„ბავშვს 20 წუთი გული ჰქონდა გაჩერებული“ - რატომ ვერ იძიებენ ექიმების დანაშაულებს

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექიმები ერთმანეთს ხელს აფარებენ - ადამიანის უფლებათა ცენტრის დასკვნით, სამედიცინო სფეროში მომხდარი დანაშაულების გამოძიება წლების განმავლობაში ჭიანურდება, რადგან ექსპერტებს კოლეგების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურთ.

2020 წელს 26 წლის ეთერ მეტივიშვილი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დაიწყო მოკვლევა და დაინიშნა ექსპერტიზა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ იპოვეს ექსპერტი, რომელიც დასკვნას დაწერდა.

„არავინ არის თანახმა“, - ამბობს ნინო ჩალაძე ადამიანის უფლებათა ცენტრიდან.

თუ ეჭვია, რომ საავადმყოფოში დანაშაული მოხდა, ექსპერტიზაა საჭირო, ექსპერტიზის ჩასატარებლად კი - დარგის ექიმი, რომელიც ვითარებას შეაფასებს და იტყვის, რა როგორ მოხდა.

გამოძიებაში ექსპერტების ჩართულობას ჯანდაცვის მინისტრის 2017 წლის ბრძანება N245/ნ არეგულირებს (21.08.2017). ამ ბრძანების საფუძველზე ექსპერტიზაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ პრობლემას სწორედ ეს ნებაყოფლობითობა ქმნის - ქართულ რეალობაში ექიმებს ერთმანეთის საწინააღმდეგო დასკვნის დაწერა არ სურთ და საქმეები წლების განმავლობაში თაროებზეა შემოდებული.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ათამდე საქმე მაინც გვქონდა, სადაც ექსპერტის ჩართვას ვერ ახერხებდნენ. კანონი არცერთ ექიმს არ ავალდებულებს ექსპერტიზაში ჩაერთოს, თავად მაქსიმალურად ერიდებიან. ამიტომ ძალიან მძიმე შემთხვევებზეც კი ვერ დგინდება, ვინ იყო დამნაშავე“, - განმარტავს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი.

9 წელი საავადმყოფოში


ნიკოლოზ დიდებაშვილი სამი თვის იყო, როდესაც 2014 წელს მ. იაშვილის კლინიკაში მიიყვანეს. ნიკოლოზი კომაში ჩავარდა. მას შემდეგ ბავშვი არ გამოუწერიათ.

მეათე წელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით. 3 თვისას სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. გადაწყვიტეს ინტუბაცია გაეკეთებინათ. ვერ გაუკეთეს კარგად, ჩაუხიეს ხორხი, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია. ბავშვს 20 წუთი გული ჰქონდა გაჩერებული. ამან ტვინი დაუზიანა. შემდეგ ისევ თავად აუმუშავდა გული და აპარატზე შეაერთეს. ერთ კვირაში ისევ გაუჩერდა. ოთხჯერ მაინც გაუჩერდა გული“, - ამბობს ნიკოლოზის დედა ნინო თარიმანაშვილი.

მშობლებმა იურიდიული დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. ცენტრში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობა კლინიკის პერსონალის უყურადღებობის გამო გაუარესდა. საქმე აღიძრა, მაგრამ გამოძიება 5 წელია დასკვნას ვერ წერს - საჭირო ექსპერტიზის ჩატარებაზე ვერავინ დაიყოლიეს.

„ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ყველა ორგანო დაზიანებული აქვს, არ ვიცი ხვალინდელი დღე გაუთენდება თუ არა. ხმას რომ ამოვიღებდი, საავადმყოფოში ისევ მე მეჩხუბებოდნენ. იმდენჯერ არის პატრული გამოძახებული, ვერც ვითვლი. ერთმანეთს აფარებენ ხელს. ბავშვს 24 საათი თავზე ვადგავარ, ყველაფერს მე ვუკეთებ, ისინი არ ვიცი რას როგორ იზამენ“, - ამბობს ნიკოლოზის დედა.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე ყველა შესაბამის უწყებაში მისცეს განმარტება და საქმეს იძიებენ.

2016 წელს რეგულირების სააგენტომ ნიკოლოზის მკურნალობაში დარღვევები გამოავლინა. პროფესიული განვითარების საბჭოს ხუთი ექიმის საქმე გადაეცა განსახილველად. 2018 წელს საბჭომ ორ ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა, ორს კი სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა, ერთს ორი თვით, მეორეს - ერთით.

პროფესიული განვითარების საბჭო არაპროპორციულ სასჯელს აწესებს იმ ექიმებისთვის, რომლებიც სერიოზულად არღვევენ. ეს ან წერილობითი გაფრთხილებაა, ან სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერება. ჩვილის კომატოზურ მდგომარეობამდე მიყვანის გამო საბჭომ ექიმს მხოლოდ 2 თვით შეუჩერა სერტიფიკატი“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი ნინო ჩალაძე.

ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ „ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საბჭო უმეტესად მხოლოდ წერილობით გაფრთხილებას აძლევდა ექიმებს. 86% შემთხვევაში ამით შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებას, 2017, 2020 და 2021 წლებში სერტიფიკატი ერთი ექიმისთვისაც კი არ გაუუქმებიათ“, - ამბობს ჩალაძე.

გლანდების ოპერაცია ფატალური შედეგით


2018 წლის იანვარში მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ადიკში“ 13 წლის ბიჭი მახარ კულიანოვი მშობლებმა გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად მიიყვანეს.

10-15 წუთი სჭირდება ამ ოპერაციას. რომ ვიკითხე, თუ დასრულდა-მეთქი, კი, ოღონდ რაღაც პრობლემააო. საათები ისე გავიდა, არაფერი გვითხრეს. შემდეგ შევედით და უგონოდ იწვა ბავშვი. მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო“, - ამბობს ბავშვის მამა რუზგარ კულიანოვი.

კომაში ჩავარდნილი მოზარდი მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ საქმეს არც ამან უშველა. ბავშვი გარდაიცვალა. მარნეულის პოლიციის სამმართველო საქმეს დღემდე იძიებს. პრობლემა აქაც ის იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებაზე არავინ თანხმდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრში ჰყვებიან, რომ ბოლოს ექსპერტების მოძიება მათი ჩართულობით მოხერხდა.

„4 წლის განმავლობაში ველოდებოდით სამხარაულის დასკვნას, ვერ ვნახულობდით ექსპერტებს, სპეციალისტებს, რომლებიც ამ დოკუმენტაციას შეისწავლიდნენ. კარდაკარ, საავადმყოფო-საავადმყოფო დავდიოდით, რომ ექიმები დასკვნის დაწერაზე დაგვეთანხმებინა“, - ამბობს ცენტრის იურისტი დიმიტრი ნოზაძე.

მეგი ბაქრაძის საქმე


ახალგაზრდა ექთანმა მეგი ბაქრაძემ 2021 წლის მარტში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა. აცრიდან ნახევარი საათის შემდეგ მან გონება დაკარგა და მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, მეორე დღეს გარდაიცვალა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. მნიშვნელოვანი იყო მიზეზის დროულად დადგენა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო თითქმის ერთი წელი ეძებდა ალერგოლოგ-იმუნოლოგს, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაწერდა. მას შემდეგ, რაც მრავალმა ექსპერტმა უარი თქვა, ექსპერტიზის ჩასატარებლად ექიმი თურქეთიდან მოიწვიეს.

არაერთი ადამიანი მოგვართავს დახმარების თხოვნით, მაგრამ ხელები გვაქვს შეკრული. თუ სამხარაულის დასკვნა არ გვექნება და არ გვეყოლებიან სპეციალისტები, რომლებიც შიშის, კოლეგიალობისა და მორიდების გარეშე გასცემენ შესაბამის დასკვნებს, ჩვენ ყოველთვის ასეთი მძიმე შედეგის წინაშე ვიდგებით“, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი, ექიმი გივი ჯავაშვილი ამბობს, რომ კოლეგიალურ განხილვებზე ექიმები აზრის გამოთქმისგან თავს არ იკავებენ.

სასამართლო პრაქტიკაზე ვერაფერს ვიტყვი, შეხება არ მქონია, მაგრამ პროფესიული განვითარების საბჭოს განხილვებზე არ მახსოვს, ვინმეს თავი შეეკავებინა. რამდენიმე ექსპერტს ეგზავნება საქმე და ისინი გამოხატავენ საკუთარ აზრს. ცხადია, საბჭო ცდილობს, ექიმს ინტერესთა კონფლიქტი არ ჰქონდეს. ეს საზღვარგარეთაც ასე ხდება, იქაც ურჩევნიათ, სხვა შტატის, სხვა რეგიონის ექიმს ჰკითხონ ხოლმე. თუ ერთად მუშაობენ და კარგად იცნობენ ერთმანეთს, გაუჭირდება კოლეგაზე რამე თქვას. საქართველო პატარა ქვეყანაა, იცნობენ ერთმანეთს. სხვა შემთხვევაში არ მინახავს, სხდომაზე უკან დაეხიოს ექიმს და პროფესიულად არ ემსჯელოს“, - ამბობს გივი ჯავაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, შექმნას დამოუკიდებელი ორგანო, დაკომპლექტებული ექიმ-სპეციალისტებისგან, რომლებიც ვალდებულები იქნებიან სასამართლო სამედიცინო დასკვნის მომზადებაში ჩაერთონ.

წყარო: რადიო თავისუფლება