მეზობელმა მეზობელი 3 ათასის გამო მოკლა: „სამჯერ დავარტყი, გავთიშე, მერე აივანთან მივედი და გადავაგდე“ - მკვლელის აღიარება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ უქმეებზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. „მადრიდის „რეალმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ლივერპულს“ სძლია და ისტორიაში მეთოთხმეტედ, ჩემპიონთა თასს დაეუფლა. შეხვედრას 82 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, რაც საკმაოდ სოლიდური ციფრია. საქართველოს პირველობაზე კი მაყურებლების სერიოზული პრობლემაა. სულ 2-3 ქალაქია, სადაც ადგილობრივი ფანობა არ იზარებს და სტადიონზე მიდის, დანარჩენ ქალაქებში კი ისე ხდება, ხანდახან მონდვრის მოთამაშეები და სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები მაყურებელზე მეტია. არადა, იყო დრო, როცა სტადიონზე დასწრების მხრივ, თბილისის „დინამო“ ევროპაში პირველი იყო და ისეთ გრანდებს უსწრებდა, როგორებიც არიან, იგივე „რეალი“ და „ლივერპული“. ასე განსაჯეთ, „დინამოზე“ გულშემატკივრის რაოდენობა კონკურენციას იმ „ნაპოლის“ უწევდა, სადაც მაშინ ბურთს დიეგო მარადონა აგორებდა. გარდა რამდენიმე ათეული ათასი გულშემატკივრისა, ათი ამდენი ტელევიზორს იყო მიჯაჭვული და პირდაპირ რეპორტაჟს თვალს სწორედ ტელევიზორის საშუალებით ადევნებდა. მაშინ, როცა საქართველოს მთავარი კლუბი თამაშობდა, ქუჩები, პრაქტიკულად, ცარიელი იყო. ასე მოხდა 1984 წლის გაზაფხულის ერთ დღესაც, როცა ყველა „დინამო“-„ცსკა“-ს შეხვედრას ადევნებდა თვალს, ერთ-ერთი კორპუსის აივანზე გამოსულმა ადმიანებმა კი დაინახეს, რომ ეზოში მამაკაცის უსულო სხეული ეგდო. კაცი მაშინვე იცნეს, ის იმავე კორპუსში, ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ დიდად არავისთან ურთიერთობდა, ყველამ თქვა, რომ მშვიდი პიროვნება იყო და წარმოდგენაც არავის ჰქონდა, თავი რატომ უნდა მოეკლა. ჰო, მეზობლები სწორედ თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავდნენ, თუმცა როგორც კი ექსპერტი მოვიდა, მაშინვე თქვა, ეს კაცი არ გადმოვარდა, გადმოაგდესო. გამომძიებელმა მაშინვე უნდობლად გახედა, ერთი შეხედვით, თითქმის წარმოუდგენელი იყო ამის დადგენა, მაგრამ ექსპერტმა ყველაფერი მარტივად და რაც მთავარია, დამაჯერებლად ახსნა.

 

„როცა ადამიანი მაღალი სიმაღლიდან ვარდება და ადგილზე კვდება, არ მოძრაობს ანუ როგორც დაეცემა, ისეთივე მდგომარეობაში რჩება. ამას კი კეფა აქვს ჩამსხვრეული ანუ ზურგით დაეცა, მაგრამ პარალელურად, სიკვდილამდე, სახის არეში ძლიერი დარტყმები აქვს მიყენებული, კბილებიც კი დამტვრეული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ სცემეს, მერე გადმოაგდეს და ზურგზე დაეცა. ვინ და რატომ სცემა, ჩემი გასარკვევი არ არის, ეგ თქვენი საქმეა“, - ჩაილაპარაკა ექსპერტმა და გვამთან ჩაიმუხლა.

სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს და მეზობლების გამოკითხვა დაიწყეს. მალევე გამოჩნდა ერთი, რომელმაც თქვა, რომ ტაიმებს შორის შესვენებაზე, როცა სიგარეტს ეწეოდა, დაინახა, როგორ ეწეოდა გარდაცვლილიც, თუმცა შემდეგ ისევ ფეხბურთს მიუბრუნდა. გარდაცვლილის ბინის კარი ღია იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მკვლელი შინ თავად შეუშვა. ოთახში თითქოს არეულობის კვალი არ ჩანდა, მაგრამ ფანჯრის რაფა იმდენად მაღალი იყო, ძალიან უნდა მოენდომებინა ვინმეს, რომ იქიდან გადმოვარდნილიყო. მაგიდაზე ღვინის ბოთლიც იდგა, რომელსაც 100-150 გრამი აკლდა ანუ წეით, გარდაცვლილი მთვრალი არ უნდა ყოფილიყო. რაც ყველაზე საინტერესოა, მეზობლებს არ დაუნახავთ უცხო ადამიანი და შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ მაშინ კორპუსებში, ყველა ყველას იცნობდა და უცხოსაც ადვილად ამჩნევდნენ.

სანამ გარდაცვლილს მორგში გადაასვენებდნენ, ვიღაც ბიჭი მოვარდა და ჯერ ბოლო ხმაზე აყვირდა, შემდეგ სამართალდამცავები მოიკითხა და გვერდით გაიხმო.

„მე და გარდაცვლილი მეობრები ვართ, ფეხბურთს ერთად ვუყურებდით, პირველი ტაიმი სანამ დასრულდებოდა, მისმა ტელევიზორმა აურია. მაშინვე მეორე მეგობართან გავიქეცი, მან კი მშვიდად მითხრა, დაღლილი ვარ, ცოტა ღვინოს მოვწრუპავ და დავიძინებო. მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში დარეკა, ანგარიში იკითხა და მითხრა, ვიღაცას ველოდები და მერე დავწვებიო, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის, არ იცნობო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამეგობროდან არავის ელოდა, რადგან მე ყველას ვიცნობ“, - თქვა გარდაცვლილის მეგობარმა.

სამართალდამცავებს ყველაფერი ეს ძალიან გაუხარდათ და ჩათვალეს, რომ საქმე გაიხსნა, რადგან მარტივად გაარკვევდნენ, ვინ დარეკა სახლის ტელეფონზე (მაშინ მობილურები არ იყო) და იმის მიხედვით გაარკვევდნენ, ვინ იყო იდუმალი სტუმარი, თუმცა გამომძიებლებს გაწბილება ელოდათ - კავშირგაბმულობაში დაადასტურეს, რომ გარდაცვლილმა მეგობართან დარეკა, მაგრამ არც მანამდე და არც მას შემდეგ, მას არავისთან დაურეკავს და არც ზარი შესულა. რა გამოდიოდა? ვიღაცამ შემთხვევით გამოიარა? თუმცა, რა იცოდა გარდაცვლილმა, რომ ის ვიღაც მოვიდოდა?

სამეგობროს გარდა, პრაქტიკულად, ყველა მეზობელი გამოჰკითხეს, მოიკითხეს სამსახურშიც და მცირე მიზეზიც კი ვერ ნახეს, რომ შეიძლებოდა, ვინმეს ბიჭი მოეკლა. საცოლეც კი რაიონში ჰყავდა, გოგო, რომელიც ცოლად უნდა მოეყვანა და ამ საქმეში არც კონკურენტი ჰყავდა ანუ იმ გოგონას სხვა მსურველს რომ მოეშორებინა თავიდან, ესეც გამოირიცხა. შედეგი არც ბინის ჩხრეკამ გამოიღო, თუმცა ისევ მეგობარი გამოჩნდა და ძალოვნებს ზედმეტად საინტერესო კითხვა დაუსვა - „ბინაში ფული ნახეთ?“ გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. სახლში ფული კი იყო, ასე, 200 მაანეთამდე, მაგრამ ეს არ იყო ის თანხა, რომლის გულისთვისაც ადამიანს მოკლავდნენ, თანაც ეს ფული წიგნში იდო, რომელიც მკვლელს არც კი დაუთვალიერებია. ეს იმას ნიშნავდა, რომ მკვლელი ძვირფასეულობისთვის ან გასაქურდად არ იყო შესული, მაგრამ...

„გარდაცვლილი მანქანის ყიდვას აპირებდა და მეგობრებისგან ისესხა. ოთხმა კაცმა 3 ათასი მანეთი შევუგროვეთ, დანარჩენი მშობლებს უნდა მიეცათ, მანქანაც შეგულებული ჰყავდა და მომავალი კვირის ბოლოს მიდიოდა საყიდლად“, - თქვა მეგობარმა. 3 ათასი მანეთი ბინაში არ იყო ანუ მკვლელმა ზუსტად იცოდა, რომ სახლში ფული ინახებოდა და კონკრეტულად ის თანხა წაიღო, რომელიც ეგულებოდა, დანარჩენი არც უძებნია. ძალოვნებმა ყველაფერს სხვა თვალით შეხედეს და მთავარი ეჭვმიტანილების სიაში სწორედ ის მეგობრები მოექცნენ, რომლებმაც ფული შეაგროვეს, თანაც ოთხივე ამტკიცებდა, არავისთვის გვითქვამს, უბრალოდ, მივეცით და მორჩაო ანუ მხოლოდ ამ ოთხეულმა და გარდაცვლილმა იცოდა ფულის არსებობის შესახებ და რატომ იყო გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანს მოეკლა და თანხა დაესაკუთრებინა, მაგრამ როგორ? რატომ იცოდა გარდაცვლილმა, რომ მასთან ვიღაც უნდა მისულიყო და ეს მაშინ, როცა არავის დაურეკავს? გადაამოწმეს იმ მეგობრის ალიბი, რომელიც თითქოს ფეხბურთის საყურებლად სხვაგან წავიდა და გარდა იმისა, რომ იმ ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, სადაც მივიდა, კიბეზე მეზობელს შეხვდა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, ძაღლმა უცხო კაცისკენ გაიწია და დაუყეფა ანუ მას მყარი ალიბი ჰქონდა, მაგრამ ვინ იყო მკვლელი? დანარჩენი მეგობრების ალიბის შემოწმების შემდეგ, სამართალდამცავებმა ხელები უმწეოდ ჩამოუშვეს - ყველას ალიბი ჰქონდა.

გამოძიება სხვა მიმართულებით წავიდა. იქნებ, მეგობრებმა კი არა, გარდაცვლილმა უთხრა ვინმეს ფულის შესახებ? ეჭვი მანქანის გამყიდველზეც მიიტანეს, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა არაფერი. გარდა იმისა, რომ მას ალიბი ჰქონდა, ფულიც საკმარისი გააჩნდა, რომ 3 ათასი მანეთის სანაცვლოდ, ვინმე არ მოეკლა.

პარალელურად, ექსპერტმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ სახის ძვლების ტრავმის გარდა, გარდაცვლილს სხეულზე ეტყობოდა ჩალურჯებები, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიაყენეს და რაც მთავარია, კბილის ნატეხი სასაში იყო გაჩხერლი, რაც ასევე, იმას მიანიშნებდა, რომ სიკვდილამდე გვარიანად სცემეს.

ოპერებმა მეზობლებში მოიკითხეს, ვის შეიძლებოდა ეცემა გარდაცვლილი და ყველამ ერთხმად თქვა, ასეთი უბანში მხოლოდ ერთი კაცია და ისიც იმ ბიჭის ზემოთ ცხოვრობსო. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მას შეეძლო, უბრალოდ, აივნიდან დაეძახა, საქმე მაქვს, ჩამოვალო და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა მეზობელს, რომ გარდაცვლილს შინ 3 ათასი მანეთი ჰქონდა?

მოიკითხეს მისი ვინაობა და ხელჩასაჭიდი ვერაფერი უპოვეს ანუ ის არც კრიმინალში ყოფილა შემჩნეული, არც ისეთი სამეგობრო წრე ჰყავდა, რომ კრიმინალთან ჰქონოდა კავშირი. ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ მეზობელს ხელებზე დაზიანება ეტყობოდა, ესე იგი, გამოდიოდა, რომ სადღაც მუშტები იქნია და დიდი შანსი იყო, ეს „სადღაც“, სწორედ მის ქვემოთ მდებარე ბინა ყოფილიყო.

სხვათა შორის, ექსპერტის დასკვნაში ისიც ეწერა, რომ გარდაცვლილის ერთ-ერთი კბილიდან აღებული სისხლის ნიმუში მისას არ ემთხვეოდა ანუ ყველა ვარიანტში, მკვლელის უნდა ყოფილიყო. მეზობელი მარტივად, ხმაურის გარეშე დააკავეს და მას სახეზევე შეეტყო, რომ მომხდართან კავშირი ჰქონდა. სისხლის ჯგუფი მისას დაემთხვა და რამეს უარყოფას აზრიც აღარ ჰქონდა.

„აივანზე სიგარეტს ვეწეოდი, როცა ქვედა მეზობელი აივანზე გამოვიდა და ფულის დათვლა დაიწყო. მექანიკურად, მეც თვლა დავიწყე და როცა 3 ათასამდე ავიდა, გავოცდი. არ მეგონა, ამდენი ფული თუ ჰქონდა. არადა, მანქანის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ფულს ვერ ვაგროვებდი. მთელი დღე ვერ მოვისვენე, ღამით ფეხბურთს ვუყურე, ქვედა მეზობელს კარი ღია ჰქონდა და მესმოდა, მეგობართან ერთად რომ იყო. მერე ისიც გავიგე, მეგობარი რომ წავიდა და ახლაც არ ვიცი რატომ, ჩავთვალე, რომ ეს ჩემი შანსი იყო. მაინც ვყოყმანობდი, მაგრამ შემდეგ აივანზე გავედი და ჩავძახე, საქმე მაქვს, ჩამოვალ-მეთქი. ჩავედი, სამჯერ დავარტყი, გავთიშე და სანამ აზრზე მოვიდოდა, ფული დავძებნე, ადვილად ვიპოვე, მერე აივანთან მივედი და გადმოვაგდე, არავის არაფერი გაუგია, ფეხბურთის დამთავრებას 10 წუთი აკლდა“, -განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მას განზრახ მკვლელობისთვის 14 წელი მიუსაჯა.

 

ბათო ჯაფარიძე