3 ივლისი - რეალურად „შინ, ევროპისკენ“ თუ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ფეიკ-რიმეიკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრესბლოგი

 რატომ იქცა ივნის-ივლისი ქართული პოლიტიკის „აქილევსის ქუსლად“

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ივნის-ივლისი ქართული პოლიტიკისთვის ერთგვარ „აქილევსის ქუსლად“ იქცა: ჯერ იყო და, 2018-ში, „ბასიანში“ ჩატარებული შემოწმების გამო, ახალგაზრდობა გამოვიდა ქუჩაში. მაშინ ამ მღელვარების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ოპოზიციამ სცადა, თუმცა ყველაფერი იმდროინდელი პრემიერის „მინდა, დავიწყოთ ბოდიშით“ დამთავრდა. 2019 წლის ივნისიც ხმაურიანი აღმოჩნდა - ამჯერად, ხალხი ქუჩაში გავრილოვის ვიზიტმა გამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ 2019-შიც, პრემიერი გიორგი გახარია იყო, თუმცა წინა წლის ივნისისგან განსხვავებით, „გავრილოვის ღამე“ პირადად ექსპრემიერის რეზიუმეში სისხლიანი ასოებით ჩაიწერა. 2020-ის ივნისში არაფერი მომხდარა. აი, შარშანდელი ივნის-ივლისი კი ნამდვილად შავი ლაქაა - ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფები თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდებსა და ასევე, ჟურნალისტებზე დაგეშილი მგლებივით ნადირობდნენ.

 სხვათა შორის, ქართული ზნეობის დამცველები შეკრებას წელსაც აანონსებენ ანუ „ალტ ინფომ“ საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 2 ივლისს, პარლამენტის წინ, ქუდზე კაცი გავიდეს და „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას წინ აღუდგეს. არადა, ამ პრაიდს არავინ ატარებს და ეს „ალტინფოელები“ ქუჩაში რისთვის გადიან, გაუგებარია, თუმცა გასაგებია - მათი აქტიურობა რუსულ ნარატივს ჰგავს ანუ ჩრდილოეთს ყოველთვის ხელს აძლევდა, რომ ჩვენს ქვეყანაში შიდა კონფლიქტები ყოფილიყო. ასეთ დროს, კრემლი საკუთარ მიზნებს გაცილებით იოლად აღწევს. შიდა დაპირისპირების გასაღვივებლად კი ოფიციალური მოსკოვი სხვადასხვა თემას იყენებს. აი, მაგალითად, 90-იან წლებში, როცა ე.წ. ინტელიგენცია ეროვნულ ხელისუფლებას აუმხედრდა, საბაბი პირველი პრეზიდენტის ვითომ დიქტატორობა გახდა. ახლა კი, როცა ცხოვრება შეიცვალა, ერში შუღლის გასაღვივებლად, ყველაზე კარგი „ფეიკი“ ევროპაა, აი, ევროპა ქართველობას გვართმევს და გვრყვნისო.

ჰოდა, მოსახლეობის ნაწილიც რუსულ პროპაგანდას ახლაც ისე წამოეგო, როგორც 90-იანებში, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, თავისი პროპაგანდა დასავლეთსაც აქვს ანუ პრო-ებად გაყოფილი საქართველოს მოსახლეობა ცდილობს, მოწინააღმდეგე საკუთარი შეხედულების უალტერნატივობაში დაარწმუნოს.

საკუთარი აზრის დაცვა, ცხადია, კარგია, მაგრამ ისიც თვალნათელია, რომ საქართველოს გზა და ხსნა ჩრდილოეთში კი არა, მხოლოდ დასავლეთშია. შესაბამისად, ნარატივი, „ევროპა გვრყვნის და ქართველობას გვართმევს“, ისეთივე ბლეფია, როგორც მაგალითად, იმის მტკიცება, რომ თუ იმ ყავას დავლევთ, რომელშიც სიგარეტის ფერფლი ჩავარდა, აუცილებლად მოვკვდებით!

ისე, მითები იქით იყოს და, 3 ივლისის აქცია კარსაა მომდგარი. ზოგი თვლის, რომ ასეთი აქცია საქართველოში არასოდეს ჩატარებულა ანუ იმაზეა ლაპარაკი, რომ პროტესტის ავანგარდში, პოლიტიკოსები კი არა, ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლები დგანან. არიან თუ არა ეს ადამიანები რომელიმე პარტიასთან აფილირებულნი? - ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თუმცა დაანონსებული აქცია რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, ეს ნათელია.

უფრო მეტიც, სცენარი, დაახლოებით, ისეთია, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“ რომ იყო - ყველას თუ არა, ბევრს გემახსოვრებათ, 2003-ის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გაყალბების მოტივით, მაშინდელი ოპოზიცია, კერძოდ, ზურაბ ჟვანიას გუნდი, ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო განწყობა ენმ-ს თავიდან არ ჰქონდა, უფრო სწორად, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მეორე ადგილზე ასლან აბაშიძის „აღორძინება“ კი არა, არამედ, თავად გავიდა და ითხოვდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას მისთვის კუთვნილი მეორე ადგილი მიეცა, თუმცა მოგვიანებით, ყველაფერი შეიცვალა - ზურაბ ჟვანიამ ფილარმონიაში შეკრებილი თანამოაზრეები პარლამენტისკენ დაძრა. პროტესტანტებს გზად ენმ-ც შეუერთდა და საკანონმდებლო ორგანოს წინ, აქცია გაიმართა.

აქციაზე ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ ხელისუფლებას მიმართა, თუ გინდათ მილიონი გაბრაზებული ადამიანი, თქვენ ამ მილიონ გაბრაზებულ ადამიანს და რევოლუციას მიიღებთო და „მოქკაშირს“, ლამის, ერთთვიანი ვადა მისცა ანუ ოპოზიცია რეგიონებში გაიფანტა და დააანონსა, რომ 20 თუ 21 ნოემბრისთვის, დედაქალაქში გაბრაზებული ადამიანები ყველა კუთხესა და რეგიონიდან ჩავიდოდნენ.

ამის მერე, რაც მოხდა, ბავშვმაც კი იცის - ვნახეთ მანქანების ჯაჭვი მცხეთის ჯვართან და... ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ედუარდ შევარდნაძე „სახლში წავიდა“.

რატომ გავიხსენეთ ყველაფერი ეს? - თუ კარგად დავაკვირდებით, 3 ივლისის აქციის ორგანიზატორები 19 წლის წინანდელ სცენარს ერთგვარად იმეორებენ ანუ 24 ივნისის შეკრებაზე, „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცა და განაცხადა, ამ ერთ კვირას იმისთვის გამოვიყენებ, რეგიონებში ვიარო და ხალხი დავარწმუნო, ევროპა ჩრდილოეთზე უკეთესიაო.

ევროპა რომ რუსეთზე უკეთესია, ეს ხალხმა „სირცხვილიას“ გარეშეც იცის - ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ, რეფერენდუმზე გამოხატა მოსახლეობამ საკუთარი ნება და ჩვენს კონსტიტუციაშიც წერია, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო მიზანი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაა. აქედან გამომდინარე, აბა, რას ემსახურება 3 ივლისის აქციის ორგანიზატორების სოფელ-სოფელ სიარული, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ულტიმატუმად პრემიერის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნაა წაყენებული?

სხვათა შორის, მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ ზემოხსენებულ ადამიანებს, პირდაპირ თუ ირიბად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა უნდათ. შესაძლოა, არც უამისობაა, თან „ოცნება“ ე.წ. ბაკურიანის გეგმაზე საუბრობს.

„ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე თუნდაც გუშინ იყო გამოსული. გუშინ, ბევრი ადამიანი იყო რუსთაველზე გამოსული, თუმცა საქართველოში, დამატებით 3 მილიონი და მეტი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%.

ამასთან, ევროინტეგრაციის მიზანი პირდაპირაა დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. გასული კვირების განმავლობაში, გვიტრიალებენ იმ მუხლს, რომელიც ჩვენი ხელით ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ადამიანებმა ხმა არ მისცეს - ცინიზმი აქაა და ვინაა ევროპის მომხრე რეალურად და ვინ - არა, აქედან კარგად ჩანს.

გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა - პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს „შულავერის კომიტეტის“ გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს! ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის აქციის მეორე დღეს, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.

ცნობილია, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. ასე რომ, დესტაბილიზაციის სცენარიც, თუ ასეთი რეალურად არსებობს, ვერ იმუშავებს, თანაც ამ ქვეყანაში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, რომელიც იტყვის, დიახ, არეულობა მინდაო.