ნახვამდის! ლევანდოვსკი „ბაიერნიდან“ მიდის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როცა გასული სეზონის შედეგების მიხედვით, „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესის მისცეს, გულშემატკივართა უდიდესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ჯილდო პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნოდა. „ბაიერნის“ შემტევს მართლაც საოცარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჯილდო ვერ მიიღო და ამის გამო, უკმაყოფილება არ დაუმალავს. ლევანდოვსკი გერმანულ გრანდში 2014 წელს გადავიდა, მიმდინარე დასრულებული სეზონის ჩათვლით, 253 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 238 გოლიც გაიტანა. მასვე ეკუთვნის უნიკალური მიღწევა, რომელიც საეჭვოა ვინმემ ოდესმე გაიმეოროს - რობერტმა ერთ-ერთ შეხვედრაში, 9 წუთის განმავლობაში, ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

„ბაიერნმა“ სეზონის ბოლო შეხვედრა „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარა და გუნდის სეზონის ბოლო გოლი, სწორედ ლევანდოვსკიმ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, ის გულშემატკივრების ტრიბუნასთან მივიდა და ფანებს დაემშვიდობა. როგორც ჩანს, ეს ჟესტი გულშემატკივართათვის გასაგებზე გასაგები იყო და მათ კლუბის ხელმძღვანელობას, მთავარი გოლეადორის შენარჩუნება მოსთხოვეს, მაგრამ ისე ჩანს, რომ პოლონელი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

„მე ლევანდოვსკის ვესაუბრე, შევთავაზე ახალი კონტრაქტი და უარი მივიღე. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მსურველებს უნდა ესმოდეთ, რომ რობის ჩვენთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მას უფასოდ არავის გავატანთ“, - განაცხადა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

როგორც ამბობენ, ლევანდოვსკის აგენტი მოლაპარაკებას „ბარსელონასთან“ აწარმოებს და არც კატალონიური კლუბის თავკაცი, ხავი ერნანდესი მალავს პოლონელი ფორვარდის დამატების სურვილს, თუმცა თუ „ბაიერნი“ დიდ თანხას მოითხოვს, 33 წლის შემტევში, „ბარსა“ ათეულობით მილიონს ნამდვილად არ გადაიხდის.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე