როგორ გაიხსნა საიუველირო მაღაზიის ძარცვის საქმე - კრიმინალი ქალის დოსიე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

როგორც წესი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში, უფრო მეტ დანაშაულს მამაკაცები სჩადიან, ვიდრე ქალები, მაგრამ თუ ქალი საქმეშია, მაშინ დანაშაულიც უფრო დახვეწილი გამოდის. ერთი ეგაა, ქალების გამოტეხვა უფრო ადვილია, მაგრამ თუ ქალმა მოინდომა, კრინტს არ დაძრავს და არაერთ მამაკაცს თავის ჭკუაზე გაატარებს. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, მთავარ გმირად, სწორედ ქალი ჰყავს, ქალი, რომელიც დღეს ბელორუსში ცხოვრობს და იქაურ კრიმინალურ სამყაროში ხმამაღალი სიტყვაც ეთქმის. ყველაფერი კი, თითქოს, ბანალურად დაიწყო.

„განყოფილებაში შეტყობინება მოვიდა, ერთ-ერთ ბინაზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, მოკლეს დიასახლისი, ხოლო ოჯახის უფროსი, სასტიკად ნაცემი და დაჭრილი, სისხლისგან იცლებოდა. ადგილზე ოპერჯგუფი მალე გავიდა და რა თქმა უნდა, მეც ექსპერტებთან ერთად წავყევი. რით იყო მკვდარი ქალი, მკითხაობა არ სჭირდებოდა, კისრის არეში, ნაკვერჩხლის საჩხრეკი რკინა ჰქონდა გაყრილი. ქალს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, სავარაუდოდ, დარეკვას და მძარცველისგან ან მძარცველებისგან გაქცევას ცდილობდა. იმის მიუხედავად, რომ საცხოვრებელი მდიდრულად იყო მორთულ-მოკაზმული, სახლიდან არაფერი იყო წაღებული, სავარაუდოდ, მძარცველები შეშინდნენ და გაიქცნენ. ერთადერთი შვება ის გახლდათ, რომ ოჯახის უფროსი გადარჩა და ექიმები ამბობდნენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორ დღეში, დაკითხვასაც შეძლებთო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
სანამ დაზარალებულს დაკითხავდნენ, სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავეების ძებნა დაიწყეს, თუმცა საქმის ცხელ კვალზე გახსნა არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ის გაარკვიეს, რომ ოჯახის უფროსი წარსულში ერთ-ერთ საქმეში მოწმედ გადიოდა - ის საიუველირო მაღაზიის დაცვაში მუშაობდა. როცა მაღაზიის გაძარცვა სცადეს, მან მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, განგაშის ღილაკსაც დააჭირა და მაშინ მძარცველი მალევე დააკავეს, თუმცა არავინ იცის, სად წაიღო ოქროულობა, რადგან მოპარული ნივთები ვერ აღმოუჩინეს. ამის შემდეგ, დაცვის თანამშრომელმა გვარი და საცხოვრებელი შეიცვალა, შემდეგ ცოლად მდიდარი, დედისერთა ქალი შეირთო და ბედნიერადაც ცხოვრობდა. ძალოვნებმა ისიც გაარკვიეს, რომ მაშინ დაკავებული მძარცველი ციხიდან სამი დღის გამოსული გახლდათ. მის დასაკითხად ორი ოპერი წავიდა, თუმცა ამაოდ - სავარაუდო ეჭვმიტანილი შინ არ დახვდათ, მეზობელმა კი თქვა, სახლში რომ დაბრუნდა, ხელები სისხლიანი ჰქონდა, მერე მალევე წავიდა და აღარ მინახავსო. მოწმეების თანდასწრებით, მისი ბინა გახსნეს და სისხლიანი ნაჭრები ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ექსპერტიზის დასკვნამ საქმე პრაქტიკულად გახსნა - სისხლი დაყაჩაღებული ოჯახის უფროსს ეკუთვნოდა. გაქცეულზე ძებნა გამოცხადდა, გამომძიებელი კი დაზარალებულთან დასაკითხად პალატაში შევიდა.
„ვიღაცამ დააკაკუნა, კარი გავაღე და სახეში მუშტი მომხვდა. ცემა დამიწყეს, ფულს და ძვირფასეულობას მთხოვდნენ. ამ დროს, შინ ცოლი დაბრუნდა, ნახა, რაც ხდებოდა და გაქცევა დააპირა. დავინახე, როგორ დაეწია მას მძარცველი და ბუხრის საჩხრეკი პირდაპირ კისერში შეარჭო, მერე გონება დავკარგე და აზრზე საავადმყოფოში მოვედი. მძარცველს ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ ვერ ვიცანი“, - განაცხადა დაჭრილმა.
გამომძიებელს მის ჩვენებაში ორი რამ არ მოეწონა - აშკარად დამალა, რომ თავდამსხმელი სწორედ ის პირი იყო, ვინც თავის დროზე, საიუველირო მაღაზია დააყაჩაღა და მეორე - თუ ქალი ოთახიდან გარბოდა და თავდამსხმელმა რკინა კისერში შეარჭო, წესით, ქალი თავით გასასვლელის მხარეს უნდა ყოფილიყო. გამომძიებელს ძალიან კარგად ახსოვდა, რომ მკვლელობის შემდეგ, ქალის სხეული გადაადგილებული არ იყო ანუ ის როგორც მოკვდა, ისევე დარჩა ადგილზე. რეალურად კი, ქალს თავი ოთახის მხარეს ჰქონდა, ფეხები - გასასვლელისკენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოთახიდან კი არ გარბოდა, არამედ ოთახში შემორბოდა. მაშინ, რა უნდოდა მის ზურგსუკან თავდამსხმელს? გამომძიებელს არაფერი უთქვამს, პალატასთან დაცვა გააძლიერა და გაქცეულის ძებნა დაიწყო, ბოლომდე სიმართლე მას ეცოდინებოდა.
შესაბამისი ცნობების მოგროვების შემდეგ, გაირკვა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი ციხიდან მხოლოდ ერთ ნომერზე რეკავდა, ამ ნომრის მფლობელი ურიცხავდა მას ფულს და დადიოდა პაემნებზე. ნომერი ახალგაზრდა ქალს ეკუთვნოდა და როგორც მისი, ისე ეჭვმიტანილის მეზობლებმაც დაადასტურეს, რომ წლების განმავლობაში, ისინი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ძებნა ქალზეც გამოცხადდა და ისიც გაირკვა, რომ მისი მეგობრის დაკავების შემდეგ, ქალმა თბილისში, პრესტიჟულ უბანში ბინა გაყიდა, გარეუბანში იყიდა და თბილისთან ახლოს, მიტოვებული ქოხიც შეიძინა. გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლებელია, ისინი სწორედ ამ ქოხში ყოფილიყვნენ და გავიდნენ კიდეც დასაკავებლად, თუმცა იქ არავინ დახვდათ.
სამაგიროდ, მეზობელმა უთხრა, ქალი და კაცი ნამდვილად მოვიდნენ, ცოტა ხნით გაჩერდნენ და შემდეგ გეზი მთისკენ აიღესო. რუკაზე არაფერი ჩანდა ისეთი, სადაც თავის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ ოცამდე სამართალდამცავმა ტერიტორიის ფეხით დათვალიერება მაინც გადაწყვიტა და არცთუ უშედეგოდ - წყვილი შენიშნეს, მოფარებულ ადგილას კარავი ჰქონდათ გაშლილი და მზეს ეფიცხებოდნენ. იქვე სანადირო თოფი იყო მიყუდებული და მამაკაცი იარაღთან იმდენად ახლოს იწვა, ძალოვნების გამოჩენისთანავე, მის აღებასა და სროლას აუცილებლად მოასწრებდა. ამიტომ, გადაწყდა, რომ დაღამებას დალოდებოდნენ.
„ადგილზე მეც ჩავედი და ღამის ხედვის ჭოგრიტით ვაკვირდებოდი, რა მოხდებოდა. კაცი კარავში შევიდა, ქალმა კი ჩემთვის მოულოდნელად, თოფი აიღო, ჩახმახი გადასწია და მშვიდად დაელოდა, როდის გამოვიდოდა კარვიდან მამაკაცი. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, ოპერაციის დაწყების ბრძანება გავეცი, მაგრამ სანამ ადგილამდე მივედით, ქალმა გასროლა მოასწრო, მამაკაცმა - გვერდით გახტომა და მკერდში დამიზნებული ტყვია ხელში მოხვდა. რამდენიმე წამში, ორივე მიწაზე ეყარა და ხელბორკილი ედო. ახლაც არ დამავიწყდება მამაკაცის გაოცებული სახე, რომელიც ჯიუტად იმეორებდა - რატომ? რატომ? რატომ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.
დასაკითხად პირველად ქალი გამოიყვანეს, რადგან ეგონათ, რომ მას უფრო იოლად გატეხდნენ.
„ვაღიარებ, რომ ეს კაცი მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ციხიდან რომ გამოვიდა, ვუთხარი, პატარა ქოხი მაქვს, იქ გადავიდეთ, მშვიდად ვიცხოვროთ-მეთქი, მაგრამ გადაირია, არა, ვინც ციხეში გამიშვა, იმას ფული უნდა მოვატანინო, რადგან ვალი აქვსო. ვუშლიდი, არ დაიშალა და როცა მის სანახავად წავიდა, უჩუმრად უკან გავყევი. დავინახე, როგორ სცემა კაცი, მერე დავინახე, როგორ გაეკიდა ქალს და როგორ მოკლა. შინ დაბრუნებულმა მიბრძანა, ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეო. შემეშინდა და გავყევი, მაგრამ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, მეც მომკლავდა, ამიტომ გადავწყვიტე, დამესწრო“, - ცრემლებს აღვარღვარებდა ქალი.
როცა დაკავებულ მამაკაცს მისი მეგობრის ჩვენება წაუკითხეს, გაოცებისგან პირი დააღო, თავი გადააქნია და დაიწყო:
„წლების წინ, ის საიუველირო მარტოს არ გამიძარცვავს, „პადელნიკად“, სწორედ დაცვის თანამშრომელი მყავდა. საიუველიროს თანამშრომლები გავთიშეთ, მერე ამას რამდენჯერმე წამოვარტყი, ოქროული მის ჩანთაში დავმალე და იქვე დავტოვე, თუ დამიჭერდნენ, ფაქტი რომ მაინც ვერ ენახათ. აკი, დამიჭირეს კიდეც, ოქრო ვერ იპოვეს და ციხეში იმის იმედად ვიყავი, რომ გამოსვლისას, წილი დამხვდებოდა. გამოვედი და საყვარელი ქალი მეუბნება, ცუდად ვარ, მკურნალობა მჭირდება, ბინა მაგიტომ გავყიდე, ის შენი „პადელნიკი“ კი არაფერს მაძლევს, მთელი ოქრო მიითვისაო. ურთერთობის გასარკვევად წავედი, კი, ვცემე, მაგრამ როცა მისი ცოლი შემოვიდა და კივილი ატეხა, უბრალოდ, ავდექი და წამოვედი, მე არავინ მომიკლავს“...
გამომძიებელმა „პადელნიკის“ დაკავების ბრძანება გასცა და ის ქალთან დააპირისპირა. ცოტა ხანში, წყვილი მიხვდა, რომ იოლად ვერ გამოძვრებოდნენ და ყველაფერი ერთმანეთს გადააბრალეს. ყველაფერი კი ძალიან მარტივად იყო - ისინი საყვარლები გახლდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთი დიდი აფერა გაეთამაშებინათ. ქალმა „საქმრო“ გააქეზა და საიუველირო გააძარცვინა, მერე პოლიციაში დარეკა და დააჭერინა. ამის შემდეგ, დაცვამ, რომელიც საქმიდან მშრალად გამოვიდა, სარფიანად იქორწინა (ესეც გეგმის ნაწილი იყო) და დაელოდნენ, როდის გამოვიდოდა ციხიდან კაცი, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა „შეეტენათ“. ძიების პროცესში, ისიც გაირკვა, რომ კონკრეტული ადამიანების მოქრთამვის შემდეგ, მას ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხო (ქრთამის მიმღებებიც დააკავეს), შემდეგ კი უკვე, ქალმა მოუყვა ის, რამაც კაცი ააგდო და ძველ „პადელნიკთან“ საქმის გასარჩევად წაიყვანა. გეგმამ ბოლომდე არ გაამართლა, აყვირებული ცოლის გაჩუმება გამოცდილმა კრიმინალმა არ ისურვა და ბინიდან წავიდა. ამის შემდეგ, ქალი თავად ქმარმა მოკლა და სწორედ ამიტომ იწვა ის ოთახისკენ თავით და არა გასასვლელისკენ, შემდეგი გეგმა კი კაცის მოშორება და მთაში დამარხვა იყო. სამართალდამცავები იფიქრებდნენ, რომ ის მიიმალა და ვერასდროს იპოვნიდნენ, ხოლო დაყაჩაღება-მკვლელობით, საბოლოოდ, მას შეეტენებოდა.
„იდეურ“ წყვილს სასამართლომ სასჯელი არ დაამადლა - კაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ქალს - 9 წელი მისცეს. ციხიდან ახლად გათავისუფლებული კი, რეალურად, მხოლოდ ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს და 3 წელი პირობითი სასჯელი აკმარეს.