"რუსეთი დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოიცლის საქართველოსთვის... გამარჯვებული რუსეთის შეკავება შეუძლებელია“- რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს და როგორ განვითარდება მოვლენები კიევში - ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თათია გოჩაძე

 ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არის უკრაინა, სადაც რუსეთი ბომბავს რამდენიმე ქალაქს, მათშორის, დედაქალაქ კიევს. პუტინის ბრძანებით, რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის სამხედრო, სტრატეგიულ ობიექტებზე და გავრცელებული ინფორმაციით, იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობაც. უკრაინა რუსეთის თავდასხმისგან მიღებულ მსხვერპლს ითვლის, პარალელურად კი დასავლეთი რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საათის წინ განაცხადა: დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთოხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო- წევრი) მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?“...

როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და ხომ არ ემუქრება საფრთხე საქართველოსაც არსებული მძიმე ვითარების ფონზე?- აღნიშნულ საკითხებზე „ვერსია“ ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 _ როგორც ჩანს, არაა სახარბიელო მდგომარეობა, ვერ აჩერებენ რუსეთს. ძალიან ითრევს ფეხს დასავლეთი, მიუხედავდ იმისა, რომ იმუქრებიან მკაცრი სანქციებით, ჯერეჯრობით, ეს სანქციები ვერ აჩერებს რუსეთს, რაც პროგნოზირებადიც იყო. მოსკოვი შეეცდება, ძალიან მცირე მსხვერპლით დაიკავოს კიევი და აიძულოს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, რომ დათანხმდეს მის პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვხვდები, მათ აქვთ სათადარიგო ვარიანტი, რომ მოახდინონ უკრაინის ხელისუფლების დელეგიტიმიზაცია და არ არის გამორიცხული, რომ იანუკოვიჩის ფიგურა წამოწიონ წინ. ეს არაერთხელ იყო აპრობირებული საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა რაღაც ხელუსუფლებას შექმნიდნენ და მერე ის სთხოვდა მოსკოვს დახმარებას და ის ხდებოდა ლეგიტიმური ხელისუფლება. არაა გამორიცხული, ეს კარტი გაითამაშონ და პრაქტიკულად, სამოქალაქო დაპირისპირების ახალი კერა შექმნან უკრაინაში, თუ ზელენსკის მთავრობა არ დათანხმდება მათ პირობებს.

_ მათი პირობა რა იქნება?

_ ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა - მთავარი ესაა.

_ ორივე ვარიანტის შემთხვევაში, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, გამოდის, რომ უკრაინას რუსეთი დაეპატრონება?

_ ასე მარტივად არ იქნება, რადგან წინააღმდეგობის რესურსი უკრაინაში არის. ვთქვი კიდეც, სამოქალაქო დაპირისპირების ახალ კერას ქმნიან. რუსეთის მცდელობა, დაეპატრონოს უკრაინას, ნამდვილად იქნება. უკრაინელ ხალხზე და მის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაძლებენ და აქედან გამომდინარე შემცირდება რუსეთის შანსები იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს, ნაკლები მსხვერპლით გააკეთოს ეს ყველაფერი, რათა თავის ხალხის თვალში მაინც არ ჰქონდეს ოკუპანტის სტატუსი. როგორც ვხედავთ, მსხვერპლი არაა დიდი, 50-60 დაღუპულზეა საუბარი.

_ თუ გავითვალისწინებთ ზელენსკის ფიგურას, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო სიმპათიით და იმედითაა განწყობილი მის მიმართ და არც თავად აპირებს უკან დახევას...

_ მსოფლიო ცივილიზაციის აზრი ახლა არავის აინტერესებს, მთავარია უკრაინელი ხალხის აზრი.

_ დიახ და ჩვენც ვხედავთ, როგორი საბრძოლო განწყობაა უკრაინაში და როგორ უყვართ მათ საკუთარი პრეზიდენტი!

_ ჩვენ რეალური სურათი არ ვიცით და ილუზიებში გვიყვარს ხოლმე ყოფნა. როგორც წესი, ქართული მედია ეყრდნობა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აქვს უკრაინის მხრიდან. უკრაინულ მხარეს ჰყავს რუსი ტყვეები, მაგრამ უნდა იცოდეთ, პირველ საათებში რამდენი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩაბარდა რუსებს, განსაკურებით მესაზღვრეები. პრაქტიკულად, რეალურ წინააღმდეგობას დღეს ოკუპანტებს უწევს თავდაცვის სამინისტროს გარკვეული ნაწილი, სპეცდანიშნულების რაზმები და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოხალისეებისგანაა დაკომპლექტებული. ე.ი. მასობრივი წინააღმდეგობა, რომელსაც ვვარაუდობდით, სამწუხაროდ, არ ხდება, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც სიმპატიზირებს რუსეთს, სამწუხაროდ. ამიტომ როცა ვამბობ, თუ როგორ მოიქცევა უკრაინელი ხალხი, ვგუილისხმობ მათ უმრავლესობას. თუ შეძლო ზელენსკიმ უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდირება თავის გარშემო, მაშინ იქნება სერიოზული დაპირისპირება კიევის დაკარგვის შემთხვევაშიც კი და ეს შეაფერხებს რუსების გამარჯვებას, რადგან 2 კვირა თუ გაგრძელდა ბრძოლა  (უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რუსეთს დაგეგმილი აქვს ყველაფრის დამთავრება 2 მარტს), ეს უკვე მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს აიძულებს, სხვანაირად მოიქცნენ. როგორ - არ ვიცი, მაგრამ ზეწოლის გარკვეული მექანიზმები ყოველთვის არსებობს. სანქციები, რომელსაც დასავლეთი უწესებს, ხანგრძლივი პერსპექტივისთვის ეფექტური იქნება, მაგრამ ხანმოკლე პერსპექტივაში რუსეთის გამჩერებელი არაა.

_ ელოდებით თუ არა, რომ ახლო მომავალში უკრაინას ნატოში მიიღებენ?

_ არა, ამ სიტუაციაში უკრაინას ნატოში არ მიიღებენ, რადგან ამერიკელებს ძალიანაც რომ უნდოდეთ ეს, ევროპის ზიგი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ოკუპაციის, ასეთი ძლიერი თავდასხმის პირობებშიც კი გერმანიამ და ზოგმა სხვა ქვეყანამ უარი განაცხადა სვიფტიდან რუსეთის გამორთვაზე. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი გერმანელები ისევ დაიწყებდნენ ორმაგ თამაშს, რაც ახასიათებთ მათ რუსეთთან დამოკიდებულებაში.

_ ბატონო მამუკა, ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე რუსეთის მხრიდან ამ რთულ ვითარებაში?

_ დღევანდელ ვითარებაში ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ფაცი-ფუცი ჩანს აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მაგრამ გამარჯვებული რუსეთი დღეს თუ არა, უახლოეს მომავალში მაინც მოიცლის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის ბალტიისპირეთის გარდა.  პირველ რიგში, ეს იქნება საქართველო და ყაზახეთი. ტყუილად ხომ არ გაიქცა ამ ქაოსურ დღეებში ალიევი მოსკოვში და ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას? - იმიტომ, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა და ამის გამო უნდოდა, გადაერჩინა საკუთარი თავი და ქვეყანა.

_ წეღან სეპარატისტული რეგიონები ახსენეთ და ბიბილოვმა გამოაცხადა საყოველთაო მობილიზება. რა პროცესები ვითარდება ახლა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, თქვენი ინფორმაციით?

_ ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი. აფხაზეთში დისლოცირებული სატანკო ბატალიონი გადაადგილდებოდა, პირდაპირ მნიშვნელობით, უაზროდ, აქეთ-იქით. დარწმუნებული ვარ, დემონსტრაციას ახდენდნენ აქტივობის. ცხინვალში განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა ბიბილოვის ამ განცხადებისა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით რუსეთის რეალური ამოცანებისა და გეგმების შესახებ. ვიცით, რომ სეპარატისტული რეგიონების ლიდერები მოსკოვში იყვნენ წინა დღეებში და მათ „ინსტრუქტაჟი“ ჩაუტარეს.

_ „ინსტრუქტაჟში“ რა იგულისხმება?

_ მინდა, დავიჯერო რომ ე.წ. შემაკავებელი განცხადებების გაკეთება და აქტივობები დაავალეს, რომ არაფერი მომხდარიყო საქართველოს მხრიდან. რა უნდა მომხდარიყო საქართველოს მხრიდან, არ ვიცი, მაგრამ მაინც. რომ გითხრათ, რომ დღეს და ხვალ რამე დაიწყება, ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში რაღაც პროვოკაციას მოგვიწყობენ.

_ თქვენი ინფორმაციით, აფხაზები იბრძვიან თუ არა უკრაინის წინააღმდეგ?

_  კონსოლიდირებულად, რომ აფხაზური ჯგუფი ერქვას, ასეთი არ არის, მაგრამ მაინც არიან...

_ ბატონო მამუკა, ამას წინათ მედიასთან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ საუბრობდით და როგორ ფიქრობთ, რა როლი შეიძლება შეასრულოს მან რეგიონში ამ რთულ ვითარებაში?

_ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ერთი აქაური ქვეყნის ლიდერს არ აქვს. ხომ ხედავთ, ერდოღანიც კი ორაზროვან განცხადებებს აკეთებს. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ყველას ეშინია გამარჯვებული რუსეთის, რადგან ძალიან კარგად იციან რუსეთის ისტორია, რომ გამარჯვებული რუსეთი არის გაუჩერებელი. რუსეთი თუ არ გააჩერე სამხედრო, ფინანსური ან სხვა ძალით, სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად შეუკავებელია. ერდოღანიც კი, რომელსაც რეგიონალური ლიდერის პრეტენზია აქვს, ვერ ჩამოყალიბდა, რა პოზიცია დაიკავოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მოქნილი პოლიტიკა ვაწარმოოთ. რადიკალური ოპოზიცია „თავისას აწვება“ და ყველანაირად ცდილობს, მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტაცია და არ ფიქრობენ, ხვალ რა მოხდება.

_ ბატონო მამუკა, როცა ზელენსკის სიტყვები მოვისმინე - მარტო ვრჩებით რუსეთის წინააღმდეგო, ძალიან გავბრაზდი დასავლეთზე და ალბათ, მხოლოდ მე არ გამიჩნდა იმედგაცრუების განცდა დასავლური სამყაროს მიმართ. თუ დასვლეთმა უკრაინა რუსეთის წინაშე მარტო დატოვა, მაშინ საქართველოს რა ბედი ელის?

_ გველოდება ის, რომ რუსეთი აუცილებლად ეცდება, ხელისუფლება შეცვალოს და მინიმუმ მიაღწიოს ამოცანებს - მოხდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამუდამო დაბლოკვა. მაქსიმუმი კი ის იქნება, რომ ეს ქვეყანა თავის კონტროლს დაუქვემდებაროს.

_ ღმერთმა ნუ მოგვასწროს მაგ დროს, ბატონო მამუკა!

_ რასაკვირველია! ამიტომ რომ ამბობთ, გაბრაზებული ვარ დასავლეთზეო... გაბრაზებული კი არა, კულუარული პოლიტიკური ნიუანსები ვიცი და მართლა ღირსები არიან, რომ მიიღონ სერიოზული დარტყმა... პრაქტიკულად, ფულში ცვლიან პოლიტიკას, რადგან ვიცი, როგორი გააფთრებული წინააღმდეგობა აქვს სანქციების იმ ნაწილს, რომელიც ტრანსნაციონალური კორპორაციების სავარაუდო დარტყმას გულისხმობს. როცა ეკონომიკურ სანქციებს უწესებ, შენც იღებ გარკვეულ დარტყმას და ჭიდაობა მიდის იქ. დასავლეთის ბევრი ქვეყნის ლიდერი ტრანსნაციონალური კორპორაციის მიერაა წარდგენილი და ამიტომაცაა, რომ ფიგურები არ არიან დასავლურ პოლიტიკაში, არამედ არიან შემსრულებლები და ისინი უსმენენ ამ კორპორაციებს და არ ფიქრობენ ხვალინდელ პოლიტიკურ რეალობაზე და შედეგსაც ვხედავთ. სულ არ აინტერესებს პატარა კვიპროსის ხელისუფლებას იარსებებს თუ არა უკრაინა, მათთვის მთავარია, რომ იცხოვრონ შემოსავლებით და ჰქონდეს რუსეთიდან მუდმივად შავი ფული, ამიტომ წავიდა რუსეთის სვიფტიდან გათიშვის წინააღმდეგ. ასევე მოიქცა ზიგი სხვა ქვეყანა. უნგრეთის ხელისუფლება დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებმაც დაამთავრეს მოსკოვის უმაღლესი სასწავლებელი. ზოგი მათგანი ლავროვის კურსელია, დაბადების დღეებზე დადიან მოსკოვში, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში არიან. თან უნგრეთში უნდა აშენდეს მთავარი გაზსაცავი რუსული გაზის, თან უკრაინასთან აქვს ტერიტორიული დავა და ამიტომ ფიქრობენ, ჩვენს მერე ყველაფერი დანგრეულაო. მთავარია, დღეს ისინი ყველა იყვნენ კარგად...

_ და იმას ვერ აცნობიერებს ევროპა, რომ რუსეთი ხვალ მათ მიადგება, არა?

_ როგორც ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა, ჩემბერლენი რომ დარბოდა ცარიელი ფურცლით ხელში და ამბობდა, მშვიდობა მოგიტანეთ ევროპასო და 3 თვეში დასრულდა ეს ამბავი, ზუსტად იგივე სიტუაციაა. დღეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი ებრძვის დასავლეთს და დასავლეთი ამას ვერ კი არა - არ აცნობიერებს. ამას აუცილებლად მოჰყვება ჩინეთის აქტიურობა წყნარი ოკეანის სივრცეში და პირველი იქნება ტაივანი. პრაქტიკულად, ეს ორი ქვეყანა ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას და თუ ასე გაგრძელდა, გამოუვათ, სამწუხაროდ.