რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ცხინვალსა და აფხაზეთში ე.წ. არჩევნები ტარდება - მამუკა არეშიძის პოლიტიკური ანალიზი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თათია გოჩაძე

 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დეფაქტო პარლამენტის ახალი შემადგენლობა მხოლოდ ნახევრად ჩამოყალიბდა, რადგან ოლქების ნახევარში მეორე ტური გაიმართება. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ე.წ. ხელისუფლების მომხრეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მეორე ტური კი, რომელიც ორ კვირაში გაიმართება, ახალ დეფაქტო პარლამენტში ძალების განლაგებას ვერ შეცვლის და დიდი ალბათობით, დეფაქტო საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი იქნება - იუწყება „ჯემნიუსი“.

ოკუპირებულ აფხაზეთში .. საპარლამენტო არჩევნების შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელ, სადაც აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობენ აფხაზეთის რეგიონში დღეს მიმდინარე .. საპარლამენტო არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

არჩევნებია დაგეგმილი ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 10 აპრილი გამოაცხადა. მოქმედი დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 5 წლის წინ აირჩიეს.

საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„ვერსია“ დაინტერესდა, რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად - აღნიშნულ საკითხზე კონფლიქტოლოგსა და ანალიიკოსს, მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ:

 _ ბიბოლოვს  და მის გუნდს კონკურენტი არ ჰყავს იმიტომ, რომ მათი მთავარი გზავნილი რუსეთთან შეერთებაა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია. აქედან გამომდინარე მაინც ამ გუნდს ემხრობიან მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვის მიმართ უკვე ბევრი პრეტენზია გაჩნდა როგორც სოციალური, ასევე ადამიანის უფლეების დაცვის თვალსაზირისით. მაგრამ ამ ექსპტრემალურ სიტუაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ძალიან დაშინებულია იმიტომ, რომ ეკონომიკური სანქციები პირველ რიგში პერიფერიებზე მოქმედებს, მათშორის აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. ასევე იმიტომაც, რომ რუსეთის მარცხის შემთხვევაში საქართველოს მხარე როგორ მოიქცევა, არ იციან. ამიტომ გარკვეული შიშია და კონსოლიდაციაა არსებული დეფაქტო ხელისუფლებების გარშემო.

ერთი საინტერესო დეტალია ხაზგასასმელი, გადავხედე ტყვედჩავარდნილ რუსეთის ჯარისკაცების სიას და საკმაოდ ბევრია ოსური წარმოშობის გვარი, მათშორის კი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის დამახასიათებელი გვარებია, მაგალითად, ტედეევი. ამასთან ვიცით, რომ აფხაზეთიდანაც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდანაც გარკვეული ნაწილები გაიყვანეს რუსებმა უკრაინის მოვლენებში მონაწილეობის მისაღებად და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობს, როგორც ჩანს, ჩართულია ამ მოქმედებებში და ტყვედ აღმოჩნდენენ. აქედან გამომდინარე, ამ ხალხის გამოხსნა ტყვეობიდან და ის დანარჩენი ფაქტორები, რაზეც ვისაუბრე, ერთმანეთშია აღრეული და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ერთადერთი გამოსავალი ბიბილოვის გვერდით დგომაა.

_ გასაგებია, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, სადაც რუსეთის მხარდამჭერ აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა. ეს იმის მანიშნებელი ხომ არაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ჩაფიქრებული არიან, როგორ მოიქცენენ ამ ექსტრემალურ კონტექსტში?

_  კი, ნამდვილად ჩაფიქრებული არიან, როგორ მოიქცნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვმსჯელობთ იმაზე, „მაინც როგორ მოიქცევიან“. ამ თვალსაზრისით კი, მათთვის „პერსპექტიული“ უფრო ბიბილოვის გარშემო კონსოლიდაციაა. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაცია ხდება მეგობრობის, განსაკუთრებული ურთიერთობების ფორმატის; ლუგანსკმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკები და მოკლედ, დიდი ჟრიამულია, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციაა, რადგან აფხაზეთში უაღრესად მძიმე განწყობებია რუსეთის მიმართ, რაც პირველ რიგში, იმით გამოიხატება, რომ უცებ დამძიმდა სოციალური სურათი, ფასები იზრდება კატასტროფულად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთის მოსახლეობის კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია მოსკოვიდან ტრანშებზე, ჩნდება კითხვა - თუ ტრანშები არ იქნება (და ალბათ, არ იქნება, რადგან თავის გასჭირვებია ახლა მოსკოვს), მაშინ ჩვენ რა გვეშველებაო? ამასთან, ასეთი ფრაზა გაჩნდა - „მთავრობას რა ენაღვლება, მათი შვილები უცხოეთში არიან წასული და მოწყობილი აქვთ ცხოვრება, ჩვენ კი რა გვეშველებაო?!“...

 მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ თავის მოსახლეობას მოსკოვი აშიმშილებს, კავკასიას და ამ სეპარატისტულ ანკლავებს კი ფულს მაინც მისცემს, თუმცა სოხუმში ამის მაინცდამაინც არ სჯერათ.

_ ბატონო მამუკა, პუტინის რეჟიმი პროპაგანდას მაქსიმალურად ავრცელებს რუსეთის ტერიტორიაზე, ჩაახშო სოციალური ქსელები და ყველანაირად ცდილობს, ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს საკუთარი მოსახლეობა. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

_  იგივე მდგომარეობაა, მიდგომა ერთი და იგივეა. რაც ხდება რუსეთში, ხდება ამ ორ რეგიონშიც. ოკუპირებული ტერიტორიები, პრაქტიკულად, ინტეგრირებულია რუსულ სივრცეში, ფორმალურადაა ვითომ ე.წ. დამოუკიდებელი სახელწმიფოები.

_ ეკონომიკური სანქციებისა და შექმნილი გლობალური პოლიტიკური ვითარების გამო, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი დასუსტდება და აღარ იარსებებს იმ სახით, როგორიც დღესაა. ეს აჩენს იმედს, რომ შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შანსი გაჩნდეს. რამდენად რეალურია ეს მოლოდინი?

_ ვფიქრობ, ეს ნაადრევია და საქმეში ჩაუხედავი ადამიანების იმედი უფროა. დარწმუნებული ვარ, დასავლეთს რუსეთის დაშლა არ აწყობს, რადგან დამატებითი თავის ტკივილი და უამრავი პრობლემა იქნება... ანარქიული უზარმაზარი სივრცე, პლუს ხელ-ფეხგახსნილი ჩინეთი. დასუსტებული რუსეთი უკვე იყო, მაგრამ გვახსოვს 90-იან წლებში დასუსტებულმაც კი მოახერხა სურვილების შესრულება, მაგალითად, ჩვენს ხარჯზე. ამიტომ, რასაკვირველია, შანსი ჩნდება, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, თუ რუსეთი ეკონომიკურად სერიოზულად დასუსტდება, მაგრამ ამაზე ხბოს აღტაცებით ყურებას სჯობს, განვსაზღვროთ, რა მოჰყვება ყველაფერ ამას....

მოკლედ, ვფიქრობ, შანსი გვაქვს, რომლის არგამოყენებაც არ შეიძლება, მაგრამ ამის გამოსაყენებლად აუცილებელია, საქართველოში დასავლეთის ჩართულობა გაიზარდოს, რადგან აფხაზები სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, რომ საქართველოს არ იღებენ ნატო-სა და ევროკავშირში. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ევროკავშირის თუნდაც კანდიდატი გავხდეთ, რათა დასავლეთის ამ რეგიონში ყოფნა უფრო მეტად იგრძნობოდეს.

_ ბატონო მამუკა, გასაგებია, რომ რუსი ტურისტები საქართველოში მომრავლდნენ, საინტერესოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ გადადიან?

_ არა. ძალიან კარგად იციან, რა დაქცეულიცაა აფხაზეთი... აქ ძირითადად დიდი ქალაქების მაცხოვრებლები, საშუალო შეძლების ადამიანები ჩამოდიან, რომელთა დიდი ნაწილი მოსკოვი-პეტერბურგიდან, ე.ი. პოლიტიკური ცხოვრების ცენტრიდანაა. ესაა საშუალო ფენა, რომელთაც შეუძლიათ ბიზნესის წარმოება საქართველოდანაც. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების მეშვეობით ბიზნესის წარმოება როგორი აქტუალურია. ამიტომაა, რომ ამდენი სლავი იყო აქამდეც ჩამოსული. სხვათაშორის ბევრი ბელარუსიდანაც ჩამოდის, რომლებიც ჯარში გაწვევას არიდებს თავს. რუსეთიდანაც უკვე ვისაუბრე, რატომ მოდიან, მათ ბიზნესის წარმოება აქედან არ უჭირთ, თან მიიჩნევენ, რომ ახლოს არიან თავის ქვეყანასთან. სხვა საკითხია ის, რომ შეიძლება, იყოს ვიღაც ისეთი, რომელიც დავალებით მოქმედებს, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ასეთები ისედაც იყვნენ საქართველოში. ეს ისტერია, რაც არის ატეხილი საზოგადოებაში, აბსოლუტურად ფუჭია.

_ ე.ი. ფიქრობთ, რომ რუსი ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს?

_ ვფიქრობ, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ისინი მასობრივად შემოდიან, არამედ იმის გამო, რომ მე-5 კოლონა საქართველოში ისედაც არსებობდა. აქ ჩამოსულებიდან ძირითადად არიან ახალგაზრდები, რომლებიც დროებით იყენებენ საქართველოს ტერიტორიას ან სასტარტო სივრცედ, რომ როგორმე ევროპაში მოხვდნენ. აქედან ცდილობენ ევროპაში გასვლას. გარდა ამისა, შემოსულებში ბევრია კავკასიელი, რომელიც ტრანზიტით მიდის თავის ქვეყანაში ან თავის ქვეყნიდან მიდის თურქეთში  და გარდა ამისა, ბევრია ქართველი რუსეთის მოქალაქე. პრინციპში, სუფთა რუსი ამ შემადგენლობაში დაახლოებით ¼-ია. ბელორუსიდან ძირითადად იმიტომ მოდიან, რომ ჯარში გაწვევას თავი აარიდონ, რაგან არ აქვთ გარანტია, რომ ხვალ ომში არ წაიყვანენ. სხვათაშორის შემოსულ რუსებშიც ბევრია ისეთი, რომელსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვს.

_ მიიჩნევთ თუ არა, რომ საქრთველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა აამოქედოს?

_ შეიძლება აღდგეს ან არ აღდგეს, სიტუაციიდან გამომდინარე. ხელისუფლების ამოცანაა საფრთხეების და გამოწვევების შეზღუდვა და ამ საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული გადაწყვიტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ეს არის მოქნილი და კარგად ორგანიზებული ხელისუფლების პრეროგატივა. ის, რაც მოხდა რძის ფხვნილთან დაკავშირებით, კატასტროფაა. გასაგებია, რომ რუსებმა სპეციალურად შემოაგდეს ეს საკითხი და იყო გარკვეული პროვოკაცია, მაგრამ არ შეიძლება, ხელისუფლება იყოს სულ თავის მართლების რეჟიმში და არაადეკვატური იყოს თავის მართლების კონტექსტშიც, რადგან ხელისუფლება ქვეყნის სახეა და მას დიდი ყურადღებით უყურებს მტერიც და მოყვარეც. ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ასეთი ტიპის შეცდომები დაუშვას.

_ აბა, როგორი პოზიცია უნდა დაეკავებინა საქართველოს ხელისუფლებას?

_ ბევრად უფრო მოქნილი. რეაგირება უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ იყო საჭირო ასეთი ხისტი და ზოგ შემთხვევაში გაუაზრებელი რეაგირება, თორემ სიფრთხილის თვალსაზრისით ხელისუფლება სწორად იქცევა. შინაარსი იქცევა სწორად, ფორმით კი - არასწორად.