9 წლის გოგონა მოკლეს და ფანჯრიდან გადმოაგდეს - როგორ გახდა კლასის დამრიგებელი დანაშაულის თანამონაწილე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 იმის მიუხედავად, რომ დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ შს სამინისტროს დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული, ადრეც და ახლაც მკაცრად არის გაწერილი ერთი წესი - როცა პოლიციის თანამშრომელი სროლას აპირებს, მან იარაღი ჯერ ჰაერში უნდა გაისროლოს მოწოდებით - „დამნებდი, გესვრი“ და თუ სავარაუდო ეჭვმიტანილი წინააღმდეგობას მაინც არ შეწყვეტს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაისროლოს. არცთუ იშვიათად, ეს პროცედურა დამნაშავის სასარგებლოდ მოქმედებს, ის კონცენტრირებას და გაქცევას, ან დამალვას ახერხებს. ხშირად, საპასუხო ცეცხლსაც ხსნის.

 „თბილისის ერთ-ერთ ახლადგაშენებულ გარეუბანში უბედური შემთხვევა მოხდა. 9 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გავიდნენ და მალე ჩვენ დაგვირეკეს, ეს უბედურ შემთხვევას არ ჰგავსო. ადგილზე მისულებს, ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე დაგვხვდა, როგორც უბედური შემთხვევის დროს ხდება ხოლმე - ფანჯრის რაფაზე, გარეთა მხარეს, ბავშვის საშინაო ფაჩუჩების ნაწილაკებიც კი ვიპოვეთ, რომელიც რკინის რაფას იყო გამოდებული, მაგრამ ექსპერტი ამტკიცებდა, საფეთქელთან ისეთი ღრმა ჭრილობა აქვს, დაცემით ამას ვერ მიიღებდა, ასფალტზეა დაცემული ანუ მას ჯერ თავში ჩაარტყეს რაღაც და მერე გადმოაგდესო. სამუშაო დრო იყო და თვითმხილველიც არავინ იყო, ამ დროს ყველა სამსახურშია, ბავშვები - სკოლაში. გარდაცვლილს მაღალი სიცხე ჰქონდა და დედამ სკოლაში ამიტომ არ გაუშვა“, -გვიყვება ისტორიას ბატონი თენგიზი, რომელსაც ბავშვის ასაკისა და მასში მონაწილე კონკრეტული პროფესიის ადამიანის გამო, გრიფით საიდუმლო დაედო.

ბინაში ასულმა გამომძიებლებმა კუთხეში დადებული უთო იპოვეს, რომელსაც დამაგრძელებელი სველი ჰქონდა. ექსპერტმა საგულდაგულოდ დაათვალიერა და თქვა, მკვლელობის იარაღი სწორედ ეს არის, გარეცხვა სცადეს, მაგრამ დეტალურ შემოწმებაზე სისხლის ნაწილაკებს აუცილებლად ვიპოვიო. ექსპერტი მართალი აღმოჩნდა, უთო მკვლელობის იარაღი გამოდგა და ამას გარდა, სახლიდან ძვირფასეულობა იყო წაღებული, მცირე ოდენობით ოქრო, დაახლოებით, ორი ათასი მანეთი და ბებიას ოქროს კბილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, სტუმრად ყოფნის დროს მოსძვრა და დატოვა, მეორე მოსვლაზე წავალ სტომატოლოგთან და გავიკეთებო.

რაც მთავარია, კარი გატეხილი არ იყო ანუ ის მკვლელმა ან საკუთარი გასაღებით გააღო, ან ბავშვმა თავად გაუღო. ბოლო ვერსია იმაზე მეტყველებდა, რომ მკვლელს ბავშვი კარგად იცნობდა, მაგრამ ბავშვის დედამ თავი გაიგიჟა, შვილი ლოგინიდან ვერ დგებოდა, ისე ცუდად იყო, სამსახურშიც მხოლოდ იმიტომ წავედი, რომ განცხადება დამეწერა და 3-4 დღით გავთავისუფლებულიყავიო. გამოდიოდა, მკვლელმა კარი საკუთარი გასაღებით გააღო, მაგრამ გასაღები მხოლოდ ცოლ-ქმარს და ბავშვს ჰქონდა.

„ბავშვმა, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაკარგა გასაღები და ახალი გავუკეთეთ. საკეტის გამოცვლაზე კი დავფიქრდით, მაგრამ ვიღაცას შეგნებულად რომ მოეპარა, მიზეზი უნდა ჰქონოდა, ჩვენ კი ისე ნამდვილად არ ვცხოვრობთ, ვინმემ ამხელა გათვლა გააკეთოს და რაც მთავარია, ბავშვი მოკლას უმნიშვნელო თანხის გამო“,-განაცხადა ოჯახის უფროსმა და რეალურად, ის მართალი იყო. ორი ათასი მაანეთის გამო, 9 წლის ბავშვის მოკვლა ლოგიკაში არ ჯდებოდა.

გამოძიებას ჰქონდა მეორე ვერსიაც: მკვლელმა არ იცოდა, რომ ბავშვი შინ დახვდებოდა, გასაღებით გააღო, შევიდა და შემდეგ არასასურველი მოწმე მოიშორა. საუბედუროდ, იმ პერიოდში, ყველა სამსახურში ან სკოლაში იყო და კორპუსში შესული უცხო ადამიანი არავის დაუნახავს. ყოველი შემთხვევისთვის, სამართალდამცავებმა მშობლების ალიბიც გადაამოწმეს და ეჭვი ორივე მათგანზე მოიხსნა. დაკითხეს მასწავლებლები და ბავშვის თანაკლასელები, ხომ არ შეუნიშნავთ უცხო ადამიანი გარდაცვლილის გვერდით და უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ერთი კვირა გავიდა და გამოძიება წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა, თუმცა ერთი კვირის შედეგ, გარდაცვლილის თანაკლასელის ბინა გაქურდეს და ისიც დღისით ანუ მაშინ, როცა შინ არავინ იყო. ამჯერადაც, კარი გასაღებით იყო გაღებული და როგორც გაირკვა, მასაც გასაღები, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაეკარგა. სამართალდამცავებმა ყველა ბავშვი გამოკითხეს იმის გასარკვევად, კიდევ ვინ დაკარგა გასაღები და აღმოჩნდა, რომ ანალოგიური რამ კიდევ ორ მათგანს დაემართა. მათ ბინებთან მორიგეობა დააწესეს, თუმცა ამაოდ - ორი კვირის შედეგ, ერთ-ერთის ბინა გაქურდეს და თან ისე, რომ ოპერმუშაკები ეზოში, მანქანაში ისხდნენ და... ეძინათ.

„ეს არ იყო ჩავარდნა, ეს დაცინვა გახლდათ. ორივე ოპერმუშაკი სამსახურდან დავითხოვეთ, მაგრამ ამით წინ ვერ წავიწიეთ. სამაგიეროდ, მეოთხე ბინასთან გავაძლიერეთ თვალთვალი და თან სკოლის პერსონალის შესწავლა დავიწყეთ. ყვველაზე საეჭვო კლასის დამრიგებელი გვეჩვენა. ის ახალგაზრდა, 31 წლის ქალი იყო, ქმარს გაცილებული, 11 წლის გოგონას მარტო ზრდიდა, თუმცა მეზობლები ამბობდნენ, მის სახლში უცხო მამაკაცი არასოდეს შეგვინიშნავსო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ყოველი შემთხვევისთვის, თვალთვალი მასწავლებელზეც დააწესეს და ბედის ირონიით, ერთ დღეს ოპერმუშაკმა, რომელსაც უნდა ეთვალთვალა, ფეხი მოიტეხა. ყველა თანამშრომელი დაკავებული იყო და ამიტომ, სათვალთვალოდ განყოფილების უფროსი, თავად ბატონი თენგიზი წავიდა. მან მალევე შეამჩნია, რომ სკოლიდან გამოსულ მასწავლებელს უკან ვიღაც კაცი აჰყვა და თითებზე არსებული სვირინგებით თუ ვიმსჯელებდით, ის მინიმუმ, ნასამართლევი უნდა ყოფილიყო. ქალი სადარბაზოში შევიდა, მას მამაკაცი ფეხდაფეხ მიჰყვა, 5 წამის დაყოვნებით კი გამომძიებელიც შევიდა. ქალი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა და კიბეს ფეხით აუყვა. მესამე სართულზე მას მამაკაცი დაეწია და მილიციის თანამშრომელმა გაიგონა ქალის მუდარა - არ მომკლა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, გამომძიებელმა იარაღი იშიშვლა, კიბეზე ავარდა და სწორედ მაშინ, როცა კაცს მასწავლებლისთვის მკერდში დანა უნდა ჩაერტყა, იარაღის ხმა გაისმა. თავდამსხმელი სადარბაზოს ფილაქანზე უსულოდ გაიშხლართა, ქალი კი ზედ გადაემხო და... ატირდა.

სროლის ხმაზე მთელი კორპუსი გარეთ გამოვიდა, გამომძიებელმა ბრძანება გასცა, სასწრაფოში და მილიციაში დაერეკათ. რაც მთავარია, გამომძიებელმა ქალი ბორკილით სადარბაზოს მოაჯირს მიაბა, რათა შინ არ ასულიყო და თუ სახლში რაიმე ნივთმტკიცება ჰქონდა, არ გაექრო. ამან შედეგი გამოიღო - ჩხრეკაზე მისულმა ექსპერტებმა ოქროს კბილი იპოვეს, სწორედ ის კბილი, რომელიც მოკლული ბავშვის სახლიდან დაიკარგა. მოკლული დამნაშავე კი მრავალჯერ ნასამართლევი პირი იყო.

„გარდაცვლილი ჩემი ბავშვობის სიყვარულია. როცა დაიჭირეს და 8 წელი მისცეს, გავთხოვდი. მერე ქმარს დავშორდი, ეს აღარ შემხვედრია, მაგრამ მიყვარდა. მერე კიდევ დაუჭერიათ, მერე - კიდევ, თუმცა როცა დავინახე, ყველაფერი დამავიწყდა და სიყვარულის მორევში თავით გადავეშვი. ბავშვების ბინების გაქურდვაც მან მოიფიქრა - მოსწავლეებს თემა დავაწერინე და ვთხოვე, დაეწერათ, რა გარემო იყო სახლში. ამის მიხედვით დავადგინეთ, ვინ იყო შეძლებული და ვინ - არა. გასაღებები კი ფიზკულტურის გაკვეთილის დროს, გასახდელში მოვპარე. პირველ საქმეზე რომ წავიდა, გული გამისკდა, მივხვდი, ბავშვი შინ იქნებოდა, მაგრამ როგორ გამეფრთხილებინა? მკვლელობის შესახებ მერე გავიგე, მაგრამ არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო. მერე მეორე ქურდობა მოხდა, მერე - მესამე და ალბათ, მიხვდა, რომ ჩემზე გამოხვიდოდით და კვალის წაშლის მიზნით, მოკვლას მიპირებდა“, - ასეთი იყო მასწავლებლის ჩვენება.

იმის მიუხედავად, რომ საქმე ქალთან ჰქონდათ, მოსამართლეებმა მკაცრი ვერდიქტი გამოიტანეს და მასწავლებელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ციხიდან 9 წლის შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა შვილმა, რომელიც მამამ გაზარდა, ახლოს არ გაიკარა. გათავისუფლებიდან ერთ კვირაში, ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცავებს ეჭვი შურისძიებაზე ჰქონდათ, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვეს და საქმე სუიციდად გაფორმდა.