ქართული ჯარის ჯოჯოხეთური რეალობა - როგორ იძია შური გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ შვილის მოძალადე მეგობრებზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

იმის მიუხედავად, რომ დღემდე გულზე მჯიღს ვიცემთ და ვამბობთ, საქართველოს 20% ოკუპირებულია, ფაქტია - ქართულ ჯარში სამსახური ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს არ სურს. ვიღაც ცდილობს, სწავლით აარიდოს ჯარს თავი, ვიღაც - გადავადებისთვის საჭირო 2 ათას ლარს აგროვებს და რეალურადაც, ჯარისკაცების დიდი ნაწილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, „ვიშკაზე“ დგას და იქ იცავს სამშობლოს. არცთუ იშვიათად გვესმის ჯარში არსებული არასახარბიელო სიტუაციის შესახებ, უახლოეს წარსულში, სუიციდის შემთხვევებიც არ იყო უცხო. მოკლედ, ჯარისკაცის ფორმის ჩაცმა საქართველოში, ჯერჯერობით, პრესტიჟული და რაც მთავარია, სავალდებულო არ არის. ჰო, სავალდებულო... იგივე, ისრაელში, რომელიც მუდმივად ომშია, სამხედრო სავალდებულო სამსახურს არა მარტო ბიჭები, არამედ, გოგონებიც გადიან და ამიტომაცაა, ისრაელს, ლამის მუდმივმოქმედი, სოლიდური არმია რომ ჰყავს და ყოველთვის მზადაა საომრად.

2000-იანი წლების გარიჟრაჟზე, ჯარში, პრაქტიკულად, არაფრის მქონენი და უპატრონოები მიდიოდნენ. ჰო, ასე ეძახდნენ - უპატრონოები, რადგან მაშინ ჯარს არც ნორმალური ფორმა ჰქონდა, არც - ფეხსაცმელი და საკვებიც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა. თბილისში მდგარ ერთ-ერთ ნაწილში ცუდი ფაქტი მოხდა - ჯარისკაცმა თავი ჩამოიხრჩო და წერილიც დატოვა: „დედა, მამა, მაპატიეთ, მე ვერ გავხდი ისეთი, როგორიც თქვენ გსურდათ“... არადა, ბიჭი დედისერთა იყო, წესით, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაგრამ თავად მოინდომა, თავად ჩაეწერა, სამშობლო უნდა დავიცვაო და კარანტინიც ვერ გაიარა, ორ კვირაში, თავი მოიკლა.

„როცა საქმე მომცეს, ძალიან გავბრაზდი და გავბრაზდი იმიტომ, რომ მკვდარი იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ყველა დადებითად ახასიათებდა. ნაწილის უფროსი სიმშვიდის განსახიერება გახლდათ, რას ვიზამთ, ასეთები ხდება, ყველას არ აქვს მყარი ფსიქიკაო და ჯარისკაცებიც, თითქოს, რაღაცას მალავდნენ, ყველა ერთხმად იძახდა, წარმოდგენა არ გვაქვს, თავი რატომ მოიკლა, აქ ყველაფერი იდეალურად არისო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გამომძიებელმა ზუსტად იცოდა, რომ ბიჭი მარყუჟში თავს უმიზეზოდ არ გაუყრიდა. მან ჯარისკაცთა სიას ჩახედა და აღმოაჩინა, რომ ორი მათგანი არათუ არ დაუკითხავს, არამედ, არც უნახავს და მათთან შეხვედრა გადაწყვიტა, თუმცა ნაწილის უფროსმა უთხრა, ესენი გაიქცნენ და წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა ვეძებო, საქმე სამხედრო პროკურატურას უკვე გადავეციო. აღმოჩნდა, რომ ეს ორი ჯარისკაცი ნაწილიდან თვითმკვლელობის მეორე დღეს გაქრა და გამომძიებელი მიხვდა, გასაღები, სწორედ ამ ორში იყო. რამდენიმე ჯარისკაცი ახლიდან დაიკითხა, დაიკითხა მკაცრად და მათ აღიარეს, გაქცეულები გარდაცვლილს ცუდად ექცეოდნენ, მუდმივად დასცინოდნენ, ავიწროვებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და იმის მიუხედავად, რომ ბიჭმა რამდენჯერმე უშუალოდ ნაწილის უფროსთან იჩივლა, რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა ჯარისკაცებმა ყველაფერი ეს, პროტოკოლის გარეშე თქვეს, გამომძიებელს უთხრეს, შენ წახვალ, ჩვენ აქ ვრჩებით და ნაწილის უფროსი კარგ დღეს არ დაგვაყენებსო.

გაქცეულებზე ძებნა გამოცხადდა. ამ დროს, სუიციდის საქმის გამომძიებელს კოლეგამ მიაკითხა და წინ ახალი საქმე დაუდო. როგორც გაირკვა, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავტომობილში, ახალგაზრდა წყვილი სასტიკად სცემეს, გოგონა კი გააუპატიურეს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ გაუპატიურებული გოგო... ჯარის ნაწილის უფროსის ქალიშვილი იყო.

გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთზე იყო მიბმული. საავადმყოფოში მისულებს, ნაწილის უფროსი იქ დახვდათ, თმას იგლეჯდა, ძალოვნებს სთხოვდა, დამნაშავეს თუ იპოვით, მე მითხარით, სასამართლომდე არ მიიყვანოთო. გაირკვა ისიც, რომ გოგოს გაუპატიურება დროში ემთხვეოდა ნაწილიდან იმ ორეულის გაქცევას. არსებობდა ვარიანტი, რომ სწორედ გაქცეულმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს, მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდათ, სად იქნებოდა ნაწილის უფროსის ქალიშვილი და მით უმეტეს, ისეთ ადგილზე როგორ უნდა ეპოვათ, როგორიც თბილისის ზღვაა?!

„გაქცეულ ჯარისკაცებზე ვერსია იმიტომ გაჩნდა, რომ შემთხვევის ადგილზე სანთებელა ვიპოვეთ, რაღაც ნახატები ჰქონდა და მანამდე, ზუსტად ისეთი სანთებელა ნაწილში ვნახე, ერთ-ერთი ჯარისკაცი აწვალებდა ხელში და თქვა კიდეც, იმ გაქცეულებიდან ერთ-ერთმა მაჩუქა, ორი ცალი ჰქონდა, ზუსტად ერთნაირებიო. ძებნის არეალი გავაფართოვეთ და პრაქტიკულად, ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა გაქცეულები გამოჩენილიყვნენ, ჩასაფრება მოვაწყვეთ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ნაწილის უფროსის ქალიშვილის დაკითხვამ არსებული ეჭვი დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ შეყვარებულთან ერთად, ავტომობილში იმყოფებოდა და ზღვას გასცქეროდა, როცა ორი ბიჭი დაესხათ თავს, ჯერ შეყვარებული გადაათრიეს მანქანიდან და სასტიკად სცემეს (ბიჭს არა მარტო ნეკნები, არამედ, ყბის ძვლებიც დამტვრეული ჰქონდა და საუბარს ვერ ახერხებდა), შემდეგ კი გოგონას ეცნენ და მანქანაში გააუპატიურეს. თავდამსხმელთა აღწერილობა ზუსტად ემთხვეოდა გაქცეულებისას.

ექსპერტიზის კიდევ ერთმა დასკვნამ გამომძიებლები შოკში ჩააგდო. გარდაცვლილი ჯარისკაცის ფორმაზე შარდის წვეთები ნახეს, თანაც, ორი სხვადასხვა შარდის და, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ დააფსეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ვერ აიტანა და თვითმკვლელობა გადაწყვიტა. მოვლენები კი ელვის სისწრაფით ვითარდებოდა - საკუთარ სახლთან, ნაწილის უფროსს ვიღაც კაცი დახვდა და ხელკეტით თავი გაუტეხა. რომ არა მეზობლები, მოკლავდა კიდეც. თავდამსხმელი დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს - ის გარდაცვლილი ბიჭის მამა აღმოჩნდა, რომელიც ფიქრობდა, რომ მისი შვილის სიკვდილში მთავარი დამნაშავე, სწორედ ნაწილის უფროსი იყო. მამა მკაცრად გააფრთხილეს, ანალოგიური ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ციხეში მოუწევდა რამდენიმე დღის ან თვის გატარება და თან დაპირდნენ, რომ დამნაშავეებს აუცილებლად და რაც მთავარია, მალე დააკავებდნენ.

„იმ კორპუსში, სადაც ჯარის ნაწილის უფროსი ცხოვრობდა, ჩვენი კოლეგაც ბინადრობდა. ჰოდა, მეორე დღეს გაოცებული მოვიდა, ნაწილის უფროსი გარდაცვლილი ბიჭის მამას, ჩვენი სადარბაზოს წინ, ძალიან მშვიდად ესაუბრებოდა და როცა ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ბიჭის მამა გადაეხვია კიდეც და რამდენჯერმე მადლობა უთხრაო. ეს რაღაც ახალი იყო - წინა დღეს, კაცზე მოსაკლავად იწევდა, მეორე დღეს კი მადლობად დაიღვარა. მამასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ, მაგრამ ამაოდ - მას შვილი სახლში ესვენა, თავად კი სად იყო, ცოლმაც არ იცოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა სასწრაფო წესით ნაწილის უფროსი დაჰკითხეს და მართალია, თავიდან გაჯიუტდა, არაფერი ვიციო, მაგრამ თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის მოადგილის საქმეში უშუალო ჩარევის შემდეგ, ყველაფერი აღიარა.

„ცოლი ათი წლის წინ გარდამეცვალა, ერთადერთი ქალიშვილი სიმწრით გავზარდე, რომ არ დაჩაგრულიყო, ცოლიც არ მომიყვანია. ვიღაც ბიჭს გადაეყარა, ის თავ-გზას უბნევდა, მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. მერე, ჩემს ნაწილში მოხდა ის, რაც მოხდა. ზუსტად ვიცოდი, ვისი ბრალიც იყო და იმ ბიჭებს მოვურიგდი, თუ ერთ საქმეს გააკეთებთ, პასუხისმგებლობისგან გაგათავისუფლებთ, საქმეს ჩავფარცხავ-მეთქი. ჩემი შვილის შეყვარებული უნდა ეცემათ და ვუთხარი, სადაც ცხოვრობდა, სურათიც ვაჩვენე. რა თქმა უნდა, ჩემს გოგოზე სიტყვაც არ მითქვამს, არ მინდოდა, მერე და მერე, მადა გაზრდოდათ და შანტაჟი დაეწყოთ. ისინი კიდევ, როცა იმ ბიჭს აედევნენ, მასთან ერთად, ჩემი შვილიც იყო და გადაწყვიტეს, სადაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ჩაფარცხავს, გაუპატიურებასაც მიაყოლებსო და ჩემი შვილი გააუპატიურეს. ისინი ჩემი მეგობრის აგარაკზე იმალებიან, გასაღები მე მაქვს და გარდაცვლილი ბიჭის მამა სწორედ იქ გავუშვი“, - განაცხადა ნაწილის უფროსმა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა, ორი გაქცეულიდან, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოახერხეს. მეორე - ეზოში, ხეზე იყო ჩამომხრჩვალი. მოგვიანებით, ექსპერტიზამ თქვა, რომ ბიჭმა თავი თავად ჩამოიკიდა (იარაღის მუქარის ქვეშ), მეორემ კი გაქცევა მოასწრო. ჰო, გარდაცვლილის ტანისამოსზე ექსპერტიზამ... შარდის წვეთები ნახა ანუ მამამ ზუსტად ისე იძია შური, როგორც შვილი მოუკლეს.

რაც შეეხება ნაწილის უფროსს, ის სამსახურიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ რეალურ სასჯელს გადარჩა (მაშინ ამის გაკეთება მარტივი იყო) და პირობითი მისცეს. მისი შვილის საქმრომ კი, გამოჯანმრთელების შემდეგ, გაუპატიურებული გოგოს ცოლად მოყვანა აღარ ისურვა... არც ესაა საქართველოში უცხო...