანე გარემოთი. თავისი პერსონალი რომ ეყოლება აცრილი, ამასთან, ყველა რეგულაცია - ხელის სისუფთავე თუ აერაცია ექნება დალაგებული, ესაა სწორი მიდგომა.

მეორე მხარესაა ადამიანი, პოტენციური სტუმარი, რომელმაც უნდა მიიღოს მომსახურება. ის იკითხავს, სადაც მივდივარ, არის მწვანე ადგილი, რამე ინფექცია ხომ არ გადამედებაო?  გაიგებს, რომ  ბიზნესი მზადაა მის შესახვედრად და თავისი პასუხისმგებლობაა, რომ იყოს აცრილი, უსაფრთხო და ასევე, ჰქონდეს ამის დამადასტურებელი საბუთი.

თანაზიარია ერთმანეთთან ის, რომ ასეთმა ადამიანმა მიიღოს უსაფრთხო მომსახურება. აი, ეს არის ლოგიკა.

- გასათვალისწინებელია იმ ადამიანების მოსაზრებაც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „მწვანე პასპორტის“ შემოღებას. ისინი ანტივაქსერები არ არიან, მაგრამ ამბობენ, თუ ვაქცინაციის მიუხედავად, შეიძლება, მაინც დავინიფიცირდეთ და ვიყოთ ინფექციის გადამტანები, მაშინ, რატომღა უნდა ავიცრათო... ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო სათანადო ინფორმაციას ვერ აწვდის ამ ადამიანებს ვაქცინაციაზე ანუ ვაქცინაციის კამპანია სრულფასოვანია?

- ვინც არ ეთანხმება „მწვანე პასპორტის“ შემოღებას, ეს მათი ნებაა და ვერ გადავარწმუნებ. ყოველდღე ამაზე საუბრობენ მედიაში და დღეში რამდენჯერაც უნდა მკითხონ, არ მეზარება და ერთსა და იმავეს ვიმეორებ - საკუთარი მაგალითი მომყავს, ავიცერი, „მწვანე პასპორტიც“ მაქვს, ჩემს ირგვლივ ყველა აცრილია. ინფრასტრუქტურა მოამზადა სახელმწიფომ; გადამზადებული ჰყავს ექიმები; ასაცრელი წერტილები და ამცრელი ბრიგადები კარგადაა მომზადებული; არის მობილური ჯგუფები; ასევე, არსებობს წახალისების სხვადასხვაგვარი ფორმა: ლატარიის გათამაშება, 200-ლარიანი წახალისება 60 წელს გადაცილებული პირებისთვის; არის ყველა დონის ვაქცინა; 2 მილიონზე მეტი აიცრა... მსოფლიოში 7 მილიარდი მოსახლე აიცრა და გართულება, 0.013%-ია. აბა, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის ინფორმირებისთვის?!

მინდა, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ - გადამტანი კი შეიძლება იყო, მაგრამ დალოცვილიშვილო, ღვთისნიერო, გონიერო, ჭკვიანო ადამიანო, შენ თუ აცრილიხარ, რომც დაინფიცირდე, გართულება მინიმიზირებულია, სიკვდილის ფენომენი არის ნულამდე დაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაში არ ხვდები. შენ თავად ეცი საკუთარ თავს პატივი, გადამტანი რომ იქნები, ყველამ იცის, ტუბერკულოზი ყველას გადაგვაქვს, მაგრამ აცრილი რომ ხარ და ტუბერკულოზის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავებული გაქვს, არ გეშინია, დაახველო საზოგადოებაში. აი, ეს მინდა, გავაგებინო, რომ აცრით ორგანიზმის იმუნურ სისტემას ვაძლიერებთ და დაინფიცირების შემთხვევაში, არ იქნება სასიკვდილო განაჩენი; არ იქნება სისტემის გადატვირთვა, რადგან იმუნიზირებულ ადამიანში შეჭრილი ინფექცია არ მოითხოვს სტაციონარში გადაყვანას. ეს მხოლოდ ჩემი აზრი კი არაა, მსოფლიოში თუ ვინმე არსებობს გამოცდილებადაგროვილი ადამიანი, ყველა ამას ამბობს.

მსოფლიოში ამ ინფექციით გარდაიცვალა 5 მილიონზე მეტი ადამიანი და აღმოჩნდა, რომ მათგან 99% აცრილი არ იყო. რეანიმაციაში არ მოხვდა აცრილთა აბსოლუტური უმრავლესობა და გართულება მოხდა ასაკოვან და აუცრელ ადამიანებში. ახალგაზრდები მეტ-ნაკლებად დაცულები არიან და ყველაზე მთავარი - გართულება და გარდაცვალება დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომელთაც ჰქონდათ ქრონიკულად რთული დაავადებები. ამას ათასჯერ რომ გათქმევინებს ადამიანი, ე.ი. იმას სიკვდილის განწყობა აქვს,  უნდა თავის მოკვლა და აბა, რა ვქნა, როგორ მოვიქცე? - არ მინდა, რომ ის გარდაიცვალოს, მაგრამ აქვს არჩევანის უფლება.

- ხომ არ ეთანხმებით კოვიდპასპორტის მოქმედების არეალის გაფართოებას, მაგალითად, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებშიც რომ იყოს სავალდებულო?

- როდესაც სავალდებულოობასა და გამკაცრებაზეა ლაპარაკი, ყოველთვის მიმაჩნია ადამიანი მონაწილედ. ვალდებულად ჩავთვალე ჩემი თავი და გავაკეთე ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრე. ეს მინდა, ყველამ გააკეთოს და თუ სავალდებულობას ასე გაიგებენ, კარგი იქნება. მათრახით, თოფით, ნაჯახით კაცს ვერ გამოვეკიდები. მინდა, ადამიანის ტვინს ველაპარაკო ენით და თუ ადამიანს ტვინი აქვს, ლოგიკაც უნდა ჰქონდეს, პრაგმატული იყოს და სარგებლიანობის პრინციპით მოიხმაროს თავის ნაჩუქარი სიცოცოხლე. თუ ასე არ მიაჩნია, მე როგორ გადავარწმუნო?

- ბატონო ლადო, პოლიტიკურ თემებზეც ვისაუბროთ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციას არაერთი კითხვა აქვს. რას უნდა ველოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობისგან?

- პირველი, რაც ვიცი, ისაა, რომ 2024 წელს, აუცილებლად გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, რაც ჩვენი ინიციატივა იყო და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თავის დროზე, ნაციონაურლმა მოძრაობამ არ დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, ბიძინამ თქვა, უბარიერო იყოს, რათა გამოვაჩინოთ ადამიანები, რომელთა ინტელექტი არის ფარული ამ საზოგადოებაში, ბევრი ჭკვიანი ადამიანია და მოდი, მათ გამოაჩინონ საკუთარი თავი, რომ იქნებ, რამე შედეგზე გავიდეთ და კარგი ოპოზიცია ჩამოყალიბდესო. კარგში იგულისხმება არა ლოიალური, არამედ, სწორად მოაზროვნე და არა ქვეყნის მტერი ოპოზიცია. ყველა პატარა პარტია შთანთქა ნაციონალურმა მოძრაობამ, ერთი-ორის გარდა, ვინც მოახერხა საკუთარი პრინციპების დაცვა და არაფერი შედეგი აქედან არ გამოდის, მაინც ოპოზიციურ ველზე დომინანტობს ნაციონალური მოძრაობა და მუსრს ავლებს ახალდაბალდებულ პარტიებს.

ისინი ამას არ გაასწორებენ და ეს სადისკუსიო საკითხია. ეს ვალდებულება არ არის „ოცნების“, პარტია ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რაც იქნება უკეთესი. მძიმე მდგომარეობაა, ორი უდიდესი გამოწვევა გვაქვს - ესაა სიღარიბე და რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ სწრაფვა. ამ გამოწვევებში ხელისუფლება თანმიმდევრულია და ჯერჯერობით, სწორი ნაბიჯები გადადგა. ოპოზიცია თითიდან გამოწოვილ მიზეზებზე საუბრობს, რომ უმტრონ ხელისუფლებას, ხელისუფლების მტრობას კი აიგივებენ სახელმწიფოს მტრობასთან. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტი, რომელიც დადგება ამ ბარიერთან დაკავშირებით, იმ გამოცდილებით, რაც ჩვენს სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნებშია, საუკეთესო ვარიანტი იქნება არჩეული და მისკენ იქნება სვლა.

- ბოლოს, თეა წულუკიანი წარსდგა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, როგორც მინისტრი და თქვენი ფრაზა სრულიად მედიამ აიტაცა, რა იგულისხმეთ და რატომ გახდა თქვენი გამონათქვამი განსჯის თემა?

- ხელი რატომ ჩამოვართვი, ესეც განვმარტე - მინისტრი იდგა და არ არსებობდა საკითხი, რაზეც სრულფასოვანი პასუხი არ ჰქონდა, იცოდა ყოველდღიურობა, შიდა სამზარეულო... კონცერტი კი არაა მთავარი, მთავარია რეპეტიცია, რომელიც გაცილებით დიდხანს გრძელდება. ყველაფერი ეს, გამიზნულია იქით, რომ ძირიდან იცოდე პრობლემის შინაარსი. ამიტომ ვთქვი, რომ მას ამ ცოდნისთვის, მზაობისთვის თავის გუნდთან ერთად აქვს სრული სწრაფვა და ყველაფერს გააკეთებს. ვიცი მისი პოტენციალი და იმიტომ ჩამოვართვი ხელი, რომ ვენდობი ბოლომდე.

- გასაგებია, მაგრამ საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს მისი ხისტი საუბარი... თქვენ მოგწონთ კულტურის მინისტრის ასეთი ტონი საკანონმდებლო ორგანოში?

- მან თქვა, ვერაფერი წამართმევდა პოლიტიკოსობას, მე ახლა პოლიტიკური ფიგურა ვარო და ეს პასუხებიც პოლიტიკის ნაწილს შეადგენდა. პოლიტიკაში კი ისეთი უბედურება ტრიალებს, ამდენი ხნის კაცი ვარ და ამდენი სიბინძურე, მით უმეტეს, ქალებისგან პოლიტიკურ ველზე, არასდროს გამიგია. კაცები დაჩრდილეს, ისეთ უბედურებას ლაპარაკობენ. არ მსიამოვნებს ცუდი სიტყვები, ბილწი სიტყვის მომხრე არ ვარ, სიმკაცრის, მწარე სიტყვის მომხრე ვარ და ეს, თურმე, პოლიტიკას ახასიათებს, სხვანაირად არ გამოდის.

ჯამში, საქართველოს ჰყავს კულტურის მინისტრი, როემლმაც იცის პოლიტიკაც, სამართალიც, თავისი სფეროც... 9 თვეა, მინისტრია, თუმცა უკვე დაალაგა ეს საკითხები 12 პრიორიტეტად და ფინანსური უზრუნველყოფაც გამოუყო...