არგუმენტები, რის გამოც გია ბარამიძე პარლამენტში შესვლის სააკაშვილისეულ მოწოდებას არ იზიარებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„პატიოსნები უნდა ვიყოთ და ჩვენი პოზიცია საჯაროდ გამოვხატოთ“

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტური პარტია ხელს არ აწერენ. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს მოუწოდა, ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, დოკუმენტს ხელი მოაწერონ, პარტიაში პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია. პარლამენტში შესვლისა და დოკუმენტზე ხელმოწერის კატეგორიული წინააღმდეგია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, გია ბარამიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

ელამ იცის ჩემი და მიშას ძმაკაცობაც და ჩემი მისდამი, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ, უღრმესი პატივისცემა და პირადად მის მიმართ და ჩვენი ერთად გაკეთებული საქმისადმი ერთგულების შესახებ. ეს უცვლელი იყო და დარჩება.

მიშას იმიტომაც (სხვა უამრავი კარგი თვისებისა და დამსახურების გარდა) ვცემ პატივს, რომ (მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, რომ ის ერთპიროვნული მმართველია და სხვის აზრს არ ისმენს) იგი ყოველთვის არა მარტო ისმენდა, არამედ, პატივისცემით ეპყრობოდა და ითვალისწინებდა თანამებრძოლების აზრს... დღეს მიშამ ენმ- მოგვიწოდა, თუ ქოცები ნიკა მელიას (ნამდვილად გმირულად მებრძოლ თავმჯდომარეს) ყოველგვარი პირობების გარეშე გამოუშვებენ, ასეთ შემთხვევაში, განვიხილოთ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა. მინდა, ვთქვა, რომ ისეთ პირობებში, როცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის (რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ამბავია) მიბმა ქოცების 43 პროცენტიან რეზულტატზე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია. თამარ ჟვანიას და არსებული (ქოცებით გაძეძგილი) ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების პირობებში, არჩევნების რეზულტატების პატიოსნად დათვლის იმედი როგორ უნდა გვქონდეს?

20 ივნისის დროს, გავრილოვების ბანდის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის ამინისტიის მხარდაჭერა მკრეხელობად მიმაჩნია.

ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, მინდა, საჯაროდ ვთქვა, რომ როცა (ჩვენი საამაყო თავმჯდომარე) ნიკა მელია გამოვა და ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, წინასწარ საჯაროდ ვამბობ, ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ საკითხების მოუგვარებლობის გამო, ბოლომდე პრინციპული პოზიცია უნდა დავიჭიროთ (გინდაც მთელი საქოცეთი, სხვა პარტიები და მეგობრების უდიდესი ნაწილი სხვა რამეს გვეუბნებოდნენ) და ბოლომდე გავატაროთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც აქამდე გვეჭირა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა პუტინისტური, მოღალატური და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ და სრულიად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს ამ თანმიმდევრულ, პრინციპულ და მყარ პოზიციას შესაბამისად დააფასებს და ჩვენ დაგვიჭერს მხარს, (მათ შორის, თუ მოგვიანებით, ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას) და საბოლოოდ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

„ვერსია“ გია ბარამიძეს ესაუბრა:

 - სააკაშვილი ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც თანამოაზრეების აზრს ყოველთვის ითვალისწინებს და ყურადღებით ეკიდება. როცა ნიკა გამოვა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო შეიკრიბება, რადგან არ არის ის საკითხები მოგვარებული, რაც პოსტში მიწერია, ამის გამო არსებულ ვითარებაში, ასეთი პირობებით, პარლამენტში შესვლა არ შეიძლება.

- ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს და ზოგადად, თქვენს პარტიაში ამ საკითხზე პოზიციები რადიკალურად გაიყო. მაინც, რა მოლოდინი გაქვთ, უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს?

- მსჯელობა მიდის და ძალიან მნიშვნელოვანია, მოვლენები როგორ განვითარდება. ნიკა რომ გამოვა, შეიკრიბება პარტია და ყველა ერთად ვისმჯელებთ, ამაში ჩართული იქნება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და თითოეული ჩვენგანი.

- ისე, სალომე სამადაშვილი თქვენც და თქვენმა თანაგუნდელებმაც მწვავედ გააკრიტიკეთ დოკუმენტზე ხელმოწერის გამო და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმაც ზუსტად იგივე მოგიწოდათ. აბა, რატომღა აკრიტიკებდით სამადაშვილს?

- რა პოზიციაზეც ვიყავი, დღესაც იმავეს ვფიქრობ და რატომაც ვაკრიტიკებდი სალომეს, სწორედ იმიტომ არ ვეთანხმები დღეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას. კომპრომისი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ეს იმდენად მიუღებელი კომპრომისია, რომ აზრს აკარგვინებს ჩვენს პარლამენტში შესვლას. ფასს უკარგავს ჩვენს ბრძოლას, რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეზე მეტად პრინციპული, პატრიოტი ან ჭკვიანი ვარ, ჩემი ხედვა მაქვს და ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ. სალომე სამადაშვილმა მანამდე მოაწერა ხელი, სანამ გუნდი მიიღებდა გადაწყვეტილებას. ჩათვალა, რომ არ აინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი. გამოეყო და გუნდისგან მოწყვეტილად გადადგა ეს ნაბიჯი. შეიძლება, რაღაცას არ ვეთანხმებოდე, მაგრამ გუნდი თუ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველანი ერთ პოზიციაზე ვდგებით. ესაა გუნდურობა, თორემ ყოველთვის ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. არის მსჯელობა, კამათი და ვიღაც ყოველთვის რჩება უმცირესობაში. თუ ისინი პარტიიდან გავიდნენ და თავისებური მოქმედება დაიწყეს, ეს პარტია კი არა, მსჯელობის მოყვარულთა კლუბი ყოფილა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ მსჯელობის შედეგად, გარკვეული რაოდენობა უმცირესობაში რჩება, მაგრამ პარტია იმიტომაა, რომ მაინც გუნდურად და ერთიანად მოქმედებ, დემოკრატიული მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე. ეს რომ „დააიგნორა“  სალომემ და  არ ჩათვალა მიზანშეწონილად, გუნდისთვის მოესმინა, ეს გახდა კრიტიკის საფუძველი და არა - ის, რომ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

- პარტიის უმრავლესობამ რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვეტოს, ამას თქვენც გაიზიარებთ?

- დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ პოზიცია ღიად მაქვს დაფიქსირებული და თუ ვიქნები უმცირესობაში, ვიქნები. ისეთი ვითარებაა, რომ ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს, პატიოსნები უნდა ვიყოთ და ჩვენი პოზიცია საჯაროდ გამოვხატოთ. პარტიულობა, თანამეგობრობა ისაა, რომ ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

- ბატონო გია, ამ დოკუმენტს ხელი თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა, გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა. ამას როგორ აფასებთ?

- იგივე შეფასება მაქვს, რაც ქალბატონ სალომე სამადაშვილთან მიმართებაში.

- ანუ, გრიგოლ ვაშაძე არასწორად მოიქცა?

- რა თქმა უნდა, გუნდს არ აქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა მან გუნდი დიდი ხანია, დატოვა. 

- ისე, ვაშაძე თავიდან მოლაპარაკებებში ჩართული იყო...

- არ იყო, აკო მინაშვილი და სალომე სამადაშვილი იყვნენ ჩვენი პარტიიდან  ჩართულები.

- ბატონო გია, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვა, თუმცა ეს სხვა დროსაც უთქვამს, მაგრამ არ შეუსრულებია. ახლა მართლა ჩამოვა?

- მიშას არასდროს უთქვამს, ზუსტად როდის ჩამოვიდოდა. ის ამბობდა, მინდა ჩამოვიდე, ჩამოვალო, მაგრამ დროს არასდროს აკონკრეტებდა. ახლა თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე აუცილებლად ჩამოვა, თუნდაც ეს სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად დაუჯდეს. ზუსტად ვიცი, სიმართლეს ლაპარაკობს და უღრმეს პატივისცემას იწვევს მისი ეს ნაბიჯი.

- მისი ჩამოსვლით, თქვენს პარტიაში რა შეიცვლება?

- ჩვენს პარტიას მოემატება მთავარი ლიდერი და ჩაუდგება სათავეში ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას გავრილოვების პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

- თუმცა, პარტიას უკვე ჰყავს არჩეული თავმჯდომარე...

- კი, რა თქმა უნდა. არავინ უარყოფს, რომ თავმჯდომარე გვყავს არჩეული იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი იძულებით ემიგრაციაშია, მაგრამ ნიკას ნამდვილად არ ეწყინება, ამ პარტიის მთავარი ლიდერი რომ არის მისი დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი. ეს, მგონი, ეჭვს არავისში იწვევს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიშას ლიდერობა და ეს შეფასება, რასაც ვაძლევ, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ მიშას პრეტენზია ან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, რასაც ვიტყვი, მაინცდაიმაინც ასე უნდა იყოსო. დღესაც დაფიქსირებული ჩემი განსხვავებული მოსაზრება, ამის დასტურია.