ხარება გარდასულ ტრადიციებში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხარების დროს საქართველოში მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღესრულება ხოლმე, თუმცა ხარებას ასევე უკავშირდება მნიშვნელოვანი ხალხური წეს-ჩვეულებები, რომელთა დიდი ნაწილი მხოლოდ ჩანაწერების სახით თუღაა შემორჩენილი.

ხარებას აკრძალული ყოფილა მუშაობა. შეიძლებოდა მხოლოდ სიმბოლურად დაემყნოთ ხეხილი. იცოდნენ თევზის ჭამა. ქართლში ვისაც მიცვალებული ჰყავდა, გააკეთებდა კოლიოს, თევზს (ზურგიელს) და მღვდელს აკურთხებინებდა.

განსაკუთრებით საინტერესო რიტუალები სრულდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.

გუდამაყარში ხარს ბალანს, ბავშვს თმას, ხეხილს უვარგის ტოტს შეაჭრიდნენ და იტყოდნენ: იხარონო. ბავშვებს ეუბნებოდნენ: გაიხარე შენი და-ძმითო. ხევში ძროხებს კუდზე აჭრიდნენ ბალანს და იტყოდნენ: „ოცდახუთსა ხარებასა დღე-ღამენის სწორებასა“.

ხევში ხარება მარხვის შუად ითვლებოდა და ისეთივე რწმენა-წარმოდგენები ჰქონდა ხალხს, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი. ზოგგან სოფლის ცენტრში, რკინის სახნისიანი გუთნით გააკეთებდნენ ჯვრის ფორმის კვალს, კისერზე ხარებს და გუთნის დედას ამ დღისთვის გამოხდილ კაპარს გადაასხამდნენ. ეს წესი ხვნის დასაწყისისთვის სრულდებოდა და როდესაც მაისში გადიოდნენ სახნავად, რიტუალის ჩატარება საჭირო აღარ იყო.

თუშეთი ხარებობას ოცობასაც ეძახდნენ, რადგანაც გიორგობიდან, ანუ საქონლის ბაგაზე დადგომიდან 20 კვირა იყო გასული. მთელი წლის იღბალი და ან უიღბლობა, ამ დღეზე იყო დამოკიდებული... იგი ბედობის დღე იყო. ოცობა ზამთრიდან ზაფხულისკენ შემობრუნების დღედ ითვლებოდა და ნებისმიერ ამინდში, სიმბოლურად მაინც, უნდა გაეყვანათ ხარი მინდორში. გაყვანის წინ ავი თვალისა და ავი სულებისგან უნდა დაეცვათ. ხარების მეორე დღიდან იწყებოდა საზაფხულო სამუშაოები.

[ნ. აბაკელია, ქ. ალავერდაშვილი, ნ. ღამბაშიძე - „ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდრის“-ის მიხედვით]

წყარო: რადიო თავისუფლება