ვინ მოკლა პილოტი და როგორ გავიდა გამოძიება საერთაშორისო დანაშაულებრივ ჯგუფზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ოქროს სამკაციანი მაფიის საქმე

ბათო ჯაფარიძე 

თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ერთი შეხედვით, შეუძლებელია თვითმფრინავში ისე აიტანო აკრძალული ნივთი ან ნივთები, საბაჟოს თანამშრომლებმა ვერაფერი გაიგონ. მით უმეტეს, წარმოუდგენელია ლითონის ნაკეთობების გატანა, რადგან მეტალოდეტექტორი აუცილებლად აანთებს წითელ შუქს და საფუძვლიანად გაგჩხრეკენ. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, შეიძლება, მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდეს და ის არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. რაც მთავარია, სამართალდამცავებმა საქმე სრულიად შემთხვევით გახსნეს და რომ არა ეს შემთხვევითობა, შესაძლოა, დანაშაულებრივ სქემას დღემდე ისე ემუშავა, ვერც მებაჟეები და ვერც თანამშრომლები ვერაფერს მიმხვდარიყვნენ.

 

ყველაფერი კი ძალიან ბანალურად დაიწყო: გამთენიისას, მეეზოვემ, მანქანაში მამაკაცის გვამს მიაგნო. კაცი საჭესთან იჯდა და თავი უკან ჰქონდა გადაგდებული. მეეზოვემ კარი გამოაღო და მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ გვამი იყო, ამიტომ კარი დახურა და პოლიციაში დარეკა.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ახალგაზრდა მამაკაცის გვამი შერჩათ ხელში. სავარაუდოდ, გრძელი და ბასრი საგნით იყო მოკლული, რომელიც უკანა სავარძელზე მჯდომმა, სავარძლის გავლით შეარჭო, თან ისე, რომ პირველივე ჩხვლეტა სასიკვდილო აღმოჩნდა - გულში გაიარა. გარდაცვლილის ვინაობა მალე დაადგინეს - ის ერთ-ერთი ავიაკომპანიის პილოტი გახლდათ, რომელიც რეისიდან წინა დღის დაბრუნებული იყო. რა თქმა უნდა, ძალოვნებმა, პირველ რიგში, გარდაცვლილის ბინა გაჩხრიკეს, მოწმეები კი არც უძებნიათ - მანქანა ისეთ ადგილზე იყო გაჩერებული, შემთხვევითი გამვლელი თუ ნახავდა. ექსპერტიც ამტკიცებდა, კაცი ღამის ორიდან სამ საათამდე მოკლესო და შემთხვევითი გამვლელი ამ დროს თითქმის გამორიცხული იყო.

სამაგიეროდ, ეს იმის თქმის საფუძველს იძლეოდა, რომ მკვლელი და მოკლული შეხვედრაზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი ანუ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

გარდაცვლილის სახლში საკმარისზე მეტი თანხა ნახეს, თანაც ვალუტა, რაც წესითა და რიგით, ჩვეულებრივ პილოტს არ უნდა ჰქონოდა. საუბარი იყო 140 ათას დოლარზე მაშინ, როცა ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის დოლარი უცხო ხილი გახლდათ და ბევრს ნანახიც არ ჰქონდა.

ზოგადად, მფრინავებისთვის უცხოური ვალუტა ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, მაგრამ არა ამ ოდენობით, თანაც სახლში არ იყო ისეთი ავეჯი და ტექნიკა, როგორიც ამ ქონების პატრონს შეესაბამებოდა ანუ პილოტი ფულს აგროვებდა და ვინ იცის, შემდეგ, მორიგი რეისის დროს, საზღვარგარეთ დარჩენასაც კი აპირებდა. დაკითხეს მისი მეგობრები, რომლებმაც მხრები აიჩეჩეს, წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თუ ასეთი ოდენობის თანხა შეიძლებოდა ჰქონოდა, პირიქით, ხანდახან ფულს სესხულობდა კიდეცო. სამაგიეროდ, ყველამ თქვა, რომ გარდაცვლილს ურთიერთობა ერთ-ერთ სტიუარდესასთან ჰქონდა და დაქორწინებასაც აპირებდა. თავად სტიუარდესა ტირილით თავს იკლავდა, საქმრო მომიკვდა, მთელი მომავალი გეგმები მასზე იყო აწყობილი და არავითარი ევროპა ან აშშ, საქართველოში ვაპირებდით ცხოვრებასო. მან დაკთხვის დროს აღიარა, რომ იცოდა, საქმროს ვალუტის გარკვეული დანაზოგი რომ ჰქონდა, თუმცა ვარაუდობდა, რომ ეს თანხა, მაქსიმუმ, 2 ათასი დოლარი იყო და არა - ამდენი.

ძალოვნები დეტალურად შეუდგნენ საქმის გამოძიებას, რადგან მხოლოდ მკვლელობა კი არა, ისიც დასადგენი იყო, საიდან იშოვა მფრინავმა ამ ოდენობის დოლარი. შეისწავლეს მისი გარემოცვა და აღმოაჩინეს, რომ ნამდვილ მეგობრად მხოლოდ ერთ, საკმაოდ ცნობილ ადვოკატს აღიარებდა და დანარჩენებთან დისტანცია ჰქონდა, სახლში არავის ეპატიჟებოდა და ამის უფლება მხოლოდ ადვოკატს გააჩნდა. ჰო, ბინის ჩხრეკისას იპოვეს ბლოკნოტი, სადაც უცანაური ციფრები იყო ჩაწერილი. უფრო კონკრეტულად კი, კონკრეტული თარიღი და იმ თარიღის ქვეშ მიწერილი სამი ციფრი. ციფრები ორნიშნა ან სამნიშნა იყო და სამართალდამცავებმა იეჭვეს, რომ ეს ციფრები მკვლელობის გახსნის გასაღებთან მიიყვანდათ. ბოლომდე ჩაკირკიტების შემდეგ, დადგინდა, რომ თარიღები ასი პროცენტით ემთხვეოდა იმ დღეებს, როცა პილოტს რეისი ჰქონდა და ყველა ჯერზე ევროპაში მიფრინავდა. ეს, ძირითადად, ამსტერდამის რეისები იყო, თუმცა რას ნიშნავდა თარიღების ქვეშ მიწერილი ციფრები, წარმოდგენა არავის ჰქონდა. ამიტომ, გამომძიებლებმა ბლოკნოტი იმ ეკიპაჟის მეთაურს ანახეს, რომელშიც გარდაცვლილი შედიოდა. ბორტის კაპიტანმა ყურადღებით დაათვალიერა ბლოკნოტი და თქვა, შესაძლოა, ეს სასტუმროს ნომრები იყოს, იმ სასტუმროების, სადაც ვჩერდებოდით, სხვა რამეს ვერ ვფიქრობო. გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ კაპიტანი მართალი იყო - ნომრები ემთხვეოდა იმ სასტუმროების ნომრებს, სადაც პილოტები ჩერდებოდნენ და რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში, სამივე ნომერი ერთსა და იმავე ადამიანს ჰქონდა დაჯავშნული და ეს ადამიაანი... გერმანელი ადვოკატი იყო. ძიებით ისიც გაირკვა, რომ გერმანელი ადვოკატი საბჭოთა კავშირს და კონკრეტულად საქართველოს ხშირად სტუმრობდა და როგორ გგონიათ, სად ჩერდებოდა? - დიახ, იმ ადვოკატთან რჩებოდა სახლში, რომელიც გარდაცვლილის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ქართველი ადვოკატი დაეპატიმრებინათ. რა უნდა წარედგინათ ბრალად - გერმანელი ოფიციალური სტუმრის მიღება, თუ პოლიტთან მეგობრობა?

სამაგიეროდ, გერმანელმა სამართალდამცავებმა მიაწოდეს ქართველებს ძალიან საინტერესო ცნობა. მათი თქმით, გერმანელი ადვოკატი პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ოქროს ნაკეთობებით ვაჭრობდა და მას გასაყიდად მუდმივად რუსული ოქრო ჰქონდა, თანაც იმ ოდენობით, რომ ყველას უკვირდა, მაგრამ ადვოკატმა კარგად იცოდა კანონი და ბრალს ვერაფერში სდებდნენ. ის ამბობდა, რომ ოქროს ნაკეთობებს საბჭოთა მოქალაქეებისგან ყიდულობდა, ხელწერილსაც კი ართმევდა და აღნიშნული ხელწერილები იქაურ პოლიციაში არაერთხელ წარადგინა. ერთ-ერთი ასეთი ხელწერილი ქართველ სამართალდამცავებსაც გადმოუგზავნეს და მასზე... გარდაცვლილი პილოტის ხელმოწერა იყო. არადა, შეუძლებელი იყო მუდმივად ოქროს ნაკეთობები გაგეტანა და თან დიდი ოდენობით, რადგან მეტალოდეტექტორი აუცილებლად ამუშავდებოდა და ასეთი კონტრაბანდა მფრინავებისთვისაც კი ძალიან სახიფათო იყო. ყველაფერი ისევ ეკიპაჟის მეთაურმა ახსნა.

„გარდაცვლილი ჩვენთან სამხედრო ავიაციიდან მოვიდა. ერთ-ერთი გაფრენის დროს, ის სამხედრო თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა, ცუდად დაეშვა და ბარძაყის ძვალი, პრაქტიკულად, დაეფშვნა. ფრენას კი არა, სიარულს თუ შეძლებდა, იმასაც ვერ ამბობდნენ, ბარძაყი მთლიანად რკინის მილებით აუწყვეს და სასწაულიც მოხდა -  ფეხზე გაიარა. შემდეგ, სამოქალაქო ავიაციას მოაკითხა და რადგან თავდაცვის სამინისტროდან ძალიან კარგი დახასიათება ჰქონდა, მივიღეთ, თუმცა ყველამ იცოდა, რომ მისი გავლის დროს, მეტალოდეტექტორი აუცილებლად წითელს ანთებდა, მაგრამ მხოლოდ ბარგს უჩხრეკდნენ, რა აზრი ჰქონდა მის გაჩხრეკას, ძვლის მაგივრად, ფეხში რკინა ედო“, - განაცხადა მან.

ცხადი გახდა, როგორ გაჰქონდა ოქრო მფრინავს, მაგრამ საიდან მოჰქონდა ამდენი ძვირფასი ნაკეთობა, ეს იყო გასარკვევი. გამომძიებლებმა ყურადღება კვლავ ადვოკატს დაუთმეს და გაარკვიეს, რომ ისეთ საქმეებს ეძებდა, რომლებშიც დამნაშავეებად ბინის ქურდები გადიოდნენ. ეძებდა კი არა, კოლეგებს ლამის ხელიდან სტაცებდა, სხვა საქმეებში უცვლიდა და მისი კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ ბინის პროფესიონალი ქურდი იყო. კარგა ხნის ხვეწნა-მუდარის შემდეგ, პროკურორმა ადვოკატის ბინის ჩხრეკის უფლება გასცა და კედლის საათის ნაწილებად დაშლის შემდეგ, გამომძიებლებმა, დაახლოებით, 300 გრამ ოქროს ნაკეთობებს მიაგნეს. ყველა მათგანი მოპარული გახლდათ და ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ადვოკატის დასაკავებლად. მას ბრალად არა მარტო მოპარული ნივთების გასაღება, არამედ, მფრინავის მკვლელობაც წაუყენეს.

„ვაღიარებ, ოქროს ნაკეთობებით პილოტს მე ვამარაგებდი. დიდი ხანია, ვიცნობდი და როცა გავიგე, ფეხში რკინა ჩაუდგეს, მივხვდი, მეტალოდეტექტორზე მარტივად გაატარებდნენ. გერმანელი ადვოკატიც მარტივად დამთანხმდა და სერიოზული საქმეც წამოვიწყეთ. რაც შეეხება მკვლელობას, იდიოტი ვიყავი, ოქროს კვერცხის მდებელი დედალი მომეკლა? წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა მოეკლა და რატომ. სასტუმროში სამ ნომერს შეგნებულად ქირაობდა ჩემი გერმანელი კოლეგა, კუდი რომ გაჰყოლოდა პილოტს, ის გაქცევას მოასწრებდა, რადგან რეალურად, მფრინავმა არ იცოდა, რომელ ნომერში დახვდებოდა გერმანელი, ის კი ამ პერიოდში ათვალიერებდა, მოჰყვებოდა თუ არა მას კუდი. მოკლედ, ბოლომდე არ გვენდობოდა. ჰო, იმ დღეს ვისაუბრეთ და მითხრა, ერთ კაცს უნდა შევხვდე ღამით, მგონი, ოჯახური კონფლიქტი მაქვსო. სახელიც ახსენა, პეტრე თუ პავლე, ზუსტად არ მახსოვს“, - მარტივად მოჰყვა ყველაფერს ადვოკატი და თან გარანტიებიც მიიღო, რომ სასამართლო ამ აღიარებას გაითვალისწინებდა.

პეტრე იმ სტიუარდესას ძმას ერქვა, რომლის ცოლად მოყვანასაც გარდაცვლილი აპირებდა. გამომძიებლებმა მუშაობა ახლა ამ მიმართულებით დაიწყეს და გაარკვიეს, რომ ქალი ორიოდე თვის წინა საავადმყოფოში იყო მისული და იქ დაუდასტურეს, განუვითარებელი საშვილოსნო გაქვს, ბავშვი არასდროს გეყოლებაო. მერე გაირკვა, ამის ნიადაგზე, მფრინავმა ქორწინებაზე უარი თქვა, გოგომ ძმას შესჩივლა, იმან კი...

„მოკვლა არ მინდოდა, შეშინება მსურდა, უკან იმიტომ ჩავჯექი, ვიფიქრე, ერთ-ორს რომ ვუჩხვლეტ „სპიცით“, აზრზე მოვა-მეთქი, მაგრამ სავარძლის სისქე ვერ გავთვალე და როცა „სპიცი“ შევარჭე, ერთი ამოიხვნეშა და მოკვდა. მანქანიდან გადმოვედი და გავიქეცი“, - თქვა ძმამ, რომელსაც ამ მკვლელობის გამო, 8 წელი აკმარეს, ადვოკატს კი... 3 წელი პირობითი ერგო.