რა კაცია და რატომ უნდა თბილისის მერობა „ლეიბორისტ“ მიხეილ ქუმსიშვილს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„პოლიტიკაში ახალი სახეები უცხო პლანეტიდან ვერ ჩამოვლენ“

 

ლეიბორისტულმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა. პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს:

ფრონტის წინა ხაზზე, დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის უნიჭიერეს ახალგაზრდა ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოს ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს“, - ასე წარადგინა ქვეყნის მთავარმა ლეიბორისტმა საკუთარი პარტიის კანდიდატები. „ვერსია“ მიხეილ ქუმსიშვილს ესაუბრა:

 

- მიხეილ, ფართო საზოგადოება არ გიცნობთ. თქვენზე მომიყევით...

- ჩემი სახელი და გვარი რომ მაინცდამაინც ცნობილი არ იყოს, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან საზოგადოება ითხოვს სიახლეებს. პოლიტიკაში ახალი სახეები უცხო პლანეტიდან ვერ ჩამოვლენ და წინ ისევ ჩვენი ქვეყნიდან, ქალაქიდან უნდა წამოიწიონ, მით უმეტეს, დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ ჩართული. 17 წლიდან ამ პარტიაში ვარ და 11 წელია, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის თანამონაწილე გახლავართ. 2019 წელს, რამდენიმე მეგობართან ერთად, მოძრაობა „გაბედე“ ჩამოვაყალიბე, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეყარა კენჭი თბილისის მერობაზე.  

- პროფესიით ვინ ხართ?

- ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ამას გარდა, ბევრი შესაბამისი პოლიტიკური კურსიც გავიარე, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცის წევრიც ვარ, რომელიც პოლიტიკაში ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება...

- მოძრაობა „გაბედე“, მართლაც, აქტიურად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ძალიან მალევე გაქრა. რატომ შეწყვიტეთ პოლიტიკური აქტივობა?

- „გაბედე“ ერთადერთი მოტივით შეიქმნა, რომ მიგვეღწია უკეთესი, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის. ეს მოძრაობა აერთიანებდა სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ გუნდებს. ვთანამშრომლობდით იმ მიზნის გარშემო, სადაც გადაკვეთის წერტილები გვქონდა.

- კი, მაგრამ სრულად პროპორციულ სისტემას ხომ ვერ მიაღწიეთ?

- მართალია, სრულად პროპორციულს ვერა, მაგრამ ჩვენი აქტიური ბრძოლის შედეგად უკეთესი, გაჯანსაღებული სისტემა მივიღეთ, რაც გულისხმობდა 120/30-ზე პროპორციას. ეს ჩავთვალეთ გარკვეულ მიღწევად და საკმარისად, რომ „ქართული ოცნება“ შეცვლილიყო და მართლაც, ასე იქნებოდა, რომ არ გაეყალბებინათ. შემდეგ კი დაიწყო წინასაარჩევნო სამზადისი და რადგანაც „გაბედე“ იყო მრავალპარტიული პლატფორმა, ყველა პარტია საკუთარ კამპანიაში ჩაერთო და აქტიური მოძრაობის საჭიროება აღარც იყო, ხალხი სხვა საკითხებზე გადაერთო.

- წეღან თქვით, რომ არსებული პოლიტიკური ველი თქვენთვის მიუღებელია და როგორც ვხვდები, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციასაც მოიაზრებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ თქვენი პარტია ერთადერთია, რომელმაც ბოიკოტი ბოლომდე შეინარჩუნა. ეს გადაწყვეტილება ახლაც სწორად მიგაჩნიათ?

- დიახ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა და ოპოზიციაც რომ ასე მოქცეულიყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვექნებოდა. მინიმუმ, ლეგიტიმური აღარ იქნებოდა გაყალბებული პარლამენტი და საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად იმუშავებდა, რომ საქართველოში სტაბილურობა და ჯანსაღი დემოკრატია ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რიგგარეშე არჩევნებს მივაღწევდით და ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჰიპოთეტურ რეფერენდუმზე ფიქრი და საუბარი კი არ მოგვიწევდა, არამედ, საპარლამენტო არჩევნების სამზადისში ვიქნებოდით. მხოლოდ ლეიბორისტული პარტია რომ აღმოჩნდა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი სიტყვა შეასრულა და საკუთარ პრინციპებს არ უღალატა, დანარჩენი პარტიებიდან კი შვიდივე პარლამენტში რომ შევიდა, ეს, ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან სერიოზული პროტესტის საბაბია, რადგან როცა ასეთ არაპრინციპულობას უყურებს საზოგადოება, ლოგიკურია, რომ იმედგაცრუება, ნიჰილიზმი და უნდობლობა ჩნდება. მინდა, რომ განსხვავებული სტანდარტები დავანახოთ ხალხს.

- ამ გადაწყვეტილებით დაკარგეთ დაფინანსება, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების ადგილები... პოლიტიკაში ემოციების ადგილი ნაკლებადაა და ემოციები გვერდზე რომ გადავდოთ, პარლამენტში არშესვლით, სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი გადადგით?

- დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა დაფინანსება და კომისიის წევრები არ დაკარგეს, მაგრამ ამით რა შეიცვალა? - დააკლდათ რეიტინგი. IRI-ს ბოლო კვლევა ამაზე მეტყველებს. ლეიბორისტული პარტია, რომელიც IRI-ს კვლევებში მაინცდამაინც მოწინავე პოზიციაზე არ იყო ხოლმე, ახლა ოთხეულშია, ის პარტიები კი, რომლებიც პარლამენტში შებრძანდნენ, უკან არიან გადასულნი. ნაციონალურ მოძრაობას წინა კვლევაში 18% ჰქონდა, ახლა კი 14% აქვს. „ქართულ ოცნებას“ 9% აქვს დაკლებული წინა კვლევასთან შედარებით ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა „სარგებელიც“ ნახა ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტში არშესვლით, ისაა, რომ ხალხმა დააფასა სიტყვის მიმართ ერთგულება. როცა პოლიტიკოსის სიტყვა არ ფასობს, ის პოლიტიკოსი აღარაა, ნორმალურ და წესიერ გარემოში ასე უნდა ხდებოდეს. პოლიტიკოსის სიტყვას იმხელა წონა უნდა ჰქონდეს, რომ ხალხს სჯეროდეს, ის ამ სიტყვას შეასრულებს. მესმის, რომ საქართველოში დაპირებებს ისე გასცემენ, თვითონაც კი იციან პოლიტიკოსებმა, რომ არ შეასრულებენ და ერთმანეთს ატყუებენ, მაგრამ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. სწორედ ამის შედეგია, რომ მეტი ნდობა აქვს დღეს ჩვენს პარტიას, თუმცა სამუშაო ბევრია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პარლამენტში არ შევედით, არაა საკმარისი, ფართო მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ჩვენი ხედვები და პროგრამა მაქსიმალურად უნდა წარვუდგინოთ ხალხს, ახალი სახეები გამოვკვეთოთ და ყველას დავანახოთ, რომ ეს არის ძალა, რომელსაც ცვლილებების მოტანა შეუძლია.

- რას გულისხმობს თქვენი საარჩევნო პროგრამა, რა გზავნილი გაქვთ საზოგადოებასთან, მხარი რატომ უნდა დაგიჭირონ?

- თუ ადამიანებს უნდათ რეალური, სისტემური და არა დეკორაციული და იმიჯური ცვლილებები, მაშინ ლეიბორისტული პარტია არის ერთადერთი ძალა. ათეული წელია, ვეუბნებით ხალხს, აგვირჩიონ, რადგან საჭიროა ადამიანებზე, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც არ წარმოადგენს მსხვილ ბიზნესს და არის საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენელი, მისი ინტერესების დამცველი. წლების განმავლობაში, ეს ოლიგარქია, მსხვილი ბიზნესი ვერ მოვიშორეთ პოლიტიკიდან და შესაბამისად, კორუფცია, ნეპოტიზმი და ხალხზე არმორგებული პოლიტიკა გვაქვს. თუ გვსურს, რომ საშუალო და დაბალი ფენა წინა პლანზე ვიხილოთ, მონების ნაცვლად, ადამიანებად ჩათვალოს ხელისუფლებამ ისინი, მაშინ საჭიროა „ლეიბორისტული პარტიის“ არჩევა. ჩვენს პროგრამაზე მუშაობას ვასრულებთ, გვექნება პრეზენტაცია და ბევრ საინტერესო საკითხზე გავაკეთებთ აქცენტს - როგორც ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ასევე, გამწვანებაზე და ა.შ. აქვე იმასაც ვიაზრებთ - ეს არ არის სტანდარტული თვითმმართველობის არჩევნები, არამედ, უნდა შევძლოთ ის, რომ ამ არჩევნებით, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, რეალური საფუძველი შევქმნათ.

- ისე, არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის იმედი გაქვთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციით არ ვარ კმაყოფილი, ხელისუფლება კიდევ უფრო უარესია და სამწუხაროდ, ქართულ მოსახლეობას უწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება, აქ კი უარესი, ცალსახად, „ქართული ოცნებაა“. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დაგვიჭერენ მხარს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, ამ ადამიანებს მოვუწოდებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაინც ოპოზიციურ ფლანგს დაუჭირონ მხარი, რადგან 9 წელია, „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას და ერთი კომპონენტითაც კი ვერ წავიწიეთ წინ. მხოლოდ დესტაბილიზაცია, დაძაბულობა, ურთიერთდაპირისპირება და ზიზღი არის „ოცნების“ სავიზიტო ბარათი.
- ფიქრობთ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არის ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების ერთადერთი გზა?

- კი, რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტი, სულ რომ „ლეიბორისტული მოძრაობა“ იყოს, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, რადგან ერთპარტიულ სისტემაში იკარგება ბალანსი და დაბალანსებული სისტემაა აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ იხეიროს.