მართლმადიდებელი სამყარო მარიამობას აღნიშნავს - რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთანერთად აღავლენს. საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის „აღყვანებას“ ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში. თავისი ნეტარი მიძინების შესახებ წინასწარ, სამი დღით ადრე, ეუწყა ანგელოზისგან. საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ, რომ ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო. უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. შემდეგ მიძინებისთვის მზადებას შეუდგა. ამის შესახებ პირველ ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო, თან განკარგულებები გასცა. იოანემ იაკობ მოციქული, მართალი იოსების ძე, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, მოინახულა და ყოველივე აუწყა. მისგან მორწმუნეებმაც შეიტყვეს ყოვლადწმინდა ქალწულის წუთისოფლიდან გასვლის ჟამის დადგომის შესახებ.

სიონის მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მწუხარებდნენ წმინდა ქალწულთან განშორების გამო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა მათ, ყოველთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა მათი, ვინც მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მიმართავდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

როდესაც ღვთისმშობელი თავის სურვილებს იოანე და იაკობ მოციქულებს გადასცემდა, მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა. იოანე ღვთისმეტყველის სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა იხილეს, რომ სახლს ნათელი ღრუბელი შემოერტყა. უფალმა აღასრულა თავისი ყოვლადწმინდა დედის სურვილი: სულიწმინდის მადლით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მყოფი მოციქულები სასწაულებრივად აღიტაცა ღრუბელმა და ყველანი სიონის მთაზე აღმოჩნდნენ, თომას გარდა. უფალმა ამ დროს უკვე აღსრულებული მოციქულებიც კი აღადგინა. მიძინების წინ წმინდა ქალწულს გარს ერტყა მოციქულთა სიმრავლე - ათორმეტთა გარდა იქ სამოცდაათთაგანნიც იმყოფებოდნენ. როდესაც ღვთისმშობლისგან შეკრების მიზეზი შეიტყვეს, მწუხარებას მიეცნენ მასთან ხორციელი განშორების გამო. წმინდა ქალწულმა გაამხნევა და ანუგეშა მოციქულები, თავისი ძის წინაშე მარადიული შუამდგომლობა აღუთქვა.

როდესაც მოიწია ჟამი ღვთისმშობლის მიძინებისა, მის სარეცელს გარშემორტყმულ მოციქულებს, რომლებიც ლოცვითა და გალობით ადიდებდნენ უფალს, ესმათ ბრძანება ღვთისა, რომ ჯეროვანი პატივი მიეგო ღვთის დედის მიცვალებისთვის. თავად ღვთისმშობელს კი ესმა ხმა ძისა, რომ ნუ შეძრწუნდებოდა, რამეთუ ყოველი დაბადებული მისი სიწმინდის თაყვანისმცემელი იყო. წმინდა ქალწულმა თავის ძეს ყოველი დაბადებული შეავედრა. შემდეგ ზიარება მიიღო იაკობ მოციქულისგან... მოულოდნელად განიღო სახლის ჭერი. ოთახი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა - თავად უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული თავისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწულმა სარეცლიდან წამოიწია, თაყვანისცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება". გაამხნევა და ანუგეშა უფალმა მარადის ქალწული, შემდეგ კი "ყოვლადუბიწო სული მშობლისა თვისისა მკლავთა ზედა მიირქუა და ამაღლდა ზეცად". როდესაც ღვთისმშობელმა სული თვისი ძის ხელს გადასცა, გაისმა ანგელოზთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".

მოციქულები ღირსნი შეიქმნენ ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლის ხილვისა. ერთხანს გაოცებულები შესცქეროდნენ ზეცას. როდესაც გამოერკვნენ, გალობით განადიდეს წმინდა ქალწული და ზეციდან ესმათ ხმა ღვთისმშობლისა, რომელიც მიმართავდა თავის ძესა და უფალს: "შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ..."

ღვთისმშობლის ანდერძის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსემანიის ბაღში დაკრძალეს, ანთებული ლამპრებითა და ფსალმუნთა გალობით მიასვენებდნენ გეთსემანიისკენ უხრწნელ ნეშტს. მისი დაკრძალვის დროს მრავალი სასწაული აღესრულა.

სამი დღე-ღამის განმავლობაში ღვთისმშობლის დაკრძალვის ადგილიდან ანგელოზთა განუწყვეტელი გალობა ისმოდა. მესამე დღეს გეთსემანიაში მოვიდა თომა მოციქული, მწუხარებდა, რომ მოაკლდა ბედნიერება ღვთის დედის ნეტარი მიძინების ხილვისა. გოდებით მიეახლა აკლდამას. მოციქულებმა გადაწყვიტეს, სამარხი გაეხსნათ, რათა თომას ღვთისმშობლის წმინდა სხეულის ხილვის საშუალება მისცემოდა. როდესაც სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის შესამოსელი იხილეს. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. თომას შეყოვნება ღვთის განგებით მოხდა, რათა ღვთისმშობლის აღდგომის, სხეულით ზეცად ამაღლების შესახებ განცხადებულიყო. მოგვიანებით მოციქულებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ ანგელოზთა თანხლებით, გაამხნევა ისინი და აღუთქვა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა შემწედ და მფარველად.

 

მიძინების დღესასწაულის დაარსება და შემდგომი ტრადიცია

ზუსტად უცნობია, თუ როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამათგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტოსს ეკუთვნის.

მარიამობის მარხვა

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ, ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ–ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ეკლესია მარხვით ხვდება.

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.

ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო იყო - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის მარხვით საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. ანასტასი კესარიელის ცნობით, მარიამობის მარხვა საყოველთაო მარხვად დაახლოებით ლეონ ფილოსოფოსის მეფობის (886–912) დროს დაწესებულა, ანუ მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანე VI–სა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ანტიოქიის ცნობილი პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.

რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა.

საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება (მარიამობა) ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული. საქართველოს შრომის კოდექსის მე–20 მუხლის თანახმად, 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა) უქმე დღედაა გამოცხადებული.