ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება - სუს-ის ანგარიში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება.

„2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამსახური ახორციელებდა საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებასა და გამოწვევებზე/ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. გასული წლების მსგავსად, სამსახურის ერთი–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლდათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების შემადგენლობის მუდმივი მომზადება და პროფესიული განვითარება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა.

ხაზგასასმელია, რომ სხვა მასშტაბური ანტიტერორისტული ღონისძიებების გარდა, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად, აშშ-სა და ევროპის დედაქალაქებში ტერორისტული აქტივობების პრევენცია მოხერხდა.

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა, წინა წლების მსგავსად, დადებითად იქნა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმის გამოვლინებებზე რეაგირებისა და გამოძიების მიმართულებით მთავარი უწყება, აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია, სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი კი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამის ძალისხმევას რეგულარულად ახორციელებს.

გარდა ამისა, „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმებით შეფასებისას საქართველომ წელსაც ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია დაიკავა, რაც 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტებისა და ტერორიზმის, როგორც საფრთხის გავლენის, არარსებობას გულისხმობს.

სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა, ასევე ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული“, - აღნიშნულია ანგარიშში.