„კუნთები რომ გასკდება და ვენებს იგლიჯავ, პედოფილებზე ატეხე ერთი ამბავი!“ - სკანდალური ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 5 ივლისს, თბილისში, „თბილისი პრაიდი“ უნდა გამართულიყო, თუმცა ლგბტქ საზოგადოებამ გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან დილიდან რუსთაველზე საპატრიარქოს წარმომადგენლები და რადიკალურად განწყობილი ჯგუფები მივიდნენ. პარლამენტის წინ თემირლან მაჩალიკაშვილის, თამარ ბაჩალიაშვილისა და სამოქალაქო აქტივისტების კარვები დაარბიეს; თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, სასტიკად ნაცემია რამდენიმე ოპერატორი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და დაარბიეს მოიძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი... მოძალადე ჯგუფები ქუჩებში დასდევნდნენ ფერადტანსაცმლიან ბავშვებს, საყურის ტარებისთვის თავს დაესხნენ ტურისტს, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა... ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ მოძალადე ჯგუფები ყველაფერ ამას ქრისტეს სახელით აკეთებდნენ... 5 ივლისის ბატალიებს, სოციალურ ქსელში, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კარვის დარბევა უღირსობაა. „ვერსია“ ადვოკატთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 - ბატონო მიხეილ, ბაჩალიაშვილის მშობლები რუსთაველზე კარვის გაშლას ისევ აპირებენ?

- ჩემი პოზიციაა, რომ ისევ გაგრძელდეს ოჯახის პროტესტი. ბაჩალიაშვილის, მაჩალიკაშვილის კარვები დაარბიეს და ეს აბსოლუტურად არაა კავშირში ლგბტქ პარადთან. გუშინ ვუსმენდი ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების განცხადებებს და სიტყვა „შესაძლებელია“, ჩემთვის ყველანაირად მიუღებელია. ეს არის პირდაპირ დაგეგმილი, გარკვეული სასულიერო და საერო პირების მიერ. როცა ეკლესიის სახელით ლაპარაკობ, ეკლესია კი მშვიდობაზე, სიყვარულზეა დაფუძნებული და ამ დროს, არაადეკვატურ ქმედებებზეა  უმრავლესობა გადასული... როცა ჟურნალისტი ამბობს, რომ მღვდელი თმით ითრევს, ემუქრება, წარმოუდგენელია! დავინახე, რომ რამდენიმე მამაო გადაეფარა ჟურნალისტს, მაგრამ ამავე დროს, დავინახე უმრავლესობა მამაოებისა, რომლებიც ორგანიზებულად ანთხევდნენ აგრესიას და რომლებსაც შეეძლოთ, გაენეიტრალებინათ სიტუაცია, რადგან ეს მათი ვალდებულება იყო.

ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ ნებართვას აძლევენ, ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან იარონ ამ ჯგუფებმა და ნებისმიერი შეხედულებისამებრ, თავს ესხმიან ადამიანებს. ხომ შეიძლებოდა, ამას უფრო დიდი უბედურება მოჰყოლოდა? აქ ჩანს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მათთვის მწვანე ანთებული, თორემ ვერც ერთი ადამიანი ვერ გაბედავდა ასეთ უკანონობასა და თავაშვებულობას. უნდათ, შექმნან განწყობა, რომ მათი გვეშინოდეს. ეს არის ხელისუფლებისგან მართული სიტუაცია იმიტომ, რომ კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონია, ხელისუფლების მიერ იგნორირებულია. აქ სამართალზე აღარაა ლაპარაკი და იწყება დიქტატურა.  მართლმადიდებლობა სიყვარულს, სითბოსა და შენდობას ქადაგებს. არანაირი პარადი არ მინახავს. ამდენი რაოდენობით კუნთმაგარი ბიჭი გამოდის და იმუქრება, კარგი, რა! ყველაფერი ისე უნდა დაგეგმო და ისეთი ფონი შექმნა, ადამიანებს დაანახო, რომ მართლა ეროვნულ საქმეს აკეთებ. ამას კი ეროვნული საქმე არ ჰქვია, 1921 წელი მეორდება 2021 წელს! როგორც მაშინ, საბჭოთა რუსეთმა ანექსია და ოკუპაცია მოახდინა საქართველოსი, იგივე ხდება 2021 წელსაც... არანაირი ევროპა და ამერიკა არ უნდათ, ამბობენ, თაობების გარყვნა ხდებაო და ამ დროს, ყველა პოლიტიკოსს, ბიზნესმენს თუ თანამდებობის პირს ქონება და სიმდიდრე ევროპაში აქვს. ჩვენმა შვილებმა ევროპაში არ მიიღონ განათლება?! მაშინ გადავიდეთ მათ „რასიაში“ და გავხდეთ რუსეთის გუბერნია! ეს ჩემი რწმენითა და შეხვედულებით, დავალებაა რუსეთის მხრიდან, რომ შექმნას ფონი, რათა ევროპამ ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს.

- ძალიან სახიფათო თამაშია ეს, ბატონო მიხეილ!

- სახიფათოა და ფარად გამოიყენეს ლგბტქ-ს თემა. ჟურნალისტებზე ასეთი თავდასხმა, თითის ქნევა, მუქარა დაუშვებელია! ხელისუფლებამ ვერ შეძლო ის, რომ ყველაფერი ეს აღეკვეთა.

- კარვების დარბევას რაც შეეხება, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამის უკან პოლიტიკური ანგარიშსწორება დგას?

- კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ, ეს პირდაპირ ასე იყო. ყველას კარავი რომ აეღოთ, მათ შორის, ოპოზიციის, შვილმკვდარი მამის კარავი არ უნდა დაარბიო, თუ ზრდილობა და ღირსება გაგაჩნია! როგორ შეიძლება, მოკლული 23 წლის გოგოსა და 19 წლის ბიჭის სურათებს შეეხო, რაც უნდა „ერის გადასარჩენად“ გამოხვიდე?! ამდენი ვაჟკაცობა ხომ უნდა გქონდეს?! ერთ ადამიანზე როგორ უნდა იქაჩებოდეთ ამხელა კუნთმაგარი ბიჭები? წადი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ დაანახე რუსეთს, თუ რამის შნო და თავი გაქვს! ოპერატორებს ურტყამდა ამდენი ადამიანი და მაგათ აქვთ ვაჟკაცობა? ქართველობასა და სტუმარ-მასპინძლობაზე დებენ თავს და დალოცვილიშვილო, ქართული ტრადიცია ასეთია - ქალს ხელი არ უნდა დაარტყა, ერთ კაცს ათმა კაცმა ხელი არ უნდა დაარტყა! არადა, ერთს ურტყამდა 20 კაცი, ქალს წიხლებს ურტყამდნენ და ეგენი სუფრასთან როგორ უნდა დადგნენ და როგორ უნდა თქვან ვაჟკაცობის სადღეგრძელო?! რომელ ვაჟკაცობაზე ლაპარაკობენ? როგორ მოხსნეს ბაჩალიაშვილისა და მაჩალიკაშვილის სურათები?! მათ შეასრულეს დავალება და მღვდლები, რომლებიც ასე იქცოდნენ, არიან მკვდრები, არანაირად არ დადიან იესოს გზაზე.

- ბატონო მიხეილ, საპატრიარქო მომხდარზე პასუხისმგებლობას ლგბტქ საზოგადოებას აკისრებს. ეს ადეკვატურია?

- არა, სად იყო იქ ლგბტქ საზოგადოება? ბავშვებსა და ჟურნალისტებს დასდევდნენ... უცხოელი ტურისტისგან რა უნდოდათ?! ამაზე ვინ აგებს პასუხს, ლგბტქ საზოგადოება? დავანებოთ თავი, საკუთარი ცხოვრება აქვთ მათ... ჩემი ნება რომ იყოს, დღევანდელი ხელისუფლების ყველა პოლიტიკოსს პერსონა ნონ-გრატად გამოვაცხადებინებდი ამერიკელებს და ევროპელებს. ყველას უნდა დაუყადაღო ქონება და წაიღონ რუსეთში იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის მოთხოვნას, რათა საქართველო გახდეს რუსეთის გუბერნია. საკუთარი შვილებისთვის ყველაფერი უნდათ და ჩვენ რუსეთში უნდა „შეგვტენონ“! ეგრე არ არის ცხოვრება! მაშინ გაიხადონ ევროპული ტანსაცმელი, გაყიდონ ევროპული ავტომობილები, გადასხდნენ „ნივაზე“, „მოსკვიჩზე“, „ლადაზე“ და დაისვენონ რუსეთში... გვეუბნებიან, ევროპა გვღუპავსო, ევროპაში ძალიან კარგადაა დაცული ოჯახური ტრადიცია, წესიერება, პატიოსნება, კაცობაცა და ვაჟკაცობაც. რომ დაგვიხურონ კარები, საერთოდ არ შეგვიშვან ევროპაში, რა ვქნათ?!

- დიახ, საინტერესოა, დასავლეთისგან როგორი გამოხმაურება მოჰყვება ამ ამბავს...

- დღეს თავისუფალი მიმოსვლაა და რომ დაგვიკეტოს ევროპამ კარები, ვინ გვარჩენს? მერე კისერზე გაგვიკეთებენ ყელსაბამს და ასე ვეყოლებით. რას ვგავართ, რას დავემსგავსეთ?! მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დარბიან და რას აკეთებენ, ეს არის ღმერთისა და ქრისტეს გზა? შემეკითხონ საერთოდ, რა ხდება ეკლესიაში, მე რომ ვიცი საიდუმლოები, მაგათ ჩემზე არანაკლები იციან. თუ ჯაღმაიძეს ავიწყდება, ეკლესიაში რომ მელაპარაკებოდა? გაიხსენოს, სიონში რა გარიგებაზე მიდიოდა საუბარი დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით! თუ ავიწყდებათ ყველაფერი? მორჩნენ გადაბრალებას, რა! ასი წლის თავზე, იგივე მეორდება, სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები 21-ე საუკუნეში, ნამდვილად არ მჭირდება! კიდევ ვიმეორებ, ყველამ, ვისაც ევროპა არ უნდა და ფიქრობს, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა, ჩამოიტანონ საკუთარი ქონება, დააბრუნონ შვილები და გაუშვან რუსეთში.

იცით, მალე რის წინაშე დავდგებით? ვიტყვით, ეს რა გავაკეთეთ და სად აღმოვჩნდითო! როდესაც ერს იდეოლოგია არ გააჩნია, პატრიოტიზმი ის კი არაა, დაარბიო ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს და მერე გადმოხტე და ცეკვა დაიწყო. წადი, ძმაო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნე და მერე იცეკვე! კუნთები რომ გასკდება და ვენებს იგლიჯავ, როგორ უნდა შეეხო შვილმკვდარი მამების კარავს?! ჭიქის აწევა მაგარი იციან, პედოფილებზე ატეხონ ერთი ამბავი, ხმას რატომ არ იღებენ ამაზე?! რომ ახტნენ და დროშა ჩამოაგდეს, თითქოს, აფხაზეთში საქართველოს დროშა ააფრიალეს. კარგი, რა, სირცხვილია!