ნამახვანჰესის პროექტზე ადგილობრივები მაღალანაზღაურებად პოზიციებზე უნდა დასაქმდნენ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

120-დღიანი პროტესტის შემდეგ, მინისტრები ცაგერში ჩავიდნენ

გუშინ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ცაგერში ჩავიდნენ. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ლეჩხუმის მუნიციპალიტეტს მას შემდეგ ეწვივნენ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ბოლო სხდომაზე პირობა დადო, რომ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ინვესტორსა და მოსახლეობას შორის არსებულ გაუგებრობას ადგილზე, დიალოგის გზით გადაჭრიდა. ცხადია, ძალიან კარგია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, როგორიც ნამახვანჰესია, მოსახლეობამ ინფორმაცია მთავრობის წევრებისგან მიიღოს, მაგრამ უცნაურია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალების გარეშე, თვითონ მინისტრებმა, ეს ვერ მოიფიქრეს. თუმცა არ მიკვირს, რადგან ენერგეტიკის სამინისტრო აღარ არსებობს - ეს მნიშვნელოვანი უწყება იმ რეფორმას ემსხვერპლა, რომლითაც სამინისტროების შემცირება იგეგმებოდა. რა თქმა უნდა, მცირე მთავრობის იდეა მისასალმებელია, მაგრამ ერთი ხელის მოსმით სამინისტროების გაუქმება არ შეიძლება. მით უფრო მაშინ, როდესაც ენერგეტიკა ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი და უმთავრესი დარგია. ჩვენ კი როგორ მოვიქეცით? მცირე მთავრობის მოდელით აღფრთოვანებულები, ვეცით და ენერგეტიკის სამინისტრო გავაუქმეთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რიგით დეპარტამენტად ვაქციეთ და კაციშვილი არ დავტოვეთ ქვეყანაში, ვინც ამ სფეროში არსებულ პრობლემებს პროფესიონალურ დონეზე გადაწყვეტდა.

ჰოდა, იმიტომაც გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს - დიახ, უხვმდინარიან საქართველოში, ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა იმის გამო, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ბუნებაში აღარ არსებობს, რეალურად არც არავინ დარჩა, ვინც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, თითქოს მოსახლეობის სახელით, ქვეყანაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, საკადრის და არგუმენტირებულ პასუხს გასცემდა. არადა, ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჰესების გარეშე კი, ენერგოდამოუკიდებლობა წარმოუდგენელია. მოკლედ, ორჯერ ორი ოთხივითაა და სამწუხაროა, რომ მოსახლოებამდე ამ მარტივი ჭეშმარიტების მიმტანი აქამდე არავინ გამოჩნდა. აბა, როგორ შეიძლება, რომ 120 დღის (თითქმის ოთხი თვე) მანძილზე, ადამიანები ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, მაგრამ ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს მათი ხმა არ ესმოდეს? თუმცა, არ გაგიკვირდეთ, ენერგეტიკის სამინისტრო არ არსებობს და...

 

ეს გრძელი შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ამ პრობლემის არსი ზუსტად დავინახოთ. დიახ, 5 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ცაგერში ჩაბრძანდნენ. ვიზიტის მიზანი, ადგილობრივი მოსახლეობის დარწმუნება იყო, ნამახვანჰესის მშენებლობის საჭიროებაში. ვერ გეტყვით, რომ თურნავა-დავითაშვილმა „მისია შეასრულეს“ (პროტესტის ის მონაწილეები, რომლებიც სოფელ ნამოხვანში, გაშლილ კარავში იმყოფებიან, შეხვედრას არ დასწრებიან), მაგრამ ყინული გაჭრეს (ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები, უშუალოდ მინისტრებისგან მიიღეს).

საბოლოოდ, ამ შეხვედრით ერთი, მნიშვნელოვანი რამ გაცხადდა - ადგილობრივი მოსახლეობა ანუ ლეჩხუმელები, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი სულაც არ არიან, უბრალოდ, მათ საჭირო ინფორმაცია არ აქვთ და ამ პროექტის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

მინისტრებისა და მოსახლეობის შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში შედგა. ადგილობრივები ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებით დაინტერესდნენ. ნათია თურნავას განმარტებით, ინვესტორს მიწა მხოლოდ იმ პირობით გადაეცა, რომ მის მიერ აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

„ეს არის ჰესის აშენება იმ ნებართვისა და წესების მიხედვით, რა წესებსაც სახელმწიფო უწესებს და გააკონტროლებს. ეს არის 28-კილომეტრიანი გზის აშენება და უსასყიდლოდ გადაცემა უკან, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის მთელი რიგი სხვა პირობები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ მართლზომიერ სარგებლობაში ეს მიწები. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სახელმწიფოს აქვს უფლება, როგორც პროექტი მოშალოს, ასევე, გადაცემული ქონება მიზნობრივი აქტივი სახით დაიბრუნოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მთლიანობაში, ძალიან კარგი და საქმიანი იყო. მეტიც, ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მართალია, „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც სოფელ ნამოხვანში, კარვებში იმყოფებიან და ამ შეხვედრას არ დაესწრნენ, მაგრამ თურნავა-დავითაშვილმა გადაწყვიტეს, მათთან თავად წასულიყვნენ.

მე და ჩემმა კოლეგა ლევან დავითაშვილმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის. პირველ რიგში, გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი დიდი სურვილია, ჩვენ შორის საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს ცაგერში ჩამოსვლა და გვესმის მათი, რომ ღია ფორმატია აუცილებელი. შესაბამისად, თქვენც ხედავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მედია სრულად დასწრებოდა შეხვედრას. ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები, ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ, შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ“.

ახლა, ისევ ცაგერის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრას დავუბრუნდეთ, რომელიც მინისტრებსა და მოსახლეობას შორის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრებმა განმარტეს, რომ ნამახვანჰესი საფრთხის შემცველი არ არის და მისი ნგრევის შანსი არ არსებობს. მეტიც, თურნავა-დავითაშვილის განცხადებით, ენერგოდამოუკიდებლობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები - მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე, ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ  გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსისა და ნგრევის არც ერთი პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კარგადაა შესწავლილი გეოლოგია და „რაღაც ქანებთან“  დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც სახელდება, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები დაიცავს ხეობას მეწყრული პროცესებისგან.

„ასევე, ფანტაზიის ნაყოფია  აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს - არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“, - დააზუსტა თურნავამ.

მეტიც, თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტზე მუშაობის პროცესში, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს. რაც მთავარია, მოსახლეობამ ჰესთან დაკავშირებით უნდა მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და არა ის, რასაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს.

„ხალხს დავპირდით, რომ  პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა, მათთვის სანდო ექსპერტების მიერ, „ზემო ნამახვანის“ პროექტირება/შესწავლაში, რადგან „ზემო ნამახვანზე“ ნებართვა, ჯერჯერობით, გაცემული არის, კვლევები ახლა მიმდინარეობს და კარგი მომენტი, რომ თუკი რაიმე კომუნიკაცია დავაკელით „ქვემო ნამახვანის“ პროექტს, ახლა ეს პრობლემა სხვაგვარად გადავწყვიტოთ და ამ კვლევებში მაქსიმალურად ჩავრთოთ  დაინტერესებული მოსახლეობა“.

ცაგერის კულტურის სახლში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო. თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა რიგით კვალიფიკაციებსა და პოზიციებზე კი არა, არამედ, მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე დასაქმდეს.

„ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რათა მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს იმისთვის, რომ უფრო მაღალი რანგის ინჟინრები მომზადდნენ. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის“ - ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ, ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.