უკრაინის ომის გამო ჟენევის დისკუსიები შეჩერდა-აფხაზეთმა ფულის დაზოგვა გადაწყვიტა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მარტში უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი უკრაინის ომი და ამის შედეგად რუსული დელეგაციის სირთულეებია. აფხაზეთში კი ამის გამო ბიუჯეტის შეცვლა გადაწყვიტეს და ის თანხა, რაც მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობისთვის იყო განკუთვნილი, სხვა საჭიროებებისთვის მიმართეს.
ჟენევის დისკუსიებში აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობისთვის გამოყოფილ ფულს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ.
როგორც რეზოლუციის პროექტის წარდგენისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განმარტა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობისთვის ხუთი მილიონი რუბლი [დაახლოებით 68 ათასი დოლარი] იყო გამოყოფილი.
თუმცა, „ამ ეტაპზე, საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე გლობალური ცვლილებების შედეგად, ჟენევის დისკუსიები დროებით შეჩერებულია“. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს, ეს თანხები სხვა გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოს.
მარტში დაგეგმილი დისკუსიების ბოლო რაუნდი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. როდის გაიმართება, მთლად ნათელი არაა. ამ დროისთვის, ჟენევის დისკუსიები, აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების ერთადერთი პლატფორმაა.
რატომ გადაიდო მოლაპარაკებები
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიები, რომლის ახალი რაუნდი მარტში უნდა გამართულიყო, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთოს ინიციატივით შეჩერდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დენის გონჩარმა რუსულ სააგენტო RIA Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ამ შემთხვევაში ინიციატივა თანათავმჯდომარეთა „ტროიკას“ ეკუთვნის (გაერო, ევროკავშირი და ეუთო), რომლებმაც თავიანთი გადაწყვეტილებით, მარტის ბოლოს დაგეგმილი 56-ე რაუნდი გაურკვეველი დროით გადადეს” – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, დისკუსიის ამ მონაწილეებმა ფაქტობრივად „მძევლად აიყვანეს“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატი, რომლის წყალობითაც რეგიონმა „შეძლო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღები დონის შენარჩუნება“.
„ასე რომ, მოლაპარაკებების წარუმატებლობის პასუხისმგებლობა მთლიანად მათზეა. ასევე, არის ლოჯისტიკური სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა იმ შეზღუდვების შედეგად, რომელიც რუსეთს ევროკავშირმა (ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ) და შვეიცარიამ დაუწესეს, რომელიც მასპინძლობს ამ ფორმატს მის ტერიტორიაზე)”, – განაცხადა გონჩარმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დასავლელი პარტნიორების არამეგობრული და პოლიტიზებული ნაბიჯები ხელს არ უწყობს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს“ და შესაძლოა „ამ რეგიონში გაურკვევლობა გამოიწვიოს“.
მოსკოვის ბრალდებებს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ტოივო კლაარმა უპასუხა.
“ბოლო რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცესის დასაცავად. იმგვარი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, როდესაც საერთაშორისო ვითარება, განსაკუთრებით უკრაინის ომი, უარყოფითად იმოქმედებს თავად რაუნდის მიმდინარეობაზე და, შესაბამისად, ზოგადად დისკუსიებზე“, – განაცხადა ტოივო კლაარმა “Civil Georgia”-სთან ინტერვიუში, 25 აპრილს.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული მოსამზადებელი შეხვედრები მოლაპარაკებების გადადებულ რაუნდამდე მართლაც გაუქმდა, დისკუსიების ყველა მონაწილესთან ჩართულობა გაგრძელდა.
„მაგალითად, ამ კვირაში მე და ჩემმა გუნდმა შეხვედრები გავმართეთ როგორც თბილისში, ასევე სოხუმში“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, თანათავმჯდომარეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დისკუსიის მონაწილეებს შორის კომუნიკაციის არხები ღია იყოს.
მან ხაზი გაუსვა, რომ „თანათავმჯდომარეები ჟენევის პროცესის ერთგულები რჩებიან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჟენევაში დისკუსიები რაც შეიძლება მალე განახლდეს და ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სიტუაციას“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიები უკრაინაში კონფლიქტის გამო გადაიდო და მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეიძლება განახლდეს.
„ომის პირობებში ეს ფორმატი გარკვეულწილად შეჩერდება, ისევე როგორც ბევრი მსგავსი საკითხი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რუსული აგრესია რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა მსგავსი საკითხები მოგვარდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორია ჟენევის ფორმატი
• 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგი შეწყდა. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, გადაწყდა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შექმნა, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხებს.
• ვიდრე ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აბაშიძე-კარასინის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნებოდა, ჟენევა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თბილისი და მოსკოვი საუბრობდნენ.
• მოლაპარაკებები ჟენევაში წელიწადში ოთხ რაუნდად ტარდება.
• ჟენევის ფორმატი არ ეხება კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს. ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი და სხვა პოლიტიკური საკითხები აქ არ განიხილება.
• ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს:
• პირველი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს (მაგ. რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შესრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა);
• მეორე ჯგუფი განიხილავს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას და მათ დაბრუნებას. ეს ჯგუფი ასევე განიხილავს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან (მაგალითად, განათლება მშობლიურ ენაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ხალხის თავისუფალი გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობა, კრიმინალი. შემთხვევები, ადამიანის უფლებები და ა.შ.).
• საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შეერთებული შტატების წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირსა და გაეროდან. დისკუსიაში ასევე მონაწილეობენ ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები.
ჟენევის დისკუსიები
________________________________________
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

 

წყარო:jam-news