"ოპოზიციამ ბევრი დრო დაკარგა და მაინც ვერ ვხედავ შეთანხმების ნიშნებს" - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები იწყებენ საკუთარი კანდიდატების და გეგმების, წარდგენას.

"ქართული ოცნება" აქტიურადაა ჩაბმული საარჩევნო კამპანიაში. ოპოზიციური პარტიებიდან კი ზოგიერთს ჯერაც არ წარუდგენია სამოქმედო გეგმა და კანდიდატები. 

12 აგვისტოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით გამოკითხულ ამომრჩეველთა უმრავლესობამ (51 %)  არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

"ვერსია" დაინტერესდა, შედგა თუ არა ოპოზიციის კოორდინაცია, რა მოცემულობით გადის და რა შანსები აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რაზეც პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალურ მდივანს, მამუკა გამყრელიძეს ვესაუბრეთ.

 _ქართული პოლიტიკა მარაოსავით გადაიშალა,  ვინაიდან თვითთმმართველობის არჩევნებზე კანონმდებლობით  ბლოკებით გამოსვლა არ არის დაშვებული, სწორედ ამის გამო მოხდა პოლიტიკური სპექტრის  გადაშლა,  რაც ძალიან მომგებიანია ამომრჩევლისთვის,  რომელსაც არჩევანის მეტი შესაძლებლობა აქვს.  

არის ორი რადიკალურად ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება,“ და მათ  შორის არის ბევრი პარტია, რომელთაგან ზოგი ერთ მხარეს არის გადახრილი,  ზოგი მეორე მხარეს, ზოგი კი მკვეთრად ცენტრისტულ  პოზიციას იჭერს.

 საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო მკვეთრი იქნება  პარტიების გადალაგება, ვიდრე ეს  ხდება ახლა. თუ  მომავალ არჩევნებზე ახალი საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული  ზედა ბარიერი 2 %- იქნება  და მოხდება ბლოკების დაშვება, რასაც ითხოვენ გარკვეული პარტიები, მაშინ  პარტიების გადაჯგუფების სხვა კონფიგურაციას  მივიღებთ. 

ოპოზიციაში მე ვერ ვხედავ შეთანხმებების ნიშნებს იმის მიუხედავად, რომ ახლახან გაცხადდა  ერთი  ახალი „დაჯგუფება“, რომელიც ელენე ხოშტარიას“ დროას“, „გირჩის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებისგან შედგა თბილისის კანდიდატების ირგვლივ,  თუმცა  ეს არ არის შეთანხმება.  მე არ მესმის ამ გაერთიანების შინაარსი. საბოლოო ჯამში,  ამ  პარტიებმა, რომელიც წარმოდგენილია ექსნაციონალური მოძრაობის სახეებისგან,  თავი მოიქციეს ჩარჩოებში.  მათ ეს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, უნდათ თუ არ უნდათ, მაინც აფილირებულები იქნებიან  „ნაციონალურ მოძრაობასთან“.  ისინი ვერ წაართმევენ ხმებს  „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ შუაში მყოფი ამომრჩევლის ხმებს ნამდვილად დაკარგავენ.

ჩემი აზრით, თვითთმმართველობის არჩევნების წინ  მეტ დაჯგუფებებს, ალბათ, არც უნდა ველოდოთ.  მკვეთრად მარტო აპირებს გასვლას არჩევნებზე გიორგი გახარია, რომელსაც მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს,  სავარაუდოდ, ცალკ-ცალკე  გამოვლენ  "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებლი", "გირჩი", "პატრიოტთა ალიანსი" და ყველა სხვა პარტია, რაც საბოლოო ჯამში კარგია ამომრჩევლისთვის.   ის მისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველ სახეებს შეარჩევს.    

_ როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, ამომრჩეველს არჩევნების მიმართ დაბალი ინტერესი აქვს, ასეთ სიტუაციაშიროცა "ქართული ოცნება" აქტიურ კამპანიას აწარმოებს, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

_  სახელისუფლებო გუნდს მეტი ფინანსური და ადამიანური რესური აქვს, აწარმოოს საარჩევნო კამპანია, ვიდრე ოპოზიციას, რომელსაც აქვს მწირი რესურსი და ვერ მოახერხა კამპანიის უფრო ადრე დაწყება. ამას გარდა, ოპოზიციამ  ბევრი დრო დაკარგა ე.წ „შეთანხმებებზე“,  თუმცა მე  მაინც ვერ ვხედავ შეთანხმების ნიშნებს ოპოზიციაში.   არჩევნების წინ  ძალიან საინტერესო ვითარება გვაქვს,  როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის, რომლის  მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, რაც  ნიშნავს, რომ  ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ აიღოს ხმების 43 %.   ერთის მხრივ, სახელისუფლებო პარტია, რომელიც  ცალმხრივად გავიდა  შარლ მიშელის დოკუმენტიდან, მას ავალდებულებს აიღოს ხმების  43 %, მეორეს მხრივ, ქართულმა ოცნებამ რომ ვერ აიღოს 43 %, ეს გამოიწვევს მძიმე პოლიტიკურ კრიზისს. მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მეორე  საკითხია, ვის უფრო აწყობს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა - მე თუ მკითხავთ, ხელისუფლებას, რომელსაც პარლამენტში აქვს პრობლემები, წკიპზეა მისული, სულ 2 -3 ადამიანის გამოსავლაზეა დამოკიდებული  უმრავლესობის დანგრევის საკითხი, რაც ავტომატურად  გამოიწვევს ვადამდელ არჩევნებს, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს  თავად, საკუთარი „ნებით“  გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები და იქ მოახერხოს  ახალი  საპარლამენტო უმრავლესობის მიღება. თვითთმმართველობის არჩევნები  საკუთარი რესურსში დაარწმუნებს  ყველა მხარეს და იქნება მაჩვენებელი ამომრჩევლისთვისაც,  დასუსტდა თუ არა ხელისუფლება. თუ ამომრჩეველმა დაინახა, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ წააგოს არჩევნები, ეს იქნება „ტრიგერი“ იმისთვის, რომ ხალხმა ვადამდელ თუ 2024 წლის არჩევნებზე, მძიმე დარტყმა მიაყენოს ხელისუფლებას, შესაბამისად, ეს არჩევნები, საბედისწეროდ სახიფათო შესაძლოა, აღმოჩნდეს როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.  - ამბობს მამუკა გამყრელიძე "ვერსიასთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ია გრიგალაშვილი