„თავიდან არ ეჯერათ, გიჟი ხარო?...“- ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა მაქარაშვილთან, რომელიც ბუჩაში სკოლასა და ბაღს ქართველი ერის სახელით ააშენებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

შევთანხმდით, შევთანხმდით, ყვეეეელაფერზე შევთანხმდითმოგვცეს ყველაზე ძვირადღირებული მიწის 3 ჰექტარი ცენტრალურ სკვერთან, ტბის სიახლოვეს, რეგიონში საუკეთესო სკოლის და ბაღის ასაშენებლად. ფოტოზე რომ კაცს ხედავთ, ბუჩას მერია, წამით რომ არ დატოვა ქალაქი და ყველა ბუჩელს რომ ოჯახის წევრივით უყვარს, ის კაცი!

სულ გულში მკოცნა, მარტო ქართველებს მოგივათ ეგეთი იდეებიო! ახალ შენობებს ქართულ ზღაპარს დავარქმევთოჩემო კარგო ქვეყანავ!“- წერს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში...

მაქარაშვილმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში საბავშვო ბაღის აშენების იდეა სოციალურ ქსელში დაახლოებით ერთი თვის წინ გააჟღერა, რასაც ქართველი საზოგადოება დიდი იმედითა და მხარდაჭერის სურვილით შეხვდა. ქართველი ერი უკრაინაში პირველ ბაღს და სკოლას რომ ააშეენებს - გენიალური იდეაა და გასაკვირი არ იყო, რომ ამ ინიციატივას გამოხმაურებაც მასშტაბური მოჰყვა... „ვერსია“ უკრაინაში გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდა და ბაღისა და სკოლის აშენების დეტალებზე ინტერვიუ ჩაწერა. სტილი დაცულია...

 _გიგა, გვიამბეთ სკოლისა და ბაღის აშენების იდეა როდის გაგიჩნდათ?

_იდეა გაჩნდა, რადგან მქონდა სურვილი, რომ რაღაც კარგი გაგვეკეთებინა უკრაინელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა დავრწმუნდით, რომ ჩვენი ხელისუფლება პირიქით, მონდომებული იყო, არ გვქონოდა მსგავსი მასშტაბური მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ვიყავი და იქიდან დაბრუნებისას მივხვდი, რომ მეტი შეეძლო, გაეკეთებინა ჩვენს საზოგადოებას უკრაინიელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვინერვიულე და ვიწვალე, გამეჟღერებინა თუ არა ეს ინიციატივა, რადგან, ალბათ, გესმით, რომ ეს არაა 100 და 200 ლარიანი პროექტი - ძვირადღირებული, მასშტაბური პროექტია... საბოლოოდ, ჩამოვედი უკრაინაში, რათა ჩემი იდეა, რომელიც ბევრი ადამიანის სურვილად იქცა, მექცია საქმედ.

ერთი თვის შემდეგ მივაღწიე იმას, რომ გვაქვს მშენებლობის ნებართვა; ადგილი - 3 ჰექტარი მიწა ბუჩას ეროვნულ პარკთან; სკოლის და ბაღის შეთანხმებული კონცეფცია და მთელი სისწრაფით მიდის გეოდეზია-ტოპოგრაფიის სამუშაოები იმისთვის, რომ არქიტექტორებმა თბილისში გააგრძელონ მუშაობა და დროულად განხორციელდეს პროექტი, რომელსაც ჩამოვიტანთ ბუჩაში.

_ შენობების არქიტექტორი ვინ არის?

_ თაკო ვალიშვილი და მისი კომპანია. ზოგადად, ვიცოდი, რომ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გვყავდა საქართველოში, მაგრამ ამდენი თუ იყო სხვადასხვა სფეროში, ვერ წარმოვიდგენდი... მართლა არ ჩერდება ტელეფონი, მეილი... ბევრი ადამიანი გვთავაზობს სხვადასხვა სახის დახმარებას. ზოგი ფიზიკურად ერთვება საქმეში, ზოგი რაღაცას იაფად გვაყიდინებს, ზოგი რაღაცას გვაძლევს და მგონია, რომ ბევრი ადამიანის ჩართულობა გამოვა... პროექტი რომ გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მთავარი ამბავიც ისაა, რომ გარდა იმისა, ამ საქმეს ქართველი ხალხის გაკეთებული უნდა დაერქვას, ამასთან ერთად, დიდი სურვილი მაქვს, ბევრი ქართველი, რომელიც საზიზღარი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, ერთმანეთისგან შორს დგას, ახლა ერთად დადგება და გადმორიცხული თუნდაც 1 ლარით ერთად გავაკეთებთ ამ კარგ საქმეს.

_ საინტერესოა, როდის დაიწყებთ თანხის შეგროვებას ამ საქმისთვის?

_  შეგნებულად არ დავიწყეთ ჯერ თანხის შეგროვება, სანამ პროექტირება არ დასრულდება. პროექტირების დასრულებას აუცილებლად სჭირდება მიწის ზუსტი ანალიზი. ზუსტი ბიუჯეტი სანამ არ მექნება, უბრალოდ, არ ვიცი, რა თანხა დაგვჭირდება. მიუხედავად ამისა, უკვე ათასობით ადამიანი წერს, ანგარიშის ნომერი დადეთ, რომ თანხა ჩავრიცხოთო. ამ თვის ბოლოს საერთაშორისო ფონდი ჩადგება ფულის შეგროვების საქმეში, პროცესს გააკონტროლებს ასევე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია. ასე სჯობს, ასეთი მსხვილი პროექტები არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ. ვინმეს რომ თუნდაც 1 ლარზე გაუჩნდეს კითხვა, ამაზე აუცილებლად უნდა იყოს პასუხი და ერთი ადამიანის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის კონტროლი ცოტა რთულია ხოლმე, ამიტომაც საერთაშორისო ფონდებთან და აუდიტორულ კომპანიებთან ვურთიერთობთ, რომლებიც გააკონტროლებენ ამ თანხებს და მუდმივი პერიოდულობით გამოაქვეყნებენ ხარჯის ანგარიშს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც იდეაა ძალიან კარგად ჟღერადი, ასევე ლამაზად წავა მთელი პროცესი.

_ მისასალმებელია, რომ ასე გამჭვირვალედ აპირებთ ამ პროექტის განხორციელებას. ახლა გვიამბეთ, როგორ დაგხვდნენ და მიიღეს ეს იდეა უკრაინაში? ბუჩას მერს თავად გააცანით ინიციატივა, ხომ?

_ ცოტათი დაუჯერებელი იყო, აშკარად. არ ეჯერათ, რომ ოფიციალური პირი კი არა, ვიღაც ტიპი ჩამოდის, ამბობს, ქართველი ვარო... (გადაამოწმეს და ნახეს, რომ ქართველი ვარ) და ეუბნება, ჯიგრებო, თქვენი არაფერი არ გვინდა, მხოლოდ მიწა მოგვეცით, რომ საბავშვო ბაღი და სკოლა ავაშენოთო - რომ წარმოიდგინოთ, ცოტა რთული დასაჯერებელია.

_ დიახ, თან, ომის დროს...

_ კი... გიჟი ხარო? - მკითხეს, კი-მეთქი და კარგიო (იცინის)... ქართველები ძალიან ვუყვარვართ და მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან შერცხვენილები ვართ, სახელმწიფოს დონეზე ვგულისხმობ, თორემ ქართველმა ხალხმა მართლა საოცრება გააკეთა, ამ წუთამდე ყველაზე მეტი საფოსტო გზავნილი სწორედ საქართველოდანაა. მკაცრადაა განსამიჯნი ხალხი და ხელისუფლება. მთელი ცხოვრებაა, იმას ვაჩმახებდით, ორი რუსეთი არ არსებობს, ერთია და ერთნაირად ცუდია-თქო და ახლა დაგვიდგა რეალობა, რომ უცებ გაიჩითა ორი საქართველო - „ქართული ოცნების“ და „დანარჩენი საქართველო“. „ქართული ოცნების“ საქართველო, რომელიც არაფერს აკეთებს, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანას გვერდით დაუდგეს, დანარჩენები კი ხელისუფლების საქმის გამოსწორებასაც ვცდილობთ და ჩვენს საქმესაც ვაკეთებთ...

_ გიგა, ბუჩაში ინიციატივაზე მაშინვე დაგთანხმდნენ?

_ იმავე წამს. აქ მხოლოდ ბაღის აშენების ინიციატივით ჩამოვედი, მაგრამ მორიდებულად მკითხეს, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ შენობის ნაწილში სკოლაც განთავსდესო? - ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავდა, რომ სკოლის საჭიროება უფროა. მაშინვე დავიწყე გადარეკვა-გადმორეკვა, რაღაცები დავთვალეთ და გადავწყვიტე, რომ საქმეში შემოვიდეს ქართული ბიზნესი ანუ ბუჩაში ბაღს ააშენებს ქართველი ერი და ბიზნესი ააშენებს სკოლას.

_ ქართულ კომპანიებთან უკვე გაქვთ კომუნიკაცია და თანხმობა ამ საკითხზე?

_ კი, ძალიან დიდია მათგან სურვილი, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ეს პროექტი ძალიან ლამაზად და გემრიელად ბოლომდე შესრულდება. ჩვენ კი მივალთ ყველგან, მაგრამ ხალხს და კომპანიებს თუ ინტერესი არ ექნებათ, ძალიან ძნელი იქნება...

_ მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებაში ბევრი იწონებს თქვენს იდეას პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად და დარწმუნებული ვარ, ამ სკოლისა და ბაღის მშენებლობაში სრულიად ქართველი ერი ჩაერთვება... რა სახელს არქმევთ? გამოკითხვას ატარებდით და მგონი, „აი ია“გადაწყდა ხომ?

_ ჯერ არ ვიცით, ვერ შევჯერდით, გამოკითხვაში „აი ია“ ლიდერობდა, მაგრამ კიდევ ველოდებით იდეებს, რადგან „აი ია“ კარგად ჟღერადია, ჩვენთვის - ქართველებისთვის სიმბოლურია, მაგრამ საერთოდ არაფერს ნიშნავს უკრაინელებისთვის. ვფიქრობ, ისეთი ვერსიაც გამოჩნდეს, რომელიც უკრაინულადაც იქნება ფუნქციურად და თემატურად დატვირთული და რაღაც კავშირი იქნება ქართველებსა და უკრაინელებს შორის. არ ვიცი, ასეთი სიტყვა თუ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ დრო გვაქვს საამისოდ და შეიძლება, ეს საქმე თავად უკრაინელებს მივანდოთ...

_ თქვენი გათვლით, უშუალოდ მშენებლობის პროცესი როდის დაიწყება?

_ ვფიქრობ, 2-3 თვეში დაიწყება, სექტემბერში უკვე გახურებულ მშენებლობაში ვიქნებით... მთავარია, რომ შენობას ჰქონდეს თავშესაფარი, ბომბებისგან დაცული, რადგან როცა რუსეთი გყავს მეზობლად, ეს აუცილებლად საჭიროა. ჩემი სურვილია, რომ ამ თვის ბოლოს ბევრმა ქართველმა და უკრაინელმა ბუჩაში ეს ლამაზი შენობები გავხსნათ. ზეიმი თუ არ გამოვა, ისე გავხსნათ, როგორც იმდროინდელ უკრაინას ენდომება.

_ წარმატებებს გისურვებთ ამ კარგ საქმეში!