სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია, შესწავლის საგანია ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა - ვიქტორ ყიფიანი გავრცელებულ ვიდეოკადრებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით „კრედიტ სვისის“ (Credit Suisse) წინააღმდეგ სასამართლო დავა საკმაოდ რეზონანსულია. ადვოკატი „ქრონიკაში“ ადგილობრივ მედიაში ამ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.

„ეს საქმე რეზონანსულია და ჩვენ უკვე ადგილობრივ ტელესივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას. ეს ცალკე თემაა, რომელის შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვის დონეზე და ვარაუდების დონეზე მე მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეული ვიდეომასალა გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა - ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა?

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, გამორიცხულია ეს ვინმეს ჩვენი მხრიდან გაეკეთებინა. თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არცთუ დადებით ასოციაციებს იწვევს“, - აღნიშნა ყიფიანმა.

მისი თქმით, ნებისმიერ პირს შეეძლო მარტივი პროცედურების გავლის შედეგად სასამართლო პროცესზე წვდომა. „თუმცა აქ მთავარია ის, რომ დაირღვა კანონი ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც ჩვენი შესწავლის საგანია“, - აღნიშნა ყიფიანმა.

ვიდეოკადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს კადრები 18-19 ნოემბრით თარიღდება, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერმუდის სასამართლოში ფინანსურ დავას ესწრებოდა და ჩვენებას აძლევდა.