„არაფერი ცუდი, ეშმაკისეული ან ამორალური არაა განსხვავებულ ორიენტაციაში“- ინტერვიუ ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანი სარდლიშვილი

17 მაისი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოცხადებულია, როგორც ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე. ტრადიციულად, ყოველ წელს, ამ დღესთან დაკავშირებით იმართება სახალხო მსვლელობა და ტარდება ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. ეს დღე ასევე ითვლება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ, უმნიშვნელოვანესი თარიღი ლგბტქი+ ადამიანებისთვის. „ქვიარ“ ადამიანები ამ დღეს საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან. ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ჰომოფობიას, ჩაგვრას, ძალადობასა და დისკრიმინაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი მიმღებლობა საზოგადოებას საკმაოდ უჭირს საქართველოში, მაგრამ ბოლო პერიოდში გავრცელებული კვლევის თანახმად, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს, ჰომოფობია შემცირებულია და ყოველ მეხუთე ადამიანს მიაჩნია, რომ ლგბტქი+ ადამიანების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული . „ვერსია“  ლგბტქი+ თემის წარმომადგენელს ესაუბრა, რათა გაგვერკვია, თუ როგორია, იყო დღეს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი საქართველოში. გთავაზობთ ინტერვიუს:

_ ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობა უფრო შემწყნარებელი გახდა ლგბტქი+ ადამიანების მიმართ, საკუთარ თავზე თუ გრძნობთ ამას?

_ მე მგონია, რომ ჰომოფობები ჩემს გარშემო ნაკლებად განიხილავენ ამ საკითხს, თითქოს მიივიწყეს და ეს ნამდვილად შევამჩნიე. უშუალოდ ჩემი სამეგობრო წრე არასდროს ყოფილა ჰომოფობიურად განწყობილი, მაქსიმალურად ვარიდებ თავს გარემოს, სადაც კომფორტულად არ ვიგრძნობ თავს.

_როდის მიხვდი, რომ არატრადიციული ორიენტაციის იყავი?

_ჩემს შემთხვევაში ასე იყო, რომ თავიდანვე ვიცოდი, როცა ადამიანს პერსონა უყალიბდება და სხვანაირად, უფრო ეგოცენტრულად იწყებს ფიქრს, დაახლოებით 11-12 წლის ასაკში. ჰომოფობიური გარმოს მიუხედავად, რომელიც ჩემს გარშემო სულ იყო, თუნდაც ოჯახში, არასდროს მქონია საკუთარ თავთან ბრძოლა, ჩემთვის რატომღაც ძალიან ბუნებრივი იყო.

_ როდესაც შენს სამეგობროში გქონდა „ქამინგაუთი“ (ტერმინი - ადამიანის მიერ თავისი სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის ნებაყოფლობითი აღიარება) უარყოფოთი რეაქციების მსხვერპლი ხომ არ გახდი?

_ბევრი შემთხვევა იყო, როცა ვერ გააანალიზეს, რა ვუთხარი, ბევრმა მითხრა - აი, მხოლოდ შენ მიგიღებ, მაგრამ სხვებს ვერაო. ასე ვთქვათ, ვალიდაცია მხოლოდ მე მქონდა მათთან, როგორც „ქვიარ“ ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი ძალისხმევით, ლაპარაკით და ახსნით ვფიქრობ, რომ უმეტესობა ნამდვილად აღარ იტანჯება ჰომოფობიისგან.

_გეშინოდა აღიარების დროს?

_კი, ალბათ, შიშიც იყო, ზუსტად იმ უარყოფითი რეაქციების მეშინოდა, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ასე, მწვავედ არ მიმიღია. გამიმართლა, რომ ჩემი ორიენტაციის გამო, არც ერთ მეგობარს უთქვამს ჩემზე უარი და ჩემს მაგალითზე მათ ახლა სხვა „ქვიარ“ მეგობრებიც ჰყავთ და ჰომოფობები არ არიან. მე ძალიან პატარა ასაკშივე გავაკეთე „ქამინგაუთი“ და მგონი მათთვის პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც მსგავსი რამ გაამხილა და მგონია, დიდი როლი მაქვს იმაში, რომ ისინი დღეს სწორად ფიქრობენ ამ საკითხზე. მათ მალევე გააანალიზეს, რომ არაფერი ცუდი, ეშმაკისეული ან ამორალური არაა განსხვავებულ ორიენტაციაში.

_ 17 მაისი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ ყველამ ვიცით, რომ ეს დღე „პრაიდის“ გადასაფარად მოიგონეს. ჩემთვის 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა.

_რას ურჩევდი „ქვიარ“ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ სოციუმთან საკუთარი ორიენტაციის აღიარების?

_არ ვურჩევდი სიმამაცეს, მითუმეტეს დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ისეთებად მიიღებენ, როგორებიც არიან. სანამ კომფორტულად და უსაფრთხოდ არ იგრძნობენ თავს, შეიძლება არც გაუჩნდეთ „ქამინგაუთის“ სურვილი და ეს ბუნებრივიცაა, ვერავის მოვუწოდებ, გამოვიდეს და თქვას, მაგრამ ვინმე თუ იქნება ასეთი, აუცილებლად მხარს დავუჭერ და მის გვერდით ვიქნები. მთავარია, თავისუფლად გრძნობდნენ თავს და იცოდნენ, რომ ვართ ადამიანები, რომლებიც დავეხმარებით ნებისმიერ შემთხვევაში.

_ კონკრეტულად შენ რაიმე სახის ჩაგვრის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი ყოფილხარ?

_საბედნიეროდ, არა, მაგრამ დამინახავს და მომისმენია, თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ადამიანებს.

_ და ბოლოს, რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებიც ჰომოფობიურად არიან განწყობილი განსხვავებული ორინეტაციის ადამიანების მიმართ?

_ვეტყოდი, რომ დაფიქრდნენ, შეიძლება მათი შვილები, მეგობრები ან საყვარელი ადამიანებიც კი არიან განსხვავებული ორიენტაციის და მათ ტკენენ გულს. არ ვიცი, მათთან ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, მე ერთადერთს იმას ვისურვებდი, რომ ხარისხიანი განათლება გვქონდეს ზოგადი თუ სექსუალური. დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად გვჭირდება.