დაუჯერებელი ამბავი - ბებიაქალს სამშობიაროში ჩვილები შეეშალა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოციალურ ქსელში არის გვერდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეძებენ. ეძებენ ჯარის მეგობრებს, ნაცნობებს, ადამიანებს, ვისთან ერთადაც ისვენებდნენ პიონერთა ბანაკებში თუ სხვადასხვა სანატორიუმში, მაგრამ ძირითადად ეძებენ გაშვილებულ ბავშვებს, ბიოლოგიურ მშობლებს და ბევრი პოულობს, ბევრი - ვერა, თუმცა იმედს არ კარგავენ - ეძებენ, ეძებენ, ეძებენ... სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად იყო, რომ სამშობიარო სახლებიდან ბავშვებს პირდაპირ ყიდდნენ, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ ჩვილი დაიღუპა, სხვა დაღუპულ ბავშვს ანახებდნენ ბიოლოგიურ მშობლებს, ვინაიდან ყველა ჩვილი ერთმანეთს ჰგავს, ისინიც იჯერებდნენ...

 

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, შეიძლება ანალოგი არც ჰქონდეს, ერთი უბრალო მიზეზის გამო - ბავშვი არავის გაუყიდია, ის, უბრალოდ, სხვა ბავშვში აერიათ და ეს ბებიაქალის უნებლიე შეცდომა იყო. იმის გამო, რომ დღეს ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი საქართველოშია, ზრდასრული ადამიანია, გვარები შეცვლილია. ყველაფერი კი ძალიან უცნაურად დაიწყო.

„მეგობარი მყავდა, გოლოშვილი იყო გვარად, კარგი კაცი. მერე, ყველაფერი რომ აირია, რუსეთში წავიდა, იქ დასახლდა ოჯახთან ერთად, 2010 წელს, მისმა შვილმა დამირეკა, მამა დაიღუპაო. ვერ წავედი, არადა, ძალიან მინდოდა უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა. ჰოდა, ეს მეგობარი მოვიდა ერთხელ და ძალიან უცნაური რამ მითხრა - მეორე შვილი ჩემი არ არის, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არც ჩემი მეუღლისაა, სრულიად უცხო ბავშვია, არადა, რომ დაიბადა, გინეკოლოგი ძმაკაცი იყო, ბლოკში შემიყვანა, ჩემი თვალით ვნახე, რომ გოგონა გაჩნდა, ხელში ავიყვანე, ვაკოცე კიდეც, მერე კი როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე დღეში გამოგვატანეს და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ჩვენი არ არის. არეულად ლაპარაკობდა, ძალიან არეულად“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

როგორც გაირკვა, გოგონა ველოსიპედიდან ჩამოვარდა, ფეხი დაიზიანა და სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. საავადმყოფოში მისულებს უთხრეს, რომ სისხლის გადასხმა იყო საჭირო, მაგრამ ბავშვს არცერთი მშობლის სისხლი არ გამოადგა. დედ-მამა გაოცებული იყო, მაგრამ მაშინ მთავარი ბავშვის სიცოცხლე გახლდათ, ნახეს ადამიანი, შესაბამისი სისხლის ჯგუფით, გოგონა კი გადარჩა, მაგრამ... ჩაიტარეს ყველანაირი ანალიზი და ექიმის დასკვნა ერთმნიშვნელოვანი იყო - ცოლ-ქმარი ბავშვის ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. ეს მათი მეორე შვილი იყო, პირველიც გოგონა ჰყავდათ და ვერ ხვდებოდნენ, ვის და რატომ უნდა დასჭირვებოდა ბავშვის შეცვლა. გასაგებია, ბიჭი რომ ყოფილიყო და გოგოთი შეეცვალათ (მაშინ არც ეს იყო უცხო ხილი), მაგრამ დედ-მამამ ზუსტად იცოდა, რომ გოგონა გაჩნდა, დედამ ხომ დაინახა ბავშვი და მამაც მშობიარობიდან, პრაქტიკულად, სამ-ოთხ წუთში, ბლოკში იყო და პატარას ეფერებოდა. მამაკაცმა იმ ძმაკაცს მიაკითხა, რომელიც იმავე გინეკოლოგიურში მუშაობდა და იმან გაოცებისგან პირი დააღო, რას ამბობ, შენს შვილს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი, ეგებ, ანალიზი შეცდაო. ცოლ-ქმარს მეორე ანალიზიც ჰქონდა გაკეთებული და მესამეც ჩაიტარეს, თუმცა დასკვნა მუდმივად ერთი იყო - ბავშვი მათი შვილი არ იყო.

„რა უნდა მექნა? გადავწყვიტე, არქივები ამომექექა, მაგრამ რადგან საქმე ოფიციალურად არ იყო აღძრული, ჩემი კავშირებითა და იმ გინეკოლოგის დახმარებით დავიწყე ძიება. იმ დღეს, აღნიშნულ სამშობიაროში 12 ბავშვი დაიბადა, აქედან შვიდი გოგონა იყო ანუ თუ შეცვალეს, იმ ექვსი გოგონადან, ერთ-ერთი უნდა შეეცვალათ. ჩავხედე მშობლების მონაცემებს და ერთ-ერთი გოგონას დედა გვარად გულოშვილი იყო ანუ სხვაობა მხოლოდ ერთი ასო იყო მასსა და ჩემი მეგობრის გვარს შორის. ორივე გოგონა ლამის ერთდროულად, ათწუთიანი ინტერვალით გაჩნდა. საჭირო გახდა ამ ქალის მოძებნა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ძებნა არცთუ მარტივი გამოდგა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. საქმე ის გახლდათ, რომ ქალი ბავშვის გაჩენის დროს გათხოვილი იყო, ხოლო როცა ძებნა დაიწყეს, ქმარს დაშორებული და ძალიან დიდი იყო ალბათობა, მეორედ გათხოვილიყო, ან უბრალოდ, გვარი გამოეცვალა. რეგისტრაციის მისამართზე მისულ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ის აღნიშნულ ბინაში უკვე 12 წელი იყო, რაც არ ცხოვრობდა და სად წავიდა ბავშვთან ერთად, არავინ იცოდა. ქალს ჩააკითხეს მშობლიურ სოფელში, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, მამა-პაპისეული სახლი გაყიდული იყო და სოფელშიც მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. დედა-შვილი თითქოს ცამ ჩაყლაპა, მათი ყველანაირი კვალი დაკარგული იყო. სამაგიეროდ, ბავშვის მამა მოიძებნა ძალიან იოლად, თუმცა შედეგი არც ამას მოჰყოლია - კაცმა თქვა, ოჯახი კარგა ხნის წინ მივატოვე, მეუღლემ ვერ გამიგო და მათთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი მაქვსო.

შეგრძნება, რომ შენი შვილი სადღაც აქ არის, ახლოს, მაგრამ არ იცი და ვერ პოულობ, ძალიან, ძალიან რთულია. ამიტომ, ბავშვის მამამ ყველა და ყველაფერი გადადო და შვილის ძებნას შეუდგა. ის ხვდებოდა ქალის ნაცნობებს, მეგობრებს და ეძებდა რაღაც კვალს მაინც, რომელიც შვილამდე მიიყვანდა. კვალი მართლაც გამოჩნდა - ვიღაც ქალმა უთხრა, ბავშვის გაზრდა უჭირდა, ამიტომ როცა აჭარიდან, საკმაოდ ასაკოვანმა კაცმა ცოლობა შესთავაზა, დაუფიქრებლად დათანხმდა და მას გაჰყვა სოფლადო. ძებნა აჭარის რეგიონში გაგრძელდა და...

„იქაური სამართალდამცავები ძალიან დამეხმარნენ, ყველაფერი გააკეთეს, რომ გვეპოვა ის, ვისაც ვეძებდით და მართლაც, ვიპოვეთ. მეგობართან ერთად ჩავედი, რა თქმა უნდა, ჯერ ბავშვს არაფერი ვუთხარით და მხოლოდ ქალს ვესაუბრეთ. ძალიან, ძალიან ყურადღებით მოგვისმინა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ქალს ქმარი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა, სოფლის მეურნეობას მარტო უძღვებოდა, არ უჭირდა, მაგრამ არც თავზე გადასდიოდა და ცდილობდა, გოგონას არაფერი დაჰკლებოდა. როცა ჩასულების მონათხრობი მოისმინა, ჩაფიქრდა, მერე თავი გადააქნია და მტკიცედ თქვა - „შეიძლება, ყველაფერი ეს მართალია, შეიძლება, ანალიზმა აჩვენოს, რომ ამ ბავშვის ბიოლოგიური დედა არ ვარ და ჩემს შვილს თქვენ ზრდით, მე კი პირიქით - თქვენსას, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. სწორედ ეს გოგოა ჩემი შვილი, ის კი თქვენი და მოდით, არაფერი შევცვალოთ, დავივიწყოთ ყველაფერი, როგორც სიზმარი“...

ასეთ პასუხს მისგან არც ბავშვის მამა ელოდა, არც - გამომძიებელი. ის ბავშვს მაინც შეხვდა, კარგა ხანს ათვალიერა და პრინციპში, დიდი დასათვალიერებელი არაფერი იყო - გოგონა ბიოლოგიურ მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და მასავით, როცა იღიმოდა, მარცხენა ლოყაზე ღრმული უჩნდებოდა. მამაკაცს გოგონასთვის არაფერი უთქვამს, თუმცა როცა ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ბავშვმა გაიღიმა და ჩუმად ჩაილაპარაკა, რატომ მგონია, რომ ამ კაცს მთელი ცხოვრება ვიცნობო...

„საქმე ძალიან რთულად იყო. ჩემი მეგობარი მზად გახლდათ, ბავშვი წამოეყვანა, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავდა თავისი გაზრდილი გოგონას მიცემას ბიოლოგიური დედისთვის, როგორ უნდა მივცე, შვილივით მიყვარს, გამორიცხულიაო. ამ ლოგიკით გამოდიოდა, რომ ის ქალი საერთოდ ბავშვის გარეშე რჩებოდა, რაც წამოუდგენელი იყო. ამიტომ, კონსულტაცია მეგობარ ადვოკატსა და მოსამართლესთან გავიარეთ, თუმცა საიმედო მათაც ვერაფერი თქვეს - ან ბავშვები უნდა გაეცვალათ, ან ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც იყო. ორივე ბავშვის ერთ ოჯახში დარჩენას სასამართლო, უბრალოდ, არ დაუშვებდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ბავშვებმა სიმართლე გაიგეს. გოგონამ, რომელიც სოფლად ცხოვრობდა, ქალაქში გადასვლა და ბიოლოგიურ მშობლებთან დარჩენა მოისურვა, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ აჭარაში წასვლა არც მეორე ბავშვს სურდა. გამოსავალი თითქოს არ ჩანდა, თუმცა მოულოდნელად, მამაკაცმა რუსეთიდან შეთავაზება მიიღო, კარგ სამსახურს სთავაზობდნენ და ის რუსეთში ცოლ-შვილთან, მისი შვილის გამზრდელ დედასა და გოგონასთან ერთად წავიდა ანუ წაიყვანა ყველა და მოსკოვიდან 250 კილომეტრში, საკუთარ სახლში დასახლდა.

„თავიდან ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებოდით, ჩემი მეგობარი უკმაყოფილო იყო, რომ მის შვილს, რომელიც წვალებით იპოვა, ზედმეტად მაღალი მოთხოვნები ჰქონდა, მთელი ცხოვრება გაჭირვებაში რომ ვიცხოვრე, ახლა ყველაზე მეტი ყურადღება მე უნდა მომაქციოთ, ყველაზე მეტად მე უნდა მომეფეროთო. ნამდვილმა დედამ ვერაფრით შეძლო მის მიერ გაზრდილ გოგონაზე მეტად შეეყვარებინა საკუთარი შვილი და ცხოვრობდნენ ასე, არეულ-დარეულად. მერე, როცა ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მოვიკითხე ამბავი და ოჯახი, პრაქტიკულად, არეული იყო, ყველა თავისკენ ექაჩებოდა“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე