„ზოგი ისეთი პოლიტიკოსი მაკრიტიკებს, რომელიც ვითომ მემეგობრებოდა, მაგრამ ვიცი, საკუთარ თანაგუნდელებსაც კი გაწირავს ძალაუფლებისთვის“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ცოტნე კობერიძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 პარტიაშიგირჩი - მეტი თავისუფლება" დასრულდა პრაიმერი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატურის გამოსავლენად. გაიმარჯვა ცოტნე კობერიძემ, რომელიც იმედა კლდიაშვილს უპირისპირდებოდა. ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატადერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომაროების კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელა. მაშინვე ითქვა, რომ პარიაგირჩი მეტი - მეტი თავისუფლება" დაასახელებდა ვიცე-მერობის კანდიდატს.

პრაიმერის დასრულებისთანავე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ცოტნე კობერიძის შერჩევას მისი ასაკის გამო ოპოზიციურ წრეებში. დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ 24 წლის პოლიტიკოსს გამოცდილება არ აქვს და ვიცე-მერობას ვერ შეძლებს. ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციური ლიდერები მუდმივად იმაზე საუბრობენ, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდებს უნდა დაუთმონ ასპარეზი, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, საკუთარი სიტყვა უკან წაიღეს. „ვერსია“ ცოტნე კობერიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

_ ცოტნე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტიებმაც გამოიყენონ პრაიმერის გზა კანდიდატების შესარჩევად?

_ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა კანდიდატი საპასუხისმგებლო საქმიანობას ეჭიდება, უნდა გრძნობდეს ლეგიტიმაციას. მას თუ ექნება განცდა, რომ ვიღაცის კეთილი ნების გამო გახდა კანდიდატი, ვერასდროს იქნება სრულფასოვანი და თავდაჯერებული. როცა პრაიმერის გზით ხდება შერჩევა, ადამიანები გრძნობენ საკუთარ ჩართულობას პარტიაში და პოლიტიკასაც განსხვავებულად უყურებენ, თავადაც გრძნობენ ანგარიშვალდებულებას. ამ კუთხით „გირჩი-მეტი თავისუფლება“ არის პარტია, სადაც მხარდამჭერები ძალიან მარტივად ხდებიან პარტიის პოლიტიკოსები, იდეის გამავრცელებლები. თითქოს, ყველას გვადარდებს ყველაფერი და ვისაც რა შეგვიძლია, იმ ინვესტიციას ვდებთ ამ პარტიაში. ამ მხრივ გადაწყვეტილების მიმღებია ყველა, ვინც საკუთარ ენერგიას დებს.

ვიცოდი, რომ როცა ვიცე-მერობის კანდიდატი გავხდებოდი, დიდი ნეგატივი წამოვიდოდა ასაკის და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ყველაფერ ამას პრაიმერის გარეშე რომ შევხვედროდი, გაცილებით გამირთულდებოდა. ახლა კი ვიცი, რომ ეს კონკრეტულად „გირჩი- მეტი თავისუფლების“ კვოტა იყო და პარტიამ მე მანდო ეს საკითხი, ამიტომ სრული უფლება მაქვს, თამამად განვაცხადო, რომ ეს სტატუსი მეკუთვნის და მოვიპოვე პრაიმერის გზით, ჩემმა მხარდამჭერებმა გადმომცეს ეს პასუხისმგებლობა. ამ კუთხით, პოლიტიკოსისთვისაც მნიშვნელოვანია პრაიმერის გზით შერჩევა და პარტიის წევრებისთვისაც.

_ ისე, თქვენი ასაკი მართლაც განხილვის საგანი გახდა ოპოზიციურ წრეებში... მიამბეთ თქვენ შესახებ, რა სახის განათლება და გამოცდილება გაქვთ?

_ განათლებით ვარ პოლიტიკის მეცნიერი, ვსწავლობ და მიყვარს ეს პროფესია. „გირჩში“ ვარ 2016 წლიდან. ჯერ მხოლოდ მხარდამჭერი ვიყავი, შემდეგ - კოორდინატორი. შემდეგ ბლოგებს ვწერდი და დავაფუძნე „გირჩი ტვ“, ამ არხზე წამყვანი ვიყავი. შემდეგ პოლიტიკური გადაცემის ავტორი და წამყვანი გავხდი და მთელ ოპოზიციურ სპექტრს ვესაუბრებოდი. მერე პარტიის სპიკერობა მომიწია. სულ ყოველთვის ჩემს ასაკთან და ჰაბიტუსთან მიმართებაში ზერელე დამოკიდებულება იყო ხოლმე. ამას მიჩვეული ვარ და პირიქით, უფრო მსიამოვნებდა, როცა კონტრასტს დაინახავდნენ ხოლმე და მეუბნებოდნენ, ცოტა სკეპტიკურად გიყურებდითო! ეს ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ეს ნეგატივი აღარ მაზიანებდა. ახლაც, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, სრულად გააზრებული მქონდა და ვიცოდი, რომ ხშირად კი ამბობენ, ახალგაზრდები გვინდა პოლიტიკაშიო, მაგრამ სინამდვილეში არ უნდათ... მესმის და იმ ადამიანების კრიტიკას არ დავიწყებ, ვისაც ზურა ჯაფარიძე უნდოდა, მათთვის შესაფერისი იყო (ოპოზიციას ვგულისხმობ, თორემ ხელისუფლება ისედაც ყველაფერს ეძებს ხოლმე ადამიანის დასაბულინგებლად)... ოპოზიციის შემთხვევაშიც მესმის, შეიძლება, სხვა უნდოდეთ, მაგრამ რას ვიზამთ, თავდაჯერება ამ კუთხით არ მაკლია. ასაკის გამო თუ გამაკრიტიკებენ, ნაკლებად შემაწუხებს, მთავარია, იმის გამო არ გამაკრიტიკონ, რასაც ვამბობ. წვერიც ამომივა და გავიზრდები, ეს გარდაუვალი ამბავია, მაგრამ თუ ჩემი იდეა არ მოსწონთ, ამას ვერანაირიად შევცვლი.

_ როგორ ფიქრობთ, ეს ერთგვარი კოპლექსი ხომ არაა იმისა, რომ რაღაც დოგმებს აწესებენ პოლიტიკაში და აბსურდული არგუმენტები მოჰყავთ, თუ რატომ არ შეიძლება, 24 წლის ადამიანი იყოს ვიცე-მერი?

_ ბევრნაირი ამბავი შეიძლება, იყოს - ვიღაცისთვის კომპლექსი, ვიღაცისთვის გულწრფელი დამოკიდებულება. გამოცდილება არ ექნებაო, ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ. არ მიკვირს, რომ წინასწარ ასეთ შეფასებებს აკეთებენ. ბევრი რამის გამო აკრიტიკებენ ხოლმე ადამიანებს, პროვინციალიზმის, დედაქალაქელობის გამო და ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაგრამ გულთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ. ზოგი ისეთი პოლიტიკოსი მაკრიტიკებდა, რომელიც როცა მხედავს, მიღიმის ხოლმე და ვითომ მემეგობრებოდა, მაგრამ ვიცი, რომ საკუთარ თანაგუნდელებსაც კი გაწირავს ძალაუფლებისთვის და „გირჩის“ პოლიტიკოსისთვისაც „კბილის გაკვრა“ არ იქნება მათთვის უხერხეულობა. პოლიტიკა ეგეთი სფეროა, საქმე როცა ძალაუფლებას ეხება, ადამიანები ბევრ რამეს კადრულობენ...

_ ცოტნე, გასაგებია, რომ „გირჩში“ აქტიურ პოლიტიკას ეწევით, მაგრამ ვიცე-მერობა უკვე ამბიციური განაცხადია და რადგანაც პოლიტიკის ავკარგობაზე ჩამოვარდა საუბარი, გკითხავთ - მზად ხართ, ამ ასაკში „ბინძურ“ პოლიტიკაში თავით გადაეშვათ?

_ როცა „გირჩში“ მივედი, მუდმივად ვყოფილვარ ასეთი კრიტიკის ობიექტი, ზოგჯერ ცუდი ფორმითაც, მაგრამ მივეჩვიე. ძალიან თვითმყოფადი ვარ ამ კუთხით და იმის მიხედვით ვწყვეტ, ჩემს თავთან რამდენად ვარ მართალი და სწორი. ასეთ საქმეში რადგან შევდივარ, იმედი მაქვს, შევინარჩუნებ თვითმყოფადობას, გარემოს ვაკვირდები და ბევრს ვფიქრობ ასეთ საკითხებზე, წინასწარვე ვამზადებ თავს ფსიქოლოგიურად. ერთადერთი ის მენერვიულებს, რომ ეს განსხვავებული ტიპის პოლიტიკური არჩევნებია და ვიცე-მერობის კანდიდატს მოუწევს დუალისტურად მიდგომა ქალაქის პრობლემებსა და მეორეს მხრივ პოლიტიკურ მოვლენებზე. მოგების შემთხვევაში, ჩემთვის გამოწვევა იქნება ვიცე-მერის თანამდებობაზე საქმიანობისას კონკრეტულ უწყებებთან რაღაცების „დალაგება“. უამრავი ადამიანი გამოჩნდება, ვისაც ინტერესი ექნება, მაგრამ ჩემგან თანხმობას ვერ მიიღებს და ამისთვის ვემზადები ყველანაირად. მიჩვეული ვარ თვითგანვითარებას და ჩემმა გადაცემამ ერთი რამ მასწავლა - ბევრი ადამიანი მოდიოდა საკმაოდ დიდი ამბიციებით, საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად წარმოედგინათ, მაგრამ რომ ჩავუღრმავდებოდი ხოლმე, ვერაფერს ვნახულობდი ღირებულს მათში. ამ ყველაფერმა გამხადა თვითდაჯერებული, რომ თუ საკუთარ თავზე იმუშავებ, შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის მთავარი იდეებია...

_ მოდი, მაშინ თქვენი იდეების შესახებაც მიამბეთ... დედაქალაქში პირველ რიგში რომელ პრობლემას მოაგვარებდით?

_ დედაქალაქშიც და მუნიციპალიტეტებშიც პრობლემა არის  ყველგან გაჭირვება და ადამიანებს არც აინტერესებთ თვითმმართველობის არჩევნები, რადგან ვერ ხვდებიან, ამ არჩევნებით რამდენად შეგვიძლია, გავიუმჯობესოთ ის, რაც გვაწუხებს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ მერის არჩევნები არის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი არჩევნები, რადგან მერს საკუთარი ლეგიტიმაციით შეუძლია, შეცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი. ამ კუთხით, ჩვენი ხედვა არის „მცირე სახელმწიფოს კონცეფცია“. იმის გამო, რომ მუდმივად გვადარდებს, რა ცუდი ხალხი გვმართავს, ერთადერთი გამოსავალი, რომ ამისგან მომავალში თავი დავიზღვიოთ, ისაა, რომ ცოტა რამ დავტოვოთ სამართავი და ჩვენი პასუხისმგებლობა გავზარდოთ. მათი სამართავი იყოს ცოტა რამ, ჩვენ გვქონდეს ცხოვრების, გადაწყვეტილების მიღების საშულება, ამისთვის საჭიროა, რომ სახელმწიფო იყოს მცირე და იყოს შეზღუდული გადასახადების დაწესებაში, სასამართლოს კონტროლის საკითხში და საკუთრებები უნდა არსებობდეს ჩვენს ხელში და არა მათ ხელში. ჩვენ თუ გავზრდით მოქალაქეს, რომელსაც ჯიბეში აქვს თანხა, რომელსაც აქვს საკუთრება, მუნიციპალიტეტიდან საკუთრებები მის ხელში გადავა და თუ ამ საკუთრებას პრობლემა შეექმნება, წავა თავისუფალ სასამართლოში, ამის შემდეგ ადამიანს ნაკლები დარდი ექნება იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფალი იმიტომ, რომ სამართავი დარჩება ცოტა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ესაა - ძალაუფლება ხალხს.

 მარტივი რამ მაფიქრებს ხოლმე, ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებას არ ვაცდით, რაც სამწუხაროა, რადგან ეს ცხოვრება არაა დიდი და რაც შეიძლება, მეტ ბედნიერებას უნდა ვიღებდეთ სიცოცხლისგან. დღევანდელი მთავრობა ცხოვრებას გვიშლის, ჩნდება ისეთ საკითხებში, რაც მას არ უნდა ეკითხებოდეს და ამ კუთხით, მინდა, ეს მთავარი იდეა მივიტანო მოქალაქეებამდე.

_ ისე, ეს იდეა, უტოპიური ხომ არაა?

_ ასეთი მიდგომა მაქვს - მოითხოვ ყველაფერს?- მიიღებ ბევრს! მოითხოვ ბევრს? - მიიღებ ცოტას! შეიძლება, ერთი მხრივ, უტოპიაა, რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ ამას ერთი დადებითი მხარე აქვს - განახებს ვექტორს, სად არის სწორი გზა. შეიძლება, დღეს ვერ მიაღწიო შედეგს, მაგრამ მთავარია, ვექტორი გქონდეს სწორი. ქრისტიანი ქრისტე ვერ იქნება, მაგრამ მას ხომ აქვს კონცეფცია იმისა, თუ როგორია კარგი ადამიანი? ასე ვუყურებთ ჩვენც. შეიძლება, დღეს ვერ ვახერხებთ, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. მინდა, რომ ადამიანებმა იფიქრონ, რა არის სწორი. შემდეგ რა გამოვა და რა - არა, ეს უკვე სხვა საკითხია. ვისაც მოუწევს ძალა-უფლების შენარჩუნებაზე ფიქრი, მოუწევს ამ ხალხის იდეების გათვალისწინება. პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკური ცხოველები არიან და დაგეშილები  ძალა-უფლების შენარჩუნებაზე, ეს შენარჩუნება დამოკიდებული უნდა იყოს ამ იდეების გატარებაზე.