ირაკლი ქადაგიშვილი: „ოპოზიციის მდგომარეობა მძიმეა!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„სააკაშვილს შიმშილობას არავინ აიძულებს!“

 30 ოქტომბერს, საქართველოს დიდ ქალაქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მანამდე კი ოპოზიცია ქუჩაში გადის ანუ 14 ოქტომბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთაველზე მასშტაბურ აქციას გამართ. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აგრძელებს და აცხადებს, რომ პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას არ აპირებს... როგორ აფასებს ყველაფერ ამას ხელისუფლება? - „ვერსია უმრავლესობის წევრს, დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, მეორე ტურისთვის რა მოლოდინი გაქვთ?

- მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება და, რა თქმა უნდა, ვიბრძვით ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, რომ თავისი ხმების რაოდენობა გაზარდოს.

- ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დიდ ქალაქბში გამარჯვების მეტი შანსი აქვ...

- ვფიქრობ, ის მაჩვენებელი, რაც ოპოზიციამ დადო, მაქსიმუმია. „ქართულ ოცნებას“ ხმების მობილიზაციის დამატებითი რესურსი აქვს და რეალურ სურათს 30 ოქტომბრის ღამე გვიჩვენებს. იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის შეთავაზება ოპოზიციას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა და აქცენტს ე.წ. რეფერენდუმსა და ხელისუფლების შეცვლაზე აკეთებდა, ეს განაპირობებდა არჩევნების პირველი ტურის შინაარსს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, მაგრამ დღეს, როცა ეს მოლოდინები გაქრა, მეორე ტურში, რეალურად გვექნება თვითმმართველი მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მერების არჩევნები. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველიც იქნება ორიენტირებული არა ხელისუფლების შეცვლის საკითხზე, არამედ, იმ ადამიანების არჩევაზე, რომლებიც ყველაზე მეტად ეფექტური მენეჯერები იქნებიან და ეს იქნება ამოსავალი წერტილი.

თბილისშიც აბსოლუტურად სხვა შედეგი გვექნება, ისევე, როგორც სხვა ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში.

- გიორგი გახარიამ არჩევნებში მესამე ადგილი მოიპოვა. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, დიდ ქალაქებში მეორე ტური იმან განაპირობა, რომ გახარიამ ოცნებას ხმები წაართვა. როგორ ფიქრობთ, მეორე ტურში რამდენად მნიშვნელოვანია, გახარიამ კონკრეტული პოზიცია დააფიქსიროს, თუ რომელ მხარეს დაუჭერს მხარს?

- გახარიას შედეგი გასაგებია. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ორნიშნა ციფრს ვერ მიაღწევდა და მართლაც, ასე აღმოჩნდა. 8% მისი შედეგია, საიდანაც ხმების რაღაც ნაწილი მისი იყო, ვინც „ქართული ოცნების“ პოტენციური ამომრჩეველია, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის, იგივე დაბნეულობის გამო, ხმა გახარიას მისცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტურში, სწორედ კალაძესა და ჩვენს კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ის აჟიოტაჟი, რომელიც დაკავშირებული იყო ე.წ. ხელისუფლების შეცვლის რეფერენდუმთან, დღის წესრიგში აბსოლუტურად აღარ დგას და აქედან გამომდინარე, არჩევნები უფრო შინაარსობრივ ხასიათს მიიღებს.

ამასთან, ვიტყვი, ჯერ მესამე ძალაზე საუბარი ზედმეტია და გახარიამაც დაინახა, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მყიფეა ამ არჩევნების შემდეგ, რადგან ხმების დიდი რაოდენობა ვერ მიიღო. ერთადერთი, რაც მოახერხა - ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მეორე ტურები გაუნაღდა ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ეს რომ ხმამაღლა აღიაროს, იმ ამომრჩეველსაც დაკარგავს, ვინც ხმა მისცა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას შედეგებიც გვიჩვენებს. შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ყველას მნიშვნელოვნად დააკლდა ხმები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს პარტიები და მათ შორის გახარიაც, გარკვეულწილად, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ტყვეობის ქვეშ არიან. სანამ ეს პარტიები არ გაემიჯნებიან ამ დესტრუქციულ პოლიტიკას, ამომრჩეველი, რომელიც განსხვავებულს ეძებს, მათ მხარეს არასოდეს დადგება.

- ბატონო ირაკლი, ასევე, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება. რამდენიმე დღეა, სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, მისი პარტია კი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ყველაფერი ეს, ქართულ პოლიტიკაში?

- ეს აქცია ვერაფერს შეცვლის. ეს ვალდებულებაა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გადაიხადოს, აბა, მათი ლიდერი დაკავებულია და გაჩუმებულები ხომ არ იქნებიან? თან უნდათ, რომ ყველაფერი ეს მეორე ტურთან ირიბად მიაბან, რომ მუხტი ასწიონ. ალბათ, ხალხის რაღაც რაოდენობას შ

შეაგროვებენ და იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ ყოფილა, განსაკუთრებულ გრანდიოზულობასა და რამე ცვლილებების მომტანს, ამ აქციაში ვერაფერს ვხედავ. ის დღის წესრიგი, რაც სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შეექმნათ, მათი დამსახურებაა და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვონ პასუხი. ჩანს კიდეც, რომ სააკაშვილის „ორბიტის“ გარშემო, აზრთა სხვადასხვაობაა, ღიად უპირისპირდებიან მისი მომხრე ექსპერტები, პოლიტიკოსები, პარტიაშიც სხვადასხვაგვარი შეფასება ეძლევა მისი ჩამოსვლის აუცილებლობას, ფორმას და ა.შ.

ასე რომ, ეს ვითარება უფრო ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის თავსატეხად იქცა.

- ენმ-ში აცხადებენ, რომ სააკაშვილი შიმშილობის ბოლომდე მიყვანას აპირებს და ასეთ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება...

- ეს არის ტრაფარეტული განცხადებები. ვინ აიძულებს შიმშილობას?  საერთოდ, სააკაშვილთან დაკავშირებით, სასამართლომ მსჯავრი გამოიტანა და სანამ პროკურატურა სასამართლოს მიმართავდა, მსოფლიოს წამყვანი იურისტები მოიწვია, გამოძიების მასალები გააცნო და მათგან საექსპერტო დასკვნა მოითხოვა, რამდენად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტს პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალები და მტკიცებულებები. მათი მხრიდან ჩაითვალა, რომ ეს იყო მაღალი საგამოძიებო სტანდარტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეს სასამართლოს და მიიღო ის გადაწყვეტილებები სასამართლომ, რითაც სააკაშვილი მსჯავრდებულია. ასე რომ, აქ კითხვის ნიშნების ძებნა, ჩვეულებრივი, პოლიტიკური სპეკულაციაა ოპოზიციის მხრიდან.

საერთოდ, პატიმრის შიმშილობას მაშინ აქვს რეზონანსი, როცა უსამართლო სასამართლოს მიერაა მსჯავრდებული და ამ შემთხვევაში, ასე არაა, რაც უკვე მოგახსენეთ და მეორე, როდესაც პატიმარი ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებშია, რაც გამორიცხულია იმიტომ, რომ ჩვენი პენიტენციური სისტემა დემოკრატიული ქვეყნების მაღალი სტანდარტის შესაბამისია. მას ყველა პირობა აქვს ციხეში და მისი, როგორც პატიმრის უფლებები, დაცულია, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, სხვა საჭიროებების კუთხით.

ვერ გამოიყენეს სააკაშვილის ფაქტორი გარეთ, ახლა უნდათ, გამოიყენონ შიგნით და ამბობენ, მოკვდება, თუ არ გამოუშვებთო. შიმშილობის გამო, არავინ არავის უშვებს ციხიდან და აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიო აკვირდება, როგორი პირობები აქვს სააკაშვილს ციხეში და ხედავენ, რომ დაცულია ადამიანის უფლებები პენიტენციურ სისტემაში.

- ბატონო ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, 43%-იანი ბრიერის საკითხი უნდა მოხსნილიყო, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებდღის წერიგიდან არ ხსნის. მმართველ ძალაში ამ თემას დახურულად მიიჩნევთ?

- როდესაც ვეღარ ხედავს ოპოზიცია, რა უნდა მოიმოქმედოს, იმპულსურად აქვს გამოყოლილი ეს მესიჯი შარშანდელი არჩევნების შემდეგ და სანამ რაიმე გონივრულამდე არ მივლენ, ამას გაიმეორებენ კიდევ დიდ ხანს. სანამ არ მიხვდებიან, რომ სულ სხვა დღის წესრიგი აქვთ შესამუშავებელი 2024 წლის არჩევნებამდე, მანამდე ასეთ გაურკვევლობაში იქნებიან. ეს მესიჯები დღეს რეალურ შინაარსს აღარ ატარებენ, უბრალოდ, ავტომატურად ამბობენ, რადგან სხვა უფრო გონივრული სათქმელი არ აქვთ.

საკუთარი შეცდომის გაანალიზების სურვილიც არ გააჩნიათ და ამიტომ არიან გამოკიდებულნი ამ ქარის წისქვილზე - რადგან მეორე ტურია, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რაც აბსოლუტურად ალოგიკურია.

ავტორი: თათია გოჩაძე