დღეს „დავითობაა" - წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 8 თებერვალს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

საუკუნის წინ, 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.

წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", - ნათქვამია კრების ძეგლისწერაში.

შემდგომ წმ. მეფე  დავით აღმაშენებელი საქართველოს გაერთიანებას შეუდგა და ქვეყანა თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.

1121 წელს წმინდა მეფე დავითმა  დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. წმინდა მეფე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.

წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

როგორც უკვე სტატიაში გითხარით, ამ დღეს დაარსდა  საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში. უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად  დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.

უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის  მზადება.12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი  –  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში.

 ავტორი-სალომე ნოზაძე