პუტინის მზადება დამარცხებისთვის - ჰიტლერის ფაშიზმიდან პუტინის „რაშიზმამდე“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დასასრულის დასაწყისი

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ახლახან, მსოფლიომ ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნა, თუმცა თუ გულწრფელები ვიქნებით და რეალობას თვალს გავუსწორებთ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ფაშიზმი არ დამარცხებულა ანუ თუ შვიდი ათეული წლის წინ, დედამიწაზე ჰიტლერული ფაშიზმი მძვინვარებდა, დღეს, 21-ე საუკუნეში, პუტინური „რაშიზმის“ მომსწრენი ვართ. გასაგებია, რომ ვიღაცებს პუტინის გულქვაობაში ეჭვი ეპარებათ და კრემლის პროპაგანდას აყოლილები, იგივე, ბუჩას ჯოჯოხეთის გამართლებას ცდილობენ, მაგრამ თანდათან ნათელი ხდება, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძის დღეები დათვლილია და, პარალელურად, სულს ქართველ პუტინისტთა შემართებაც ღაფავს. დიახ, გმირმა უკრაინელებმა მსოფლიოს დაანახეს, რომ რუსული არმიის უძლეველობა ჩვეულებრივი მითია და ამასთან, პუტინიც ერთი შეშლილი დიქტატორია და მეტი არაფერი!

 

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ოკუპანტები უკრაინაში შეიჭრნენ, ღიად თუ კულუარულად ვრცელდებოდა ცნობა, რომ პუტინი 9 მაისს, კიევის თავზე რუსულ დროშას ააფრიალებდა, მაგრამ ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს ანუ წლევანდელი 9 მაისი, შესაძლოა, პუტინის დასასრულთან მიახლოების ათვლის წერტილად ჩავთვალოთ.

რატომ? - ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა სხვადასხვა მაგალითის მოყვანით შეიძლება, მაგრამ თავი რომ არ შეგაწყინოთ, ხაზს მხოლოდ ერთ თვალშისაცემ გარემოებას გავუსვამ.

მოკლედ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ვოვა, საკუთარი უძლეველობის დასამტკიცებლად, უკან არაფერზე იხევს და სწორედ ამიტომ, რამდენჯერმე იმაზეც მიანიშნა, აი, თუ უკრაინელები ჭკუით არ იქნებიან, თითს ბირთვული იარაღის ღილაკს დავაჭერო. შეშლილი დიქტატორისგან გამორიცხული და გასაკვირი არაფერია, მაგრამ ბირთვული იარაღი კი არა, კრემლის დიქტატორმა იმდენიც ვეღარ შეძლო, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელს, მოსკოვის ცაზე საჰაერო აღლუმი მოეწყო.

ოფიციალური ცნობით, საჰაერო აღლუმი უამინდობის გამო გადაიდო, თუმცა ისინი, ვინც პოლიტიკაში ძალიან კარგად ერკვევიან, ამ ვერსიას ხუმრობითაც არ იზიარებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ სამხედრო თვითმფრინავების „დემონსტრირებაზე“ უარის თქმა პუტინის ერთგვარ უკან დახევას ნიშნავს.

ასე, მაგალითად, სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი, რომელთან ინტერვიუც OBOZREVATEL-მა გამოაქვეყნა, დარწმუნებულია, რომ აღლუმის საჰაერი ნაწილი პუტინმა დასავლეთის ზეწოლით გააუქმა.

„ვფიქრობ, რომ აღლუმის საჰაერო ნაწილი დასავლეთის მხრიდან პუტინისთვის წაყენებული ულტიმატუმის გამო გაუქმდა. პუტინმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თემის აგორება დაიწყო და ის გააფრთხილეს, რომ განიხილება მისი პირადი ლიკვიდაციის საკითხი. ასევე, საუბარია სანქციებზე მის უშუალო გარემოცვაზე. შეხედეთ, როგორ ერთხმად დაიწყეს რუსმა ჩინოვნიკებმა საუბარი იმაზე, რომ ისინი ბირთვული იარაღის გამოყენებას არც არასოდეს გეგმავდნენ“, - აცხადებს ჟდანოვი.

სამხედრო ექსპერტის მოსაზრება უსაფუძვლო არ უნდა იყოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 9 მაისამდე, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ვრცელდებოდა ხმა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, აღლუმის დროს, წითელი მოედნიდან Il-80 Maxdome გაფრინდებოდა. ეს პუტინის ე.წ. სპეცთვითმფრინავია, რომელიც „განკითხვის დღის“ სახელითაცაა ცნობილი. ეს თვითმფრინავი წითელ მოედანზე, ბოლოს, 2010 წელს გამოჩნდა. ხომალდის ბორტიდან, ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, პუტინს რუსეთის ფედერაციის გაკონტროლება შეუძლია.

ერთი სიტყვით, ყველა პირობა არსებობს, რომ უკრაინაში პუტინი დამარცხდება, თუმცა ისიც ნათელია, რომ კრემლი ამას არ აღიარებს და შეეცდება, საკუთარი მარცხი რაღაცით გადაფაროს.

რა შეიძლება იყოს, ეს „რაღაც“?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პუტინი თავს, შესაძლოა, მოლდოვას დაესხას. თანამედროვე ჰიტლერისგან გამორიცხული, ცხადია, არაფერია, მაგრამ სამხედრო ექსპერტები და პოლიტიკის ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოლდოვაში შეჭრა პუტინისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება და აი, რატომ:

ცნობილია, რომ მოლდოვას მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს ანუ ადგილობრივები მოლდოვის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებიც არიან. თავდასხმის შემთხვევაში კი გამოვა, რომ პუტინმა ომი საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა. შესაბამისად, იმის მტკიცება, აი, სპეცოპერაციას ხალხის კეთილდღეობისთვის ვატარებო, კრემლს აღარ გამოუვა.

სხვათა შორის, ბოლო წუთამდე, კრემლი და მისი პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში ომი კი არ მიდის, არამედ, ტერორისტებისა და ფაშისტების წინააღმდეგ, ხალხის კეთილდღეობიდან გამომდინარე, სპეცოპერაცია ტარდება, თუმცა 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა სპეცოპერაციას სახელი შეუცვალა და „აგრესიის წინასწარი მოგერიება“ დაარქვა.

„ამ დღეებშიც, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში და ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, - თქვა პუტინმა 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსლისას და დამსწრე საზოგადოებას ისიც აცნობა, თუ როგორ შესთავაზა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება და როგორ მოუწოდებდა „გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ“, თუმცა „ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა“, რადგან სინამდვილეში, სხვა გეგმები ჰქონდათ.

აღლუმზე პუტინმა ისევ ახსენა უკრაინის მიერ დაგეგმილი „სადამსჯელო ოპერაცია დონბასში“ და თქვა, რომ მზადდებოდა შეჭრა რუსეთის „ისტორიულ მიწებზე, ყირიმის ჩათვლით“.

„ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა ნეონაცისტებთან, ბანდერელებთან, რომლებზეც ფსონს დებდნენ აშშ და მისი უმცროსი კომპანიონები“, - განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ უკრაინაში ომის დაწყება „იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“ იყო.

მოკლედ, იმ შემთხვევაში, თუ მოარული ხმა გამართლდა და პუტინმა სამხედრო იერიში მოლდოვაზეც მიიტანა, ცხადია, ვეღარ იტყვის, რომ სადამსჯელო ოპერაცია ნეონაცისტების წინააღმდეგ დაიწყო, რადგან წეღანდელი თქმისა არ იყოს, მოლდოვას მოსახლეობის უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამასთან, მოლდოვაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებიც მრავლად ცხოვრობენ, შესაბამისად, ამ ქვეყანაზე თავდასხმა კრემლის მიერ ირიბად იმის აღიარება იქნება, რომ ომს პირდაპირ ევროკავშირს უცხადებს.

სხვა დროსა და სიტუაციაში, კრემლს ევროკავშრთან ომის დაწყება, შესაძლოა, გაებედა, მაგრამ იმ ფონზე, როცა იგივე უკრაინაში „უძლეველ“ რუსულ ტანკებს ბოშები „პანტა-პუნტით“ იპარავენ, ძნელი წარმოსადგენია, პუტინმა ახალი ფრონტის წამოწყება გაბედოს, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას სულაც არ იძლევა ანუ დიქტატორების ანატომიის გათვალისწინებით, პუტინი შეეცდება, რომ საკუთარი მოსახლეობის თვალში დამარცხებულის იმიჯი არ ჰქონდეს და ამიტომაც, ფონს გასვლას ფეიკწარმატებით შეეცდება. საამისოდ კი, შესაძლოა, კავკასია გამოიყენოს, ესე იგი, 2008 წლის სცენარი გაითამაშოს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში პატარა პროვოკაცია მოაწყოს.

მართალია, სამხედრო ექსპერტები ამ ვერსიას უშვებენ, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე ასეთ ავანტიურაზე წასვლას თუნდაც იმიტომ ვეღარ გაბედავს, რომ უკრაინაში რუსულმა არმიამ არნახული ადამიანური თუ ტექნიკური დანაკარგი განიცადა. ამასთან, დასავლეთისგან დაწესებული ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სანქციები „ველიკოდერჟავას“ წელში გატეხს და შესაძლოა, საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ მოსკოვის შუაგულში, დიდმა სახალხო მღელვარებამ იფეთქოს ანუ პუტინის წინააღმდეგ ომი თავად რუსებმა დაიწყონ. ეს კი დიქტატორისთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება.

საერთოდ, მსოფლიო ისტორია ნათელჰყოფს, რომ დიქტატორების ბოლო ცუდი, ძალიან ცუდია. ამ მხრივ გამონაკლისი, ალბათ, არც პუტინი იქნება და მისი პოლიტიკური მზეც, ადრე თუ გვიან, ჩაესვენება!