რჩეული სტატიები

Grid List

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ განაცხადა, რომ სურს ბიოგრაფიული ფილმი გადაიღოს ლეგენდარულ ფრენკ სინატრაზე. გამოცემა Variety-ის ინფორმაციით, სურათში მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო შეასრულებს. გამოცემის წყაროს ცნობით, მომღერლის მეორე ცოლის, მსახიობ ავა გარდნერის როლი ჯენიფერ ლოურენსს ერგება. ჯერჯერობით, უცნობია, მიიღებს თუ არა სკორსეზე, სინატრას ქალიშვილისგან, ფილმის გადაღებაზე თანხმობას. როგორც გამოცემა წერს, ფილმი, შესაძლოა, კომპანია Apple-მა დაფინანსოს. პროექტზე პრეტენზიას აცხადებს კინოსტუდია Sony-ც.

ნისლიან ალბიონზე, ქირურგის ლიცენზია ჩამოართვეს მედიკოსს, რომელიც ტრანსპლანტაციისას, პაციენტების დონორულ ღვიძლზე საკუთარ ინიციალებს ტოვებდა. უკვე ყოფილმა ქირურგმა საიმონ ბრემჰოლმა, ოპერაციის დროს, ორი პაციენტის ღვიძლზე ლაზერით საკუთარი ინიციალები ამოტვიფრა. ექიმმა ბრალდება უკვე აღიარა. ეს ამბავი კი მაშინ გახმაურდა, როცა ერთ-ერთი პაციენტის ორგანიზმმა არ მიიღო დონორის ორგანო და მას ხელახალი ოპერაცია დასჭირდა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ღვიძლზე ქირურგის „ავტოგრაფი“. ჯერჯერობით, უცნობია, თემიდამ რა განაჩენი გამოუტანა ავტოგრაფის დატოვების მოყვარულ ქირურგს.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა საკონსულოს დაავალა, შეაჩერონ საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების საკონსულო მომსახურება. ამის შესახებ პირველად გაზეთმა „ზერკალო ნედელიმ“ გაავრცელა ინფორმაცია გამოუქვეყნებელ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოგვიანებით ეს ცნობა დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

საკონსულო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა შემოღებულია „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიასთან“ დაკავშირებით და იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქეებს არ მიეცეთ საშუალება, თავი აარიდონ „სამხედრო აღრიცხვის საკითხის გადაჭრის მოვალეობას“, ნათქვამია „ზერკალო ნედელის“ მიერ მიღებულ წერილში.

გამოცემა განმარტავს, რომ აკრძალვა 23 აპრილიდან იმოქმედებს მანამდე, სანამ უწყება მიიღებს განმარტებას მობილიზაციის შესახებ კანონის დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მაისიდან ამოქმედდება. მანამდე უკრაინელები, რომლებზეც აკრძალვა ვრცელდება, მხოლოდ უკრაინაში დასაბრუნებლად საჭირო საბუთების აღებას შეძლებენ.

კულებას თქმით, საზღვარგარეთ ყოფნა უკრაინის მოქალაქეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან სამშობლოს წინაშე, რომლისთვისაც „რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირობებში მთავარი პრიორიტეტი განადგურებისაგან დაცვაა“.

„ვითარება ასე გამოიყურება: სამხედრო ასაკის მამაკაცი წავიდა საზღვარგარეთ, აჩვენა საკუთარ სახელმწიფოს, რომ მისი გადარჩენის საკითხი მას არ აწუხებს და მერე მოდის და უნდა, რომ ამ სახელმწიფოსგან მომსახურება მიიღოს. ასე არ გამოვა. ჩვენს ქვეყანაში ომია,“ წერს კულება.

11 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო მობილიზაციის შესახებ ახალი კანონი, რომელიც, კერძოდ, ამკაცრებს სამხედრო აღრიცხვის წესებს. ხუთი დღის შემდეგ კანონს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კანონი მაისში შევა ძალაში.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის ყველა სამხედრო ვალდებულმა მოქალაქემ უნდა განაახლოს სამხედრო-სააღრიცხვო მონაცემები კანონის ტექსტის გამოქვეყნებიდან 60 დღის ვადაში. ეს ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებთაც: სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის გარეშე უკრაინელებს საკონსულო მომსახურებას არ გაუწევენ.

უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა ამოქმედდა 2022 წლის 24 თებერვლიდან, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან. იმავე დღეს დაიწყო მობილიზაცია. 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდათ. თუმცა, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები, ხელისუფლების აზრით, არ იძლეოდა მობილიზაციის პროცესის ეფექტიანად ორგანიზების საშუალებას. იტყობინებოდნენ არაერთ შემთხვევაზე, როცა უარი თქვეს უწყების მიღებაზე, მონაცემების შესამოწმებლად გამოცხადებაზე და ა.შ. კანონის ავტორების აზრით, ახალი კანონი დაადგენს გაწვევის მკაფიო წესებს და გაამკაცრებს პასუხისმგებლობას მისთვის თავის არიდების შემთხვევაში.

ესტონეთის მთავრობამ შაქრის შემცველ სასმელებზე, ეგრეთ წოდებული, „ლიმონათის გადასახადის“ კანონპროექტი დაამტკიცა. გადასახადის რაოდენობა პროდუქტში შაქრისა და სხვა დამატკბობლების  შემცველობაზეა დამოკიდებული. კერძოდ, 100 მლ სასმელზე, 5 გრამზე მეტი შაქრის შემცველი სასმელები დაიბეგრება. 5-დან 8 გრამამდე გადასახადი, ლიტრზე - 0.15 ევრო იქნება. თუ შაქრის შემცველობა 8 გრამზე მეტია, ლიტრი 0.45 ევროთი დაიბეგრება.

დამატკბობლების შემცველი სასმელები 0.15 ევროთი დაიბეგრება. გადასახადისგან თავისუფლდება ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის წვენები, თუკი ისინი შაქარს ან დამატკბობლებს არ შეიცავენ, ასევე, რძე და რძის პროდუქტები. თუ ქვეყნის პარლამენტი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს, ის მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს, რომ საბერძნეთის მთავრობა აპირებს, იმ ტურისტებს, რომელთაც შარშან ზაფხულში, ტყის ხანძრების გამო, დასვენება ჩაეშალათ, წელს უფასოდ უმასპინძლებს. 25 ათასამდე დაზარალებული დამსვენებლისთვის, რომელთა შორის უმრავლესობა ბრიტანელია, კომპენსაციები უკვე გაიცემა. ტურიზმის ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ეს მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია.

გასულ წელს, ზაგხულში, ზუსტად ტურისტული სეზონის პიკის დროს, ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა კუნძული როდოსი და კორფუ მოიცვა. ხელისუფლებამ ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია გამოაცხადა, რის გამოც ბევრი ტურისტი იძულებული გახდა, შვებულება შეეწყვიტა. პროგრამის ფარგლებში, როდოსის სასტუმროებში გაჩერებული დამსვენებლები, ერთკვირიანი ხარჯის დასაფარად 500 ევრომდე ელექტრონულ ვაუჩერებს მიიღებენ. ამ ინიციატივამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და პროგრამაში უკვე 5 ათასზე მეტი ტურისტი დარეგისტრირდა.

გამოცემა Politico წერს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის საკითხს განიხილავს.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელი, პეტ რაიდერი აცხადებს, მრჩევლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონსულტაციებს გაუწევენ.

"ჩვენ ახლა განვიხილავთ რამდენიმე დამატებითი მრჩევლის გაგზავნის შესაძლებლობას. მრჩევლები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, ისინი უკრაინის მთავრობასა და სამხედროებს კონსულტაციებს გაუწევენ", - აღნიშნა მან.

ამასთან, გუშინ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. სენატში კანონპროექტის განხილვა 23 აპრილს შედგება.