საქართველოში კოვიდპაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო მედიკამენტების დეფიციტია! - ინტერვიუ ვახტანგ კალოიანთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

STOPCOVID

„თუ მოსახლეობის 75% აიცრება, რადიკალურად სხვა ვითარება გვექნება“ - ვახტანგ კალოიანის შეფასებები და პროგნოზები

აგვისტოში, საქართველოში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. თითოეული გარდაცვლილის უკან, ძალიან მძიმე ადამიანური ტრაგედიაა... გადატვირთულია სამედიცინო სექტორიც და საწოლფონდის დეფიციტია, სწორედ ამის გამო, საველე ჰოსპიტალები გაიხსნა. უკიდურესად მძიმე პანდემიურ ფონზე, „ვერსია“ ექიმ-რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანს ესაუბრა:

- ბატონო ვახო, ყოველდღიურად, გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი რა არის?

- ეს რეგულაციების სრულად მოშლის შედეგია. - ანუ? - ჯარიმები, ნიღბის ტარება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლი - აი, ეს მინიმალური შეზღუდვები, რაც სწორად მართვის შემთხვევაში, შეიძლება, ეფექტური ყოფილიყო, ხელისუფლებამ, უბრალოდ, გააუქმა. ამან კი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. გარდა ამისა, კლინიკებში, ტექნიკური მედიკამენტების ძალიან მძიმე დეფიციტია, რაც პაციენტების გაზრდილ რაოდენობას არ ჰყოფნის.

- კერძოდ?

- არის სუნთქვის აპარატების, სოცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტების დეფიციტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია არაა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა. არადა, ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერ ამის მოგვარება შეიძლებოდა. სხვათა შორის, სამედიცინო პერსონალი გამოფიტულია, როგორც საექიმო, ასევე, საექთნო. რაოდენობის პრობლემაცაა, მაგრამ ვინც მუშაობენ, ისინიც კი ძალიან მძიმედ არიან.

- რატომ?

- დაღლილები არიან - უზარმაზარი მორალური და ფიზიკური დატვირთვა აქვთ, დღეების გადაბმა უწევთ და ძალიან მძიმე ვითარებაა, რაც ყველაფერს თავის დაღს ასვამს. გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი პაციენტების ნაკადის ცუდი გადანაწილებაა. სამწუხაროდ, მძიმე პაციენტების დიდ ჰოსპიტალებში კონცენტრირება ვერ მოვახერხეთ და შესაბამისად, ეს ტრაგიკული შედეგიც მივიღეთ.

- ბატონო ვახო, კონკრეტულად, რომელი მედიკამენტების დეფიციტზე საუბრობთ?

- საუბარია „ტოცილიზობამზე“. ასევე, ანტიბიოტიკებზე, რომლებიც პირდაპირ ანტივირუსული არაა, მაგრამ ზოგ პაციენტს, გარკვეული მიზეზის გამო, ბაქტერიული ინფექცია უვითარდება და მისი უზრუნველყოფა ახალი ანტიბიოტიკებით, სამწუხაროდ, ვერ ხდება. არის ანტიბიოტიკები, რომლებიც არ იშოვება და ძირითადად, დეფიციტშია.

- ამ მედიკამენტზე დეფიციტი მსოფლიოშია, თუ მხოლოდ საქართველოში?

- საქართველოში განსაკუთრებული დეფიციტი იმიტომაა, რომ თავის დროზე, საჭირო რაოდენობა არ იქნა გათვლილი და ბაზარზე დაძაბული ვითარება შეიქმნა. დაახლოებით, იგივე შეცდომა მოუვიდათ, რაც ვაქცინებზე - როცა შანსი იყო, რომ ვაქცინები გვეშოვა, არ ვიზრუნეთ და მერე, დეფიციტი უკვე მთელ მსოფლიოში იყო. შესაბამისად, სანამ რაოდენობა არ გამოთავისუფლდა, ვაქცინა მანამდე ვერ მივიღეთ და ვაქცინაციის პროცესიც ამიტომ დაგვიანდა. ზუსტად იგივე მოხდა ანტიბიოტიკებზეც - რამდენიმე თვის წინ, პროფესიულმა ასოციაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ყველამ, ვისაც კი შეგვეძლო, რამე ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხელისუფლებისთვის, მოვუწოდებდით და ვაფრთხილებდით ამ მედიკამენტების დეფიციტის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყურად არ იღო. აცრების ტექნიკური უზრუნველყოფაც სერიოზული პრობლემაა. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ვამბობდით, რომ რეგიონებსა და დიდ ქალაქებშიც მობილური ჯგუფები იყო აუცილებელი, რათა უფრო გამარტივებულიყო მოქალაქეების აცრა, მაგრამ აცრის მობილური ჯგუფების შექმნა, სამწუხაროდ, მხოლოდ წინა კვირას დაიწყეს, თან არასრული დატვირთვით. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, იმ ტრაგიკულ შედეგს, რაც გვაქვს, იწვევს.

- ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ სექტემბერში ვაქცინირებულთა რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს, პანდემიას „წელში გადავტეხავთ“. ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არაა და თუ ამ ტემპით გაგრძელდა მოსახლეობის აცრა, გამყრელიძის პროგნოზი გამართლდება?

- რა თქმა უნდა. თუ მოსახლეობის 75%-ს მივაღწევთ (80% იდეალური იქნება), რადიკალურად სხვა ვითარება გვექნება და ისაა ჩვენი ტკივილი, რომ ამდენი თვე დავკარგეთ. დროულად, მარტში რომ მოგვეპოვებინა ვაქცინა, ახლა უკვე ისე ვიქნებოდით, როგორც, მაგალითად, დანიაა, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კოვიდონფექცია არ არის სოციალურად კრიტიკული გამოწვევა. რა თქმა უნდა, გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნებოდა, მაგრამ ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით. ისაა ყველაზე გულსატკენი, რომ ამ პანდემიის მართვის ცოდნა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მისი გამოყენება.

- როგორ ფიქრობთ, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს?

- ევროპული საქართველოს პოზიცია ცალსახაა - პედაგოგებისთვის, ვაჭრობაში, ტრანსპორტში მომუშავე პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ა.შ. უნდა იყოს სავალდებულო ან ვაქცინაცია, ან - ტესტირება. გაუგებარია მათი არგუმენტაცია, მაგრამ ვისაც არ აქვს სურვილი, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აიცრას, ტესტის აღება ვაქცინაციის ალტერნატივა. მოქალაქე, რომელსაც არ უნდა აცრა, უნდა იყოს ტესტირებული, რათა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებისთვის უსაფრთხოა.

- არსებულ მძიმე ეპიდფონზე, სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღები მოახლოვდა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა გადავადდეს?

- სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი ყველაზე ბოლოს უნდა დაიკეტოს და ყველაზე ადრე გაიხსნას, თუმცა დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება, რა ტენდენცია გვექნება სწავლის დაწყების პერიოდში და გადაწყვეტილება ამის მიხედვით უნდა იქნას მიღებული. რაც შეეხება არჩევნებს, ეს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხის განხილვა დავიწყოთ, თუმცა მთავრობამ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ ამას არ განიხილავს.