რა მიზნით წავიდა ენმ-ის წევრი ნონა მამულაშვილი ბრიუსელში - ინტერვიუ დეპუტატთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ამ მიტინგებით სააკაშვილის გვერდით კი არ ვდგებით, არამედ, საქართველოს გადასარჩენად ვიბრძვით!“

 

 თათია გოჩაძე

 14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბურ აქციას გამართავს. კვირაზე მეტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, როგორც მისი ადვოკატები და თანაპარტიელები აცხადებენ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. „ვერსია“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, ნონა მამულაშვილს ესაუბრა.

 - ქალბატონო ნონა, რა სამოქმედო გეგმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პარალელურად?

- ახლა ბრიუსელში ვარ და საქართველოს მეგობრებს ველაპარაკები იმიტომ, რომ მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია და ყოველი საათი მნიშვნელოვანია. თუ მიხეილ სააკაშვილს რაღაც მოუვიდა, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დაეკისრება და ამას აქაც იზიარებენ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ასე მოექცნენ და ძალიან მალე ველოდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების ქმედებებს, რომ შეშფოთებებისა და აღშფოთებების მიღმა, საკმაოდ სერიოზული ქმედებებიც იქნება.

როგორც იცით, 14-ში დაანონსებულია მასშტაბური მიტინგი და პარალელურად, რა თქმა უნდა, მეორე ტურისთვის მზადება მიმდინარეობს, რამაც ამ ხელისუფლების დამარცხება უნდა განაპირობოს. ვხედავთ, რას აკეთებენ რეგიონებში - გადაწერა მიმდინარეობს ოქმების, მაგრამ ბრძოლის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს.

- ამ აქციაში მონაწილეობას სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ? ისე, ოპოზიცია და მათ შორის, ენმ, თაკო ჩარკვიანის აქციას არ შეუერთა და რა ხდება, მიხეილ სააკაშვილს მხარს ყველა არ უჭერს?

- ყველა, ვისაც ქვეყნისთვის გული შესტკივა, გამოვა! ახლა იმის დრო არაა, რომ ოპოზიციამ ერთმანეთი დაჭამოს და ყურადღება ერთმანეთთან კინკლაობაზე გადაიტანოს. როცა ასეთი ისტორიული მომენტი დგას და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია, ძალიან დიდი სირცხვილია, იმაზე ვსაუბროთ, აქციაზე უნდა ვიდგეთ თუ არა.

ამ მიტინგებით მიხეილ სააკაშვილის გვერდით კი არ ვდგებით, არამედ, საქართველოს გადასარჩენად ვიბრძვით. სააკაშვილმა თავი გადადო და გადაწყვეტილი აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს შიმშილობა, რაც ძალიან ტრაგიკული და წარმოუდგენელი ლაქა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ერთხელ უკვე დავუშვით ეს საბედისწერო შეცდომა და აღარ უნდა დავუშვათ, რამეთუ შეიძლება, ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ისტორია დასრულდეს.

ვხედავთ, „ქართული ოცნება“ ღიად იწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში გაერთიანებას არ გამორიცხავს.

ამ გზავნილებით ჩამოვედი ბრიუსელში და ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის მოწონება-არმოწონებაზე კი არა, ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზე გადის ხაზი. ვფიქრობ, ყველაფერი ეს, ოპოზიციასაც კარგად ესმის, პიროვნულ მომენტებს უნდა გადააბიჯოს და გამოვიდეს აქციაზე იმიტომ, რომ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ეს სააკაშვილის კი არა, ქვეყნის დაცვაა და თუ ქვეყნის გადასარჩენად არ გამოდიხარ, რა მნიშვნელობა აქვს, ოპოზიცია ხარ თუ სხვა ვინმე. ვფიქრობ, ისტორია ყველას მოჰკითხავს, თუ ამ საბედისწერო შეცდომას კიდევ ერთხელ დავუშვებთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება ხედავდეს, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოში ოპოზიცია ერთიანია?

- რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახლა არ არის პიროვნული დაპირისპირებისა და შუღლის დრო. ახლა მიხეილ სააკაშვილს არ განვიხილავთ, როგორც პიროვნებას, არამედ, როგორც ფაქტორს, რომელიც გზაგასაყარზეა - ან გადარჩება მიხეილ სააკაშვილი და შევძლებთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით გადავტეხოთ ეს სიბოროტე, ან ძალიან მალე, გავხდებით ისეთი სახელმწიფო, როგორიც კადიროვის ჩეჩნეთია.

- ქალბატონო ნონა, როცა საერთაშორისო საზოგადოებას ესაუბრებით, მიზანი რა არის - ის, რომ სანქციები დაუწესონ ხელისუფლებას თუ სააკაშვილის პოლიტპატიმრად ცნობას, ან არჩევნების შედეგების არაღიარებას ითხოვთ?

- ეს ცალკ-ცალკე ფაქტორია, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება. ამ ფაქტორებზე აქ კონკრეტულად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ რეალურად, ვნახეთ, არჩევნების გზით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას. ვხედავთ, რომ სრული იგნორირება ხდება დასავლელი პარტნიორების და ღიად გვიმეორებენ რუსულ ნარატივს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ავტორია, დღეს ოლიგარქის პირადი პატიმარია და ყველაფერი ეს, ჩვენს მეგობრებს ძალიან კარგად ესმით. ამიტომ მოვითხოვ, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც დასავლეთს აქვს - სანქციები თუ ნებისმიერი სხვა რამ - ამ ეტაპისთვის დაჩქარდეს, რადგან საქართველოს კარგავს დასავლეთი და დასავლეთს კარგავს საქართველო.

- ისე, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მიერ აქვს განაჩენი გამოტანილი და დასავლეთი ვერ მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულებას.

- რომელ სასამართლოს, რომელიც არ არსებობს და რომელიც მურუსიძის კლანია?! ჩვენ ხომ არ გვჭირდება იმ ილუზიებით ცხოვრება, რომ სასამართლო სამართლიანია საქართველოში?! საქართველოში სასამართლო არ არის და ვინ უნდა გაასამართლოს სააკაშვილი?

- როგორც ვიცით, მიხეილ სააკაშვილის საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული და რაიმე სიახლე ხომ არ ისმის სტრასბურგიდან?

- ვცდილობთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს ამ საქმეების განხილვა, რადგან ბიუროკრატიას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს ხოლმე და სამწუხაროდ, ეს დრო აღარ გვაქვს.

ამიტომ, ბრიუსელის შემდეგ ვაპირებ, სტრასბურგშიც ჩავიდე და შევხვდე ჩვენს მეგობრებს, რადგან აუცილებელია, მოისმინონ ის, რაც საქართველოში ხდება და ჩვენ არ გვაქვს ბიურაკრატიული პროცესების გაწელვის დრო, რადგან ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

- ქალბატონო ნონა, საზოგადოებას, ასევე, აინტერესებს, რა ხდება პარტია ენმ-ში. ვრცელდება ვერსიები, რომ სააკაშვილი ნიკა მელიაზე ეჭვიანობის გამო ჩამოვიდა და პარტიაში სააკაშვილის მიმართ ერთსულოვნება არაა...

- ეს კლასიკური რუსული პროპაგანდის ხაზია და ამის გამეორება არ არის სამართლიანი იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არავისზე ეჭვიანობს. მას არ სჭირდება, ვინმეზე იეჭვიანოს იმისთვის, რომ ისტორიულ ფიგურად დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, ის ენმ-ის დამფუძნებელია და არ სჭირდება ვინმეზე ეჭვიანობა. ამიტომ, ეს ის ნარატივია, რომელიც ახლა სჭირდება რუსულ პროპაგანდას, რათა დააჯეროს ხალხი, რომ პარტიაში პრობლემებია.

მიხეილ სააკაშვილის ეჭვიანობის საფუძველზე კი არ ჩამოვიდა, არამედ, იმის გამო, რომ დაინახა, სხვანაირად არ შეეძლო ქვეყნის გადარჩენა და ეს იყო ერთადერთი გზა. ვნახეთ წუხილი, ჩამოვა და ძალადობა, გადატრიალება ან რევოლუცია მოხდებოდაო, მაგრამ სრულიად მშვიდად ჩამოვიდა, ისე, რომ ერთი ადამიანისთვისაც არ უთხოვია დახვედრა. წყნარად, მშვიდად წავიდა ციხეში და რაც შეუძლია, იქიდან იმას აკეთებს. ამიტომ, რომელ ეჭვიანობაზეა ლაპარაკი, როცა ქვეყნის გადარჩენაზე ვსაუბრობთ და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, გადატეხოს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, მიხეილ სააკაშვილია!

ჩამოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს!

- მოკლედ, პარტიაში განხეთქილება არაა და სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველა ერთ აზრზეა?

- არანაირი განხეთქილება პარტიაში არაა და აბსულუტურად ყველა იმ აზრზეა, რომ ახლა არის ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად.

- 14 სექტემბრის აქცია ხალხმრავალი იქნება?

- რა თქმა უნდა, ეს აქცია მასშტაბური იქნება და მობილიზება მიმდინარეობს ყველა მხარდამჭერისა და მსურველისა, ვისაც სურს, რომ ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს.