დასავლეთის მედია აქვეყნებს მონაცემებს უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში შეჭრიდან 11 თვის განმავლობაში დაღუპული ან დაჭრილია რუსეთის 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, რუსეთის არმიამ განსაკუთრებით დიდი დანაკარგი განიცადა დონეცკის ოლქის ქალაქებთან, სოლედარსა და ბახმუტთან. New York Times-ი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში რუსეთის დანაკარგები უკვე რვაჯერ აღემატება შეერთებული შტატების დანაკარგებს ავღანეთში ოცწლიანი ომის განმავლობაში.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ დაახლოებით ასეთივე დანაკარგები აქვს უკრაინულ მხარესაც.

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოცემა „მედიაზონასთან" ერთად, ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე დაადგინა უკრაინაში დაღუპული 13 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა. მათ შორისაა პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად გაწვეული 924 პირი.

არც რუსეთი და არც უკრაინა ოფიციალურად არ აქვეყნებენ მონაცემებს საკუთარი დანაკარგების შესახებ.