მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე - მკვლელის სკანდალური აღიარება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბჭოთა კავშირში, დაკეტილი საზღვრების პირობებში, მოსახლეობისთვის ყველაფერი უცხოური ეგზოტიკა იყო. ამასთან, საბჭოთა კავშირი ერიდებოდა საზღვარგარეთიდან ნებისმიერი რამის შემოტანას და ცდილობდა, აბსოლუტურად ყველაფერი თავად ეწარმოებინა, თუმცა ეს „ყველაფერი“ ხშირად უხარისხო იყო. ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ ფეხსაცმელი მალე გაცვეთილიყო, ტექნიკა მალე გაფუჭებულიყო, სათამაშოები მალე დამტვრეულიყო, ანუ მოსახლეობას ახალი ნივთები დასჭირვებოდა და საბჭოთა წარმოებას შეუჩერებლად ემუშავა. ყველაფერმა ამან კი ის მოიტანა, რომ ნებისმიერი რამ, რისი შემოტანაც თუნდაც კომუნისტური ქვეყნებიდან შეიძლებოდა, მაშინვე იყიდებოდა, თან ძვირად.

ასე იყო მაშინაც, როცა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის მეგობრობის ნიშნად, საზღვრები ასე თუ ისე გაიხსნა და ჩინეთიდან, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ალკოჰოლიც შემოვიდა. ნამდვილ საოცნებო სასმელს ის ბოთლი წარმოადგენდა, რომელშიც ქვეწარმავლები იყვნენ ჩასმულნი, ზემოდან კი სასმელი ჰქონდათ დასხმული. ხვლიკი, გველი, მორიელი - ბოთლების ბინადრები სასმელს ნამდვილ ეგზოტიკას მატებდნენ.

„იმ დღეს თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ცსკა“-ს ხვდებოდა და ვისაც ბილეთი არ ჰქონდა, ტელევიზორს იყო მიჯაჭვული. მეც განყოფილებაში ვუყურებდი თანამშრომლებთან ერთად ფეხბურთს, თუმცა ათი წუთიც არ იყო გასული, როცა ტელეფონზე დარეკეს და გვითხრეს, რომ ერთ-ერთ ბინაში სამი გვამი იპოვეს. რა თქმა უნდა, ფეხბურთს თავი დავანებეთ და შემთხვევის ადგილზე გავედით. საბედნიეროდ, ადგილზე მისულებს, სამის ნაცვლად, ერთი გვამი დაგვხვდა“, - იწყებს მორიგი ისტორიის მოყოლას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მამაკაცები სამზარეულოში ეყარნენ, მაგიდაზე კი ძეხვი, მჟავე, თევზის კონსერვი, პური და სწორედ ის ბოთლი იდო, ზემოთ რომ მოგახსენეთ. ბოთლში გველის მთლიანი სხეული იყო მოთავსებული და სანახევროდ დაცლილი გახლდათ. ექიმის ვარაუდით, მამაკაცები სასმელით მოიწამლნენ, ამიტომ, ბოთლი თავის ნარჩენით ექსპერტიზაზე წაიღეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი საავადმყოფოში გააქანეს, ერთი გარდაცვლილი კი - მორგში, ექსპერტიზაზე.

ექსპერტის დასკვნით, სწორედ იმ ეგზოტიკურ ბოთლში საწამლავი იყო შერეული, რომელმაც ერთ შემთხვევაში, გარდაცვალება გამოიწვია, ორი პაციენტიდან კი ერთი შედარებით მსუბუქად იყო მოწამლული, მეორე - უფრო მძმედ. ბოთლში საწამლავი მის გახსნამდე ჩაუშვეს, რადგან თავსახურს ნემსის ნაჩხვლეტი ეტყობოდა და სავარაუდოდ, მასში შპრიცით შეიყვანეს. ახლა მთავარი ის იყო, ვინ მოიტანა ბოთლი და ამისთვის, საჭირო გახლდათ, იმ ორიდან ერთი მაინც ისე გამოჯანმრთელებულიყო, საუბარი შეძლებოდა. მსუბუქად მოწამლული აზრზე სამი დღის შემდეგ მოვიდა და მას გამომძიებლები ესტუმრნენ.

„ბოთლი მე მივიტანე, სამი ცალი მქონდა, ერთი მანამდე სტუმრებთან დავლიე, მეორე ახლაც სახლში მაქვს, მესამე კი საუკეთესო მეგობართან წავიღე. ჯერ ორი ვსვამდით, შემდეგ მეზობელი შემოგვიერთდა, რომლესაც მე არ ვიცნობდი და მანაც ჩვენთან ერთად დაიწყო დალევა. მეტი არაფერი მახსოვს“, - ეს იყო ის, რაც გადარჩენილმა გამომძიებლებს უთხრა.

ყოველი შემთხვევისთვის, სახლში დარჩენილი მესამე ბოთლის ექსპერტიზაც ჩატარდა, მაგრამ იქ საწამლავი ვერ აღმოაჩინეს. გადარჩენილის მეუღლე შავებში იყო გამოწყობილი და ეს მარტივად ახსნა - მე, გარდაცვლილი და ჩემი ქმარი თანაკლასელები ვართ. მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ოჯახის წევრი დავკარგეო. მალე აზრზე სუფრის მესამე წევრიც მოვიდა და საინტერესო არაფერი უთქვამს. მეზობელთან ტელევიზორის საყურებლად შევიდა, იქ სუფრა დახვდა გაშლილი, სასმელი მოეწონა, ორი დიდი ჭიქა დალია, აქაოდა, დაგეწევით დალევაშიო, შემდეგ კი არაფერი ახსოვს. სამივეს სისხლში მომწამვლელი ნივთიერება იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბოთლიდან სამივემ დალია და ორი სასწაულით გადარჩა.

„გამოძიება ჩიხში შევიდა, რადგან ხელჩასაჭიდი არაფერი გვქონდა. ამიტომ, გარდაცვლილის სახლი ხელმეორედ გავჩხრიკეთ, თუმცა ვერაფერი ვიპოვეთ. წამოსვლას ვაპირებდით, როცა ექსპერტმა მაგიდაზე მდგარ ყვავილის ქოთანს მიაქცია ყურადღება. ყვავილი დამჭკნარი კი არა, რაღაცნაირად დამპალი იყო და ფოთლების გაშავებული ჰქონდა. ექსპერტმა მიწა და ყვავილის ფოთლები ანალიზისთვის წაიღო, მეორე დღეს კი დასკვნა დადო - მიწაშიც და ფოთლებშიც ზუსტად იგივე საწამლავია, როგორიც ბოთლში იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სამიდან ერთ-ერთი სასმელს კი არ სვამდა, არამედ, მაგიდაზე მდგარ ბოთლში შეუმჩნევლად ასხამდა. ამიტომ, საჭირო იყო, ორი გადარჩენილის დაკითხვა და ეჭვი, რაღა თქმა უნდა, იმაზე მიიტანეს, ვინც ყველაზე ნაკლებად იყო მოწამლული. მისი ბინის ჩხრეკის შედეგად კი გაირკვა, რომ საწამლავის ნახევრად ცარიელი ბოთლი მის სახლში იმალებოდა. როგორც კი ეს ცოლმა დაინახა, მაშინვე აყვირდა, შენ მოკალი ჩემი სიყვარულიო. საბოლოო ჯამში, აღიარების დრო დადგა და ეჭვმიტანილს ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია.

„ჩვენ თანაკლასელები ვიყავით და ორივეს ერთი გოგო გვიყვარდა. ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, იმ არაკაცმა შეაცდინა, მერე მიატოვა და რუსეთში წავიდა. ცოლად მე მოვიყვანე, ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება და ამ ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდა. ცოლს შევატყვე, ისევ ის უყვარდა და მისი თვალთვალი დავიწყე. როცა სამსახურშ მივდიოდი, დაახლოებით, ნახევარ საათში ცოლიც მიდიოდა ჩემს საუკეთესო მეგობართან და სამსახურდან რომ უნდა მოვსულიყავი, შინ ნახევარი საათით ადრე ბრუნდებოდა. ვეღარ ავიტანე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ის გავაკეთე, რაც გავაკეთე. სასმელის დოზას ვაკონტროლებდი, მეზობელი კი შემთხვევით შემოვიდა და ამ გაუგებრობაში მოჰყვა. აღიარების მიუხედავად, ჩადენილ დანაშაულს არ ვნანობ“, - ასეთი იყო აღიარებითი ჩვენება.

სასამართლომ ყველაფერი გაითვალისწინა და მკვლელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„მეგონა, დახვრეტდნენ, რადგან მან ერთი ხომ მოკლა და მეორეც, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაიმეტა, მაგრამ 15 წელი აკმარეს“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

ბათო ჯაფარიძე