„ომი გეგონებოდა“ - როგორ დახვრიტეს მიტინგი 2 თებერვალს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1992 წლის 2 თებერვალი - ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი დღემდე არ არის.

1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა, რუსთაველის გამზირზე, თბილისის ომად წოდებული, ორკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, საქართველო დატოვეს. დედაქალაქში გამსახურდიას მხარდამჭერების - „ზვიადისტების“ სპონტანური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მიტინგებზე ძირითადად თბილისელები იკრიბებოდნენ, მაშინ არათუ რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანა, ადგილობრივების თავმოყრაც ჭირდა - არც მობილური ტელეფონები არსებობდა, არც - ინტერნეტი.

ქვეყნიდან განდევნილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ქუჩაში მაინც მრავალი ათასი ადამიანი გამოდიოდა. რამდენიმე დიდი მიტინგი დროებითმა მთავრობამ - კიტოვანი-სიგუა-იოსელიანის სამეულმა - იანვარშივე დაარბია. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს ხელკეტებითა და წყლის ჭავლით შლიდნენ, 2 თებერვალს კი ცეცხლი გაუხსნეს.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ სულ პირველად პრეზიდენტის მხარდამჭერები 3 იანვარს დაარბიეს. მაშინ გამსახურდია და მთავრობის წევრები ჯერ კიდევ ე.წ. ბუნკერში - პარლამენტის შენობის მიწისქვეშა სართულზე იმყოფებოდნენ.

მეორე დღეს, 2 თებერვალს, ვაგზლის მოედანზე კვლავ მრავალი ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები თამარ მეფის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიისკენ გაემართნენ. წინ ახალგაზრდები მიუძღოდნენ. მომიტინგეებს ცირკთან ავტობუსები, „ბეტეერები“ და ტანკები დახვდათ. იქვე ავტომატებით შეიარაღებული ხალხიც იდგა. თვითმხილველები ამბობენ, რომ როდესაც სროლა დაიწყო, თავიდან არავინ გაქცეულა, ეგონათ, რეზინის ტყვიებს ისროდნენ. მალე გასისხლიანებული აქციის მონაწილეები მოცელილებივით დაეცნენ - ტყვიები ნამდვილი იყო.

„ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოგვაქციეს ალყაში და ტყვიები დაგვიშინეს. ხალხი გაოგნდა, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. „კალაშნიკოვის“ ტყვიები ეჭირათ ხელში და დაბნეულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ნამდვილია?“. უამრავი დაჭრილი ეგდო მიწაზე, ძალიან ბევრი იყო, ალბათ ასზე მეტი. მაშინ თბილისში მანქანებიც არ მოძრაობდა, რომ დაშავებულები საავადმყოფომდე მიგვეყვანა. ჩემს მეგობარ გოგოს ხან მივათრევდი, ხან ხელში მეჭირა. „მიხაილოვში“ [საავადმყოფო აღმაშენებლის გამზირზე] არ მიიღეს და „არამიანცში“ [საავადმყოფო წინანდლის ქუჩაზე] წავიყვანეთ. ხერხემალში ჰქონდა ტყვია გაჭედილი, გადარჩა საბოლოოდ“, - ჰყვება ეკა ხერხეულიძე.

ეკა ხერხეულიძის მეგობარი გოგო ანა ფანქველაშვილია. მაშინ 17 წლის იყო, მიტინგზე სახლიდან გამოპარულიყო. დაჭრილი, დედის მოყვანას ითხოვდა, სიკვდილის წინ პატიება უნდა ვთხოვოო. ანას ტყვია დღემდე სხეულში აქვს ჩარჩენილი, ვერ ამოუღეს.

„გოგოები ერთად ვიდექით, ჩვენ წინ მამუკა მიდიოდა დროშით. სროლა რომ დაიწყო, დავინახე როგორ დაეცა. სადღაც ხუთ წუთში მეც მომხვდა ტყვია, მაგრამ სისხლი არ წამომსვლია, შინაგანი სისხლდენა განვითარდა. ტყვიამ კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი დაფლითა და მესამე და მეოთხე მალებს შორის გაიჭედა. გოჩა კელენჯერიძე გეხსომებათ (აქციების ერთ-ერთი ლიდერი - რ.თ.), ის ხომ ექიმია, გამიხსნა ტანსაცმელი და ნახა, დაჭრილი ვიყავი. საშინლად მტკიოდა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. ეკას ხელი გადავხვიე და ასე მოვდიოდი. მერე მანქანაში ჩამსვეს. ჩემს გვერდით კიდევ ერთი დაჭრილი ბიჭი იჯდა. ხუთი საათი მიკეთებდნენ ოპერაციას. ექიმებმა მითხრეს, ამის შემდეგ ათასში ერთი თუ დარჩებოდა ცოცხალიო. ბავშვი ვიყავი, ჯანმრთელი ორგანიზმი მქონდა და ამით გადავრჩი“, - უყვება ანა რადიო თავისუფლებას. მამუკა, ბიჭი, რომელსაც ის ახსენებს, მამუკა ტერიშვილია.

ბიჭი დროშით
მამუკა ტერიშვილი 1974 წელს დაიბადა, 1992 წლის 14 თებერვალს 18 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ ორში მიტინგზე ტყვიამ საძილე არტერია გაუხვრიტა. მამუკა დაიღუპა.

იმ დღეს მარინე ტერიშვილი შვილებს ვაგზლის მოედანთან უნდა შეხვედროდა, მაგრამ ბიჭები წინ წასულიყვნენ და ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ თავადაც მიტინგს გაჰყვა.

„უფროსი ბიჭი 9 აპრილს შიმშილობდა და მამუკაც აკითხავდა ხოლმე. კანონიერი ხელისუფლება რომ დაამხეს, ვერ აიტანა, სულ დადიოდა მიტინგებზე. მეც მათთან ვიყავი. კი, მეშინოდა, ვეუბნებოდი, დედიკო, ფრთხილად-მეთქი, მაგრამ ვინ რაღას მიჯერებდა. მამუკა დათქმულ ადგილას უნდა შემხვედროდა, მაგრამ ამას თურმე დროშა უჭირავს და მიდის წინ. როგორც კი მიუახლოვდნენ ცირკს, სროლა დაიწყო. ხალხმა დაიჩოქა, დაჩოქილს ძაღლსაც კი არ ესვრიანო, მაგრამ რას არ ესროდნენ. იმისთანა ამბავი იყო, ომი გეგონებოდა“, - იხსენებს მარინე.

დაშავებულები ხალხს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩაჰყავდათ. მამუკა რომ გამოიყვანეს, მარინემ შორიდან ბოტასებით იცნო, მაშინ ისიც დაჭრილი ეგონა.

„სასწრაფოში არ ამიშვეს. მერე „არამიანცში“ შევიპარე, რომ დაჭრილი მენახა და ჩემს მტერს, რაც იქ ვნახე, ხელები შეკრული, პირი აკრული...

რომ ვეუბნებოდი, ყურადღებით იყავი-მეთქი, რისა გეშინია, რა მოხდება, ერთი შვილი შენც შეწირო საქართველოსო. რა გამოვიდა მაგის თავგანწირვით? ჩვენი საქართველო თავისუფალი უნდა იყოს, კარგი ცხოვრება უნდა გვქონდესო. ეს არის კარგი ცხოვრება? ჩემი ქმარი გადაჰყვა მამუკას, მალევე გარდაიცვალა.

9 აპრილს ჭოველიძე რომ დაიღუპა, თამრიკო, ისეთი იყო... იმის სიკვდილს არა სჯობდა, მე მომკვდარიყავიო. რათა, შვილო, რატომ იძახი მაგას-მეთქი. ის დედისერთა იყო და შენ კიდევ ორი შვილი დაგრჩებოდაო“.

2 თებერვლის მიტინგს და მსვლელობას ფირზეც იღებდნენ. ვიდეოზე ჩანს, როგორ მიდის თბილ ტანსაცმელში ჩაცმული ხალხი გმირთა მოედნისკენ. მათ წყლის ჭავლით წუწავენ. შემდეგ იწყება სროლა. ხალხი ჯერ დაბნეულია, მერე ზოგი ტირის, ზოგი ილანძღება. კადრში რამდენიმე დაჭრილიც ჩანს. საყოველთაო ალიაქოთში ყვირიან, რომ არის მსხვერპლიც.


სხვადასხვა ვერსიით, იმ დღეს მიტინგზე სულ მცირე 15 ადამიანი დაჭრეს სასიკვდილოდ.

„ხალხი დახოცეს“
მას შემდეგ, რაც ხიდთან ხალხს სროლა აუტეხეს, აქციის მონაწილეები უკან გაბრუნდნენ და მარჯანიშვილის მეტროსკენ დაიძრნენ. შეიარაღებული პირები მათ იქაც დახვდნენ.

„მერე იქ გაგრძელდა ხოცვა-ჟღლეტა. სახლებშიც უვარდებოდნენ და იქ ურტყამდნენ, - იხსენებს ლელა ოჩიაური, 2 თებერვლის საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, - ცირკთან ფერდობები მაშინ უფრო ხშირი ბუჩქებით იყო დაფარული, აქ იყვნენ ჩასაფრებულები ავტომატებით. მარჯვენა მხარეს დაახლოებით 16 კაცი იყო, „მხედრიონელები“. მარცხნივ ვინ იყვნენ, ვერ ვხედავდი. რომ დაიწყო სროლა, ჩვენ უკან გავიქეცით და კედელს მოვეფარეთ. დაჭრილები მოჰყავთ, ერთი ჩვენს გვერდით შეაფარეს, ფეხში მოხვედროდა ტყვია“.

ნინო ქოქოსაძის დედა, ციალა მდინარაძე, მიტინგების აქტიური მონაწილე იყო. ნინო იხსენებს, ვითომ ექიმთან მიდიოდა და მერე ტელევიზორში ვხედავდით დროშით ხელშიო.

„მამის პერანგებისგან ჰქონდა შეკერილი შინდისფერი დროშა, ზვიადის დროშას ეძახდა. არ გამოუტოვებია არც ერთი მიტინგი. თეთრი ლაბადა ჰქონდა და ერთხელ სულ ტალახში მოთხვრილი დაბრუნდა, ავტობუსის ქვეშ შევძვერი, სროლა რომ ატყდაო. 2 თებერვლის მიტინგზეც იყო, სახლში ცოცხალ-მკვდარი მოვიდა, ხალხი დახოცესო… მაშინ გვეგონა, აჭარბებდა.

თავისი დროშა კარადის თავზე ჰქონდა გაშლილი. მამა რომ გარდაიცვალა, პირველი ის მითხრა, დროშა დაუშვიო… 9 აპრილის ტალახი ეცხო იმ დროშას“, - იხსენებს ნინო ქოქოსაძე.

ზვიად გამსახურდიას თარჯიმანი ციცი გაბესკირია ჰყვება, რომ ექსპრეზიენტის მომხრეებს სისტემატურად დევნიდნენ, განსაკუთრებით იმათ, ვინც აქტიურობდა.

„დაჭრილების და დაღუპულების ოჯახებში დავდიოდით. ვაგროვებდით ინფორმაციას. სასტუმრო „მეტეხში“ უცხოელები იყვნენ და მათ ვაწვდიდით. ამის გამო გვდევნიდნენ, ჩვეულებრივ ადამიანებს ტერორისტებს გვეძახდნენ, პროვინციელ ფაშისტებს. ჩემი მეუღლე ოთხჯერ დაიჭირეს“, - ამბობს ციცი გაბესკირია.

10 ტონა რძის ფხვნილი და 7 ტონა მედიკამენტი
მაშინდელი პრესა მომხდართან დაკავშირებით ბევრს არაფერს წერდა. გაზეთმა „თბილისმა“ 2 თებერვლის ტრაგედია 3 თებერვალს ერთი აბზაცით გააშუქა:

„გუშინ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა კვლავ გამართეს მიტინგი ვაგზლის მოედანთან, საიდანაც მთავრობის სახლისაკენ დაიძვრნენ. ამას შედეგად მოჰყვა შეიარაღებული შეტაკება მომიტინგეთა და სამხედრო კომენდატურის წარმომადგენელთა შორის. ოფიციალური ცნობის თანახმად, დაიღუპა ერთი და დაჭრილია 20 მოქალაქე“.

გაზეთის პირველ გვერდზე ეს რიგით მესამე ახალი ამბავია, უფრო ზევით „თბილისი“ წერს, რომ საქართველომ საჩუქრად 10 ტონა რძის ფხვნილი და 7 ტონა მედიკამენტი მიიღო.

2 თებერვლის შემდეგ, 3 თებერვალს, თბილისის ცენტრში ისევ ათობით ათასი ადამიანი შეიყარა. მომიტინგეები ცდილობდნენ ფურცელაძის ქუჩიდან რუსთაველზე ასულიყვნენ. ისინი ისევ დაარბიეს, თუმცა ამჯერად მსხვერპლის გარეშე. ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობამ სამეგრელოში გადაინაცვლა, რასაც „მხედრიონისგან“ სამეგრელოს აწიოკება მოჰყვა.

„2 თებერვალს მომხდარს არავითარი სამართლებრივი მსვლელობა არ მოჰყოლია, პირიქით, ჩვენ გვიჭერდნენ. წლების განმავლობაში სახლში არ დამიძინია, სხვებთან ვიმალებოდი.

ძალიან ხშირად ჩავდიოდი გროზნოში. ზვიადისთვის ეს ისეთი ტრაგედია იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არაფრით ჰგავდა სხვებს არც განცდებით, არც ემოციით. ასეთ ადამიანს მართლა არ შევხვედრივარ. თავის პირად დანაშაულად მიიჩნევდა ამ დანარკაგს. ფიქრობდა, რომ ხალხი ვერ დაიცვა. სულ ჰქონდა ეს გრძნობა, სულ ტანჯავდა. ამან განაპირობა შემდეგ ის, რომ ისევ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა“, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, რომ იმ პერიოდში ქვეყანაში ქაოსი სუფევდა და დემოკრატია სიტყვადაც არავის გაეგონა.

„ეს ყოვლად დაუშვებელი იყო. მომიტინგეები შეიარაღებულები არ იყვნენ, საფრთხეს არ წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის. შესაძლოა ამ დარბევამ კიდევ უფრო გააღრმავა დაპირისპირება. სამხედრო საბჭოს თუ უნდოდა, რაღაც ლეგიტიმაცია მიეღო, ჰქონდა უნიკალური შანსი, ეთქვა, ჩვენ ხალხს არ ვერჩით, ჩვენთან სიტყვის თავისუფლებააო, მაგრამ ვინ იცოდა საერთოდ ეს სიტყვები. დოკუმენტებიც კი არ არსებობდა, რომ ასეთი ღონისძიებები მეტ-ნაკლებად დარეგულირებულიყო. მოინდომეს ამ ფორმით საზოგადოების დაშინება, პირიქით კი გამოვიდა. სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა ეს ყველაფერი, შემდეგ გამსახურდიას მომხრეებმა პოლიციის შენობები ააფეთქეს სამეგრელოში, პოლიციელები გაიტაცეს, სანდრო კავსაძე [ვიცე-პრემიერი]დაატყვევეს, ტელევიზიის აღების და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც იყო…“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

2 თებერვალს დაღუპულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ დღემდე მხოლოდ ფრაგმენტული ცნობებია. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა რიცხვს ასახელებს. რადიო თავისუფლება სთხოვს დაღუპულთა ახლობლებს, დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც 1992 წლის 2 თებერვლის დარბევას ემსხვერპლნენ.

წყარო: რადიო თავისუფლება