მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს - წმინდანის მოწამეობრივი ცხოვრების ისტორია და ქართული ტრადიციები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

17 დეკემბერს,  მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.

საქართველოში, ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ოჯახებში მეკვლეს ელოდებიან ან/და ლობიანებს აცხობენ. საინტერსოა, როგორი იყო წმინდა ბარბარეს მოწამეობრივი ცხოვრების ისტორია, საიდან მოდის ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები და აქვს თუ არა მას ქრისტიანობასთან კავშირი, ამიტომვერსიაგიზიარებთ, ქრისტიანულ და ძველ ხალხურ გადმოცემებს ბარბარობის აღნიშვნაზე.

წმინდა ბარბარეს ისტორია

უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი  მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. თუმცა, მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს. დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა. მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა. თუმცა, ბარბარემ უარი განაცხადა, მისმა პასუხმა მარკიანე განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, მმართველს ქალწულმა უსჯულო და ეშმაკი უწოდა.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).

მორწმუნე ქრისტიანებმა წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული.”

ბარბარობა საქართველოში

ბარბარობა ქართველების ერთ-ერთი უძველეს საახალწლო დღესასწაულად ითვლება. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას, რომლის ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება.

ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო – მეკვლეობა. ეს რიტუალი დღესაც აქტუალურია და გამოიხატება მეკვლის (მეფეხის) მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა.

აქედან გამომდინარე, ქრისტრიანულად ბარბარობას ბედობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს მხოლოდ ხალხის მიერ ჩამოყალიბებული ტრადიციაა.

ბარბარობა და ლობიანი

საქართველოში, ქრისტიანობის შემოსავლის შემდეგ ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის - დიდმოწამესა და წარმართული ღვთაების გაიგივება. ამის გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ღვეზელიც სამარხვო მზადდებოდა, თუმცა, ცხადია, არა ლობიოს შიგთავსით. ლობიო ევროპასა და საქართველოში მხოლოდ XVI საუკუნეში გაჩნდა და ლობიანიც სწორედ ამ დროიდან გახდა პოპულარული, განსაკუთრებით მარხვაში.

ასე რომ, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართული ტრადიციაა და ქარისტიანულ რელიგიასთან კავშირში არაა.