„აფხაზეთში ძალიან ცოტა რუსი დარჩა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ კრიმინალთან, რომელიც თავს ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ რუსეთმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთიდან ჯარის ნაწილები გაიყვანა და უკრაინის ფრონტზე გადაისროლა. უფრო მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ ჯარის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიები სამართალდამცავთა დიდმა ნაწილმაც დატოვა და ახლა, როგორც ადგილობრივი პოლიცია, ისე ჯარი, გამოუცდელი კადრების იმედადაა. ისიც ითქვა, ამის ფონზე, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში კრიმინალმა მოიმატა და დღე ისე არ გავა, რამდენიმე მძიმე დანაშაული არ მოხდესო. სწორედ ამის გადასამოწმებლად, სოხუმში მცხოვრებ ქართველს დავუკავშირდით. ის რუსეთში იძებნება, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ აფხაზეთის დედაქალაქში მშვიდად იყოს და უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს.

 

- ჯერ შენზე გვითხარი, რატომ არ გაკავებს აფხაზეთის პოლიცია რუსეთის პოლიციის ძებნილს?

- აქ ჩემნაირი ბევრია. ყველამ იცის, რომ რუსეთი გვეძებს, მაგრამ მშვიდად ვართ. თუ მკვლელობა და ყაჩაღობა არ გაქვს ჩადენილი, არ გაწუხებენ. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ რუსეთს აწყობს, რაც შეიძლება მეტი ძებნილი იყოს აფზახეთის ტერიტორიაზე. დასჭირდება და ყველას ერთ დღეს დაგვიჭერენ.

- და საქართველოში რატომ არ მოდიხარ?

- დედა მყავს აფხაზი, მოხუცია, აქ არის, ვერ ვტოვებ და ესეც არ იყოს, არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში არ დამიჭერენ. იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთს გადამცემენ, არა. მე რუსული პასპორტი მაქვს, აფხაზურიც, შესაბამისად, საზღვრის დარღვევის გამო, დამაკავებენ, პიარს გაიკეთებენ. გადავამოწმე ეგ გზაც და ვფიქრობ, ბოლომდე აფხაზეთში ვიცხოვრებ.

- ახლა ის გვითხარი, მართალია, რომ ჯარები გაიყვანეს აფხაზეთიდან?

- კი, გაიყვანეს, ძალიან ცოტა რუსი დარჩა, ძირითადად, წვევამდელები, მაგრამ თუ ვინმე იმას ფიქრობს, ახლა არის მომენტი და საქართველო აფხაზეთში ძალისმიერი მეთოდით უნდა შემოვიდეს, არასწორია. მერე რუსეთი აუცილებლად შემოიყვანს ჯარებს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვფიქრობ, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს და არა - ომით.

- ადგილობრივ მოსახლეობას სურს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა?

- სად არის მოსახლეობა? ადგილობრივები, ვინც ეთნიკურად აქაურები არიან, ძალიან, ძალიან ცოტაა. აქაურობა სომხებმა და ჩეჩნების ნაწილმა აითვისეს. ისედაც, თუ ქალაქში ცხოვრობდა, ვთქვათ, ათასი კაცი, ახლა ეს რაოდენობა ათჯერ ნაკლებია. არის სოფლები, სადაც 2-3 ოჯახი ცხოვრობს, აგერ, ტყვარჩელი, ლამის სულ ცარიელია, საერთოდ არავინ ცხოვრობს. უფრო იმას ამბობენ, რომ ჰქონდეთ რუსეთის პასპორტი, ჰქონდეთ აფხაზეთის პასპორტიც და თან ითვლებოდნენ საქართველოს მოქალაქეებად. რამდენად შესაძლებელია ეს, არ ვიცი, მაგრამ ასეა. თან, 30 წელი გავიდა ომიდან და 30 წლის კაცს, რომელიც აქ დაიბადა, ძნელია აუხსნა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, არ უნახავს მას ყველაფერი ეს და დაიბადა აფხაზეთში, გაძვალტყავებულ, გაღარიბებულ ქვეყანაში, მაგრამ მუდმივად ესმის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელია.

- ქართველები ცხოვრობენ აფხაზეთში?

- ბოლო ორი წლის განმავლობაში, ოჩამჩირეში, გალში, გაგრაში დაბრუნდნენ ვიღაცები. ჰო, ჩამოდიან, ძირითადად, ისეთები, რომელთა სახლებიც მიტოვებული იყო და არავინ ცხოვრობდა. ცოტა გაარემონტეს, ხელი შეავლეს, ზოგი დარჩა, ზოგი მიდის და მოდის. ნელ-ნელა, მაგრამ ბრუნდებიან. ვერ გეტყვით, რომ აქ სიხარულით ხვდებიან და ხელგაშლილები ეგებებიან, მაგრამ არაფერს უშავებენ. ეგეც დროის ბრალია, ვიღაც აქედან 40 წლის ასაკში რომ წავიდა, ახლა 70 წლისაა და მისი თაობის ადამიანი ცოტაა. ჩამოდიან მათი შვილები, შვილიშვილები, რომლებიც აქაურობას არ იცნობენ, არც აქაურებს იცნობენ, მაგრამ მოკითხვით ნახულობენ მამებისა და ბაბუების მეგობრებს, მათთან ეძებენ მფარველობას, რომ ტყუილად არავინ არაფერი დაუშაოს. რამდენიმე შემთხვევა იყო, ქართველების სახლში შესულმა რუსებმა და სომხებმა უარი თქვეს გამოსვლაზე და ფული შესთავაზეს, აქაოდა, სახლი მომყიდეო. ზუსტად ვიცი, რამდენიმე ასეთი გარიგება ოფიციალურად შედგა. თანხა დიდი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, არაფრისგან ფული რჩება. განცდა იმისა, რომ ისინი ძალიან მალე დაბრუნდებიან, არ არის. 30 წელია, ერთ ადგილზეა გაყინული კონფლიქტი.

- ამბობენ, უკრაინაში ომის დაწყებისა და აფხაზეთიდან პოლიციის თანამშრომლების გასვლის შემდეგ, მძიმე დანაშაულებმა იმატაო...

- ეგეც ტყუილია. ვისაც დანაშაულის ჩადენა სურს, პოლიცია არ აინტერესებს. აქ, დაახლოებით, ისეთი სიტუაციაა, როგორიც თბილისში, სამოქალაქო ომის შემდეგ იყო. იარაღი ყველას აქვს, ყველა რაღაცას ჩალიჩობს, ძირითადად, უკანონოს, რადგან კანონიერი სამუშაო, უბრალოდ, არ არის. ამიტომ, კრიმინალს არც მანამდე უჭირდა და არც ახლა უჭირს, არაფერი შეცვლილა, თანაც თუ ფული გაქვს, პოლიცია მკვლელობასაც გაპატიებს, თუ რა თქმა უნდა, ვინმე ისეთ არ მოკალი, ვისაც უფრო მეტი ფული აქვს.

- პოლიცია ქართველებს არ ერჩის?

- ქუჩაში ქართულად თუ დაილაპარაკებ, შესაძლოა, ნებისმიერი მოვიდეს და საბუთები გთხოვოს. თუ გაიგეს, რომ საქართველოდან ვინმე ჩამოვიდა, აუცილებლად მიდიან, ეკთხებიან ჩამოსვლის მიზანს, თუ არ მოეწონათ, აპატიმრებენ, მერე ფულს ართმევენ და უშვებენ, ოღონდ საზღვართან მოჰყავთ და უკან შესვლის ნებას აღარ აძლევენ.

- ზაფხულში ტურისტები დადიან?

- პრაქტიკულად, მხოლოდ ისინი, რომლებსაც აქ ახლობლები ეგულებათ. შემთხვევითი ტურისტი იშვიათად ხვდება აქეთ, რადგან ჩამოსვლისთანავე თუ არა, მეორე დღეს მაინც ყველაფერს ართმევენ. არ კლავენ, უბრალოდ, კულტურულად აყაჩაღებენ. ეს სამართალდამცავებმაც იციან, მაგრამ არაფერს აკეთებენ, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ზაფხულში აფხაზეთი სამოთხეა, სისულელეა. თუ აქ ახლობელი გეგულება, რომელიც მუდმივად შენთან ერთად ივლის, მაშინ ჰო, არავინ არაფერს გეტყვის, მარტო მოსიარულე ტურისტი კი, უბრალოდ, განწირულია, აუცილებლად გაასუფთავებენ.

- უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად აფხაზეთიდან რიგითი მოქალაქეები წავიდნენ?

- დაახლოებით, ისეა, როგორც საქართველოში, ვიღაც გამოვა და იტყვის, საომრად მივდივარო. მასობრივად, ორგანიზებულად რომ მიდიოდნენ, ასე ნამდვილად არ არის.