ვინ არის „რადას“ დეპუტატი გონჩარენკო, რომელიც პატრიოტიზმს გვასწავლის?

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია

ექვსი დღეა, უკრაინა ომის ქარ-ცეცხლშია გახვეული. უკრაინელი ხალხი გასაოცარი ერთსულოვნებითა და თავგანწირვით იცავს საკუთარ ქვეყანას. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ექვსი დღის განმავლობაში, საქართველოს საელჩო და საკონსულო 24/7 მუშაობს კიევში - ქართველ დიპლომატებს ერთი დღითაც არ დაუტოვებიათ უკრაინა, პრემიერ-მინისტრმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. თუმცა იმის გამო, რომ ფრთხილი პოლიტიკა აირჩია, რადგან დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას, ხოლო ტერიტორიების 20% - ოკუპირებული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ღიად და აშკარად არ შეუერთდა. მოკლედ, ოპოზიციას საკბილო მიეცა, რასაც დიდი ხნის წინ, უკრაინაში საგანგებოდ გადატყორცნილი „დესანტიც“ (საქართველოდან გაქცეული ძველი ჩინოვნიკები) დაემატა და 1 მარტს, ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში, ქვეყნიდან გაიწვია. ოფიციალური ვერსიით, კონსულტაციების მიზნით, თუმცა წინაპირობა ის გახლდათ, რომ 28 თებერვალს, მოხალისეებზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია - ქართველი მოხალისეების წასაყვანად, უკრაინიდან უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავი, თუმცა შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო და რეისი არ შედგა. სინამდვილეში, ზელენსკის ეს გადაწყვეტილება იმ პროვოკაციის კულმინაცია გახლავთ, რაც ექვსი დღეა, უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, თბილისში აგორდა და რასაც პირდაპირ ალექსეი გონჩარენკოს ფაქტორი ჰქვია.

 

გონჩარენკოს ფაქტორი

ვიდრე ამ ფაქტორს ავხსნი, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ უკრაინის „რადას“ დეპუტატი კრემლის აგენტია, რომელიც უკრაინაში რუსულ საქმეს აკეთებდა. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, გაჩნდა ალექსეი გონჩარენკოს განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ? პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც კი არ აპირებს, მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნებელია პასუხი მარტივ კითხვაზე: - აპირებს თუ არა ღარიბაშვილი, სოლიდარობის ნიშნად, ვიზიტს კიევში. პრემიერი აცხადებს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია. არა უშავს, ირაკლი, როცა ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია, არსადაც აღარ წახვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? ნუთუ, დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს, თბილისისკენ ტანკები მოემართებოდნენ? ამას მოითმენთ, თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?

აი, ამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქციაზე, ცნობილი სახეები ერთ მწკრივში, ხაზზე დადგნენ, პირველ-მეორეზე გაითვალეს და სათითაოდ მოუხადეს ბოდიში ალექსეი გონჩარენკოს. მეტიც, თითქმის სამივე ტელევიზიამ ჩართო პირდაპირ ეთერში, ოღონდ არავის მოსვლია თავში აზრად, გადაემოწმებინათ, ვინ არის გონჩარენკო ან ვის უხდიდნენ ბოდიშს!

 

ვინ არის ალექსეი გონჩარენკო

უკრაინელი პოლიტიკოსია, უკრაინის უმაღლესი „რადას“ მერვე და მეცხრე მოწვევის დეპუტატი, „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციის წევრი. 2010 წლიდან, მეექვსე მოწვევის ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი გახლდათ. 2014 წელს, ოდესის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე, ოდესის საქალაქო საბჭოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის დეპუტატიც იყო, ხოლო 2005 წლიდან 2014 წლამდე - „რეგიონების პარტიის“ წევრი გახლდათ.

ალექსეი გონჩარენკო 1980 წლის 16 სექტემბერს, ოდესაში, მარინა თეოდორეს ასულ გონჩარენკოს ოჯახში დაიბადა, რომელიც ოდესის პორტში მუშაობდა, შემდეგ მეცნიერებათა სკოლის მასწავლებელი და „რეგიონების პარტიის“ წევრი გახლდათ. 3 წლის ასაკში, მისი მშობლები დაშორდნენ და ამის შემდეგ დედის გვარზე გადავიდა.

ალექსეი გონჩარენკო ოდესის რამდენიმე სკოლაში სწავლობდა. 1994 წელს, 14 წლის ასაკში, საფრანგეთის ბულვარზე მდებარე საბავშვო ბაღში ინგლისურს ასწავლიდა. 1996 წელს, ბიოლოგიის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, რის გამოც ოდესის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უგამოცდოდ, გასაუბრებით ჩაირიცხა. 1999 წელს სამუშაოდ წავიდა ოდესის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში, სადაც 2001 წლამდე მუშაობდა.

2002 წლიდან, სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2005 წლამდე, მოსკოვში მდებარე რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებულ სახალხო ეკონომიკის აკადემიაში სწავლობდა, სადაც მეორე უმაღლესი განათლება მიიღო, ამჯერად ეკონომიკურ და ფინანსურ მენეჯმენტში. 2006 წელს, ჯონ სმიტის ფონდის პროგრამის წევრი გახდა, რომლის ფარგლებშიც, ერთთვიანი სტაჟირება გაიარა გაერთიანებულ სამეფოში - გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში, ქალაქ ლუტონის ადგილობრივ ხელისუფლებაში (ლონდონის გარეუბანი), უელსის ეროვნულ ასამბლეაში.

2014 წლის თებერვალში, ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ალექსეი გონჩარენკომ დატოვა „რეგიონების პარტია“ და ოდესის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, პეტრო პოროშენკოს რწმუნებული. ხელმძღვანელობდა პარტია „სოლიდარობის“ რეგიონულ ორგანიზაციას. 2014 წლის 14 აგვისტოს, აირჩიეს საოლქო საბჭოს თავმჯდომარედ. 2014 წლის 26 ოქტომბერს, უმაღლესი „რადას“ არჩევნებში მონაწილეობდა და სახალხო დეპუტატი პეტრო პოროშენკოს ბლოკის პარტიის სიით გახდა.

გონჩარენკოს ბიოგრაფიაში მოსკოვის ინციდენტიც გვხვდება, კერძოდ, 2015 წლის 1 მარტს, მოსკოვის პოლიციამ გონჩარენკო,მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სამგლოვიარო მსვლელობისას დააკავა. ამის შემდეგ, 2014 წლის 2 მაისს, ოდესაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც პროფკავშირების სასახლეში ხალხი დაიწვა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს - „პროცედურული მოქმედებებისთვის“, თუმცა იმავე საღამოს, უკრაინის საელჩომ გირაო გადაიხადა და გაათავისუფლეს. 2015 წლის 2 მარტს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ დაკავებული უკრაინელი დეპუტატის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

 

გონჩარენკოს რეალური სახე

გონჩარენკო ტიპური მედროვეა, რომელიც უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდა. ჯერ იანუკოვიჩს უჭერდა მხარს, შემდეგ - პოროშენკოს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არც ისე შორეულ წარსულში, გონჩარენკო ღიად უჭერდა მხარს უკრაინის გაწევრიანებას რუსეთ-ბელორუსის კავშირში!

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალექსეი გონჩარენკო მხოლოდ კიევის ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა ქვეყნის პატრიოტი, თორემ მანამდე, გულმხურვალედ იცავდა რუსულ ენას და რუსული ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებასაც კი აპროტესტებდა:

2014 წელს, როგორც პოლიტიკური მოძრაობა რუსული ბლოკის აქტივისტი, გონჩარენკო აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში. შუალედში, ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიიდან, სწორედ მაიდნის მსვლელობისას გამოვიდა - 2014 წლის 19 თებერვალს! ამის შემდეგ, მკვეთრად პრორუსი გონჩარენკო, ხისტი პროუკრაინული კურსის მხარდამჭერი ხდება. იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, მცირე დროით, ადგილობრივი საოლქო რად წევრი იყო, ბოლოს - „პოროშენკოს ბლოკიდან“, უმაღლესი „რადას დეპუტატი გახდა. 2020 წლის მარტში, რადას ერთ-ერთ სხდომაზე, მან უხეშად მიმართა ზელენსკის - მამაცობა გამოიჩინე და დატოვე პრეზიდენტის პოსტი. ზელენსკი ტრიბუნიდან  სასესიო დარბაზში, პირადად მასთან ჩავიდა - საუბრის შინაარსი უცნობია, მაგრამ ამის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკიგონჩარენკოსთვის ხელი აღარ ჩამოურთმევია.

შარშან, ევროპის საბჭოში გამოცხადდა მაისურით, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: პუტინი = ჰიტლერს, მაგრამ ამის მიუხედავად, დღემდე, კრემლის ცენტრალური ტელეარხების ხშირი სტუმარია! ასე რომ, ქართული და უკრაინული მეხუთე კოლონის დუეტი ამოქმედდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.