ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სინგაპურის სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და „კრედიტ სუისს“ ანგარიშზე $742 მილიონის განთავსება დაავალა

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინგაპურის სასამართლომ „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას უარი უთხრა როგორც პირველი, ასევე მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. ამ პოზიციის მიხედვით „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დაევალა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს უზრუნველსაყოფად სინგაპურის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე $742 მილიონი დოლარის განთავსება. ამ გადაწყვეტილებით მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ამ ვალდებულების შესასრულებლად „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას განესაზღვრა 21 დღის ვადა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განუცხადა.

„სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ და „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დააკისრა 742 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, დამატებით სასამართლოს ხარჯები და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები. ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დღის წესრიგში დადგა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხი. ამ თემაზეც იმსჯელა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ. „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი მზად იყვნენ, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად წარმოედგინათ UBS-ის, ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის საბანკო გარანტია და ალტერნატივის სახით, თუ სასამართლო საბანკო გარანტიის წარდგენას არ გაითვალისწინებდა გადაწყვეტილების უზრუნველყოფისათვის საკმარის ღონისძიებად, ისინი მზად იყვნენ, შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში, ესქრო ანგარიშზე მოეხდინათ ამ თანხის განთავსება.

სინგაპურის სასამართლომ „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას უარი უთხრა როგორც პირველი, ასევე მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. ამ პოზიციის მიხედვით „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დაევალა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს უზრუნველსაყოფად სინგაპურის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე $742 მილიონი დოლარის განთავსება. ამ გადაწყვეტილებით მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ამ ვალდებულების შესასრულებლად „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას განესაზღვრა 21 დღის ვადა. ისინი ვალდებულები არიან, 21 დღის განმავლობაში განათავსონ აღნიშნული თანხა სინგაპურის სასამართლოს ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილების საფუძველი მდგომარეობდა იმაში, რომ „კრედიტ სუისმა“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უხეშად დაარღვიეს მოსარჩელეების ინტერესები და მიაყენეს მათ ზიანი. ეს ზიანი გამოხატული იყო იმაში, რომ მათ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გაწერილი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ის ვალდებულებები, რომელიც ბანკსა და მის წარმომადგენლებს აკისრიათ, პირნათლად და კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინათ, მაშინ მოსარჩელეების მხარეს იქნება პლუსის თვალსაზრისით აღნიშნული მოგება“, - აღნიშნა ლაშა კალანდაძემ.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა ბერმუდაზე მიმდინარე საქმის ნაწილზე და სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ „კრედიტ სუისს“ დაეკისრა 607 მლნ დოლარის გადახდა. კალანდაძის თქმით, „კრედიტ სუისის“ შვილობილმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო ინსტანციაში და სააპელაციო ინსტანციამაც დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

„მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც არის უზრუნველყოფილი. უზრუნველყოფა მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დაევალა 607 მილიონი ამერიკული დოლარის ესქრო ანგარიშზე განთავსება და აღნიშნული თანხაც განთავსებულია ესქრო ანგარიშზე ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკში. მინდა გითხრათ, რომ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღსრულების მიმართულებით არის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი.

ამავე დროს, მოგახსენებთ იმასაც, რომ აპელაციის გადაწყვეტილება საჩივრდება ლონდონში. ლონდონში არის ინსტანცია Privy Court, რომელიც საკასაციო წესით განიხილავს ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გასაჩივრებული აქვს და ეს საქმე ამჟამად არის უკვე განსახილველად ლონდონის სასამართლოში. მას შემდეგ, რაც ლონდონის სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე, გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი დღის წესრიგში დადგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოო ინსტანციის სასამართლოს ექნება გადაწყვეტილება გამოტანილი.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე ისიც, რომ ამ გადაწყვეტილების უზრუნველყოფაც არის მომხდარი, რაც გამოიხატება იმაში, რომ დაკისრებული თანხა სადეპოზიტო ესქრო ანგარიშზე არის განთავსებული“, - განაცხადა კალანდაძემ.