როგორ აწყობენ უცხოელები თბილისში მინი-ნარკოქარხნებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 

წინა კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, 45 ადამიანი დააკავა. მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა და შსს არ მალავს, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, დაკავებები კვლავ გაგრძელდეს. იმავე დღეს, სამართალდამცავებმა კიდევ სამი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ასევე, ნარკოტიკების გაყიდვა ედებათ ბრალად.

 

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძალოვანი უწყებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, სწორედ ნარკოდანაშაულია. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებთან მიმართებაში კანონდებლობა შერბილდა და დასავლეთის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, შემცირების ნაცვლად (არადა, რეკომენდაციის მოლოდინი სწორედ ეს იყო), ნარკოტიკების გასაღებამ და მოხმარებამ არნახული მასშტაბები მიიღო. ისიც სათქმელია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სულ უფრო რთულდება ნარკოდილერების დაკავება და რაც მთავარია, მათთვის ბრალის წარდგენა-დამტკიცება.

არცთუ დიდი ხნის წინ, ვწერდით, რომ „ბარიგები“ ნარკოტიკს დრონების საშუალებითაც კი ყიდიან ანუ ისინი ეუბნებიან კონკრეტულ ლოკაციას მყიდველს, რომელიც მიდის მითითებულ ადგილზე, ჩერდება, თავზე გადაუფრენს დრონი და უგდებს ნარკოტიკს. დრონი მიფრინავს, მყიდველი ნარკოტიკეს იღებს და მიდის. ამ დროს, დრონის თვალთვალი აზრს კარგავს, რადგან მას ნარკოდილერი, შესაძლოა, 3-4 კილომეტრიდან მართავდეს და თანაც დრონის დაკავება არაფრისმომცემია - იმის დამტკიცება, რომ საფრენი აპარატი ნარკოტიკების გადასაზიდად იყო გამოყენებული, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ აუცილებელი აღარ არის, ნარკოტიკების შემოტანა და საზღვარზე გარისკვა. შესაბამისი ფორმულის გამოყენებით, ნარკოტიკები ადგილზე მზადდება და მინი-საამქროების მოწყობა ერთოთახიან ბინაშიც კი შეიძლება. მერე რა, რომ აღნიშნული ნარკოტიკების 99.99% მომაკვდინებელია და მათი არათუ ხანგრძლივი, არამედ, ორი-სამთვიანი მოხმარებაც კი, სასიკვდილო შედეგს იწვევს. იმის გამო, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები დიდ სასჯელს არ იღებენ, ბევრი მარტივად იწყებს გასინჯვას და სამწუხაროდ, კვლავ დამკვიდრდა ტერმინი - „უბრალოდ გავსინჯავ, არ შევჯდები“. ქიმიური ნაერთი ბუნებრივზე, ლამის, ასჯერ ძლიერია და შესაბამისად, ასჯერ მეტ დამოკიდებულებას იწვევს. აქ უკვე აღარაა საუბარი ტიპურ „ლომკაზე“, როცა მომხმარებელს ნარკოტიკის ფული აღარ აქვს და ვერ იკეთებს, აგრესიული და საშიში ხდება, წამსვლელია ყველაფერზე და ამ დროს სრულიად უკონტროლო, შეურაცხადია და არათუ გარშემომყოფი უცხო ადამიანები, ოჯახის წევრებიც კი არ ენანაება, რადგან უპრობლემოდ გაიმეტებს.

ნარკოტიკებს კუსტარულად, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამზადებენ. საუბარია, როგორც რუსებზე, ასევე უკრაინელებსა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულებზეც, ამიტომაც დაკავებულთა შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სიმრავლე შეინიშნება და ესეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ბოლო დროს, უცხოელებზე ბინების გაქირავება საკმაოდ გაძვირდა და გამქირავებელთა უმრავლესობა ბინის გაქირავების შემდეგ, კუთვნილ ქონებას არ აკონტროლებს, არც კი ნახულობს, რა მდგომარეობაშია ბინა და მხოლოდ იმას სჯერდება, რომ თვეში ერთხელ, ანგარიშზე სოლიდური თანხა ერიცხება. ახლა კი, შსს, ლამის, ყველა გამქირავებელს აფრთხილებს, რომ ხელშეკრულებაში ჩაწეროს მუხლი, რომლის მიხედვითაც, თვეში ერთხელ ბინის დათვალიერების უფლება ექნება. ეს თითქმის გამორიცხავს კუსტარული ლაბორატორიის არსებობას, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობას ეს მუხლი ჩადებული აქვს ხელშეკრულებაში, ბინაში კი არ იხედება იმიტომ, რომ არ აინტერესებს.

რამდენიმე კვირის წინ, „ვერსიაში“ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა მომაკვდინებელ ნარკოტიკებზე, ახლა კი მათ რიცხვს „მარიხუანაც“ უნდა დავუმატოთ. ჰო, ერთი შეხედვით უწყინარი „მარიხუანა“ ის მოსაწევია, რომლის პოპულარიზაციასაც არაერთი ცნობილი სახეც კი ეწევა და სატელევიზიო ეთერებითაც ხშირად გაიგონებთ, მუზა მაშინ მომდის, როცა „მარიხუანას“ ვეწევიო. ნამდვილი, სოფლად გაზრდილი „მარიხუანა“ ქართულ ბაზარზე, უბრალოდ, აღარ არის, არ იყიდება. საქართველოში იყიდება „მარიხუანა“, რომელიც ჰიბრიდულია და ის ათასგვარი ქიმიური ნივთიერებებითაა დამუშავებულ-გაჟღენთილი. მეტიც, ადრე თუ ველური „მარიხუანას“ ფოთლებს იყენებდნენ სუნისა და გემოსთვის, ახლა ჩვეულებრივ, გამხმარ ფოთლებზე ასხამენ ქიმიურ ნივთიერებას და მწარე კვამლის დასარბილებლადაც სპეციალურ ხსნარს იყენებენ. მომხმარებელს კი უკვე ნაკლებად აინტერესებს, რას ეწევა, თავს იმშვიდებს, რომ ეწევა და არ იკეთებს, თუმცა იმას ვერ ხვდება, რომ ყველაფერი ეს, ფილტვებს არათუ ანადგურებს, არამედ, ღრმულებს უკეთებს, შემდეგ ეს ღრმულები ფართოვდება, ნახვრეტებად იქცევა და იწყება ფილტვებში წყლის ჩადგომა. თუ ყველაფერ ამას ჰიბრიდული „მარიხუანას“ მწეველი დროზე იგებს, ექიმთან მიდის და ფილვებიდან წყლის ამოტუმბვის ხანგრძლივ პროცედურას გადის, თუ არა და, ფილტვი იწყებს ლპობას და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ფილტვების სიმსივნით სრულდება.

კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ სარეცხი საშუალებებით, უნიტაზის ჩასარეცხ-გასაწმენდი სითხეებით დამზადებული ქიმიური ნარკოტიკი იაფია და მისი ყიდვისთვის აუცილებელი არ არის დიდი ფული. 4 კაცის დოზა 100-120 ლარი ღირს და შესაბამისად, 25-30 ლარს ბევრი შოულობს, ყოველდღე თუ ვერ იშოვის, სესხად იღებს, „კონს კრავენ“ და ყიდულობენ სითხეს, რომელიც პირდაპირი გზაა საიქიოსკენ.

„უწყინარი, კლუბური ნარკოტიკი“ ნელ-ნელა ხმარებიდან გადადის, რადგან ის ქიმიურ ნაერთზე ძვირია და არცთუ ძლიერი „კაიფი“ აქვს, როგორიც კუსტარულად დამზადებულს. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ, ნაძვის წიწვებისგანაც ამზადებდნენ სითხეს, რომელსაც იკეთებდნენ, მაგრამ ნაძვები სრულად გაპუტვას იმან გადაარჩინა, რომ ეს სითხე ორგანიზმს დიდხანს ვერ ადუნებდა, დღეში 4-5 დოზა იყო საჭირო და იმის მიუხედავად, რომ დოზა ძალიან იაფი, 10 ლარიც კი ღირდა, დღეში 4-5 ჩხვლეტა არავის სიამოვნებდა.

ცალკე პრობლემა გახლავთ ის, რომ ქიმიური ნაერთი ვენებს წვავს. ჰო, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ვენები იწვება და შესაძლოა, ვენაში შეხვიდე, მაგრამ წამალი ვერ შეუშვა, რადგან ქიმიური ნაერთის გამო, ვენა ისეა დავიწროებული, სისხლს ძლივს, ან საერთოდ ვერ ატარებს და წამლის შეშვების შემდეგ სკდება. ამიტომ, ნარკოდამოკიდებულები არტერიას („პახს“) იხსნიან, მას ხვრეტენ და იქ იკეთებენ წამალს, შემდეგ სისხლისგან რომ არ დაიცალონ, დაახლოებით, ათი წუთი თითს აჭერენ გახვრეტილ ადგილს, მეორე დღეს, მოშუშებულ, თავზე მიმხმარ სისხლიან ნახვრეტს ფრჩხილით კვლავ აძრობენ, კვლავ არტერიაში იკეთებენ წამალს, შემდეგ კი იგივე პროცედურა მეორდება - თითის დაჭერა, სანამ სისხლდენა არ შეწყდება. ეს დაუსრულებლად არ და ვერ გრძელდება, ის ადგილი ლპობას იწყებს და თუ ნარკოდამოკიდებული ამას მალე ხვდება, სხვაგან იხვრეტს არტერიას, თუ არა და, ექიმთან მისვლა უწევს, რის შემდეგაც, იმ ადგილზე რჩება ღრმული, რომელიც ძალიან ჰგავს სიგარეტით ამომწვარ ნაიარევს.

უფრო სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ ლიბერალური კანონი ნარკოდამოკიდებულების თაობაზე, ჯერჯერობით, გადახედვას არ ექვემდებარება და ეს მაშინ, როცა არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ და აშშ-მაც მისი არათუ გადახედვა, არამედ, გამკაცრება უკვე მოახერხეს და აღიარეს, რომ კანონის შემსუბუქებამ არ გაამართლა. მართალია, ნაარკოდილერებზე ეს შემსუბუქება არ მოქმედებს, მაგრამ წამლის სიიაფისა და რაც მთავარია, დაუსჯელობის სინდრომის გამო, ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა სინჯავს ნარკოტიკს და შემდეგ უკვე უკან ვეღარ იხევს - ქიმიური ნაერთი უკან დასახევ გზას, უბრალოდ, კლავს.

ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებლად მოსაფიქრებელია რაღაც, რაც ყველაფერ ამას, ცუდ შემთხვევაში, ძველ კალაპოტში მაინც დააბრუნებს, უკეთეს შემთხვევაში კი - სტატისტიკას საგრძნობლად შეამცირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რომ შსს-ს თანამშრომლები კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ, ფართომასშტაბიან სპეცოპერაციებს ჩაატარებენ, დააკავებენ ათეულობით ან ასეულობით ნარკოდანაშაულში მხილებულ პიროვნებას, პრობლემა კი არ მოგვარდება, პირიქით, უფრო გაღრმავდება და შესაძლოა, მერე უკვე ძალიან დაგვიანდეს.

 

P.S. ნარკოტიკით გარდაცვალების შემთხვევები საქართველოში ძალიან მომრავლდა და იმის გამო, რომ ოჯახს „უტყდება“ ამბის გახმაურება - ეუხერხულება იმის თქმა, რომ მისი შვილი, და, ძმა, მეუღლე „კაიფში გაიპარა“, დიდი ხმაური არასდროს ატეხილა. არადა, პრობლემა არსებობს და თან ძალიან, ძალიან დიდი მასშტაბის, რასაც დანახვა, აღიარება და მოგვარება უნდა!

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე