„სომხეთში აქციებს მართავს პრორუსული ოპოზიცია... შესაძლოა, ფაშინიანი გადადგეს“ - მამუკა არეშიძე ერევანში განვითარებულ მოვლენებზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები არ ცხრება. „ჯემნიუსმა“ გამოაქვეყნა აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, ელხან შაჰინოღლუს შეფასება, რომელიც აცხადებს, რომ კრემლი ყველანაირად ეწინააღმდეგება ოფიციალურ ერევანსა და ბაქოს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია დასავლეთის მხარდაჭერით. მისი აზრით, ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციების უკან რუსეთიც დგას. პოლიტოლოგმა ნიკოლ ფაშინიანის დამხობის შემთხვევაში რეგიონში შესაძლო ცვლილებების საკითხიც წამოსწია:

ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავად ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდნენ. იმ ვიზიტების დროს მოლაპარაკებების პროცესში აშკარად გამოიკვეთა, რომ რუსეთი უკმაყოფილო იყო ბრიუსელში შეხვედრით და მისი შედეგებით.

ამის შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები დაიწყო და მათი მთავარი მიზეზი პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანის სიტყვა გახდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა ყარაბაღის საკითხში მოლოდინის ზღვარი უნდა ჩამოწიოს. ფაქტობრივად, მან მიანიშნა, რომ შეთანხმებების მიხედვით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩება.

მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთადერთი მიზანი ფაშინიანის დამხობაა. მაგრამ ქუჩაში ამდენი ხალხი არ არის და უმეტესობა ჩუმად ადევნებს თვალს მოვლენებს. სომეხი ხალხი ამჟამად არჩევსცუდსადაუარესსშორის და ირჩევსცუდს”. “ცუდში”, ამ შემთხვევაში, ფაშინიანი იგულისხმება.

საინტერესოა, რომ სომხეთში რადიკალური ოპოზიცია იმავე მეთოდებს იყენებს, რითაც 2018 წელს, ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ მოქმედი პრემიერი ყველას ქუჩაში იხმობდა, ქალაქებში დადიოდა და მხარდამჭერებს კრებდა”.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ჩვენს რეგიონში აშკარად იგრძნობა დაპირისპირება დასავლეთსა და კრემლს შორის.

უკრაინაში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ ღია ფორმა მიიღო და ის უკვე კავკასიაში გადავიდა.

სომხეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ვაშინგტონში მართავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაშინიანი მოსკოვის ზეწოლის შემდეგ ვაშინგტონის მხარდაჭერას ელოდება...

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელშიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მხარდაჭერა გამოთქვა. ფაქტობრივად, ეს არის გაფრთხილება მოსკოვისთვის, არ ჩაერიოს ორმხრივ დიალოგში.

მაგრამ კრემლი ღიად ეწინააღმდეგება ასეთ სცენარს. ის დაჟინებით მოითხოვს მის შუამავლობას. მაგრამ საჭიროა თუ არა შუამავლობა ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებებში? ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე ორჯერ ისაუბრეს პირდაპირ ტელეფონით... მათ მხარს უჭერენ აშშ და ევროპა.

თუ ნიკოლ ფაშინიანს ვაშინგტონის მხარდაჭერა სურს, ის უნდა აღუდგეს მოსკოვის ზეწოლას. მაგრამ თუ ამ წინააღმდეგობას რაიმე კარგი არ მოჰყვება, მაშინ სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ციებ-ცხელება დაეწყება”, – ამბობს შაჰინოღლუ.

აღნიშნული საკითხების შესაფასებლად „ვერსია“ ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 _ სომხეთში, ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქციებს მართავს პრორუსული ოპოზიცია იმიტომ, რომ იქ აქტიურობს ორი პარტია, რომელთა უკან მოიაზრებიან ყოფილი პრეზიდენტები - ქოჩარიანი და სარქისიანი. იქ სხვა ძალებიცაა ჩართული ამ პროტესტში. საინტერესოა აივაზიანის გუნდი, რომლის მთავარი გზავნილიც ბიოლაბორატორიების თემაა. სხვათაშორის, სომხეთში არაერთი ბიოლაბორატორიაა, რომელიც ამერიკელების მიერაა შექმნილი. ამ ლაბორატორიების წინააღმდეგ ილაშქრებს ეს ოპოზიციური ძალა, აივაზიანი კი ერთ-ერთი ლიდერია ამ საპროტესტო აქციებისა. აივაზიანი, ქოჩარიანი თუ სარქისიანი - ყველა ასოცირდება რუსეთთან. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაშინიანს არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან საკონსულტაციო საბჭო აქვს შექმნილი და ეს პარტიები დასავლური ორიენტაციისაა.

 რასაკვირველია, რუსეთი ამ პროცესში ჩართულია, მაგრამ საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში ისედაც არსებობდა და აქციები დაიწყეს არა პოლიტიკურმა ძალებმა, არამედ ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცების მშობლებმა.

სამხრეთ კავკასიის სივრცეში მიდის ძალიან აქტიური დაპირისპირება ერთი მხრივ დასავლეთსა და რუსეთს, მეორე მხრივ კი რუსეთსა და თურქეთს შორის, რადგან თურქეთი პერსონალურ მოთამაშედ გვევლინება. სხვათაშორის, რუსეთის შეცდომების ბრალია ის, რომ თურქეთი ასწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში. მარტო ეს სივრცე არაა, სადაც აქტიურია ამ ტიპის ბრძოლა, ირანშიც იგივე სიტუაციაა დასავლეთ-რუსეთის ბრძოლის კონტექსტში.

_ ბატონო მამუკა, რა ეტაპზეა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი?

_ ყარაბაღის მოვლენებზე მხარეებმა, ჯერჯერობით, ვერაფერზე მოილაპარაკეს. მართალია, რუსეთს არ აწყობს ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკება და ყველანაირად ცდილობს, ხელი არ შეუწყოს ამ პროცესს, რადგან არ სჭირდება სამშვიდობო პროცესის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, კრემლში დიდი გაღიზიანება გამოიწვია ალიევის გამოსვლამ იმის თაობაზე, რომ შექმნილიყო სამხრეთ კავკასიური, 3 ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობის სამშვიდობო და  ეკონომიური ფორმატი. ეს ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი და ყველა ჩართულია იმისთვის, რომ შეთანხმება არ შედგეს და თავისი გავლენა არ შესუსტდეს.

_ როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების განახლებას ხომ არ გამოიწვევს?

_ სომხეთს არ აქვს რესურსი, საომარი მოქმედება განაახლოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სიუნიკის ტერიტორიის პატარა ნაწილი უკვე მიტაცებული აქვს აზერბაიჯანს და სომხეთს იმის თავიც არ აქვს, ეს სიტუაცია შეცვალოს. სომხეთს, პრაქტიკულად, სამხედრო მოკავშირე არ ჰყავს.

_ ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ფაშინიანი სწორედ ამ ვითარების გამო, დასავლეთთან მოლაპარაკებებს აააქტიურებს...

_ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვიცით, დასავლეთი როგორი დაკავებულიცაა და მიდგომის ფორმა როგორი აქვს - თუ შენ თვითონ არ შექმენი სერიოზული პრობლემა, რომელიც დასავლეთს დააინტერესებს, აღშფოთებისა და ტრიბიუნის დონეს არ გასცდება. უკრაინელების მაგალითი ამ შემთხვევაში არ გამოდგება, რადგან გვახსოვს ომის დასაწყისი. დასავლეთი პროგნოზირებდა უკრაინელების 6 დღეში დამარცხებას, მაგრამ უკრაინელებმა ეს არ გააკეთებინეს და ამიტომაა, რომ დღეს ზელენსკი და მისი ხელისუფლება ზედმეტად თავხედურად ექცევა დასავლეთს, ზუსტად იმიტომ, რომ კარგად იცის, რა გეგმაც ჰქონდა დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკოსს.

_ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოდის, რომ ფაშინიანი ორმხრივი ზეწოლის ქვეშაა ახლა...

_ სამმხრივი ზეწოლის ქვეშაა - მოსკოვიდან, დასავლეთიდან და საკუთარ ქვეყანაში არსებული ძალებიდან.

_ თუ ასეა, რა გზა რჩება ახლა ოფიციალურ ერევანს სამოქმედოდ?

_ სწორედ მანდაა „ძაღლის თავი დამარხული“. ოფიციალური ერევნის მდგომარეობა საკმაოდ სუსტია, მაგრამ საზოგადოებაში აპათიის ძალიან მაღალი ხარისხია. საქართველოსი არ იყოს, საზოგადოება რომ ხედავს, ვინაა პროტესტის უკან მდგომი ძალების ხელმძღვანელი, არ ზრდიან მხარდამჭერთა რიცხვს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა არც ერთ მხარეს უჭერს მხარს.

_ როგორ ფიქრობთ, სადამდე მივა სომხეთში ეს პროცესები?

_ თუ გარე ძალები არ ჩაერთნენ, ასეთი ვითარება იქნება კარგა ხნის განმავლობაში და შემდეგ, ალბათ, რაღაცაზე მოილაპარაკებენ. თუ გარეძალები ჩაერთნენ, არაა გამორიცხული, ფაშინიანის მარცხი.

_ შეიძლება, გადააყენონ ფაშინიანი?

_ გადადგეს... გადაყენებით ვერ გადააყენებენ, უბრალოდ, დაუმთავრებელი პროცესი თუ გაიწელება აქციებისა, არაა გამორიცხული, ფაშინიანმა არჩიოს გადადგომა, რადგან სტაგნაცია არ მოხდეს ქვეყანაში.

_ ამ მწვავე ვითარებაში რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ?

_ საქართველოს ძალიან უჭირს, რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა - როგორც შიდა, ასევე გარეფრონტზე. საქართველომ ძალიან კარგი ფორმატი შესთავაზა სამხრეთ კავკასიას, თბილისში შექმნილიყო სამშვიდობო პლატფორმა და ჩართულია ამ პროცესში პრემიერ-მინისტრი, მაგრამ უკრაინის მოვლენებმა ვითარება შეცვალა. დღეს საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა და ყველა ფრონტზე მაქსიმალური შედეგი მიიღოს, მაგრამ რესურსი ძალიან შეზღუდული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი სიტყვიერად მხარს გვიჭერს, თუ რუსეთი თავს არ დაგვესხა, დასავლეთის იმედი არ უნდა გვქონდეს, მითუმეტეს შიდაკონფლიქტების შემთხვევაში. პირდაპირ გეტყვით, როგორი მდგომარეობაცაა - საქართველოს პატარა ნაჭრები აზერბაიჯანსაც აქვს მიტაცებული და სომხეთსაც მარნეულის რაიონში - 2-3 კილომეტრი აზერბაიჯანს და 500 მეტრი სომხეთს. ჩვენს ტერიტორიაზე არიან შემოსული, რაც ნიშანდობლივი და დამახასიათებელი ფაქტია იმისა, რა ვითარებაცაა დღეს საქართველოში, რადგან ეს ის ტერიტორიებია, სადაც ერთმანეთს აკონტროლებენ სომხეთი და აზერბაიჯანი. 30 წელზე მეტია, ეს ტერიტორიები მიტაცებულია და ხმას არ ვიღებთ არც ჩვენ და არც ისინი. აზერბაიჯანს დანაღმულიც აქვს ჩვენი ტერიტორიები... კლასიკური მაგალითია ეს იმისა, თუ რა ვითარებაშიც ვართ. ყველაფერი - ურთიერთობები, მიდგომები დანაღმულია და როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ამ მდგომარეობაში სტაბილურობის შენარჩუნება და ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც არ გვაქვს. თუ ეს არ მოხდება, საქართველოს მდგომარეობა ისედაც მძიმე იქნება, საქართველოს სჭირდება კონსოლიდაცია საზოგადოებისა, რისთვისაც საჭიროა იდეოლოგია, რომელიც არ გვაქვს.