„დენის გაძვირება გარდაუვალია!“ - დავით მირცხულავას სკანდალური პროგნოზი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ ჩერდება ენგურჰესი ოთხი თვით

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენგურჰესი ოთხი თვით გაჩერდება. ბუნებრივია, ამ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზრდება, რადგან ენგურჰესის გაჩერებით, საქართველოს ენერგოსისტემაში დეფიციტი არ შეიქმნას. პარალელურად, მიმდინარე წლის დეკემბერში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ _ სემეკი სამი წლის წინ დადგენილ დენის ტარიფს უნდა გადახედოს. შესაბამისი განაცხადით სემეკ-ს უკვე მიმართეს ,,თელასმა’‘ და ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’‘. მართალია, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ,,ვერსიასთან’‘ ინტერვიუში განაცხადა, რომ დენის გაძვირებაზე საუბარი ნაადრევია, მით უფრო მაშინ, როდესაც სემეკ-ში კომპანიების განაცხადების განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ექსპერტების მოსაზრებით, დენის გაძვირება გარდაუვალია. 

ენგურჰესზე დაგეგმილ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ,,ვერსია’‘ ენერგეტიკის ექსპერტს, პროფესორ დავით მირცხულავას ესაუბრება.

_ ბატონო დათო, ენგურჰესი ზამთრის დასაწყისში, ოთხი თვით ჩერდება ანუ მაშინ, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად იზრდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები თავიდანვე დაგეგმილი იყო? 

_ საინტერესო კითხვაა. ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის, ამ შემთხვევაში, საუბარია ძალიან მასშტაბურ რეაბილიტაციაზე, ევროპის საინვესტიციო ბანკმა 32 მილიონი ევრო გამოყო. ეს სამუშაოები მთელი რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების რეაბილიტაციას მოიცავს, მათ შორის: სადერივაციო გვირაბის, ჰესის შენობის, ფოლადის წყალსაშვების და სხვა. აქედან ძალიან მნიშვნელოვანია გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც დიდი ხანია, იგეგმებოდა. სამუშაოები ორჯერ გადაიდო იმიტომ, რომ სატენდერო პროცედურა, რასაც საინვესტიციო ბანკები ითხოვდნენ, ჩატარდა და დღეს უკვე ენგურჰესი რეაბილიტაციისთვის მზადაა. ახლაც, ამ ეტაპზეც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ ენგურჰესის რეაბილიტაცია, დაახლოებით, 15-20 იანვრიდან დაიწყება და ოთხ თვემდე გასტანს. 

ამ ოთხი თვის განმავლობაში, სწორედ ენგურჰესის გარეშე იფუნქციონირებს საქართველოს ენერგოსისტემა. ჩვენ ისედაც საკმაოდ დამოკიდებულები ვართ ელექტროენერგიის იმპორტზე და ამ შემთხვევაში, იმპორტის ოდენობა, რა თქმა უნდა, საგრძნობლად გაიზრდება. შესაბამისად, ენგურჰესის ენერგია იმპორტირებულით ჩანაცვლდება. რაც მთავარია, როდესაც ასეთი დიდი ობიექტი ჩერდება, აფხაზეთის მომარაგებაშიც პრობლემა შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებებით, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა გაიმართეს, ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგია ასეთი პროპორციით გაიყვეს _ 60/40-ზე ანუ ამ ენერგიის 60% დანარჩენ საქართველოს, 40% კი აფხაზეთს უნდა მოხმარებოდა. სამწუხაროდ, ბოლო წლებში აფხაზეთი, 40%-ის ნაცვლად, თითქმის 50%-მდე მოიხმარს, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების არნახული ზრდითაა გამოწვეული. მთელ რიგ შემთხვევაში, ასეთი ზრდა კრიპტოვალუტების წარმოებას უკავშირდება, რაც ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს. 

აფხაზური პრესის ინფორმაციებზე დაყრდნობით, წელს აფხაზეთში ძალიან მტკივნეული და დიდი შეზღუდვები დაიწყო, თუმცა იმ ენერგიას, რომელიც დასჭირდება, აფხაზეთი თვითონვე შეისყიდის. საქართველოს ენერგოსისტემა მიაწოდებს მხოლოდ იმ მოცულობის ელექტროენერგიას, რაც საჭირო იქნება სარეაბილიტაციო რეჟიმში მყოფი ენგურჰესის სადგურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მიწისქვეშა სადგურში, ტუმბოებმა მუდმივად უნდა იმუშაონ, ამიტომ ამ პერიოდში, ენგურჰესს გარკვეული მოხმარება დასჭირდება. 

_ ასეთი სამუშაოები წელს პირველად ტარდება თუ ადრეც ჩატარებულა? 

_ რა თქმა უნდა, ადრეც ჩატარებულა. რატომღაც, როდესაც საქართველოს ენერგოსისტემაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ რეაბილიტაციას თითქოს გარკვეული ყურადღება არ ექცეოდა. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული ამოცანა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს აქვს. 1998 წელს, ხელი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მოეწერა, რომელიც ენგურჰესის რეაბილიტაციას გულისხმობდა. 

მოგეხსენებათ, 1998 წელს, ენგურჰესზე მხოლოდ ერთი აგრეგატი მუშაობდა, მეორე აგრეგატს კი მისი ნახევარი სიმძლავრის აღება შეეძლო. 

სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (,,იბიარდი’‘) 1998 წლის დეკემბერში გაფორმდა, სადღაც 2000-იანი წლების დასაწყისში, ენგურჰესის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს დასრულდა, როდესაც ენგურჰესში ერთნახევარი აგრეგატი კი არა, არამედ, ხუთი იყო, თითოეული 260 მეგავატი სიმძლავრის გახლდათ და ხუთივე მუშაობდა. შესაბამისად, ენგურჰესს დადგმული სიმძლავრით მუშაობა შეეძლო. 

გარდა ამისა, 1997 წელს, ოთხთვიანი გაჩერების შედეგად, ენგურჰესზე საკმაოდ მასშტაბური რეაბილიტაცია ჩატარდა; 2003 წელს, საცობის რეაბილიტაცია განხორციელდა; 2006-ში ან 2007-შიც ჩატარდა რეაბილიტაცია და ახლა გვირაბის რეაბილიტაცია დაიგეგმა. თუ გნებავთ, ამის მიზეზსაც გეტყვით. 

_ კი, ბატონო.… 

_ მასშტაბური რეაბილიტაციის მთავარი მიზეზი დერივაციული გვირაბის რემონტია, საიდანაც გარკვეულ უბნებზე ფილტრაციული ნაკადების ზრდა ლოკალურად შეინიშნება. იმედია, ეს ნაკადები შემცირდება და ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეფექტური იქნება, პირველ რიგში, დერივაციული გვირაბის გაზრდილი ტექნიკური საიმედოობისა და ელექტროენერგიის გამომუშავების პარამეტრების გაუმჯობესების მხრივ. 

_ წეღან 90-იან წლებში გამართული მოლაპარაკებები ახსენეთ, რის საფუძველზეც ქართულმა და აფხაზურმა მხარებმა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაინაწილეს. ამ ხნის განმავლობაში, აფხაზეთი ენგურჰესიდან დენს, როგორც ვიცი, უფასოდ იღებდა.… 

_ დიახ, გეთანხმებით, აფხაზეთი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ენგურჰესს არ უხდის და ფაქტობრივად, ენგურჰესიდან დენს უფასოდ იღებს, თუმცა ახლა, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, აფხაზეთს დენის იმპორტის განხორციელება მოუწევს. მისთვის საჭირო ელექტროენერგიას, რუსეთი მიაწოდებს აფხაზეთს, სავარაუდოდ, ,,სალხინოს’‘ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით. 

სხვათა შორის, აფხაზეთს ამ ენერგიის შესყიდვა მოუწევს, რადგან უფასოდ არ მიაწვდიან. 

_ იმ ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესი გაჩერდება, ცხადია, ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაგვეზრდება, რასაც ისევ რუსეთსა და აზერბაიჯანისგან შევიძენთ? 

_ საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს, ძირითადად, აზერბაიჯანიდან ახორციელებს, თუმცა შარშან, ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემაში იმპორტი რუსეთმაც დაიწყო. სხვათა შორის, ენერგობაზარი დივერსიფიცირებულია და მაგალითად, წელს, თურქეთმაც დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი. დღეს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგოსისტემებიდან, 510 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება. 

ამდენად, ჩვენი მომწოდებლები იგივე ქვეყნები იქნებიან. მართალია, ძირითად, მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა მას რუსეთი და თურქეთიც ემატება. შესაბამისად, სწორედ ამ ქვეყნებიდან მივიღებთ ელექტროენერგიის იმ მოცულობას, რომლითაც ენგურჰესიდან მიღებული ენერგია ჩანაცვლდება და საქართველოს ენერგოსისტემაში მიწოდების დეფიციტი არ შეიქმნება. 

_ მართალია, ამ კითხვის პირდაპირი ადრესატი თქვენ არ ხართ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, დენი გაძვირდება? 

_ ვფიქრობ, დენის გაძვირება გარდაუვალია, თუნდაც ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო. ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფი იმ დროს დადგინდა, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაბალი იყო და მხოლოდ ამ კომპონენტითაც სავარაუდოა, რომ დენის ტარიფი გაიზრდება. 

გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, ელექტროენერგიის ტარიფი ისედაც გადასახედი იყო, რადგან ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა გადაიხედოს. ტარიფში უნდა აისახოს ყველა ის სამუშაო, რაც რეალურად, სადისტრიბუციო კომპანიებმა განახორციელეს. 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული დავალიანებები არსებობს, იგივე ,,თელასისა’‘ და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’‘ მიმართ და აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ტარიფის გაძვირება გარდაუვალია. თუმცა როგორ განხორციელდება ან რამდენად მტკივნეული იქნება ეს პროცესი, როგორ მოხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სუბსიდირება, ამას ვერ გეტყვით, ეს უკვე სემეკის საქმეა. თუმცა დენის ტარიფის გაძვირების წინაპირობები ობიექტურად არსებობს.

მაია მიშელაძე