„ბართლომეს ორშაბათი“ თბილისში ანუ ჯვარი ქრისტეს გარეშე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

დედაქალაქი დაეცა, ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს- 5 ივლისის ქრონიკები

„... შავმაისურიანებმა დილიდანვე დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე. მათ, სამართალდამცავების მხრიდან ყველანაირი წინაღმდეგობის გარეშე, დაიკავეს ქალაქის ცენტრი. 2021 წლის 5 ივლისს, შუადღისას, დედაქალაქი დაეცა, ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იქ ჯვარი აღმართეს, ჯვარი ქრისტეს გარეშე, როგორც ადამიანების წამებისა და სიკვდილის იარაღი, როგორც სასიკვდილო განაჩენი და მუქარა ყველა თავისუფალი ადამიანისთვის. ხოლო 6 ივლისს, გამთენიისას... საინტერესოა, რა ეწერება 6 ივლისზე,  -  ასე შეაფასა პოეტმა რატი ამაღლობელმა 5 ივლისს, ღვთისშობლის წიხლვედრი საქართველოს დედაქალაქში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები.

 

ერთი შეხედვით, ზუსტი შეფასებაა, მაგრამ მაინც, რა მოხდა 5 ივლისს - რატომ დარბოდა ქუჩა-ქუჩა გავეშებული ბრბო, რომელიც არავის ინდობდა? - ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, ისტორია გასცემს, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთება ახლაც შეიძლება.

დავიწყოთ იმით, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თბილისი მსგავსი ძალადობის მოწმე გახდა. პირველად ასეთი აგრესია 2013 წლის 17 მაისს ვნახეთ, როცა „ტაბურეტკებით“ შეიარაღებული სასულიერო პირები რუსთაველზე პირგავეშებულები დარბოდნენ და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს სასიკვდილოდ სცემდნენ. კუნთმაგარი წვეროსნები მაშინაც ვნახეთ, მაგრამ 2013-ის მოვლენები 5 ივლისის „ბართლომეს ორშაბათისგან“ განსხვავდებოდა. განსხვავდებოდა იმიტომ, რომ მაშინ მედიაზე არავინ ძალადობდა. ახლა? ახლა კი რადიკალების მთავარი სამიზნე, სწორედ ე.წ. მეოთხე ხელისუფლება იყო ანუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოძალადეებს ჟურნალისტების სიკვდილამდე ცემა ვიღაცისგან ჰქონდათ დავალებული.

ზოგადად, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ფაქტების გარეშე, არაფრის დამტკიცება შეიძლება. ამიტომ, ამ კუთხით მსჯელობის გაგრძელება არ ღირს...

ისე, საგულისხმოა, რომ რადიკალები დედაქალაქში სხვადასხვა რეგიონიდან, როგორც ამბობენ, ორგანიზებულად ჩამოიყვანეს, თან ისიც გასათავლისწინებელია, რომ ვიდრე დედაქალაქში გამოემგზავრებოდნენ, სპეციალურად ამ რადიკალებისთვის, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს ანუ რა გამოდის? - 5 ივლისის ძალადობის კვალი პირდაპირ ეკლესიამდე მიდის?

ზოგადად, ეკლესია ფართო მცნებაა. ამიტომ, ალბათ, უმჯობესია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეკლესიის ნაცვლად, მახვილი საპატრიარქოზე დავსვათ.

იდგა თუ არა 5 ივლისის ძალადობის უკან საპატრიარქო? - ესეც საკამათო საკითხია, თუმცა 5 ივლისს, საღამოს, როცა ვითარება ცოტა დამშვიდდა, საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ იმ სასულიერო პირების საკითხზე, რომლებიც ძალადობაში პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ ჩართულნი, მოგვიანებით იმსჯელებს. ისე, სასულიერო პირიც საქართველოს მოქალაქეა, შესაბამისად, კანონი და კონსტიტუცია მასზეც ვრცელდება და საკითხავია, თუ ვინმეს ცხვირ-პირს დაუსისხლიანებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი რატომ არ უნდა დადგეს?

დავუბრუნდეთ ისევ „ბართლომეს ორშაბათს“. კი ბატონო, გასაგებია, რომ საქართველო ტრადიციების ქვეყანაა და იგივე ლგბტქ საზოგადოებას ზედმეტი მოსდის, მაგრამ აქ ერთი დეტალია საყურადღებო - 5 ივლისს, ქუჩაში, ზემოხსენებული საზოგადოების ერთი წარმომადგენელიც არ გამოსულა. ამასთან, „ღირსების მარშიც“ გადაიდო. აბა, მაშინ საკითხავია, კუნთმაგარი წვეროსნები ქუჩებში რატომ დარბოდნენ და ვისგან იცავდნენ ქვეყანას - ევროკავშირის დროშისგან, რომელიც პარლამენტის წინ იყო აღმართული და რომელიც ჩამოხიეს?

სწორედ ამ დროშის ჩამოხევამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ 5 ივლისის მთავარი მიზანი ქართული ტრადიციების დაცვა კი არა, არამედ, საქართველოს დასავლური კურსის შეცვლა იყო!

სხვათა შორის, ალბათ, მიქციეთ ყურადღება, რომ „ბართლომეს ორშაბათს“, ფალავანდიშვილი აქტიურობდა და არა - ლევან ვასაძე. ვასაძეს „საპატიო“ მიზეზი ჰქონდა - 5 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად, ავად გახდა. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს „რაინდი“, მაგრამ კულუარებში უშვებენ ვერსიას, რომ 5 ივლისის მოვლენებს, უბრალოდ, ჩამოაცილეს. თუ ეს ვერსია მყარია, მაშინ იბადება კითხვა - ვინ ან რატომ გადასვა ვასაძე სათადარიგო სკამაზე?

ყველამ იცის, რომ „რაინდი“ ჩრდოლოეთური პროექტია. მართალია, ამას თავად კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ თუ იგივე ევროკავშირის დროშის დახევა-ჩამოხევა დაგეგმილი იყო, მაშინ ვასაძის მოვლენების ეპიცენტრში ყოფნით, აშკარად დადასტურდებოდა, რომ 5 ივლისი კრემლმა დაგეგმა.

ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ყველა შესაძლო რისკი წინასწარ გათვალოს.

ამას გარდა, სახელმწიფოს პირველმა პირებმა ისეთი განცხადებები უნდა გააკეთონ, რომ ისედაც მყიფე ვითარება უარესად არ დაძაბონ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ სხვა რეალობაში ვართ ანუ ჯერ კიდევ 5 ივლისამდე, უმაღლესი პირები ღიად და დაუაფარავად ამბობდნენ, რომ „თბილისი პრაიდი“ არ უნდა გამართულიყო. ხელისუფალთა ეს გულწრფელი განცხადება ძალადობრივმა ჯგუფებმა, როგორც ჩანს, საკუთარ მხარდაჭერად აღიქვეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ყველაფერ ამაში კი ყველაზე ცუდი ისაა, რომ 5 ივლისის ცემა-ტყეპას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა საგანგებო განცხადება გაავფრცელა, რომელშიც ნათქვამია:

ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან, ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადი ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.

შეგახსენებთ: ამ განცხადებას ხელს ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აწერს.

ერთი სიტყვით, 5 ივლისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში კიდევ ერთი სირცხვილია, სირცხვილი, რომელიც ხშირად გაგვახსენდება და რომლის ჩამორეცხვასაც, ალბათ, წლები დასჭირდება!

ავტორი - ნინო დოლიძე