„ ამ ვალდებულების არშესრულებას შეიძლება, მოჰყვეს ცუდი შედეგი ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“- უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განმარტებით, ევროსასამართლოდან მიღებული წერილის მიხედვით, რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას ეხება, მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა. ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლო აღიარებს ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს: „სტრასბურგის სასამართლომ დაავალა საქართველოს სახელმწიფოს, აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი“.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარემ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ეხება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების მდგომარეობას: „24 ნოემბერს ეს ინფორმაციები შეჯერდება და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, მაღალი ალბათობით“, - თქვა გვარამიამ. მიის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

სტრასბურგის სასამართლოს პასუხს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა. ბრეგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.

იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაყვწტილება და რა სანქციები შეიძლება, დაეკისროს საქართველოს ამ ვალდებულების არშესრულების შემთხვევაში, „ვერსია“ ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, ესაუბრა:

_იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნდა, სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, ეს პირდაპირაა ნათქვამი.

რას ნიშმავს ეს?

_ იმის გამო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული რისკის ქვეშაა, სახელმწიფოს მიეცა დავალდებულება და ვადა, რომ ყველანაირი ინფორმაცია, თუ როგორ მოახდენს მისი ჯანმრთელობის დაცვას და როგორ შეძლებს, რომ ეს საკითხი მოაგვაროს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, 24 ნოემბრამდე მიაწოდოს სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაცია.

გადაწყვეტილებაში ასევე წერია მოწოდება, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, რაც ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი სასამართლო თუ ორგანიზაცია ამისკენ მოუწოდებს მას. გადაწყეტილებაში ასევე საუბარია შიმშილობის შემდგომ პერიოდზე, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იმისთვის, რომ პოსტშიმშილობის პერიოდიც იყოს შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფილი ანუ შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ არის დაკმაყოფილებული. აქ პირდაპირ არ წერია, რომ გადაყვანილი უნდა იყოს სადმე, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია შესაბამისი, ადეკვატური რესურსების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დახმარების მიღება. ასეთი დახმარებისთვის კი მე-18 დაწესებულებას არ გააჩნია, მათშორის, მატერიალუ-ტექნიკური ბაზა და რესურსები, რომელსაც გულისხმობს ადეკვატური და სრული სამედიცინო დახმარება.

_ რადგანაც დოკუმენტში არ წერია, რომ მისი კერძო კლინიკაში გადაყვანაა საჭირო, საინტერესოა, ზოგადად, სტარსბურგს შეუძლია, მსგავსი ფორმულირებით მითითების გაკეთება?

_ ასეთი პრაქტიკაში არ არსებობს, რადგან კერძო კლინიკასთან არანაირი საქმე არ აქვს სტრასბურგს. მას საქმე აქვს სახელმწიფოსთან, რადგან სახელმწიფოს მიმართ აქვს კონკრეტული რეკომენდაციები და მიმართვა, რომელიც უნდა შესრულდეს.

_ მნიშვნელოვანია, რა მოხდება ისეთ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაყვეტილება. რა სანქციები შეიძლება, დაეკისროს სახელმწიფოს?

_ ასეთი პრეცედენტები ყოფილა, მაგალითად, რუსეთს არ შეუსრულებია სტრასბურგის გადაწყვეტილება და ამის გამო, გარკვეული პერიოდი ხმის მიცემის უფლებაც შეეზღუდა რუსეთს ევროსაბჭოში. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი არსასიამოვნო სანქცია და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის იმიჯს აზიანებს ასეთი გადაწყვეტილებები რეპუტაციის კუთხით. კიდევ ერთხელ რომ განვმარტო, კერძო კლინიკას ვერავინ ვერაფერს დაავალდებულებს, სახელმწიფოს მიმართაა დავალება, რომ მან უზრუნვეყოს შესაბამისი დახმარება არა მხოლოდ ახლა, არამედ პოსტშიმშილობის პერიოდშიც.

_ 24 ნოემბრამდე კონკრეტულად რა უნდა შეასრულოს სახელმწიფომ ამ მოთხოვნის მიხედვით?

_ სახელმწიფომ უნდა წარადგინოს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა შეასრულა იმისთვის, რომ პატიმრის მდგომარეობა იყოს დაცული პატიმრის უსაფრთხოებისა და ადეკვატური მკურნალობის მხრივ. თუ რა ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება შესრულებულიყო.

_ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ისევ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, რომ საპატრიმროს საავადმყოფოში ვერ იღებს სააკაშვილი ადეკვატურ მკურნალობას, დამატებით რა გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ?

_ საკმარისი დროა იმისთვის, რომ სახელმწიფომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად. 24 ნოემბრამდე გამოჩნდება, თუ რას ახორციელებს ქვეყანა. მნიშვნელოვანია ის, რომ აქამდე სახელმწიფოს არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება სტრასბურგის სასამართლოსთან და დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი, მექნიზმი არის ჩართული ამ საქმეში ანუ მონიტორინგის ახალი დეტალი დაემატა ამ საქმეს სტრასბურგის სახით. ვფიქრობ, ეს დიდწილად ცვლის ვითარებას იმ კუთხით, რომ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ყურადღებით. თუ აქამდე არ აქცევდა ყურადღებას, ვინ რას ამბობდა, ახლა შესასრულებელია ვალდებულება, რასაც შეიძლება, მოჰყვეს ცუდი შედეგი არა მარტო ქვეყნის რეპუტაციასთან დაკავშირებით, არამედ ევროსაბჭოსა და ევროპულ სტრუქტურებში გაწვრიანებასთან დაკავშირებითაც იქნება სერიოზული პრობლემები.