კრიმინალებმა შეცდომით ტყუპისცალი ძმა მოკლეს-90-იანი წლების სისხლიანი ქრონიკა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ადრე ასე იყო - ოჯახები ერთმანეთს შვილების სიმრავლეში ეჯიბრებოდნენ, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ოთხი-ხუთი შვილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამიტომაცაა, ჩვენი ბაბუა-ბებიების უმრავლესობას ბევრი და-ძმა რომ ჰყავდა და ამაყადაც ვითვლით სანათესაოს. ახლა კი... დემოგრაფიული პრობლემა ერთ-ერთი უპირველესია საქართველოში. რამდენიმე წლის წინ, იაპონელმა მკვლევარებმა იმ ერების ჩამონათვალიც გამოაქვეყნეს, რომლებსაც 2050 წლისთვის გადაშენების საფრთხე დაექმურებათ და ჩამონათვალში საქართველოცაა. რატომ? იმიტომ, რომ ოთხი-ხუთი კი არა, სამი შვილიც იშვიათობაა დღეს და ამას გარდა, საქართველოდან მუდმივად მიდიან ახალგაზრდები ბედის სხვაგან საძიებლად და უკან იშვიათად ბრუნდებიან. დაბრუნებას ვინ ჩივის, შემდეგ ოჯახებიც მიჰყავთ და ასე იცლება საქართველო ქართველებისგან, მათ ადგილს კი აქ ჩამოსულები იკავებენ და თუ ადრე ქუჩაში მიმავალ ჩინელს, ფერადკანიანს ან ინდუსს, ლამის, მთელი ქუჩა თვალს აყოლებდა, რადგან იშვიათი სანახაობა იყო, ახლა ეს, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ქართველების კი მცირდება....

 დედმამიშვილი ყოველთვის იმედად ჰყავს ნებისმიერს და ეს განსაკუთრებით ტყუპისცალზე ითქმის, რომელიც თითქოს თავისი დის ან ძმის ტკივილსა და სიხარულს დისტანციაზე გრძნობს და უხილავი კავშირიც აქვთ. სწორედ ამიტომ, ტყუპისცალები მუდმივად ერთმანეთს ეძებენ, ერთმანეთზე ზრუნავენ და...

„90-იანი წლების გარიჟრაჟზე, მაშინ, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, საძმოები და შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ, ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასი ღირდა. მავანს მავანი, შესაძლოა, იმისთვის მოეკლა, რომ საქმე არაფერი ჰქონდა და ამით თავი შეექცია. ამიტომ, მკვლელობები ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული და ვფიქრობ, ახალგაზრდების გარდაცვალებასაც სწორედ მაშინ მივეჩვიეთ. ჰოდა, არ გვიკვირდა, როცა მკვლელობებზე შეტყობინება შემოდიოდა, არც უგზო-უკვლოდ დაკარგულების რაოდენობის ზრდა გვიკვირდა, ვიღაც მოკლეს, წაიღეს, დამარხეს, ან დაეზარათ და მტკვარსა თუ თბილისის ზღვაში გადააგდეს. ამიტომ, როცა განყოფილებაში, 40 წლამდე მამაკაცი მოვიდა და მითხრა, ძმა, ტყუპისცალი დამეკარგაო, არ გამკვირვებია. მით უმეტეს, მან არ დამალა, რომ მისი ძმა ბიზნესმენობდა და ბიზნესის დასაწყებად ფული კრიმინალურ დაჯგუფებას გამოართვა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

„მე და ჩემი ძმა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მოხუცი დედა გვყავს, 90 წლის ხდება მალე და ტრადიცია გვაქვს - მასთან ყოველდღე, რიგ-რიგობით დავდივართ, 90 წლის იუბილეზე კი ოჯახებით უნდა მივიდეთ, თუმცა ჩემი ძმა გაქრა, მესამე დღეა, არ გამოჩენილა და გული მიგრძნობს, კარგი არაფერი სჭირს. მას, ჩემგან განსხვავებით, ცოლ-შვილი არ ჰყავს, მაგრამ ერთმანეთს თითქმის ყოველდღიურად ვეხმიანებოდით, ახლა კი აღარ ვიცი, რა ვქნა“, - თქვა მოსულმა.

მანვე აღნიშნა, რომ ძმას ბიზნესში არ გაუმართლა, კრიმინალები კი საკუთარ ფულს სთხოვდნენ. ამის გამო, დაკარგულმა მანქანა გაყიდა, გაყიდა ერთოთახიანი ბინაც და ვალი გადაიხადა, მაგრამ კრიმინალები არ ეშვებოდნენ, მოგებას რომ დაგვპირდი, ის მოგება გვინდა და თან ყოველთვიურადო. ეს კი არასწორი იყო, ძმა „კანონიერი ქურდების“ ჩარევას აპირებდა, მაგრამ უბრალოდ, გაქრა. სამართალდამცავებმა მისი ძებნა დაიწყეს, თუმცა იმედი არ ჰქონდათ, რომ იპოვიდნენ. საინტერესო გახლდათ ისიც, რომ ტყუპები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ და დაკარგული ბევრად ჯანმრთელი იყო - მეორე ძმას ასთმა ჰქონდა და ინჰალატორით დადიოდა.

მომხდარიდან ერთ კვირაში, მილიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მივიდა, გამომძიებლის მაგიდაზე სურათი დადო და სასოწარკვეთილი ხმით თქვა - ქმარი დავკარგე. სურათიდან გამომძიებლისთვის კარგად ნაცნობი სახე იყურებოდა, მაგრამ ვერ მიხვდა, ვისზე იყო საუბარი - იმაზე, ვისაც უკვე ეძებდნენ, თუ მეორე ძმაც გაქრა?

„საუბრიდან გავიგე, რომ მეორე ძმაც დაიკარგა ანუ ის, რომელიც ჩვენთან მოვიდა და განცხადება დაწერა, მის პოვნას კი ცოლი ითხოვდა. მამაკაცი სახლიდან დილით გავიდა და არ დაბრუნებულა. ეს კი მათი 13-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, პირველად მოხდა. ცოლი ამტკიცებდა, რაღაც შეემთხვა, წინააღდეგ შემთხვევაში, მეცოდინებოდა, სად წავიდაო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

რაღა თქმა უნდა, გამოძიებამ ძმების გაქრობა ერთმანეთს დაუკავშირა. მეორე მხრივ, თუ პირველად დაკარგულ კაცს ბიზნესი კრიმინალების ფულით ჰქონდა დაწყებული, მეორე ძმა ოფიციალურადაც მუშაობდა, ცოტ-ცოტას ტაქსაობდა, ვიღაცებს დილის 06.00 საათზე, საცხობებში არიგებდა, აქედანაც შემოსავალი ჰქონდა ანუ წვალობდა, ჯახირობდა, მაგრამ თავი გაჰქონდა და კრიმინალებთან კავშირში შემჩნეული არასდროს ყოფილა. დაკარგულის ცოლმა ისიც თქვა, მცხეთასთან საკუთარი სახლი გვაქვს, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ეგებ, ჩემი მაზლი იქ იმალება, ან მეზობლებმა თქვან რამეო და ძალოვნებიც ძველ სატახტო ქალაქში წავიდნენ. ჭიშკარს ბოქლომი ედო და ის იყო, ძალოვნები უკან გამობრუნებას აპირებდნენ, რომ ღობის გადაღმა მეზობელი დაინახეს. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც ჰკითხეს, ძმები ხომ არ დაგინახავსო და მანაც თავი დაიქნია, გუშინ ვნახე ერთი, მაგრამ რომელი იყო, აბა, რა ვიცი, მაგათ მგონი, დედაც ვერ არჩევსო. სამართალდამცავები ღობეზე გადაძვრნენ, სახლს შემოუარეს, გარედან დაათვალიერეს და შესასვლელი კარის სახელურიც ჩამოწიეს. კარი გაიღო და ძალოვნები სახლში შევიდნენ. სამზარეულოში, იატაკზე, მამაკაცის გვამი ეგდო. უდაო გახლდათ, გარდაცვლილი ტყუპებიდან ერთ-ერთი იყო, მაგრამ ცოლს უნდა ამოეცნო. ასაკის გამო, დედა ვერ მოახერხებდა გაეგო, რომელი შვილი გარდაეცვალა. ქალმა გარდაცვლილში საკუთარი მეუღლე ამოიცნო.

„ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცი ნაცემი იყო, მაგრამ ცემის შედეგად არ მომკვდარა. მას ასთმის შეტევა ჰქონდა და იმის გათვალისწინებით, რომ ინჰალატორი, დამტვრეულ მდგომარეობაში, ჯიბეში ედო (სავარაუდოდ, ცემის დროს გაუტეხეს), უბრალოდ, გაიგუდა. მეორე ძმის კვალი არსად ჩანდა, თუმცა თითქმის დარწმუნებულები ვიყავით, რომ კრიმინალებმა ჩასაფრება სწორედ მას მოუწყვეს, შემდეგ შეეშალათ და ხელში ტყუპისცალი შერჩათ, რომელმაც სანამ დაამტკიცა, ვინ იყო, მანამ ინჰალატორი გაუტეხეს და სასიკვდილოდ გაწირეს. შემდეგ, გვამი სახლში დატოვეს, კარზე ბოქლომი დაკიდეს და გაქრნენ. მეორე ძმა სასწრაფოდ უნდა გვეპოვა, თორემ თუ კრიმინალები დაგვასწრებდნენ, მასაც მოკლავდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გაჩნდა ეჭვი, რომ ტყუპისცალის გასვენებაში დაკარგული აუცილებლად გამოჩნდებოდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ ჰქონდა დატოვებული, რისი მოხერხებაც მაშინ სამაჩაბლოს ან აფხაზეთის გავლით პრობლემას არ წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ამის იმედი ჰქონდათ კრიმინალებსაც და გასვენებისთვის ისინიც თავხედურად ემზადებოდნენ ანუ სურდათ მეორე ძმა გასვენებიდან გაეტაცებინათ. ამიტომ, ყველა ყურადღებით იყო - ძალოვნებიც და კრიმინალებიც. გასვენებაში ბევრი ხალხი მივიდა, პატიოსან კაცს ყველა გულწრფელად ტიროდა და ხალხის ტალღაში, მის ძმას ცალკე მილიცია ეძებდა, ცალკე - კრიმინალური ბანდის წევრები.

„ტყუპისცალი მე შევამჩნიე, ლაბადა ეცვა, თავს მალავდა, მაგრამ ისე არა, რომ ვერ გეცნო. ყველაფერი გააკეთა, რათა ის კრიმინალებს დაეჭირათ და არა ჩვენს თანამშრომლებს. მათ იქვე მდგარი მანქანისკენ წაიყვანეს და ის იყო, უნდა ჩაესვათ, ჩვენც მივადექით, ძმამ მანამდე ლაბადის ჯიბეში ჩადებული ხელი ამოიღო და „ლიმონკას“ რგოლი შეხსნა. შეშინებაც კი ვერავინ მოასწრო, ჩემი რამდენიმე თანამშრომელი ინსტიქტურად მიწაზე დაწვა, მეც დავწექი, მან კი კრიმინალები ჩაბღუჯა და „ლიმონკა“ ფეხებთან დააგდო. აფეთქებას ამაოდ ველოდით, არ აფეთქდა. ჰო, ხდება ასე, ასში ან ათასში ერთხელ და იქ მოხდა, სწორედ. ყველა დავაკავეთ, „ლიმონკა“ კი გამნაღმველებმა ფრთხილად აიღეს და როგორც მერე თქვეს, კრწანისში, მინდორში ააფეთქეს“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„ვალი პატიოსნად გადავიხადე, ესენი კიდევ მაწვებოდნენ, ამ ფულით მოგება უნდა მიგვეღოო, რა მოგებაც უნდა მიგვეღო, იმას მაინც გადაგვიხდი და თან ყოველთვიურადო. „კანონიერი ქურდების“ ჩარევა მინდოდა საქმეში, მაგრამ ამათ გასაჩერებლად არარეალური თანხა მომთხოვეს და უბრალოდ, გავიქეცი, დავიმალე, ჩემ ძმასაც არაფერი ვუთხარი, რადგან როცა არაფერი იცი, მშვიდად გძინავს. მან, ალბათ, იფიქრა, რომ მცხეთის სახლში ვიყავი, იქ მივიდა და ამათ გადაეყარა. სანამ ეტყოდა, ვინ იყო, მანამდე სასტიკად სცემეს, მერე კი, როცა ასთმის ინჰალატორი გაუტყდა, ყველაფერი დასრულდა“, - განაცხადა ძმამ.

კრიმინალური დაჯგუფების წევრებიდან სასამართლომდე მხოლოდ ერთი მივიდა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო გაუფრთხილებლობით მკვლელობა, აქაოდა, მარტო ვიყავი და მევალე ამერია, ჩემი ვალის ამოღება მინდოდაო. სასამართლომაც... 5 წელი აკმარა და ყველაფერი ეს, საძმოს ჩარევის გარეშე არ მომხდარა. ერთწლიანი ციხე მისცეს გარდაცვლილის ძმას - ფეთქებადი ნივთის შეძენა-შენახვა-ტარებაზე.

ავტორი:ბათო ჯაფარიძე