12 წლის ბიჭი გამოძიებას სწორ კვალზე გასვლაში დაეხმრა - სკანდალური საქმის დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 მკვლელობა, რომელიც პროკურორმა შეუკვეთა

 

 თუ დააკვირდებით, ჩვენს ისტორიებში ძალიან იშვიათად ვასახელებთ ადამიანთა ნამდვილ სახელებსა და გვარებს და ეს იმიტომ, რომ დაზარალებულებს ძველი ჭრილობები არ გაეხსნათ, დამნაშავეთა შთამომავლებმა კი უხერხულობა არ იგრძნონ. ეს ის გამონაკლისია, როცა სახელს და გვარს შეუცვლელად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვწერთ. მიზეზი მარტივია - საქმე, რომელზეც გიამბობთ, სისასტიკითაა აღსავსე და რაც მთავარია, მისი მთავარი მოქმედი გმირი... თუმცა, სჯობს, ისტორიას მივყვეთ.

 

არცთუ იშვიათად, რუსეთიდან საქართველოში აგზავნიდნენ პროკურორებს, რომლებიც აქ 1-2 წელი რჩებოდნენ, შემდეგ კი ისევ სამშობლოში ბრუნდებოდნენ და არცთუ ურიგო თანამდებობებს იკავებდნენ. ეს ორი რამით იყო განპირობებული - პირველი ის, რომ ქართველ ჩინოვნიკებს არ უნდა აეწყოთ კორუფციული ჯაჭვი ანუ არ უნდა ყოფილიყვნენ გარიგებულნი ერთმანეთთან და ამიტომ, უცხო კაცი, მით უმეტეს რუსეთიდან, ყველასთვის საფრთხილო იყო. მეორე კი გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა, ცოდნის გაზიარება და, რაღა თქმა უნდა, რუსეთის მინიშნება იყო, მმართველი კრემლშია და ის წყვეტს, ვინ სად იმუშავებსო.

„სწორედ ასე დაგვინიშნეს ვინმე, ნიკოლაი შიროკოვი თბილისში, ერთ-ერთ რაიონულ პროკურორად. რაც მთავარია, ვიცოდით, რომ ორი წლის განმავლობაში,  წამსვლელი არსად იყო. კარგი კაცი გახლდათ, განათლებული, მეგობრული, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ჩვენს დედაქალაქში. ოჯახებით ვმეგობრობდით, თვითონ კი თქვა, კოლია დამიძახეთო, მაგრამ ყველა ნიკოს ვეძახდით. 1982 წელს წავიდა საქართველოდან და მალევე შემეხმიანა, სმოლენსკის ოლქის პროკურორად დამნიშნეს, თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვარო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

თითქოს რიგითი ამბავია, საქართველოში ჩამოვიდა კაცი, იმსახურა, დაბრუნდა სამშობლოში, კარგი თანამდებობა მისცეს, თანაც როგორი? - სმოლენსკის ოლქში, მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა და ოლქის მთავარი ქალაქი სმოლენსკიც არ იყო უკანა პოზიციებზე. როგორც ამბობენ, შიროკოვს ყველა ემადლიერებოდა, ის ოლქის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, ყველას და ყველაფერს ითვალისწინებდა და მის შავ „ვოლგას“ ოლქში ყველა სცნობდა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 1983 წელს, სმოლენსკში მომხდარი დანაშაულის ადგილზე მივიდა. აი, რა წერია საქმეში:

„ქარხნის ბუღალტრებმა ბანკიდან 39 ათასი მანეთი წამოიღეს. სანამ ისინი ქარხნის კუთვნილ მანქანაში, ე.წ. „ბუხანკა რაფში“ ავიდოდნენ, საიდანღაც ერთ-ერთი ბუღალტრის შვილი, 12 წლის ვალოდია გადმოხტა და სათამაშო პისტოლეტით დედა და მისი თანამშრომელი შეაშინა. დედა ბავშვს გაუბრაზდა, სათამაშო პისტოლეტი გამოართვა, ჩანთაში ჩადო და შვილს მიაწოდა, მძიმეა, შენ გეჭიროსო. ქალის საქციელი იმ ადამიანებს, ვინც ამ სცენას შეესწრო, არ გაჰკვირვებიათ - მას აშკარად ეტყობოდა, რომ ორსულად იყო და ორიოდე თვეში, კიდევ ერთი ბავშვის დედა გახდებოდა. ვალოდია დედამისთან, მის თანამშრომელ ქალსა და, რაღა თქმა უნდა, მძღოლთან ერთად, მანქანაში ავიდა. მანქანა ადგილიდან დაიძრა“, - ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს თვითმხილველებმა მიაწოდეს.

ამ ამბიდან ნახევარ საათში, გზის პირზე, ორივე ბუღალტერი ქალი გარდაცვლილი ნახეს. რაღა გარდაცვლილი, ორივეს თავში ჰქონდა მორტყმული ტყვია. ექსპერტიზამ მეორე დღეს დაასკვნა - ორივეს სანადირო თოფით ესროლეს საფანტის ტყვიები, მაგრამ რადგან გასროლა ახლო მანძილიდან, თანაც - თავში იყო, სიკვდილი მომენტალურად დადგა. არსად ჩანდა ბიჭი, ფულის ჩანთა, მანქანა და მძღოლი.

სამართალდაცმავებმა მანქანაზე ძებნა გამოაცხადეს, ოპერმუშაკთა ნაწილი მძღოლის სახლში წავიდა, მეორე ნაწილი - ბავშვის ბებიასთან, რომელიც ქალაქის გარეუბანში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამართალდამცავებმა დააგვიანეს - მოხუცი ქალი საკუთარ ეზოში მოკლულ ეგდო, თავში მასაც საფანტის ტყვია ჰქონდა მხოვედრილი, 12 წლის ვალოდია კი არსად ჩანდა. მალე მიაგნეს მანქანასაც, რომელიც ერთ-ერთი ქარხნის დანგრეულ ნაწილში იყო მიტოვებული, მისგან ათი მეტრის მოშორებით კი მძღოლი ეგდო, რომელიც... თავში სანადირო თოფის გასროლით იყო მოკლული.

მთელი ოლქის სამართალდამცავები ფეხზე დადგნენ. ამდენი მკვლელობა, თანაც ერთ დღეს, ოლქს არ ახსოვდა. განსაკუთრებით პროკურორი აქტიურობდა და კატეგორიულად ითხოვდა, საქმე ცხელ კვალზე, მაქსიმუმ, ორ საათში გახსნილიყო. გამომძიებლებმა ბავშვის გარემოცვის შესწავლა დაიწყეს. იქნებ, 12 წლის მოზარდს ვინმემ უთხრა, რომ ფულის გატაცებაში დახმარებოდა? ვერაფრით უკავშირებდნენ ერთმანეთს ბიჭისა და ფულის ერთად გაუჩინარებას. თავდამსხმელებს ბავშვის მოკვლა რომ სდომოდათ, იქვე მოკლავდნენ, სადაც ქალები დახოცეს, ან საერთოდ, იმ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც მძღოლი გამოასალმეს სიცოცხლეს. დაკითხეს გარდაცვლილი ბუღალტრის უახლოესი მეგობარი, მეზობელი ქალი, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას.

„ვისგან ელოდა ბავშვს ჩემი მეგობარი, არ ვიცი. ვიცი ის, რომ მას იაფფასიანი მედალიონი ეკეთა, რომელშიც საყვარელი მამაკაცის ფოტოს ინახავდა. ამბობდა, შვილს მისი სახელი უნდა დავარქვა, ბიჭიაო. შვიდი თვის ორსული იყო და კაცს იმიტომ არ აჩენდა, რომ ის ცოლ-შვილიანი იყო, თუმცა პირდებოდა, ცოლს დავშორდები და შენ მოგიყვანო“, - განაცხადა მან.

ქალმა ისიც თქვა, ვალოდიამაც კი არ იცოდა ამ კაცის არსებობის შესახებ, დედა ეუბნებოდა, თავის დროზე, ყველაფერს გაიგებო. დაათვალიერეს გარდაცვლილი და... ყელსაბამი, სადაც საყვარელი მამაკაცის ფოტო უნდა ყოფილიყო, არსად ჩანდა. თავდამსხმელებმა ყელსაბამი შეაწყვიტეს და ეს, იმის მიუხედავად, რომ ვერცხლისაც კი არ იყო ანუ ღირებულებას არ წარმოადგენდა.

„როცა სმოლენსკიდან დამირეკეს, გამიკვირდა. მითხრეს, რომ მე და კიდევ ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც ნიკოლაი შიროკოვთან მეგობრობდა, სასწრაფოდ უნდა ჩავსულიყავით სმოლენსკში, ოღონდ ისე, რომ კოლიასთვის არაფერი გვეთქვა. ზარი უშიშროების კომიტეტმა განახორციელა და, რაღა თქმა უნდა, ყველა მითითება პირნათლად შევასრულეთ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ადგილზე ჩასულებს, უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები დახვდნენ და ჰკითხეს, როგორი პიროვნება იყო შიროკოვი, როგორ იქცეოდა საქართველოში, ჰყავდა თუ არა საყვარლები? ქართველებმა სმოლენსკის ოლქის მოქმედი პროკურორი ზედმიწევნით დადებითად დაახასიათეს. ვერცერთმა გაიხსენა ისეთი რამ, რის გამოც შეიძლებოდა მასზე აუგი ეთქვათ. გამომძიებლები კი გაუჩინარებულ, 12 წლის ვალოდიას მთელი ოლქის მასშტაბით ეძებდნენ. მკვლელობიდან მესამე დღეს, მილიციის განყოფილებაში ზარი გაისმა. ვიღაც კაცი ამბობდა, ვალოდიას მე მოვიყვან განყოფილებაში, ოღონდ მოთხოვნა მაქვს - ადგილზე უშიშროების კომიტეტის შეფი და ვალოდიას დედის მეგობარი ქალი უნდა დამხვდნენო. რა თქმა უნდა, პირობა შეუსრულეს და კაცმა ვალოდია, სწორედ უშიშროებას ჩააბარა. ბავშვის გადაცემიდან ათ წუთში, ოლქის პროკურორის, ნიკოლაი შიროკოვის დაპატიმრების ორდერი გაიცა.

„მთელი ოპერაცია ჩემს მიერ იყო დაგეგმილი. არასასურველი ქალისა და შედეგად, ბავშვის მოცილება იყო მთავარი მიზეზი და მიზანი. დავუკავშირდი ჩემს ძმას, რომელმაც ორჯერ მოიხადა სასჯელი, თუმცა იმდენი მოვახერხე, ნასამართლეობა გავუქარწყლე და მეც სამსახურში პრობლემები არ შემქმნია. თავის მეგობართან ერთად, მათ უნდა დაეყაჩაღებინათ ბუღალტრები, მოეკლათ და ფული წაეღოთ. ყველაფერი რიგით ყაჩაღობას დაბრალდებოდა. მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა, საქმე რომ არ გამოძიებულიყო, თუმცა მანქანაში ბავშვი აღმოჩნდა და ინსტიქტურად, ფული მან გაიტაცა. კულონიც მე შევახსნევინე, რადგან გამომძიებლებს ჩემი ფოტო არ ენახათ. რაც მთავარია, ბავშვს დედამ უთხრა, როცა რამე გაგიჭირდება და მე ახლოს არ ვიქნები, კოლია ბიძიას დაურეკეო და ჩემი ნომერი მისცა. ბავშვმაც დამირეკა, სკვერში ვარ და მოდიო. ჩემს ძმასა და მის მეგობარს ვუთხარი, ისინი კი ბავშვმა შორიდანვე შეამჩნია და გაიქცა. ასე მიხვდა, რომ მე სხვა მხარეს ვიდექი“, - ეს არის ამონარიდი ნიკოლაი შიროკოვის ჩვენებიდან.

როგორც მერე გაირკვა, მძღოლს ათქმევინეს, სად ცხოვრობდა ბავშვი, იქ წავიდნენ, მოკლეს ბებია და მაინც ვერ იპოვეს შვილიშვილი. ვალოდიამ, ძია კოლიასთან მომხდარის შემდეგ, ქუჩაში სრულიად უცნობი მამაკაცი გააჩერა, ყველაფერი უამბო და დახმარება სთხოვა. მილიციაშიც, სწორედ ამ უცნობმა დარეკა.

რაც შეეხება ოლქის პროკურორზე ეჭვის მიტანას. გამომძიებლებმა შემთხვევით ნახეს ქალი, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილი ორჯერ ნახა ოლქის პროკურორის მანქანაში. მის დაკავებასა და თვალთვალზე სანქცია პირადად იური ანდროპოვისგან მოიპოვეს. ის უკვე ცეკას გენერალური მდივანი იყო, მაგრამ უშიშროების კომიტეტს კვლავ პირადად აკონტროლებდა.

სმოლენსკის ოლქის პროკურორს, ნიკოლაი შიროკოვს, მის ძმა ვასილს და მის „პადელნიკს“ სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. ვალოდია ამის შემდეგ ინტერნატში მოხვდა, თუმცა იქაც სანიმუშო ბავშვი იყო და სრულწლოვნად გახდომის შემდეგ, მეხანძრის პროფესია აირჩია. 1991 წელს, სმოლენსკში, ცაცხლმოკიდებული სახლიდან ორი ბავშვის გამოყვანის შემდეგ, ვალოდია მათი დედის გამოსაყვანად შებრუნდა, თუმცა ჩამოვარდნილმა სახურავმა ისიც და ქალიც ცეცხლში ჩაფერფლა.

 ავტორი - ბათო ჯაფარიძე