რჩეული სტატიები

Grid List

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობასთან კოორდინაციითა და პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად, პაციენტები მედიკამენტის მიღებას სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პაციენტები აღნიშნულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ და გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.

იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, საკოორდინაციო საბჭოს წევრები და მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ირინე წაქაძე ესწრებოდნენ.

წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ახალ პანდემიას გამოიწვევს.

საერთაშორისო კვლევის შედეგების მიხედვით, დაავადების წამყვანი ექსპერტების 57%-ს მიაჩნია, რომ მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების შემდეგი გლობალური გავრცელების მიზეზი შტამი იქნება - გრიპის ვირუსი.

„ყოველ ზამთარში გრიპი ჩნდება. ამ ეპიდემიებს შეიძლება ეწოდოს მცირე პანდემიები. ისინი მეტ-ნაკლებად კონტროლდება, რადგან სხვადასხვა შტამი, რომლებიც მათ იწვევენ, საკმარისად ვირუსული არ არის - მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება", - ამბობს ის.

ამავდროულად, კვლევაში მონაწილე ექსპერტების 21%-ის აზრით, გრიპის შემდეგ პანდემიის შემდეგი ყველაზე სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს მეცნიერებისთვის უცნობი ვირუსი, სახელად დაავადება X. ისინი თვლიან, რომ შემდეგი პანდემია ამით იქნება გამოწვეული. ჯერ კიდევ ამოუცნობი მიკროორგანიზმის მიერ, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება, როგორიცაა Sars-CoV-2 ვირუსი, რომელმაც გამოიწვია Covid-19, როდესაც მან დაიწყო ადამიანების ინფიცირება 2019 წელს.

ზოგიერთი მეცნიერი ჯერ კიდევ თვლის, რომ Sars-CoV-2 ვირუსი რჩება საფრთხედ, კვლევაში მონაწილე მეცნიერთა 15% მას ასახელებს პანდემიის ყველაზე სავარაუდო მიზეზად უახლოეს მომავალში.

ამავდროულად, მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ გრიპის მრავალი შტამის, მათ შორის H5N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შემუშავებულია, განსხვავებით Covid-19-ის სიტუაციისგან, როდესაც ვაქცინა თავიდან უნდა შემუშავებულიყო.

„25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. მისივე განმარტებით, ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეეძლებათ ჰქონდეთ ამოწურული 25 000 ლარიანი ლიმიტი.

„ჯანდაცვის სამინისტროში დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას ეს იყო დაწესებული 25 000 ლარიანი ლიმიტი იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებებს სახელმწიფო.

ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე, თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000 ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.

ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ამოწურული ჰქონდეთ 25 000 ლარიანი ლიმიტი.

დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებებზე შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად ჩვენ დაგვჭირდება იმაზე მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები.

გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისთვის. ეს იმისთვის, რათა ამ მუშაობის შედეგად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და სახელმწიფოს მეტი სახსრები რჩებოდეს ისევ პაციენტთან საკეთილდღეოდ ამ სახსრების გამოსაყენებლად.

გვაქვს იმედი, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორიც და თავად ონკოლოგიური პაციენტებიც კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენთან ერთად მუშაობის პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან.

„უკვე მე-2 შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. განვიხილეთ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. წინა შემთხვევაში შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. დღეს გვქონდა შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხვეწოთ ის პროგრამა, რომელსაც უკვე წარვადგენთ სექტემბრის თვიდან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც დღეს მივიღეთ სტუდენტებისგან. ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ, რაც არის უმნიშვნელოვანესი მათი უნარებისა და ცოდნის გამოვლენისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სტუდენტების სტაჟირების შესახებ კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. მისი თქმით, სტუდენტების შერჩევის პროცესი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება.

"სტაჟირების პროგრამა ეხება საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს მასშტაბური ინიციატივა წამოაყენა, რომელიც ასეთი მასშტაბის არასდროს ყოფილა. შეეხება 3 ათასზე მეტ ახალგაზრდას, სტუდენტს, კურსდამთავრებულს ყველა სახელმწიფო უწყებაში. ასევე, პარალელურად კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის ინტერესი, მაგრამ აქ გასაგებია ნებაყოფლობით სურვილზეა ყველაფერი და შევხედოთ, რა მდგომარეობა გვექნება, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ.

შერჩევის პროცესს ვფიქრობთ, დავიწყებთ მიმდინარე წლის ივლისში, რომელიც ალბათ სექტემბრამდე გასტანს და პირველი სექტემბრიდან დაიწყება სტაჟირების პროგრამა, წლის ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მან ასევე ისაუბრა, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან სტუდენტები სტაჟირებისთვის.

"ეს არის აკადემიური მოსწრება და ალბათ, ეს არის ერთ-ერთი სამართლიანი ინდიკატორი, თუმცა ამას სტუდენტების მოსაზრებების მიხედვით შევაჯერებთ, გარკვეული სხვა კომპონენტებიც დავამატოთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მაღალი აკადემიური მოსწრება. შემდგომ უკვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სტუდენტებთან ერთად ამას განვიხილავთ, ეს არის სტაჟირების პროცესის შეფასების ინსტრუმენტები, ვინაიდან ეს შემდგომ მნიშვნელოვანია რეალურად გადავწყვიტოთ და ბევრი მათგანი დარჩება სახელმწიფო სამსახურში სტაჟირების შემდგომ“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

 

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. როგორც imedinews-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

ამასთან, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.

ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის დაუმთავრებელი ნახატი "ფროილაინ ლიზერის პორტრეტი" ვენის აუქციონზე 30 მილიონ ევროდ გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორის, ვენის აუქციონის სახლ im Kinsky-ის თანახმად, ნახატი ჰონგ-კონგელმა მყიდველმა შეიძინა.


ნახატი თითქმის ასი წლის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად. კლიმტს ეს პორტრეტი ებრაელი მრეწველების ოჯახმა 1917 წელს, მხატვრის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, შეუკვეთა. ბოლოს საზოგადოებამ ის გამოფენაზე 1925 წელს ნახა. ვენის აუქციონის სახლმა im Kinski-მ მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა, რომ ნახატი ნაპოვნია და მას აუქციონზე გამოიტანდნენ.

ხელოვნების ექსპერტები დღემდე დავობენ იმაზე, თუ ვინ არის ზუსტად გამოსახული ნახატზე და რა ბედი ეწია მას ნაცისტური ჰოლოკოსტის დროს. ხელოვნების ისტორიკოსები ტობიას ნატერი და ალფრედ ვაიდინგერი თვლიან, რომ ეს არის ებრაელი მრეწველის, ადოლფ ლიზერის ქალიშვილის, მარგარეტ კონსტანს ლიზერის პორტრეტი.

სხვა ვერსიის თანახმად, რომელსაც im Kinsky ასახელებს, ეს შეიძლება იყოს ადოლფის ძმის, იუსტუს ლაზერის და მისი მეუღლის, ჰენრიეტას ორი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მფარველი იყო. ჰენრიეტა ლიზერი ნაცისტურ ოსვენციმის ბანაკში გარდაიცვალა. მისი ორივე ქალიშვილი, ელენა და ანა, მეორე მსოფლიო ომს გადაურჩნენ.

1925-1961 წლებში ნახატის ბედი გაურკვეველი იყო. როგორც im Kinsky-ში აცხადებენ, 1960-იანი წლებიდან ტილომ სამი მფლობელი შეიცვალა მემკვიდრეობით. თუ ვინ იყო ნახატის ბოლო მფლობელი, არ არის ცნობილი. აუქციონის სახლის ექსპერტებს არ გამოუვლენიათ რაიმე კრიმინალი ნახატის პროვენანსის (წარმომავლობის) შემოწმებისას. გარდა ამისა, ნახატი არ აღმოჩნდა ნაცისტების მიერ გასხვისებული ფასეულობების სიაში.

ამ დღეებში თბილისს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ეწვია ქართული თეატრის დასი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ისტორიული ქართული კუთხიდან - საინგილოდან, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოდან (ისტორიული ქათმისხევი) და მონატრებულ მაყურებელს თავის შემოქმედებას წარუდგენს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ილია ჭავჭავაძის სახელობის ალიბეგლოს სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის გასტროლები თბილისში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება.

22 აპრილი- ნიკოლოზ წულუკიძე - „სიბრძნის ქარავანი“

დამდგმელი რეჟისორი - ნაილი თოფალაშვილი.

23 აპრილი- ვახტანგ ანდიაშვილი „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“,

დამდგმელი რეჟისორი - ლერი შიოშვილი.

გასტროლი უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც არის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენა.

დასაწყისი 19:00 საათი

დასწრება თავისუფალია

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ საინგილოს თეატრის სპექტაკლებს უსინათლოთა კავშირის წევრები, მათ შორის ინგილო შშმ პირებიც დაესწრებიან.

ქართული თეატრი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში 1981 წელს დაარსა რეჟისორმა ანზორ დოლენჯაშვილმა და იგი წლების მანძილზე იყო ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

65 წლის ასაკში ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა.

ბიოგრაფია

ირაკლი სუთიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მხატვარს მკაფიოდ ინდივიდუალური წერის მანერა გამოარჩევს. მისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები (ოქროსფერი ფონი; მრავალშრიანი ფაქტურული ზედაპირი; ახლო პლანით მოცემული გამოსახულებები) მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიულობის ელფერს ანიჭებს. სიუჟეტებში უგულვებელყოფილია დროის შეგრძნება. ნარატივისგან დაცლილი სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგებიან, რელიგიურ თუ მითოლოგიურ ასოციაციებს იწვევენ. 

ირაკლი სუთიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია , სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური გრაფიკის მიმართულებით. 1983-1986 წლებში მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში; მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999; „შეეხე საქართველოს“, გერმანიის განვითარების ბანკი, კიოლნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015; და სხვ.); ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის მუზეუმებსა და გალერეებში: ეროვნული მუზეუმი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; გალერეა „ელექტრა“, საუსალიტო, აშშ; ნიკოლა სტრონახის გალერეა, ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია და გერცევის გალერეა, მოსკოვი რუსეთი. აგრეთვე კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ჰაიტი, ნიდერლანდების სამეფო, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი, ესპანეთი, შვეიცარია, აშშ, იტალია, ავსტრია, კორეა, ირლანდია, აზერბაიჯანი, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.