"ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში" - ოლივერ ვარჰეი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლივერ ვარჰეიმ იმედი გამოთქვა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს ევროკავშირისგან უნიკალურ შეთავაზებას და გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას.

„დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს. შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი ქვეყანა რომ ავიღოთ, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსესუსის შემადგენელი. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მე მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად, იმიტომ, რომ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში და პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში ბევრი საკითხი შედის. ამიტომ, მოგვიწევს მუშაობა ერთად და იმედი მაქვს, რომ ეროვნული კონსესუსი შედგება იმ ყოველდღიური რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ როგორც ვახსენე უკვე, ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. იმედია, ამას ყველა დაინახავს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს“,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მისი თქმით, საქართველოში პოზიტიური ძვრები უკვე შეიმჩნევა.

მომდევნო კვირების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმუშავებს ამ მიზნისთვის. იმიტომ რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. რა თქმა უნდა, ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პუნქტის შესრულება, ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებისთვის, რათა თორმეტივე პუნქტი შესრულდეს, - თქვა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ სახეზეა პოზიტიური ძვრები სასამართლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით.

„რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა აქვს ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მე მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. დანარჩენი თქვენ კარგად მოგეხსენებათ 12 რეკომენდაციიდან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. იმიტომ რომ, რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას, მით უფრო სწრაფად წაიწევთ გზაზე ევროპისკენ. მინდა, ხაზი გავუსვა და ძალიან ძლიერი აქცენტი გავაკეთო შემდეგზე, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენსკენ,“- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.