პედოფილი, რომელიც 6 წლამდე გოგონებზე ნადირობს - სათამაშო დათუნიით გახსნილი უმძიმესი დანაშაული

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პედოფილია - ეს სიტყვა საბჭოთა კავშირში ჩურჩულითაც კი იშვიათად წარმოითქმებოდა. იმის მიუხედავად, რომ პედოფილიის ფაქტები იყო და თან არაერთი, საბჭოთა ხელისუფლება ამას საგულდაგულოდ მალავდა, პედოფილიაში ბრალდებულებს კი ერთადერთი განაჩენი ელოდათ - დახვრეტა. დღეს დახვრეტის მუხლი საქართველოში გაუქმებულია და ვერც პედოფილებს სჯიან უმაღლესი ზომით, ვერც - ნარკოტიკების გამსაღებლებს...

 

1987 წლის გაზაფხულზე, თბილისში, ბავშვთა საავადმყოფოდან 6 წლის გოგონა გაქრა. ჰო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაქრა, რადგან პალატაში დაბრუნებულმა დედამ შვილი ვერ აღმოაჩინაა. ექიმს ჰკითხა, იმან მხრები აიჩეჩა, შემდეგ - ექთანს, სხვა ექიმს და როცა კორიდორში მყოფმა ერთ-ერთმა ბავშვმა ჩუმად ჩაილაპარაკა, თქვენი შვილი ექიმს ნემსის გასაკეთებლად იმ მხარეს მიჰყავდაო, დედა „იმ მხარეს“ კივილით გაიქცა, რადგან იქ საავარიო გასასვლელი იყო. გოგონაც იქვე, საავარიო გასასვლელთან უგონოდ ეგდო. რა თქმა უნდა, ექიმებმა სასწრაფოდ გასინჯეს, ანალიზებიც აუღეს და გაარკვიეს, რომ ბავშვს საძილე ნემსი ჰქონდა გაკეთებული. მკურნალმა ექიმმა თავში ხელი შემოირტყა, ამ ნემსის გაკეთება არ შეიძლება იმ პრეპარატებთან, რომელსაც ბავშვი იღებს, რეაქციაში შევა და შესაძლოა, ლეტალური შედეგი დადგესო.

ბავშვი სასწრაფოდ რეანიმაციაში გადაიყვანეს და დედას მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრეს - თუ ორგანიზმი სამი დღე გაუძლებს, ბავშვი იცოცხლებს, თუ არადა... რაღა თქმა უნდა, ექიმებმა მილიციაშიც დარეკეს.

„ადგილზე მისულებს, პრაქტიკულად, უმართავი პროცესი დაგვხვდა. დედა დასაბმელი იყო, ექიმები ძლივს აკავებდნენ, რეანიმაციის განყოფილებაში სურდა შესვლა, მაგრამ არ უშვებდნენ. ჩვენს დანახვაზე სულ გაგიჟდა, სად იყო მილიცია, შვილს რომ მიკლავდნენო. როგორც იქნა, ჩემმა ოპერებმა ქალი გააკავეს და ვენაში დამამშვიდებელი გაუკეთეს, თანაც ისეთი დოზა, რომ იმ დღეს, მის დაკითხვას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, ის პატარა ბავშვი დავკითხეთ, რომელმაც დაინახა, თუ როგორ მიჰყავდა ექიმს გოგონა საავარიო გასასვლელისკენ, თუმცა ბევრი ვერაფერი თქვა - ექიმს თეთრი ხალათი ეცვა, პირბადე ეკეთა, თავზე ქუდი ეხურა და მხოლოდ შავი თვალები დავინახეო. შავი თვალებიც არ იყო სანდო ინფორმაცია, ბავშვი შორი მანძილიდან შავს და თუნდაც ყავისფერს ნაკლებად გაარჩევდა. ამიტომ, ადგილზე მყოფი ექიმებისა და ექთნების დაკითხვა დავიწყეთ“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

იმ დროისთვის, როცა უცნობმა ექიმმა ბავშვი ჩაატარა, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელს ალიბი ჰქონდა, გარდა მთავარი ექიმისა და სანამ საქმეში ბოლომდე გაერკვეოდნენ, სამართალდამცავებმა სწორედ... მთავარი ექიმი დააკავეს.

„თქვენ ხომ არ გადაირიეთ? მე, დამსახურებულ ექიმს ჩირქს მცხებთ და სიტყვაზე არ მენდობით, რომ ბავშვის გატაცებასთან საერთო არაფერი მაქვს. მე ვერ და არ ვამბობ, სად ვიყავი, მაგრამ ვიყავი გასული სადილზე და შემდეგ დავბრუნდი, ყველამ იცის, რომ ამ დროს სადილზე გავდივარ და ახლაც ასე იყო. თქვენ უნდა მენდოთ, სხვა გზა არ არის“, - ბოლო ხმაზე ყვიროდა ექიმი, თუმცა სიტყვაზე ნდობა არ გამოვიდა და როცა მან ერთი დღე კამერაში გაატარა, მიხვდა, ალიბი უნდა გამოემზეურებინა. როგორც გაირკვა, გვერდით კორპუსში, ექიმს საყვარელი ქალი ჰყავდა, რომელთანაც მართლაც, ყოველდღიურად, სადილზე ადიოდა და მის სახელს უფრთხილდებოდა, თუმცა სამართალდამცავებისთვის გამხელა მოუხდა. გამოძიებამ ვერსია გადაამოწმა და დასტურიც მიიღო. გამოდიოდა, რომ საავადმყოფოში, ექიმის ტანისამოსში ვიღაცამ შეაღწია, ვიღაც უცხო, მაგრამ იყო კიდევ ერთი, მცირე დეტალი, რომელიც გამოძიებას აუცილებლად დაეხმარებოდა.

საქმე ის გახლდათ, რომ საავარიო გასასვლელი კარის გასაღები რამდენიმე ადამიანს ჰქონდა და ეს წრე არცთუ დიდი გახლდათ. გასაღები არ სჭირდებოდა მედპერსონალს, მაგრამ სჭირდებოდა დამლაგებელს, რომელიც იქვე, კარის უკან ინახავდა ინვენტარს, ელექტრიკოსს, სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელს.

მოკლედ, მილიციაში სწორედ სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი დაიბარეს, წინ ქაღალდი დაუდეს და უთხრეს, ჩამოეწერა იმ ადამიანთა სახელები, რომლებსაც გასაღები ჰქონდათ. სავარაუდოდ, გამტაცებელი იქიდან მიიმალა, რადგან როცა ბავშვი იპოვეს, კარი ღია იყო. სამეურნეო ნაწილის გამგემაც ექვსი ადამიანის გვარ-სახელი ჩამოწერა, თუმცა სამი მათგანი მაშინვე გამოირიცხა, რადგან ქალბატონები იყვნენ, ბავშვი კი ამტკიცებდა, გოგონა მამაკაც ექიმს მიჰყავდაო. გადაამოწმეს ყველა მათგანი და არც არაფერი - ყველას ალიბი ჰქონდა. ამიტომ, გამგე კიდევ ერთხელ დაიბარეს და კითხვა სხვაგვარად დაუსვეს - „ჩახედეთ სიას, ხომ არ გამოგრჩათ ვინმე, ან ხომ არ არის ისეთი, ვინც ადრე მუშაობდა თქვენთან და ჰქონდა გასაღები, ამჯერად კი აღარ მუშაობს?“

გამგემ ფურცელი ჩაიკითხა, მერე ჩაფიქრდა და სახე აელეწა - „იცით, ჩემი სახელი და გვარი არ ჩამიწერია“, რაზეც სამართალდამცავებს გაეცინათ, აქ ჩაწერის გარეშე გადავამოწმეთ და სუფთა ხართო. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, გამგემ კიდევ ერთი სახელი დაწერა, საავადმყოფოს მომმარაგებლის, კაცის, რომელსაც პროდუქტები მოჰქონდა და შემდეგ ამ პროდუქტებისგან ბავშვებს საკვებს უმზადებდნენ. იმ დღეს, როცა გოგონას გატაცების მცდელობა იყო, მომმარაგებელი სამსახურში არ უნდა ყოფილიყო და ის არც არავის უნახავს. სანამ მის დაკთხვას გადაწყვეტდნენ, სამართალდამცავები საავადმყოფოში წავიდნენ - ბავშვი აზრზე მოვიდა და ექიმებმაც დამაჯერებლად თქვეს, გოგონა გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო.

„დედიკო პალატიდან რომ გავიდა, ვიღაც ექიმი შემოვიდა, ნემსი უნდა გაგიკეთოო და გავყევი. დედიკო ყოველთვის მეუბნება, ექიმებს დაუჯერე, მათ შენთვის კარგი უნდათო. მერე იქითკენ წამიყვანა (ბავშვმა ხელი საავარიო გასასვლელისკენ გაიშვირა), ნემსი მკლავში იქვე გამიკეთა, მე გული ამერია, მერე კიდევ ამერია და ის კაცი მანამდე კარს აღებდა, მერე, დაბლა დავეცი და არაფერი მახსოვს“, - სულ ეს იყო გოგონას მონაყოლი და იქვე მდგარმა მთავარმა ექიმმა დაბეჯითებით თქვა - გამტაცებელი არც ჩვენი თანამშრომელია და არც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რადგან ასე რომ იყოს, ზუსტად ეცოდინებოდა, რა პრეპარატებით მკურნალობენ ასეთ ავადმყოფებს და მიხვდებოდა, დასაძინებელი წამალი რეაქციაში შევიდოდა და ბავშვს კომაში ჩააგდებდაო. ესეც დიდი შეღავათი იყო, სამართალდამცავებისთვის ექიმების თემა გამოირიცხა.

„იმედი როგორ უნდა დავარქვა, მაგრამ ერთადერთ იმედად სწორედ ის მომმარაგებელი გვყავდა. დავკითხეთ, მაგრამ მხრები აიჩეჩა, იმ დღეს ვისვენებდი, მთელი დღე ავტოფარეხში ვიყავი, მანქანას რაღაცებს ვუსწორებდი, თუ გინდათ, ჩემს ცოლს ჰკთხეთო. ცოლს კი ვკითხეთ, მაგრამ მან მხრები აიჩეჩა, არც კი ვიცი, ავტოფარეხი სად გვაქვს, იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჭუჭყიანი ხელებით კი ამოვიდა და როცა ამბობს, ავტოფარეხში ვარ, ყოველთვის მაზუთიანი მოდის, ამიტომ იქ იქნებოდაო. გამოდიოდა, რომ მომმარაგებელს ალიბი არ ჰქონდა და ამის მიუხედავად, შინ გავუშვით“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როგორც კი მომმარაგებელმა თავი სამშვიდობის იგრძნო და შემდეგ დღეს სამსახურში გამოცხადდა, სამართალდამცავები მის ოჯახში მივიდნენ და ცოლს ავტოფარეხის გასაღები სთხოვეს. მან უხმოდ მისცა და თან მხრები აიჩეჩა. გამომძიებლებმა მეზობლების მეშვეობით საჭირო „გარაჟი“ იპოვეს, გააღეს და გულდასმით გაჩხრიკეს. საინტერესოს ვერაფერს მიაგნეს, გარდა კუთხეში მიგდებული ძველი სათამაშო დათუნიასი, რომელიც 3-4 წლის წინ, ყველა მაღაზიაში იყიდებოდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავდა, ისიც დიდი, ცალკე ცხოვრობდა და ამიტომ, დათუნია ქალს ანახეს, იმან კი მხრები აიჩეჩა, პირველად ვხედავო.

„ბევრს ვფიქრობდი, სად მქონდა ეს დათუნია ნანახი და ერთ-ერთი ოპერიც მეუბნებოდა, რატომღაც მახსოვს ეს დათუნია, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, საიდან შეიძლება მახსოვდესო, თუმცა როცა განყოფილებაში დავბრუნდით, მაშინვე აღვიდგინეთ - სწორედ სამი წლის წინ, პატარა გოგონა დაიკარგა და როცა მშობლებმა მილიციაში სურათი მიიტანეს, ბავშვს ამგვარი დათუნია ეჭირა ხელში და ისიც თქვეს, ბავშვი დათუნიასთან ერთად დაიკარგაო. მაშინვე მომმარაგებლის დასაკავებლად გავედით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მომმარაგებელი სამართალდამცავებს ძალიან მშვიდად გაჰყვა, მაგრამ როცა დაკითხვის ოთახში მაგიდაზე დადებული დათუნია დაინახა, წაბარბაცდა, სახეზე აილეწა, თუმცა თავი მოთოკა და სკამზე დაეშვა. მას წინ სამი წლის წინ დაკარგული გოგონას სურათი დაუდეს და სახე ისევ შეეცვალა. სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ მათ წინ გამტაცებელი იჯდა, მაგრამ როგორ უნდა დაემტკიცებინათ?

„მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ამ კაცის გაშვება არ შეიძლებოდა. ამიტომ, იმ უიშვიათეს მეთოდს მივმართე, რომელსაც მართლაც, ათასში ერთხელ ვიყენებდი - ეჭვმიტანილი დასამუშავებლად კუნთმაგარ ბიჭებს მივუგდე. მეორე დღეს, თბილისთან ახლოს, ტყეში, სამი წლის წინ დაკარგული გოგონას საფლავს ვთხრიდით“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

მამაკაცმა აღიარა, რომ პატარა გოგონების მიმართ მუდმივი ლტოლვა ჰქონდა, მაგრამ თავს თოკავდა. ვერ მოთოკა სამი წლის წინ და ვერც ამჯერად, თუმცა არ იცოდა, რომ მეორე შემთხვევის დროს, დასაძინებელი წამალი სხვა პრეპარატთან რეაქციაში შევიდოდა და როცა გოგონას გული აერია, უბრალოდ, დააგდო და გაიქცა, სიჩქარეში კი საავარიო გასასვლელის კარის დაკეტვა დაავიწყდა. სასამართლომდე საქმე არ მისულა, რადგან ეჭვმიტანილი საკანში ჩამომხრჩვალი ნახეს. ამბობდნენ, მას თავის მოკვლაში თანასაკნელები დაეხმარნენო, მაგრამ რეალურად, ამ გარდაცვალების გამო, არავინ დასჯილა.